Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ებრძვის ევროპა ტერორიზმს


ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში 22 მარტს მომხდარი ტერორისტული თავდასხმების შემდეგ ტერორიზმის საფრთხე მთელ ევროპაში გამოცხადდა. ევროკავშირის ქვეყნებში მობილიზებულია უსაფრთხოების სამსახურები და პოლიცია. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ბრიუსელსა და პარიზზე თავდასხმებთან სავარაუდო კავშირში მყოფი რამდენიმე ეჭვმიტანილი დააკავეს. მიუხედავად ამისა, არ წყდება ევროპული ქვეყნების კრიტიკა იმის გამო, რომ მათი სპეცსამსახურები არასაკმარისად ეფექტურად მუშაობენ ტერორიზმის წინააღმდეგ.

ბელგიის პროკურატურამ გაათავისუფლა ერთ-ერთი პირი, რომელიც ბრუსელში გასულ კვირას მომხდარ ტერორისტულ თავდასხმასთან კავშირში იყო ეჭვმიტანილი.

ფედერალური პროკურატურის მიერ 28 მარტს გავრცელებული განცხადების მიხედვით, ის 2-დღიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს არასაკმარისი სამხილების გამო.

ამ ამბავმა კიდევ უფრო გაამწვავა კრიტიკა ბელგიური სპეცსამსახურების მიმართ.

გასულ კვირას, 24 მარტს, ბელგიური ლიბერალური გამოცემა „დე სტანდაარდი“ ადგილობრივ ძალოვან სტრუქტურებს სისუსტეში სდებდა ბრალს. ამის საილუსტრაციოდ გამოცემა იხსენებდა თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებას იმის შესახებ, რომ ბრიუსელის აფეთქებებში ბრალდებული ერთ-ერთი თვითმკვლელი ტერორისტი 2015 წლის ივლისში თურქეთში დააკავეს, რადიკალ ისლამისტებთან კავშირის გამო, თუმცა მისი ბელგიაში დეპორტაციის შემდეგ ადგილობრივმა სპეცსამსახურებმა ის გაათავისუფლეს.

ბელგიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟან ჟამბონმა ამ ამბავზე პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო და 24 მარტს პრემიერ-მინისტრ ჩარლზ მიშელს გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართა:

„მე ვერ ვილაპარაკებ ჩემი კოლეგების სახელით - შემიძლია ჩემს თავზე ვთქვა. ვფიქრობ, რომ, დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, სწორია პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. პრემიერ-მინისტრმა და კაბინეტის წევრებმა მოცემულ სიტუაციაში თანამდებობაზე დარჩენისკენ მომიწოდეს. დღეს ბრძოლის ველის დატოვება არ შეიძლება. ჩვენ - მთავრობა და პარლამენტი, ხალხთან ერთად - ამ განსაცდელიდან გამოვალთ“.

24 მარტსვე გაიმართა ევროპის შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების საგანგებო შეხვედრა ბრიუსელში. შეხვედრისას ევროკომისიის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ფრანს ტიმერმანსმა ბელგიურ სპეცსამსახურებს სრული ნდობა გამოუცხადა:

„მესმის, რომ ბელგიის მთავრობას უნდა საპარლამენტო საგამოძიებო ორგანოს შექმნა. ჩვენ ამის შედეგებს დაველოდებით, თუმცა არა ამ კონკრეტულ შემთხვევაში. ვფიქრობ, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩვენმა სპეცსამსახურებმა ერთობლივად უნდა იმუშაონ. შესაძლებელია, ამ კვირის ამბებმა [ტერორისტულმა თავდასხმებმა] ეს პროცესი დააჩქაროს“.

27 მარტს ბელგიაში ჩატარებული რეიდების შემდეგ 4 ადამიანი დააკავეს. არასაკმარისი სამხილების გამო ერთ-ერთის გათავისუფლების შემდეგ, სამი მათგანი ისევ პატიმრობაში რჩება. მათ ბრალად ტერორისტულ საქმიანობაში ჩართულობა ედებათ, თუმცა არიან თუ არა ისინი კაშირში ბრუსელში 22 მარტს მომხდარ აფეთქებებთან, უცნობია.

ბელგიის დედაქალაქის მეტროსა და მთავარ აეროპორტში აფეთქების შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა და 35 დაიღუპა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ, „ისლამურმა სახელმწიფომ“, იკისრა.

ამ ამბავმა აგრესია გამოიწვია ბელგიურ ულტრამემარჯვენე ჯგუფებში, რომლებიც თავს „ტერორიზმის ფაშისტებს“ უწოდებენ. მათ 27 მარტს გამართეს აქცია, სადაც იმგირანტებისა და მათი უფლებების დამცველების მიმართ რასისტული შეძახილებით გამოვიდნენ.

ბელგიაში ტერორიზმის საფრთხის მესამე დონეა გამოცხადებული. ეს საფრთხის უმაღლეს დონეზე ერთი პუნქტით ნაკლებია.

28 მარტს პოლიციამ გამოაქვეყნა ახალი მიმართვა, რომლის მიხედვითაც, ისინი ეძებენ კიდევ ერთ ეჭვმიტანილს, რომელიც აეროპორტის სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა.

ბრიუსელსა და პარიზზე თავდასხმებთან სავარაუდო კავშირში ეჭვმიტანილი რამდენიმე ადამიანი გასული კვირის განმავლობაში ნიდერლანდებში, გერმანიასა და იტალიაშიც დააკავეს.

2016 წლის 22 მარტს ბრიუსელში მომხდარ აფეთქებებს შეეწირნენ ბელგიის, ბრიტანეთის, ჩინეთის, ჰოლანდიის, საფრანგეთის, იტალიისა და შვედეთის მოქალაქეები.

XS
SM
MD
LG