Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კიდევ 22 მოსამართლე დანიშნა


იუსტიციის უმაღლესი საბჭო
იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლის კანდიდატთა შერჩევის პროცესი განახლდა. 30 ვაკანტურ ადგილზე 22 მოსამართლე შეირჩა, 8 ადგილი კი შემდგომ ეტაპზე შეივსება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა მოსამართლეები ფარული კენჭისყრით აირჩიეს. კენჭისყრაში 12 თებერვალს 48 კანდიდატი მონაწილეობდა. კენჭისყრა საქალაქო და რაიონულ სასამართლოებში არსებული ვაკანტური ადგილების შესავსებად გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ კონკურსის სამი ეტაპი უკვე დასრულდა და მოსამართლეთა კონტინგენტის შევსების აუცილებლობა ობიექტურ რეალობად მიიჩნევა, ოპონენტები ფიქრობენ, რომ მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის მიმდინარე პროცესი უსამართლო და გაუმჭვირვალეა და იგი დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს.

სასამართლო კორპუსის დაკომპლექტების მესამე ეტაპს ერთი დღით უსწრებდა საქართველოს პრეზიდენტის იურიდიული მრჩევლის, კახა კოჟორიძის, განცხადება, რომ სამართლიანი კრიტერიუმების შემუშავებამდე მოსამართლეთა უვადო დანიშვნის მიმდინარე პროცესი დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს:

“მინდა პირდაპირ ვთქვა, რომ უნდა შეჩერდეს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის ხარვეზიანი პროცესი და საქართველოს პარლამენტმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს სისტემური რეფორმების გატარება. საქართველოს პრეზიდენტმა თავის საპარლამენტო სიტყვაში დღის წესრიგში დააყენა სასამართლოში არსებული პრობლემები. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები თავიანთ ანგარიშებში საქართველოში არსებული პრობლემების ჩამოთვლას იწყებენ საბჭოს საქმიანობის აღწერით და დღეს ჩვენ არავის არ გვაქვს უფლება მშვიდი სახეებით ველოდოთ, საქართველოში როდის დაინგრევა სამართლიანი სასამართლოს შექმნის იმედი“.

ეს განცხადება კახა კოჟორიძემ 11 თებერვალს არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ წევრებთან შეხვედრაზე გააკეთა. თუმცა მისმა ამ განცხადებამ პრაქტიკულად ვერანაირი გავლენა ვერ მოახდინა პროცესზე. მოსამართლეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად 12 თებერვალს გამართული კენჭისყრის დასრულების შემდეგ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ, განმარტა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო მზადაა მოსამართლეთა დანიშვნის კრიტერიუმების გაწერა-რეფორმირების პროცესში აქტიურად ჩაერთოს და რეფორმის სამუშაო ჯგუფთან ითანამშრომლოს, მათ შორის, წარადგინოს თავისი წინადადებებიც, თუმცა ის მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის შეჩერებას არ აპირებს:

“შეჩერების უფლება არ გაგვაჩნია, როდესაც ვაკანსიები არის და მოსამართლეთა რიცხვის ძალიან დიდი სიმცირე არსებობს საერთო სასამართლოების სისტემაში. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენგან არის მიუღებელი“.

ნინო გვენეტაძე განმარტავს, რომ მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდის გარეშე მოწმეთა დაკითხვის ახალი წესი ვერ ამოქმედდება, ერთადერთი მექანიზმი კი, რომელსაც კონკურსის შეჩერება შეუძლია, არის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება.

მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის მარეგულირებელი ნორმები საკონსტიტუციო სასამართლოში ამ რამდენიმე დღის წინ გაასაჩივრა კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“. კოალიცია განმარტავს, რომ კანონმდებლობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ანიჭებს უფლებამოსილებას მოსამართლეთა დანიშვნა ფარული კენჭისყრით, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე განახორციელოს, მოსამართლეთა კონკურსში მონაწილე სუბიექტებს კი არა აქვთ შესაძლებლობა, საბჭოს მხრიდან მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში, სასამართლო წესით დაიცვან საკუთარი ინტერესები. ამას კოალიცია არაკონსტიტუციურად მიიჩნევს და ხელისუფლების მიერ საკანონმდებლო გარანტიების შექმნამდე კონკურსის შეჩერებას ითხოვს.

კონკურსის შეჩერებას ითხოვს კოალიციის პეტიციაც, რომლის საფუძველზეც დაიწყო საზოგადოებრივი მოძრაობა, სახელწოდებით „შეაჩერე“. კოალიციის შეფასებით, მოსამართლეების დანიშვნის, დაწინაურებისა და დისციპლინური დევნის შესახებ საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები აჩვენებს, რომ გადაწყვეტილებები მიიღება არა ობიექტურ გარემოებებსა და კრიტერიუმებზე დაყრდნობით, არამედ ძალაუფლების მქონე სხვადასხვა ჯგუფის ინტერესების შესაბამისად, ერთმანეთთან კულუარული გარიგებების გზით. ასეთ ვითარებაში, ხარვეზების გამოვლენასა და სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობის მიღწევაში, კოალიციის წევრი ორგანიზაციის, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, თავმჯდომარის ანა ნაცვლიშვილის თანახმად, მნიშვნელოვანია თავად მოსამართლეების პოზიცია და, ამიტომაც, სწორედ მოსამართლეებს მიმართა მან საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველ კახა კოჟორიძესა და საპარლამენტო მდივან გიორგი კვერენჩხილაძესთან 11 თებერვალს გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ:

“სამოქალაქო საზოგადოება დადგება თითოეული თქვენგანის გვერდით, თუ თქვენ გადაწყვეტთ, რომ ის ჯაჭვი, რომელიც აქამდე არსებობდა, საბოლოოდ უნდა გაწყდეს და სასამართლო ერთხელ და სამუდამოდ უნდა გახდეს დამოუკიდებელი. თქვენ უნდა იბრძოლოთ სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის და ყველა ჯანსაღი ძალა ამ ქვეყანაში დადგება თქვენს გვერდით, მაგრამ თუ თქვენ გადაწყვეტთ, რომ დუმილით და პასიური პოზიციით აქტიური, ერთხმოვანი მურუსიძეობის ძახილით გააგრძელოთ თქვენი სამოსამართლო კარიერა, მაშინ, ბუნებრივია, სასამართლო წავა სრული თვითიზოლაციის გზით“.

კახა კოჟორიძესა და გიორგი კვერენჩხილაძესთან 11 თებარვალს გამართულ შეხვედრაზე განიხილებოდა სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის აუცილებლობა რეფორმების გზით. იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეფორმების მესამე ტალღის დაჩქარების აუცილებლობაზე ლაპარაკობს, თავის მხრივ, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილიც. იგი კონკურსის შეჩერების მომხრე არ არის, თუმცა მოსამართლეთა შერჩევის სისტემის გაჯანსაღების კონკრეტული რეკომენდაციებით მისმა აპარატმა უკვე მიმართა იუსტიციის საბჭოს:

“იმედი მაქვს, რომ ახლა მაინც მოხდება გათვალისწინება და კონკრეტულ კრიტერიუმებზე შევჯერდებით ისე, რომ ეს პროცესი არ იყოს ფორსირებული, რომ მოხდეს მაქსიმალურად ყველა კრიტერიუმის მომზადება და ამის მიხედვით შერჩევა მოსამართლეების“.

მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის წესის რეფორმირების ინიციატივათა საპარლამენტო განხილვისათვის მზაობას, თავის მხრივ, გამოხატავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეც. მანამდე კი კონკურსი მოქმედი კანონმდებლობის ჩარჩოში გრძელდება და, საკონსტიტუციო სასამართლოს გარდა, ყურადღების ცენტრში ექცევა პროკურატურა, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ლევან მურუსიძის თანახმად, საბჭო მოსამართლეთა ტესტების შესაძლო გამჟღავნებასთან დაკავშირებით მოკვლევის შედეგებს უახლოეს მომავალში გადაუგზავნის. ინფორმაცია, რომ 2015 წლის 21 ნოემბერს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო ტესტურ გამოცდაზე ტესტები და კაზუსები წინასწარ გამჟღავნდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ მამუკა ახვლედიანმა გაავრცელა, რაც, ეთიკური ნორმების დარღვევის გამო, მის წინააღმდეგ დისციპლინარული დევნის დაწყების საფუძველი გახდა. თავად იუსტიციის საბჭო მოკვლევის შედეგებზე მომავალ კვირაში იმსჯელებს.

XS
SM
MD
LG