Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი ლევან მურუსიძის წინააღმდეგ ერთიანდება


ლევან მურუსიძე
ლევან მურუსიძე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, ლევან მურუსიძის, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ არჩევის გამო უკმაყოფილება გრძელდება. ამჯერად არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციური პარტიები აპირებენ შეიმუშაონ ერთობლივი მიმართვა, რომელსაც საზოგადოებას 29 დეკემბერს გააცნობენ. მანამდე, 28 დეკემბერს, „ახალი მემარჯვენეების“ ოფისში შედგა ოპოზიციური პარტიების სამუშაო შეხვედრა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა სამომავლო გეგმები განიხილეს.

„ახალი მემარჯვენეები“, „დემოკრატიული მოძრაობა“, ლეიბორისტული პარტია, „თავისუფალი საქართველო“, „თავისუფალი დემოკრატები“, „პატრიოტთა ალიანსი“ - ეს იმ ოპოზიციური პარტიების არასრული ჩამონათვალია, რომლებმაც ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ არჩევასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი შექმნეს და 28 დეკემბერს იმ ერთობლივი განცხადების შინაარსზე იმსჯელეს, რომელსაც საზოგადოებას 29 დეკემბერს წარუდგენენ. „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი, მანანა ნაჭყებია, რადიო თავისუფლებასთან განცხადების მთავარ გზავნილზე საუბრობს და ამბობს, რომ ის იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელმაც მხარი დაუჭირა ლევან მურუსიძის კანდიდატურას, უნდა დაიშალოს:

„ეს ფორმა, თუ როგორ უნდა დაიშალოს საბჭო, ჩვენი მოსაფიქრებელია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სავსებით შესაძლებელია პარლამენტმა მიიღოს კანონი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმირების ახალი წესის შესახებ და ახალი კანონმდებლობის ამოქმედებამდე ძველ საბჭოს შეუჩერდეს უფლებამოსილება“.

ის მოთხოვნა, რომ ხელისუფლება ჩაერიოს სასამართლო ხელისუფლებაში, არის ძალიან გულუბრყვილო, არასწორი, არადემოკრატიული მოთხოვნა. დიახ, დემოკრატიული წესების დაცვით მოხდა ცუდი ადამიანის, სამარცხვინო მურუსიძის არჩევა. მე მრცხვენია ყველა იმ მოსამართლის ნაცვლად, მაგრამ ჩვენ მათ ვერაფერს ვეტყვით...
ლევან ბერძენიშვილი

საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობაზე ლაპარაკობენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც. მათი აზრით, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო იყენებს ფართო უფლებამოსილებას მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნისას. სწორედ ამიტომ, მათ მიაჩნიათ, რომ აუცილებელია ეს პროცესი დარეგულირდეს საკანონმდებლო დონეზე, რათა დეტალურად მოწესრიგდეს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცედურები და პრინციპები იმისათვის, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ ჰქონდეს ამ პროცესის შეუზღუდავი დისკრეცია.

ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ 25 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 14-მა წევრმა, 10 ხმით, სამწლიანი გამოსაცდელი ვადით აირჩია, ამ ვადის ამოწურვის შემდეგ კი ის საქმიანობას უკვე უვადოდ გააგრძელებს. საპროტესტო ტალღა მას შემდეგ არ ცხრება, რაც გავრცელდა ინფორმაცია მისი მოსამართლედ არჩევის შესახებ. ზაზა ხატიაშვილი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას იმ გახმაურებულ საქმეებს ჩამოთვლის, რომელთაც ლევან მურუსიძე მოსამართლეობდა. ამ საქმეებს შორისაა სანდრო გირგვლიანის საქმე, გიორგი მიქიაშვილის საქმე, სულხან მოლაშვილის საქმე. ზაზა ხატიაშვილი ამბობს, რომ ლევან მურუსიძის მოსამართლედ არჩევით დასამარდა სამართლიანი სასამართლოს იდეა. მისი თქმით, სწორედ ამან გამოიწვია როგორც სამოქალაქო სექტორის, ისე ოპოზიციის გაერთიანება და ახლა უკვე ჯერი მიდგა კონკრეტულ აქტიურობებზე. ზაზა ხატიაშვილი ლაპარაკობს როგორც საპროტესტო აქციებზე, ისე სამართლებრივი გზების ძიებაზე, თუ როგორ უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი, სადაც დადგება საკითხი იუსტიციის საბჭოს დათხოვნის შესახებ:

„უნდა შევთანხმდეთ საპროტესტო ღონისძიებებზე. იცით, რა არის? მთელი ერი უნდა დავდგეთ ფეხზე, რადგან აღმოჩნდა, რომ ბიძინა ივანიშვილი იქცა სააკაშვილ 2-ად. სამოქალაქო საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ჩვენ ხელში უნდა ავიღოთ საპროტესტო ღონისძიებები, რომ დავანახვოთ ივანიშვილს, რომ არ ვიყიდებით“.

საპროტესტო ტალღას უერთდება „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური. როგორც ის რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, ლევან მურუსიძის არჩევამ საზოგადოებას ნათლად დაანახვა, რომ დღეს ხელისუფლების სურვილია, ისეთი ტიპის მოსამართლეები, როგორიც ლევან მურუსიძეა, დარჩნენ სისტემაში. მისი თქმით, ამის მიზეზი ადვილი ამოსაცნობია: ამ ტიპის მოსამართლეებზე გავლენის მოხდენა ძალიან ადვილია. ხელისუფლების განზრახვის ამოსაცნობად კი, ეკა გიგაურის აზრით, საკმარისია ლევან მურუსიძისათვის საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების მხარდაჭერა:

ეკა გიგაური
ეკა გიგაური

„პირველი, რა თქმა უნდა, დავინახეთ, თუ რა ნება აქვს მმართველ გუნდს. მეორე საკითხი არის ის რეფორმა, რომელზეც მმართველი კოალიცია საუბრობს. როგორც ვნახეთ, ის მაინცდამაინც ეფექტური არ გამოდგა, რადგან როგორც კი საკითხი დადგა ისე, თუ ვინ უნდა დარჩენილიყო სისტემაში, სისტემაში ისევ რჩებიან საეჭვო რეპუტაციის მქონე მოსამართლეები. ამ სისტემის შეცვლა არ არის მმართველი გუნდის ინტერესებში“.

როგორც ჩანს, გარკვეული უთანხმოება წარმოიშვა ლევან მურუსიძის მოსამართლედ არჩევასთან დაკავშირებით მმართველ გუნდშიც. ლევან მურუსიძის არჩევას მოსამართლედ რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი „სამარცხვინო მოვლენად“ მიიჩნევს, თუმცა ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის წამოწყებულ პროცესში ხელისუფლება ვერ ჩაერევა:

„ის მოთხოვნა, რომ ხელისუფლება ჩაერიოს სასამართლო ხელისუფლებაში, არის ძალიან გულუბრყვილო, არასწორი, არადემოკრატიული მოთხოვნა. დიახ, დემოკრატიული წესების დაცვით მოხდა ცუდი ადამიანის, სამარცხვინო მურუსიძის არჩევა. მე მრცხვენია ყველა იმ მოსამართლის ნაცვლად, მაგრამ ჩვენ მათ ვერაფერს ვეტყვით. მე, მაგალითად, ყველა ის ადამიანი, ვინც მურუსიძე აირჩია, მიმაჩნია უღირს პიროვნებად“.

იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების წესსა და ამ მიზნით საკანონმდებლო ცვლილების აუცილებლობას გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, რომელმაც განაცხადა, რომ კანონის ერთი ფორმით მიღება არ ნიშნავს იმას, რომ ეს კანონი არასოდეს შეიცვლება.

XS
SM
MD
LG