Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაპირისპირება სასამართლო ხელისუფლებაში


თბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი აკრიტიკებს მოსამართლეთა დანიშვნის სისტემას და ამბობს, რომ არსებობს მოსამართლეთა კლანი, რომელიც პირადი შეხედულებებით ნიშნავს მოსამართლეებს. საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ ეს განცხადება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამართული კენჭისყროის შემდეგ გააკეთა. 25 დეკემბერს საბჭოს წევრებმა აირჩიეს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს 38 მოსამართლე, რომელთა შორის იყო ლევან მურუსიძე - გირგვლიანისა და სხვა გახმაურებული საქმეების მოსამართლე. თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს 4 იანვარს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ელოდნენ, მაგრამ მამუკა ახვლედიანმა თავი აარიდა საბჭოს წევრებთან შეხვედრას, თუმცა საბჭოს მისამართით გამოთქმული ბრალდებები კვლავ გაიმეორა.

„ვფიქრობ, რომ იუსტიციის საბჭოც უნდა წავიდეს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეც უნდა წავიდეს, რადგანაც ვერც ერთმა ვერ გაართვა მასზე დაკისრებულ მოვალეობას თავი“ - თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ მამუკა ახვლედიანმა ეს განცხადება 2015 წლის 29 დეკემბერს გააკეთა, ბრალდების მთავარმა ადრესატმა კი, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, პირველივე სხდომის დღის წესრიგში შეიტანა ახვლედიანის ამ განცხადების შეფასება, თუმცა 4 იანვარს დანიშნულ სხდომაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე არ მივიდა, საბჭოს მისამართით გამოთქმული შეფასებები კი კვლავ გაიმეორა:

„არ იყო საჭირო ჩემი იქ მისვლა. არ ვიცი, რას განიხილავენ. მგონი, ჩემი განცხადების შეფასებას აპირებენ. ზოგადად, ვფიქრობ, რომ ჩემს განცხადებაზე მნიშვნელოვანი პრობლემატიკა არსებობს სასამართლო სისტემაში და ჯობია ამ საკითხზე იმსჯელოს საბჭომ. მაქვს კითხვები: როცა სისტემის პირობებში კარგი მოსამართლეები არ ინიშნებიან, ეს სისტემა როგორ შეიძლება კარგი იყოს? ეს არის ჩვეულებრივი, ადამიანების ნებაზე დამყარებული მექანიზმი, როცა ვიღაცის სურვილით ინიშნება ესა თუ ის ადამიანი, რაც მიმაჩნია, რომ პრობლემაა“.

მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის სისტემას რომ ხარვეზები აქვს, ამას სპეციალისტების დიდი ნაწილიც შენიშნავს. საქართველოს მოსამართლეთა ერთობის აღმასრულებელი დირექტორის ნაზი ჯანეზაშვილის კომენტარი:

„ჩვენ ხშირად ვკითხულობთ, რატომ დაინიშნა ეს ადამიანი მოსამართლედ, მაგრამ ასევე პრობლემაა ის, თუ რატომ არ დაინიშნა ესა თუ ის ღირსეული ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ძალიან კარგი რეპუტაცია, მრავალწლიანი გამოცდილება და გამოირჩეოდა, თუნდაც, საქმეთა დატვირთულობით ან, თუნდაც, იმით, რომ იყო ხშირად შეზღუდული უფლებებში, დაჰყავდათ ხშირად მივლინებებში, იმიტომ რომ არ მოსწონდათ მისი პრინციპული დამოკიდებულება. ასეთი წარსული უნდა გაითვალისწინოს საბჭომ, რასაც არ აკეთებს. ასე რომ, პრომლემა მხოლოდ ის კი არაა, ვინ დაინიშნა, არამედ ისიც, ვინ არ დაინიშნა“.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ გამოთქმულ კრიტიკას არ იზიარებენ საბჭოს წევრები - მათ შორის, არც თავმჯდომარე და არც საბჭოს არამოსამართლე წევრები. ნინო გვენეტაძე, უზენაესი სასამართლოსა და საბჭოს თავმჯდომარე, ამბობს, რომ კრიტიკის საფუძველს არ იძლევა მოსამართლეთა შესარჩევი ის სამი კონკურსი, რომლებიც მისი თავმჯდომარეობის დროს გაიმართა:

„ჩვენ ყველანაირად შევუწყვეთ ხელი ღია და გამჭვირვალე პროცედურების დამკვიდრებას. კონკურსის პირველი ორი ეტაპი ითვალისწინებს საბუთების წარმოდგენასა და გასაუბრებას, რომელზეც საბჭოს წევრები სვამენ ყველა კითხვას. ამის შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები აკეთებენ შეფასებას და, ბოლოს, იმართება ფარული კენჭისყრა, სადაც მოსამართლეები იღებენ გადაწყვეტილებას. სხვა რაიმე ფორმატი, რომელიც კანონით არაა გათვალისწინებული, არ განხორციელებულა“.

შესაბამისად, ნინო გვენეტაძის თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ უნდა ახსნას და დაასაბუთოს, თუ როგორ დაირღვა მოსამართლეთა შერჩევის წესი, რასაც ასევე კატეგორიულად უარყოფს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ევა გოცირიძე, რომელმაც 25 დეკემბერს გამართულ არჩევნებზე ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოში დანიშვნას დაუჭირა მხარი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო, მთლიანობაში, 15 წევრისგან შედგება. 5-ს პარლამენტი ნიშნავს, ერთს პრეზიდენტი, ერთიც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეა, ხოლო რვას ირჩევს მოსამართლეთა კონფერენცია. როგორც საქართველოს მოსამართლეთა ერთობის აღმასრულებელი დირექტორი ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის კრიტიკული განცხადებები საინტერესოა სწორედ მოსამართლეთა კონფერენციის მოახლოების ფონზე. საქმე ისაა, რომ 2016 წელს საბჭოს რვიდან შვიდ მოსამართლე წევრს ოთხწლიანი ვადა გასდის, კონფერენციამ კი მათი შემცვლელები უნდა აირჩიოს.

„მოსამართლეთა კონფერენციაზე თუკი დააყენებს რამე საკითხს, მაგალითად, საბჭოსთან მიმართებაში, მას დასჭირდება ბევრი მოსამართლის მხარდაჭერა. ესაა საინტერესო, რამდენად აქვს ახვლედიანს მოსამართლეთა კორპუსის მხარდაჭერა. ესაა მნიშვნელოვანი. ერთ ადამიანს გაუჭირდება რამე არსებითის შეცვლა. მოსამართლეებზეა დამოკიდებული, თუ ვის აირჩევენ. ანუ აირჩევენ თუ არა იმ მოსამართლეებს, რომლებიც სასამართლო სისტემის შესახებ მიიღებენ მრავალ გადაწყვეტილებას“, უთხრა ნაზი ჯანეზაშვილმა რადიო თავისუფლებას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG