სულ მალე საქართველოს შეიარაღებული ძალების კიდევ ერთი ბატალიონი თანამებრძოლების შესაცვლელად ავღანეთში გაემგზავრება. ამჟამად ჰელმანდის პროვინციაში ორი ქართული ქვედანაყოფი - ჯამში, 1600 ჯარისკაცი - ასრულებს სამშვიდობო მისიას. როტაციის დაწყების წინ კი 33-ე ბატალიონი ინტენსიურ მომზადებას სპეციალურ საველე ბანაკში გადის.
აქ ყველაფერი ავღანეთს ჰგავს
ქალაქ გარდაბნიდან 10 კილომეტრით დაშორებულ სამხედრო სასწავლო ცენტრის საკონტროლო-გამშვებ პუნქტს დილის 11 საათისათვის მივადექით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან ერთად მანქანაში სამხედრო უწყების პრესსამსახურის ოფიცერი, ირაკლი გურგენიძე იმყოფებოდა, საგუშაგოზე მდგარმა ჯარისკაცებმა ჩვენი მისვლა რაციით შეატყობინეს 33-ე ბატალიონის ხელმძღვანელობას.
ჩვენი მთავარი მასპინძელი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე სერჟანტი რამაზ ნადიბაიძეა, რომელიც მოსალმების შემდეგ მცირე ინსტრუქტაჟს გვიტარებს, თუ რისი გადაღება შეგვიძლია და რისი არა. აკრძალვაში შედის ბაზის გარე პერიმეტრისა და ტერიტორიაზე მდებარე ინფრასტრუქტურის, მათ შორის, იმ ამერიკული შეჯავშნული ავტომანქანების გადაღება, რომლებითაც ავღანეთში მყოფი ქართველი ჯარისკაცები გადაადგილდებიან. მაგრამ ასეთი აკრძალვები ჩემთვის სრულიად გასაგებია და არანაირ პროტესტს არ იწვევს. პირიქით.
სამი წლის განმავლობაში, რაც საქართველომ სამხედრო ქვედანაყოფების გაგზავნა დაიწყო ავღანეთის უსაფრთხოების მხარდამჭერ ოპერაციაში, რადიო თავისუფლებას პირველად მიეცა შესაძლებლობა ქართველი სამხედროების წვრთნის პროცესს დასწრებოდა. ეს არის დამსახურება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობისა, რომელმაც რადიკალურად შეცვალა საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობა და უარი თქვა ზოგიერთ ფესვგადგმულ სტერეოტიპზე.
თუმცა დავუბრუნდეთ ქართველი მშვიდობისდამცველების მოსამზადებელ ცენტრს. გამოცდილი თვალი მალე შეამჩნევს, რომ აქ ყველაფერი ისეა მოწყობილი, როგორც ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში მდებარე სამხედრო ბაზა შუკვანზე - შტაბი, სასადილო, საცხოვრებელი ყაზარმა, იარაღის საცავი თუ საშხაპე. ღობეც კი სილის მეტრნახევრიანი ტომრებით, ე.წ. SK-ისგან არის დამზადებული და, თქვენ წარმოიდგინეთ, ქართველ მშვიდობისდამცველთა საწვრთნელი ბაზის ადგილმდებარეობაც კი მთაგორიან ნახევრად უდაბნოს წარმოადგენს. მოკლედ, იდეალური ადგილია ვარჯიშისათვისო, გვიხსნის 33-ე ბატალიონის უფროსი სერჟანტი რამაზ ნადიბაიძე, რომელიც ქვედანაყოფის განლაგებიდან პოლიგონისკენ მიგვიძღვება. იქ უკვე მიმდინარეობდა ათეულის წევრთა ინდივიდუალური ინსტრუქტაჟი:
„ანუ შენი დავალება რა არის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ: როდესაც გაიხსნება მოწინააღმდეგისაგან ცეცხლი, იკავებ კარგ პოზიციას და შენი მ-7-ით მოწინააღმდეგის ჯავშანტრანსპორტიორზე აწარმოებ დამიზნებით ცეცხლს. გასაგებია?
-გასაგებია!
- კაი კაცი ხარ!“
რეიდისას, რომელიც პოზიციაზე გასვლით და მოწინააღმდეგის საცეცხლე პოზიციის განადგურებით ზუსტად სამ წუთში უნდა დასრულდეს, ჯარისკაცებს ნამდვილი საბრძოლო ტყვიები აქვთ დარიგებული. მე და ჩვენი რადიოს ფოტოგრაფი, მზია საგანელიძე, იძულებულნი ვართ დავემორჩილოთ უსაფრთხოების მოთხოვნებს და ჩავიცვათ ჯავშანჟილეტი და დავიხუროთ ჩაფხუტები.
ჩასაფრებას იერიში და მოწინააღმდეგის განადგურება მოსდევს
პოლიგონზე, ქართველი ინსტრუქტორების გარდა, ყველა ქვედანაყოფის მიერ საწვრთნელი ეპიზოდის შესრულებას თვალს ადევნებდნენ ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორები. ისინი თავაზიანად მოგვესალმნენ, თუმცა ასევე თავაზიანად გვითხრეს უარი ინტერვიუზე, რადგან მედიასთან ურთიერთობა მათ საქართველოში ყოფნის განმავლობაში აკრძალული აქვთ. ამასობაში 33-ე ბატალიონის ათეული უკვე საცეცხლე პოზიციებზე გავიდა და ცეცხლის გახსნის ბრძანება მიიღო.
ამერიკული შაშხანები და ტყვიამფრქვევები წარმოსახულ მოწინააღმდეგეს, ანუ საგანგებოდ მოწყობილ სამიზნეებს, ცეცხლის წვიმას უშენენ. ფლანგებიდან თანამებრძოლების დაცვას ათეულის ყუმბარმტყორცნელები უზრუნველყოფენ. ჩასაფრებას იერიში და მოწინააღმდეგის განადგურება მოსდევს. ათეულის სერჟანტი საწყის პოზიციებზე დაბრუნებულ დაღლილ ჯარისკაცებს ბრიფინგს უტარებს და, შექების გარდა, შენიშვნებსაც აძლევს:
„გრიგოლია, შენ იყავი მაგათი მეთაური და ორივე ჯგუფი გყავდა გაყოფილი სტანდარტულად. სინქრონიზებული ცეცხლი კი გქონდა, მაგრამ იმ ტყვიამფრქვევებმა რაღაც მომენტში შეფერხება რომ მოგვცა, ამან შეაყოვნა ქვეითთა მოიერიშე ჯგუფის გადაადგილება წინ. დანარჩენი ყველაფერი კარგი იყო. დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რომ თქვენ ყველამ თქვენი საქმე მონდომებით გააკეთეთ და ფაქტი სახეზე დევს. თუ ვინმეს რაიმეს დამატება გსურთ, დაამატეთ, თუ არადა, შეგიძლიათ დაისვენოთ“.
რამდენიმე წუთში დაღლილი ქართველი ჯარისკაცები პოლიგონიდან ბაზაზე ბრუნდებიან სასადილოდ. 600 კაცზე გათვლილ საველე სასადილოში ყველაფერი უკვე მზადაა. რაციონი საკმაოდ მრავალფეროვანია: ლობიო, მუხუდო, სალათები, მოხარშული ხორცი, სუპი, წვენი და ნამცხვარი. მახსენდება მივლინება ერაყში, სადაც ალ კუტში მდებარე ბაზა „ვიქტორიაზე“ ჯარისკაცებს ბევრად უკეთესი კვება ჰქონდათ. ავღანეთში როგორი იყო? - ვეკითხები 33-ე ბატალიონის სერჟანტს რამაზ ნადიბაიძეს. „კარგია, ნორმალური“- მოკლედ მპასუხობს სერჟანტი, რომელიც სულ მალე მეორედ წავა ავღანეთში პირად შემადგენლობასთან ერთად, მიუხედავად იმისა, რომ სახლში ფეხმძიმე ცოლი ელოდება.
„ჩემს მეუღლეს და ჩემს ოჯახს ეს გაცნობიერებული აქვთ. მე 18 წლის ვიყავი, როცა სამხედრო მოსამსახურე გავხდი და ამის შემდეგ სამხედრო ფორმა მაცვია. ეს ჩემი პროფესიაცაა და ჩემი საქართველოს სიყვარულიც. და ეს იცის ჩემმა მეუღლემ, ჩემმა ოჯახმაც და ჩემმა ყველა ახლობელმა ხალხმაც, რომ მე ეს უნდა გავაკეთო“, - მეუბნება რამაზ ნადიბაიძე, მესამე ქვეითი ბრიგადის 33-ე ბატალიონის უფროსი სერჟანტი.
ქვედანაყოფი 2011 წელს უკვე იმყოფებოდა ექვსი თვით ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში, სადაც საბრძოლო დავალების შესრულების დროს 33-ე ბატალიონმა სამი ჯარისკაცი დაკარგა.
როცა დაღუპულ თანამებრძოლებზე ვეკითხები, 33-ე ბატალიონის სერჟანტებიც, კაპრალებიც და ოფიცრებიც ერთხმად ამბობენ, რომ ისინი საქართველოს მომავალს შეეწირნენ. „ჩვენ ავღანეთში საქართველოს დასაცავად მივდივართ,“- ასე სწამს ქვედანაყოფის პირად შემადგენლობას და ამ სიტყვებში ძნელია ეჭვის შეტანა.