Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიშელ უელბეკის „ლანსაროტე“


მიშელ უელბეკის ქართული თაროც ივსება ნელ-ნელა. მართალია, ფამუქს ვერ შეედრება ტემპითა და რაოდენობით, მაგრამ, საბოლოოდ, ალბათ, მაინც წამოვეწევით ფრანგულ გამოცემებს და მალე სრული უელბეკიც დაიდება. მანამდე კი „ბრძოლის ველის განვრცობას“, „ელემენტარულ ნაწილაკებსა“ და „პლატფორმას“ უელბეკის მცირე ზომის წიგნი, ე.წ. შუალედური, გარდამავალი თხზულება, „ლანსაროტეც“ მივათვალოთ. შესაძლოა ეს წიგნი არ იყოს უელბეკის კანონიკური, უმთავრესი ტექსტი, მაგრამ მისი შემოქმედებით დაინტერესული მკითხველი არც ამ თარგმანს გამოტოვებს. წიგნის მთარგმნელმა მერაბ ფიფიამაც ამაზე გაამახვილა ყურადღება:

„მე არ ვთვლი, რომ ეს არის, თავისი მხატვრული ღირებულებით, ძალიან მნიშვნელოვანი ნაწარმოები. ფაქტობრივად, ის განმეორდა ძალიან ბევრ რამეში. გარდა ამისა, თემა არ არის ბოლომდე მიყვანილი... ეს არის ერთგვარი მესიჯების კრებული, რომელსაც ის ისევ ახსენებს ამ საზოგადოებას. ალბათ, ის ემზადებოდა უფრო მნიშვნელოვანი ნაწარმოებისათვის, როგორიც იყო მერე „პლატფორმა“ და „რუკა და ტერიტორია“.

ბევრისთვის შესაძლოა სწორედ ეს მომზადების, ერთგვარი ვარჯიშის რეჟიმი იყოს საინტერესო „ლანსაროტეში“ და ის ნაცნობი თემები, რომლებიც შეიძლება „პლატფორმიდან“ ან სხვა რომელიმე რომანიდან ახსოვდეს მკითხველს. აქაც ტურიზმზეა საუბარი, აქაცაა ისლამოფობიის საგრძნობი დოზები, ისევ სასტუმროები, ისევ პლაჟები, თუმცა რაღა ისევ, ყველაფერმა ამან ხომ ამ რომანის შემდეგ, „პლატფორმაში“ შეისხა ფრთები?!

სიუჟეტი მარტივია. მოწყენილი და საახალწლო დღესასწაულებით გაბეზრებული მთავარი გმირი შუა იანვარში კუნძულ ლანსაროტეზე გაემგზავრება დასასვენებლად. აქ იგი ორ გერმანელ გოგონას და ერთ ბელგიელ მამაკაცს გაიცნობს. შემდეგ წვრილ-წვრილი რაღაცები ხდება – გასეირნებები, ერთი-ორი ვახშამი, სექსი პლაჟზე და სასტუმროს ნომერში... ბელგიელი მამაკაცი ძალიან გულჩათხრობილია, ვერაფრით ჩაითრევენ გასართობებში, ბოლოს საერთოდაც გაქრება ეს ბელგიელი, სულ ბოლოს კი უცნაურ ამპლუაში გამოგვეცხადება, როგორც ერთ-ერთი რელიგიური სექტის საკმაოდ აქტიური წევრი.

სანამ რელიგიური სექტის ამბამდე მიგვიყვანს, მთხრობელი ხან კულტურული წიაღსვლებით გვართობს და ხანაც მხურვალე პორნოგრაფიული სცენებით. აი, მაგალითად, ნორვეგიელი ტურისტები „ნახევრად გამჭვირვალენი არიან! მზეს მიფიცხებულნი, თვალის დახამხამებაში იხოცებიან და თითქმის უგზო-უკვლოდ ქრებიან“. სწორედ მათ ჩაუყარეს ტურიზმს საფუძველი ლანსაროტეზე. ინგლისელები პატარ-პატარა ჯგუფებს ქმნიან, ესპანელი გოგოები გიჟდებიან სექსზე, „აქვთ დიდი ძუძუები; ზოგადად „ჯიგარი“ გოგოები არიან; მათთან გართულებები გამორიცხულია; დამყოლნი და უკომპლექსოებიც არიან. მაგრამ რამხელა წარმოდგენა აქვთ საკუთარ თავზე!!!“... კიდევ ბევრი სხვა დასახასითებაა - მაროკოელების, ბელგიელების და ა.შ.

თავად მთხრობელიც ნაცნობი ტიპაჟია, ისევ ისეთი, უელბეკური – უყვარს ჩაწეული ტელევიზორის ყურება, ონანირება, ხშირად ფიქრობს ხოლმე დედამიწაზე სიცოცხლის ჩასახვაზე, სამყაროს წარმოშობაზე, შესაბამისად, სამყაროს დასასრულიც აღელვებს, მისი კრედოა: „ადამიანს თავისუფლად შეუძლია იცხოვროს ისე, რომ ცხოვრებისგან არაფერს ელოდოს“.

გაცილებით მეტს ელოდება ის ბელგიელი, რომელიც ზემოთ ვახსენეთ და რომელიც რომანის ბოლოს რაღაც სექტის წევრი აღმოჩნდება, უფრო კონკრეტულად კი - რაელისტური რელიგიის მიმდევარი, რომელსაც სათავეში ვინმე კლოდ ვორილონი უდგას, ყოფილი სპორტული ჟურნალისტი. ბოლოს, რა თქმა უნდა, სკანდალი იქუხებს ამ სექტის გარშემო - რა თქმა უნდა, სექსუალური შინაარსის სკანდალი - და აქ მთხრობელი ძალიან ზუსტად ამბობს: „აი, რა არის საშინელი სექტაში – სანამ სკანდალი არ იქუხებს, ვერაფერს ხვდები“. მოკლედ, ეს რაელისტები პედოფილები აღმოჩნდებიან, მისი დამფუძნებელი მამები კი ეროტიზმის კულტის აღორძინებას ცდილობენ დასავლეთში, რომელიც ათასწლეულების წინ დაიკარგა თურმე... ბოლოს სულ ასეთი რეზიუმეებია, მოკლედ ჰყვება მთხრობელი ამბავს, გეგონება საგაზეთო ქრონიკას კითხულობ. საერთოდ, უელბეკისთვის ასეთი რეზიუმეები დამახასიათებელია და ეს უბრალოება, თხრობის გარდა, მის ენასაც ახასიათებს:

„ეს არ არის მძიმე ენა. უელბეკის ენა საკმაოდ მსუბუქია, მოქნილი. არ არის რაღაც ფრანგული ფრაზეოლოგიებით და გამოთქმებით დახუნძლული, ეს არის თანამედროვე ენა, წერისთვის ოდნავ გალოკილი... ყველაზე ძნელი არის მის ნაწარმოებებში ეროტიკული ეპიზოდების თარგმნა, იმიტომ რომ არასდროს არ მითარგმნია, სიმართლე გითხრათ... ერთხელ მქონდა შემთხვევა მეთარგმნა დავიდ ფონკინოსი, რომელსაც რამდენიმე გვერდი ჰქონდა ასეთი და რომლის თარგმნაც, ცოტა არ იყოს, გამიჭირდა. გამიჭირდა რა მხრივ... თვითონ ფრანგულში არ იყო ეს, რაღაც გრძნობები რომ მოაქვს და რომ აგაღელვებს და ა.შ... ასეთი ტექსტები უელბეკს არა აქვს. შეიძლება დეტალებში იყოს ყველაფერი აღწერილი, მაგრამ ის არ არის გამაღიზიანებელი, თუმცა არ ვიცი, შეიძლება მე ვცდები, ძალიან პიროვნულია, ალბათ... მე ვფიქრობდი, რომ ეს იქნებოდა ჩემთვის ძნელი, თან ვცდილობდი, რომ არც ზედმეტი მომსვლოდა, არც ემოციური მუხტი არ დამეკარგა და, რაც მთავარია, არ დამეკარგა ის ზომიერება, რომელიც მას აქვს“.

სხვათა შორის, პორნოგრაფიული სცენები კარგად არის თარგმნილი, შესაძლოა ეროტიკული ეპიზოდების ერთ-ერთი საუკეთესო ქართული თარგმანიც იყოს „ლანსაროტეს“ ეს მონაკვეთები. მთარგმნელი ზუსტია, ლაკონიური და გარკვეული ირონიაც შენარჩუნებულია, არც გამაღიზიანებელია და არც უხერხულად სასაცილო, არც პირდაპირია და არც ზედმეტად შეფარული და უბიწო. ალბათ, ასეთი უნდა იყოს უელბეკის ეროტიზმის ადეკვატური თარგმანი.

დაბოლოს, ლანსაროტეს პირველყოფილ საზოგადოებაზე მინდა ვისაუბრო, დიდი ხნის წინ გადაშენებულ ხალხზე, რომელიც, ისევე როგორც ბევრი ტრადიციული საზოგადოება, ძალიან უფრთხოდა უცხოს: „რაც მშობლიურ ნაპირებს სცდებოდა, საფრთხედ მიიჩნევდნენ. თუმცა, სამაგიეროდ, ყურადღებით აკვირდებოდნენ სინათლეს, მეზობელ კუნძულებზე რომ კიაფობდა. მიუხედავად ამისა, ცნობისმოყვარეობას – დაედგინათ, ეს სინათლე ადამიანის მიერ იყო დანთებული და იყვნენ თუ არა ეს ადამიანები მათი მსგავსნი – ლანსაროტელები არასდროს შეუპყრია. მათი აზრით, უზენაესი სიბრძნე სხვებთან ურთიერთობისგან თავშეკავებაა. ამგვარად, ლანსაროტეს ისტორია უძველესი დროიდან დღევანდლამდე სხვა არაფერია, თუ არა ისტორია სრული იზოლაციისა“.

და კიდევ, ლანსაროტეზე, ალბათ, მსოფლიოში ყველაზე უცნაური ვენახებია გაშენებული. დაგუგლეთ და თავად დარწმუნდებით.
XS
SM
MD
LG