საქართველოს პრეზიდენტის გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, საქართველოს საკითხმა არ დაკარგოს მნიშვნელობა ევროპულ დღის წესრიგში. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა ილაპარაკა კონდრად ადენაუერის ფონდში გამოსვლისას, ვიდრე ის გერმანიის ხელისუფლების უმაღლეს პირებს შეხვდებოდა. სავიზო ლიბერალიზაციის პროცესში ყველაზე სკეპტიკოსად დასახელებულ ქვეყანაში, გერმანიაში, საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარისა და პრემიერ-მინისტრის კვალდაკვალ ჩავიდა. ვიზიტების სიხშირეს შთამბეჭდავად მიიჩნევენ ბერლინში.
აღფრთოვანებული ვართ გერმანიის მხარდაჭერით საქართველოს მიმართ როგორც ეკონომიკაში, ასევე პოლიტიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით, – განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა კონდრად ადენაუერის ფონდში სტუმრობისას, როცა ორი ქვეყნის განსაკუთრებულ ურთიერთობაზე ლაპარაკობდა. ითქვა, რომ, მართალია, საქართველომ ჯერ ვერ მიიღო ყველაფერი, რაც დაიმსახურა (მაგალითად, სავიზო ლიბერალიზაციის კუთხით) და ეს პრობლემა განსაკუთრებული სიმწვავით სწორედ წინასაარჩევნო პერიოდში განიხილება, ევროსკეპტიკოსთა რიტორიკის ფონზე, მაგრამ საქართველოს ევროპულ მომავალს ალტერნატივა არა აქვს და ყველაფერი უნდა გაკეთდეს ინტეგრაციის პროცესის ხელშესაწყობად. დიდწილად ამავე პროცესის ხელშეწყობის კონტექსტში განიხილება პრეზიდენტის გერმანიაში ვიზიტის მიზნებიც.
ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში შეინიშნება საქართველოს მაღალი რანგის პირების ვიზიტების შთამბეჭდავი სერია. ვერ ვიხსენებ, რომ ასეთი ინტენსივობა ყოფილიყოს ბოლო 10 წლის განმავლობაში. ჯერ მხოლოდ ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ ორ ქვეყანას შორის ძლიერი ორმხრივი ურთიერთობაა...ნორბერტ ლამერტი
როგორც კონდრად ადენაუერის ფონდში გამოსვლისას ითქვა, ბრექსიტთან დაკავშირებული შოკის, საერთაშორისო დისკუსიებისა თუ გადაფასების ფონზე საქართველოს საკითხმა არ უნდა დაკარგოს თავისი ნამდვილი მნიშვნელობა:
„მე მინდა, რომ საქართველოს საკითხი მკვეთრად ჩანდეს ევროპულ რადარებზე, რომ ის არ დაივიწყონ, არ გადადონ და გამოჩნდეს, რომ ეს საკითხი დამატებითი სიკეთის მომტანია ასევე ევროპისთვის. რეალისტურად, თუკი ჩვენ დავივიწყებთ შესაძლებლობებს, რომელთა შეთავაზებაც შეუძლია საქართველოს, ჩვენ სრულად ვერ ვაცნობიერებთ ევროპულ პროცესს“.
გიორგი მარგველაშვილის თქმით, საქართველო წარმატების მაგალითია, თავისი დემოკრატიული განვითარების პროცესით (საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ) და ევროპამ კრიზისულ პერიოდში სათანადო ყურადღება უნდა მიაქციოს საქართველოს, როგორც ევროპის წარმატების მაგალითს.
ვიდრე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი 1 ივლისს ეწვევა საქართველოს და ორი ქვეყნის ურთიერთობები თბილისში განიხილება, პრეზიდენტი მარგველაშვილი გერმანიის ხელისუფლების უმაღლეს პირებს 30 ივნისს ხვდებოდა ბერლინში. საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის განრიგში ჩამოთვლილია შეხვედრები გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან, გერმანიის პარლამენტის თავმჯდომარე ნორბერტ ლამერტსა თუ გერმანიის პრეზიდენტ იოახიმ გაუკთან.
30 ივნისს, გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის სამომავლო ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზე ილაპარაკა გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) თავმჯდომარემ ნორბერტ ლამერტმა, რომელიც ახლო წარსულში, სხვადასხვა დროს, ასევე ბერლინში შეხვდა თავის ქართველ კოლეგას, დავით უსუფაშვილს, და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს. ბუნდესტაგის თავმჯდომარე ბოლო პერიოდის აქტიურობას ორი ქვეყნის კიდევ უფრო დაახლოებისკენ სწრაფვის სიმპტომად აღიქვამს:
„ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში შეინიშნება საქართველოს მაღალი რანგის პირების ვიზიტების შთამბეჭდავი სერია. ვერ ვიხსენებ, რომ ასეთი ინტენსივობა ყოფილიყოს ბოლო 10 წლის განმავლობაში. ჯერ მხოლოდ ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ ორ ქვეყანას შორის ძლიერი ორმხრივი ურთიერთობაა და ასევე არის საჭიროება, რომ ეს ურთიერთობა უფრო მეტად გაძლიერდეს და განვითარდეს“.
რასაკვირველია, ეს ინტენსივობა, რომელიც არსებობს გერმანულ-ქართულ ურთიერთობებში, თავის შედეგს გამოიღებს და ჩვენ, აქედან გამომდინარე, იმედი გვაქვს, რომ „შეჩერების მექანიზმის“ ძალაში შესვლის, ანუ ამოქმედებისთანავე მოხდება დადებითი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ მიღება საქართველოს საკითხთან დაკავშირებით...გიგი გიგიაძე
ნორბერტ ლამერტს საქართველოს სავიზო ლიბერალიზაციის თემაზე მედიასთან აღარ ულაპარაკია, თუმცა ერთგვარი ოპტიმისტური განმარტების გაკეთებას შეეცადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე, რომელიც პრეზიდენტს ახლდა ბერლინში:
„რასაკვირველია, ეს ინტენსივობა, რომელიც არსებობს გერმანულ-ქართულ ურთიერთობებში, თავის შედეგს გამოიღებს და ჩვენ, აქედან გამომდინარე, იმედი გვაქვს, რომ „შეჩერების მექანიზმის“ ძალაში შესვლის, ანუ ამოქმედებისთანავე მოხდება დადებითი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ მიღება საქართველოს საკითხთან დაკავშირებით“.
საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ ჩასვლას მხოლოდ უვიზო მიმოსვლის „სწრაფი შეჩერების მექანიზმის“ დამტკიცების შემდეგ რომ შეძლებენ, ეს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმაც აღნიშნა მას შემდეგ, რაც ის 15 ივნისს ბერლინში საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა. თუმცა ჯერჯერობით ცნობილი არ არის, კონკრეტულად როდის მოხერხდება ამ მექანიზმის დამტკიცება. მოელიან, რომ ეს შესაძლებელი გახდება შემოდგომის დასაწყისში.