მას შემდეგ, რაც 20 ივნისს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ვერ გადაწყდა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის უფლების მინიჭების საკითხი, თბილისში მოლოდინის დრომ არჩევნების შემდეგ, შემოდგომამდე გადაიწია. საქართველოს ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ პროცესი ლოგიკურად მიდის და ხელოვნური წინააღმდეგობები სავიზო ლიბერალიზაციის თაობაზე უკვე მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ვერ შეცვლის.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების 20 ივნისის შეხვედრის შედეგს მიესალმება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე. სამშაბათს, 21 ივნისს, გამართულ ბრიფინგზე საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გაიმეორა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ფედერიკა მოგერინის სიტყვები, რომ საქართველომ ყველა ვალდებულება წარმატებით შეასრულა, რომ ყველა წევრი სახელმწიფოს განცხადებით, მათ საქართველოსთან კითხვები არა აქვთ, რაც ნიშნავს, რომ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის უფლების მინიჭების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილება მალე უნდა იქნეს მიღებული. ჯანელიძის განცხადებით, ამასვე ადასტურებს მოხსენება, რომელიც ევროპარლამენტს ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენელმა მარია გაბრიელმა გააცნო:
„აღნიშნულ მოხსენებაში არის დადებითი რეკომენდაცია, რომ საქართველოსთვის სავიზო ლიბერალიზაციის საკითხზე ევროკავშირის პარლამენტმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს პირველი მოსმენით. ამ მოხსენებაში ასევე აღწერილია ის მიღწევები, რომლებიც საქართველოს ჰქონდა სავიზო ლიბერალიზაციის გეგმის შესრულების პროცესში. ევროკავშირი ასევე აფასებს საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერით გატარებულ ყველა იმ რეფორმას, რომელმაც ჩვენ ამ შედეგამდე მიგვიყვანა და ცალსახად და ერთხმად აღნიშნავს, რომ საქართველო ძალიან მალე იმსახურებს სავიზო ლიბერალიზაციას“.
ვფიქრობ, მთავარი მესიჯიც ეს უნდა იყოს ჩვენი ხალხისთვის - თუ შეთანხმებებს ვასრულებთ, თუკი ვართ ერთგულები იმ ამოცანების, რაც გვაქვს დასახული, ეს აუცილებლად სასიკეთოდ შემობრუნდება...ზვიად კვაჭანტირაძე
მიუხედავად საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის დაწესების გადავადებისა, საქართველოს ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ პროცესი გეგმის მიხედვით მიდის და უკვე მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ხელოვნური წინააღმდეგობები ხელს ვერ შეუშლის. ამ აზრისაა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე:
„ვფიქრობ, მთავარი მესიჯიც ეს უნდა იყოს ჩვენი ხალხისთვის - თუ შეთანხმებებს ვასრულებთ, თუკი ვართ ერთგულები იმ ამოცანების, რაც გვაქვს დასახული, ეს აუცილებლად სასიკეთოდ შემობრუნდება“.
ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილებას დაწყებული პროცესის ლოგიკურ გაგრძელებად მიიჩნევს საპარლამენტო უმცირესობის წევრი „თავისუფალი დემოკრატებიდან“ ვიქტორ დოლიძე და შენიშნავს, რომ ასეთ შედეგს ელოდა კიდეც. მისი თქმით, ევროკავშირმა სწორი ნაბიჯი გადადგა:
„ეს ნაბიჯი პირდაპირ აისახება თვითონ ევროკავშირის სანდოობაზე, იმიტომ რომ საქართველომ ყველა ტექნიკური პარამეტრი დააკმაყოფილა, ახლა კი ბურთი სწორედ მათ მოედანზეა და პოლიტიკური გადაწყვეტილებაც მათ უნდა მიიღონ. ამიტომ, რაც გუშინ მოხდა, ლოგიკურია და სწორია, ახლა კი საჭიროა ამ საკითხს კენჭი უყარონ ევროპარლამენტში. ეს შესაძლებელია მოხდეს არჩევნებამდე და უკეთესი და მნიშვნელოვანიც იქნება რუსული პროპაგანდის ფონზე, თუ არადა, გადაწყვეტილება რომ წლის ბოლომდე მაინც იქნება მიღებული, ამაში ეჭვი არ მეპარება“.
აქვე შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გადაწყვიტეს, რომ საქართველოსთვის სავიზო ლიბერალიზაციის დაწესების საკითხის განხილვა ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტში (COREPER II) გაგრძელდეს. როგორც შეხვედრის თავმჯდომარემ, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ნათლად დაადასტურეს, რომ საქართველომ შეასრულა ყველა პირობა და რომ ახლა თავმჯდომარე ქვეყანამ, ჰოლანდიამ, საქართველოსთვის სავიზო ლიბერალიზაციის დაწესების საკითხი ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის (COREPER) უახლოესი სხდომის დღის წესრიგში უნდა შეიტანოს:
„ყველა წევრმა სახელმწიფომ დაადასტურა, რომ საქართველომ კარგად იმუშავა და ეს შრომა, რაც შეიძლება მალე უნდა დაფასდეს“, განაცხადა მოგერინიმ.
რადიო თავისუფლებას კი ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერმა ვანო ჩხიკვაძემ განუმარტა, რომ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის დაწესება პირდაპირ უკავშირდება ე. წ. „სწრაფი შეჩერების მექანიზმის” გადაწყვეტილების მიღებას, ეს პროცესი ევროკავშირის შიგნით უკვე დაწყებულია, თუმცა, ვანო ჩხიკვაძის ოპტიმისტური მოლოდინით, ეს გადაწყვეტილება შესაძლოა სექტემბერში მიიღონ:
„როდის იქნება ეს გადაწყვეტილება („სწრაფი შეჩერების მექანიზმის”) მიღებული, ჯერ უცნობია, თუმცა რაც არის კარგი, ევროპის პარლამენტში მსჯელობა ამ თემაზე დაწყებულია და თუ ყველაფერი ნორმალურად წარიმართა, შესაძლოა, ევროკავშირმა მიიღოს ეს გადაწყვეტილება სექტემბერში, დაამტკიცოს ეს „სწრაფი შეჩერების მექანიზმი“ და აამოქმედოს კიდეც“.
ვანო ჩხიკვაძე კიდევ ერთხელ შენიშნავს, რომ უვიზო რეჟიმზე საუბარი სწორედ ამ პროცესის დასრულების შემდეგ შეგვეძლება, თუმცა იმის ალბათობა, რომ ეს მოხდეს არჩევნებამდე, ფაქტობრივად, აღარ არსებობს.
საინტერესოა, რომ ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტზე (COREPER II) გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა ორი პროცედურა: თუ გადაწყვეტილებას ყველა მხარს უჭერს, მას ენიჭება სტატუსი A და მას ამტკიცებს მინისტრთა საბჭო, თუ საკითხზე ვერ შეთანხმდნენ, მას ენიჭება სტატუსი B და ის მაინც გადის მინისტრთა საბჭოს სხდომაზე და სწორედ ამ საბჭოს გადასაწყვეტია დაუჭიროს თუ არა მას მხარი. საქართველოს შემთხვევაში, თავის დროზე გადაწყვეტილებას სწორედ ეს მეორე სტატუსი მიენიჭა, რადგან COREPER II ვერ შეთანხმდა საქართველოს საკითხზე და განსახილველად გადაეცა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრთა საბჭოს. მათ განიხილეს საკითხი, თუმცა გადაწყვეტილება ასევე არ მიუღიათ. როგორც ვანო ჩხიკვაძე გვიხსნის, 20 ივნისსაც საკითხი კენჭისყრაზე არ დამდგარა, ისევ დაევალა ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტს მისი განხილვა.
საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტის გიორგი გობრონიძის შეფასებით კი, საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის თარიღის მოახლოება იმაზეც იქნება დამოკიდებული, თუ როგორ გაივლის ქვეყანა წინასაარჩევნო პერიოდს. მისი თქმით, ევროკავშირი დაელოდება, როგორ ჩააბარებს საქართველო კიდევ ერთ გამოცდას დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე.