Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარკ რიბო


მარკ რიბო
მარკ რიბო

შესაძლოა, მარკ რიბოს გვარი და სახელი ბევრისთვის უცხო იყოს, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ მისი გიტარის ბგერა ყველა მელომანს ერთხელ მაინც აქვს მოსმენილი საყვარელი ჯგუფისა თუ შემსრულებლის ალბომებში.

დიახ, მარკ რიბოს დისკოგრაფიაში კოლოსალური რაოდენობის კოლაბორაციული პროექტებია. მასზე უამრავი ცნობილი არტისტი ნადირობდა და დღესაც ამ უნივერსალური გიტარისტის მოხელთებას სხვადასხვა ჟანრში მოღვაწე არაერთი სახელოვანი მუსიკოსი ცდილობს.

მარკ რიბო 1954 წლის 21 მაისს ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ ნიუარკში დაიბადა. გიტარაზე დაკვრის ხელოვნება ჰაიტელმა კომპოზიტორმა ფრანც კასეუსმა შეასწავლა. იმხანად ეს კაცი ნიუ-იორკის ყველაზე პოპულარულ პედაგოგად ითვლებოდა, რომელიც შეგირდებს, კლასიკური ცოდნის გარდა, კარიბის ზღვის აუზისა და წყნარი ოკეანის ხალხთა ეთნომუსიკალურ ტრადიციებსაც უზიარებდა. დამწყები გიტარისტის წვრთნა 20 წლის ასაკში დასრულდა და რიბოც კარიერის დასაწყებად ნიუ-იორკში გადმოსახლდა. პირველად ჯაზ-ორგანისტ ჯეკ მაკდაფთან ითანამშრომლა, შემდეგ 60-იანი წლების სოულისა და ფანკის შემსრულებლის უილსონ პიკეტის ჯგუფის წევრი გახდა, პარალელურად კი, ავანგარდული სივრცეებისკენ ეჭირა თვალი. ჰოდა, სულ ცოტა ხანში ნიუ-იორკის ე. წ. no-wave სცენაზე აღმოჩნდა, საქსოფონისტისა და მხატვრის ჯონ ლურის ბენდში The Lounge Lizards. ხსენებულ ფორმატში მან სახელი გაითქვა როგორც უნიკალური ტექნიკის, აგრესიული დაკვრის მანერის მქონე გიტარისტმა, რომელიც გამორჩეული ოსტატობით ახდენდა სხვადასხვა მუსიკალური ჟანრების სინთეზს.

1984 წელი მარკ რიბოს კარიერულ აღმასვლაში მნიშვნელოვანი პერიოდი გამოდგა. შემოდგომაზე მანჰეტენის ერთ-ერთ სარდაფში ტომ უეიტსი ჯადოქრობდა და ახალი ალბომისთვის მისთვის ჩვეულ "მტვრიან" ბგერებს აგროვებდა. ჰოდა, აკუსტიკურ ექსპერიმენტებში რიბოც ჩართო. კოლეგისთვის კონკრეტული დავალება არ მიუცია, მხოლოდ ის უთხრა, რომ დაეკრა, თითქოს ჯუჯა იყო ბარმიცვაზე. ასე შეუდგა მოწვეული არტისტი უეიტსისეული "თორის მცნებათა აღსრულებას", შედეგად კი გამოიცა დისკი "Rain Dogs", რომელმაც არნახული მოწონება დაიმსახურა. თავად ტომ უეიტსის სიტყვებს თუ დავესესხებით, სწორედ მარკის ბგერამ და შესრულების მანერამ განაპირობა პროექტის წარმატება. მართლაც, რიბოს გიტარა იმდენად გაუშინაურდა "ჟანგიან" ვოკალს, რომ უეიტსის აკუსტიკური ოჯახის წამყვანი წევრი გახდა და კიდევ 7 პროექტში მიიღო მონაწილეობა და, რაც მთავარია, ნიუ-იორკის ინდი-სცენის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ინსტრუმენტალისტად იქცა.

"ტომ უეიტსის გიტარისტი" - მარკ რიბო ასე მონათლა მსმენელმა. ამგვარი სტატუსი ნამდვილად არ სწყინს, რადგან საკუთარ თავს, პირველ რიგში, ე. წ. "საიდმენად" მიიჩნევს და დიდი ინტერესით ერთვება კოლეგების ექსპერიმენტებში. მათ შორის გამოვყოფდი თანამშრომლობას ისეთ არტისტებთან, როგორებიც არიან ელვის კოსტელო, მერიენ ფეითფული, დევიდ სილვიანი, ლორი ანდერსონი, თრიქი, სან რა და, რა თქმა უნდა, ჯონ ზორნი. ამ უკასაკნელთან ერთად, ბოლო 25 წლის მანძილზე სამ ათეულზე მეტი სტუდიური თუ საკონცერტო პროექტი განახორციელა.

სიუჟეტს კი დავასრულებ პროექტით Los Cubanos Postizos, რომელიც მარკ რიბოს უბადლო საშემსრულებლო ტექნიკისა და იმპროვიზირების ნიჭის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. ალბომზე კარიბის ზღვის ხალხთა ტრადიციულ მუსიკას, უფრო ზუსტად კი, ცნობილი კუბელი კომპოზიტორის, "მამბოს" დამაარსებლის, არსენიო როდრიგესის ულამაზეს თხზულებებს მოუსმენთ.

XS
SM
MD
LG