Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მალხაზ არქანიას წამებისათვის ყოფილ მაღალჩინოსნებს ბრალი დაუმძიმდათ


მთავარი პროკურატურა
მთავარი პროკურატურა
პატიმარ მალხაზ არქანიას საქმის გამოძიება განახლდა. 26 დეკემბერს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა ლაშა მაღლაკელიძემ განაცხადა, რომ მალხაზ არქანიას წამების ფაქტზე ბრალი დაუმძიმდათ ყოფილ მაღალჩინოსნებს - შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს, მეგის ქარდავას, რომელიც ამ დრომდე თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, ასევე გლდანის ციხის ადმინისტრაციის დაკავებულ თანამშრომლებს - ვიქტორ ყაჭეიშვილს და ოლეგ ფაცაციას, რომელთაც, საქართველოს კანონმდებლობით, 9-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

გალის რაიონის მკვიდრი მალხაზ არქანია ყოფილი პატიმარია, რომელმაც ჯერ კიდევ ხელისუფლების შეცვლამდე, 2011 წელს, ციხეში ყოფნის დროს მის მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები ციხიდანვე გაასაჯაროვა. ვრცელ წერილში ის დეტალურად აღწერდა, თუ რა მეთოდებით აიძულებდნენ ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულ არქანიას 2008-2010 წლებში მომხდარ ტერორისტულ აქტებზე პასუხისმგებლობის აღებას. ამ წერილს მაშინ რეაგირება არ მოჰყოლია. არქანია, სხვა პატიმრებთან ერთად, მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გაათავისუფლეს. 26 დეკემბერს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა ლაშა მაღლაკელიძემ განაცხადა, რომ გამოძიებამ დაადასტურა იმ ფაქტების სიზუსტე, რომლის შესახებაც არქანია და მისი ადვოკატი ლაპარაკობდნენ და რაშიც ისინი სასჯელაღსრულების სისტემის მაღალჩინოსნებს სდებდნენ ბრალს:

მალხაზ არქანიას საბოლოოდ ფსიქოლოგიურად გასატეხად იგი შეიყვანეს ერთ-ერთ საკანში, სადაც ნიღბებში გამოწყობილი სხვა პატიმრების გამოყენებით მოუწყვეს სქესობრივი ძალადობის ინსცენირება, რისი დაფიქსირებაც მოახდინეს ფოტოკამერაზე...
ლაშა მაღლაკელიძე
"მალხაზ არქანიას მეგის ქარდავამ მოსთხოვა გაურკვეველი ტერორისტული აქტების მომზადებაში მონაწილეობის აღიარება, ასევე ამ ტერორისტულ აქტებში მონაწილე სხვა პირების წინააღმდეგ ჩვენების მიცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, დაემუქრა გაუპატიურებით. მალხაზ არქანიასგან კატეგორიული უარის მიღების შემდეგ, მეგის ქარდავას მითითებით, სად-ის N 8 დაწესებულების თანამშრომელმა ვიქტორ ყაჭეიშვილმა, გამოძიებით დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად, იგი ჩაიყვანა ციხის ე. წ. "კარანტინში", სადაც აყურებინეს დაუდგენელი მამაკაცის გაუპატიურების ფაქტი, რის შემდეგაც მეგის ქარდავა მალხაზ არქანიას დაემუქრა, რომ თუ სასურველ აღიარებით ჩვენებას არ მისცემდა, მასაც იგივე ბედი ეწეოდა. უარის მიღების შემდეგ მეგის ქარდავამ, ვიქტორ ყაჭეიშვილთან, ოლეგ ფაცაციასთან და გამოძიებით დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად, მალხაზ არქანია სასტიკად აწამა".

ლაშა მაღლაკელიძის განცხადებით, პატიმრის ცემა-წამება რამდენიმე საათი გრძელდებოდა:

"მალხაზ არქანიას საბოლოოდ ფსიქოლოგიურად გასატეხად იგი შეიყვანეს ერთ-ერთ საკანში, სადაც ნიღბებში გამოწყობილი სხვა პატიმრების გამოყენებით მოუწყვეს სქესობრივი ძალადობის ინსცენირება, რისი დაფიქსირებაც მოახდინეს ფოტოკამერაზე, სურათი კი მეგის ქარდავას გადასცეს. ცემის, წამების, ფოტოსურათების გავრცელების და ფიზიკური შეურაცხყოფის გაგრძელების შიშით, მალხაზ არქანია იძულებული გახდა ხელი მოეწერა მისი მწამებლებისთვის ხელსაყრელი ე.წ. აღიარებითი ჩვენებისთვის".

ლაშა მაღლაკელიძის განცხადებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 9-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

არქანია პირველი პატიმარი იყო, რომელმაც ციხიდან გაბედა და სიმართლე დაწერა. ის, რაზეც იმ წერილში იყო ლაპარაკი, საზოგადოების დიდმა ნაწილმა უკვე ჩანაწერების სახით ნახა...
ლექსო არქანია
მალხაზ არქანიას ადვოკატი ლექსო არქანია რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ მალხაზ არქანიას მსგავს ადამიანებს, ვისაც არც ფული გააჩნდა, არც გავლენიანი ან ხელისუფლებასთან დაახლოებული ნათესავი, სპეციალურად არჩევდნენ, რათა მათთვის სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიაზე მომხდარი გაუხსნელი საქმეები მიეწერათ და წამების გზით მათგან იძულებით მიეღოთ აღიარებითი ჩვენებები. ადვოკატის თქმით, ერთ-ერთი ასეთი მსხვერპლი იყო მალხაზ არქანიაც, რომელსაც სთხოვდნენ ეღიარებინა რამდენიმე ტერორისტულ აქტში მონაწილეობა - მაგალითად, წალენჯიხის რაიონში განხორციელებულ ტერორისტულ აქტში, რომლის დროსაც წალენჯიხის გამგებელი დაიღუპა; ასევე ზუგდიდში რკინიგზაზე მომხდარ ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობის აღებას.

„არქანია პირველი პატიმარი იყო, რომელმაც ციხიდან გაბედა და სიმართლე დაწერა. ის, რაზეც იმ წერილში იყო ლაპარაკი, საზოგადოების დიდმა ნაწილმა უკვე ჩანაწერების სახით ნახა. სამწუხაროდ, ჩვენს წერილობით მტკიცებულებას მაშინ რეაგირება არ მოჰყოლია“.

ციხიდან გამოგზავნილ ცნობილ წერილში მალხაზ არქანია წერდა:

ხან ამბობდა, რომ სურდა გამოძიება დაწყებულიყო, ხან გვთხოვდა, რომ არ გაგვესაჯაროებინა მისი ახსნა-განმარტებები. ჩვენ საფუძვლიანი ეჭვი გვქონდა, რომ ციხეში რაღაც ხდებოდა, მაგრამ ამის დადასტურება ასე ადვილი არ იყო, თუნდაც იმიტომ, რომ ის თავად ცვლიდა დღეგამოშვებით ჩვენებას...
გიორგი ტუღუში
„2011 წლის 19 მაისს, ჩემთვის გაურკვეველი მიზეზით, გადმომიყვანეს № 8 საპყრობილეში, სადაც ამჟამად ვიმყოფები. აქ შემოყვანიდან მეორე დღეს დირექტორის კაბინეტში ამიყვანეს, სადაც დამხვდა მეგის ქარდავა, რომელმაც მითხრა, რომ დამეწერა აღიარებითი ჩვენება ზუგდიდში მომხდარ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით. მე განვუმარტე, რომ აღნიშნულ დანაშაულებთან არანაირი შეხება არ მქონია, რაზეც მან უთხრა ჩემთვის უცნობ ორ პირს, რომ ჩავეყვანე კარანტინში. ჩაყვანის დროს ისინი მირტყამდნენ. მიმიყვანეს ერთ-ერთი საკნის კართან და შემახედეს სათვალთვალოში, სადაც დავინახე, როგორ აუპატიურებდა მამაკაცი მამაკაცს. თან მეუბნებოდნენ, რომ კარგად მეყურებინა და დამემახსოვრებინა. მეუბნებოდნენ, რომ თუ არ დავწერდი აღიარებით ჩვენებას, მეც იმავე მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდი. ამის შემდეგ მომცეს ფურცელი და პასტა, მითხრეს, დამეწერა აღიარებითი ჩვენება თავის გადასარჩენად. ჩვენებაში დავწერე სხვადასხვა დროს ტელევიზიაში გასული აფეთქების შესახებ და მივუთითე, რომ აღნიშნულში მონაწილეობა მქონდა მიღებული“...

ყოფილი სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში იხსენებს, რომ ომბუდსმენის ოფისს მალხაზ არქანიას ადვოკატმა ლექსო არქანიამ მიმართა განცხადებით, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს საფრთხე ემუქრებოდა. სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებმა არქანია 2011 წლის მაისში გლდანის #8 დაწესებულებაში მოინახულეს.

ამის შემდეგ, ტუღუშის თქმით, სახალხო დამცველის წარმომადგენლები დღეგამოშვებით ნახულობდნენ პატიმარს, რადგან ის ძალიან ხშირად ცვლიდა საკუთარ ახსნა-განმარტებას. ტუღუშმა რეკომენდაციით მიმართა სასჯელაღსრულების მაშინდელ დეპარტამენტის თავმჯდომარეს, საფრთხის თავიდან აცილების მიზნით არქანია სხვა დაწესებულებაში გადაეყვანათ.

„ხან ამბობდა, რომ სურდა გამოძიება დაწყებულიყო, ხან გვთხოვდა, რომ არ გაგვესაჯაროებინა მისი ახსნა-განმარტებები. ჩვენ საფუძვლიანი ეჭვი გვქონდა, რომ ციხეში რაღაც ხდებოდა, მაგრამ ამის დადასტურება ასე ადვილი არ იყო, თუნდაც იმიტომ, რომ ის თავად ცვლიდა დღეგამოშვებით ჩვენებას. ეს პროცესი დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა, სანამ მისმა ადვოკატმა თავად არ გაასაჯაროვა ის წერილი“.

პროკურატურის 26 დეკემბრის განცხადების შემდეგ მეგის ქარდავას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა მედიასთან განაცხადა, რომ „ტერორისტ არქანიას წამების საქმე შეთითხნილია“ და რომ ამ განცხადების საფუძველს მას საქმეში არსებული მოწმეების გვარები აძლევს:

„ე.წ. მორიგე მოწმეებით უკვე ცხადი ხდება, რომ შეთითხნილი საქმეა, რადგან ეს მოწმე პრაქტიკულად ყველა საქმეში ფიგურირებს. ეს არის ვლადიმერ ბედუკაძე და კიდევ რამდენიმე თანამშრომელი“.

ციხის სკანდალური კადრების ავტორი და გამავრცელებელი ვლადიმერ ბედუკაძე კი მედიასთან აცხადებს, რომ წამებაში ბრალდებული პირები მხოლოდ უკანონო ბრძანებების აღმსრულებლები იყვნენ.

თავად მალხაზ არქანია დღეს გალის რაიონის სოფელ მზიურში ცხოვრობს. როგორც მისი ადვოკატი ლექსო არქანია გვეუბნება, ის ფიზიკური შრომით გაჭირვებით არჩენს ოჯახს, რადგან მიღებული ტრავმის გამო ძველი პროფესიით (ის ელექტრიკოსი იყო) მუშაობა ვეღარ გააგრძელა.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG