Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველი ციხეების ლიკვიდაციას ითხოვს


სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტმა დასავლეთ საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებების მონიტორინგი ბათუმის მე-3 და ზუგდიდის მე-4 ციხეების შემოწმებით დაასრულა და წინასწარი დასკვნაც მოამზადა. ამ ორი დაწესებულების ლიკვიდაციას სახალხო დამცველი ჯერ კიდევ 2009 წლიდან ითხოვს. რეკომენდაცია არც ახლა შეცვლილა.

სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში აცხადებს, რომ ზუგდიდისა და ბათუმის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შექმნილი ვითარება ხონის დაწესებულებაში არსებული მდგომარეობის მსგავსია და მათი ლიკვიდაციაც მოშლილი ინფრასტრუქტურისა და, ზოგადად, სიძველის გამო სახალხო დამცველმა დიდი ხანია მოითხოვა. მონიტორინგის ჯგუფის წევრთა შეფასებით,არც ბათუმის და არც ზუგდიდის ციხეები აღარ ექვემდებარება რემონტს. სწორედ ამის გამოა, რომ შეუძლებელი ხდება მღრღნელებისა და პარაზიტების განადგურება. გიორგი ტუღუში გვეუბნება, რომ პატიმართა მიმართ მოპყრობის პრობლემა ბათუმისა და ზუგდიდის ციხეებში ნაკლებად მწვავეა, მაგრამ პირობები, რომლებშიც პატიმრებს სასჯელის მოხდა უწევთ, არანაკლებ მძიმეა, ვიდრე პატიმრებისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება:

”მართლა ვერ ვიტყვი, რომ პატიმართა მიმართ მოპყრობის კუთხით ბათუმის ან ზუგდიდის ციხეები განსაკუთრებული პრობლემებით გამოირჩეოდეს, მაგრამ, სამაგიეროდ, ზუგდიდი არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ამორტიზებული დაწესებულება, ასევე ბათუმიც ვერანაირ სტანდარტს ვერ პასუხობს და არანაირი პირობა არ არის შექმნილი იმისათვის, რომ ადამიანმა სასჯელი მოიხადოს. ბოლო რამდენიმე წელია, კატეგორიულად მივუთითებ, რომ ეს დაწესებულებები არის დასახური.”

ბათუმის N3 დაწესებულების ლიმიტი 557 პატიმარს შეადგენს, დღეს იქ სასჯელს 652 ადამიანი იხდის. ზუგდიდის N4 დაწესებულების ლიმიტი 305-ა, მონიტორინგის დროს კი განთავსებული იყო 378 პატიმარი. სახალხო დამცველის ინფორმაციით, მათ შეზღუდული აქვთ მიმოწერის უფლება, მიეწოდებათ მხოლოდ გაზეთი ”კვირის პალიტრა” და რამდენიმე დასახელების ჟურნალი, სხვა გაზეთები მათთვის ხელმიუწვდომელია. ბათუმის დაწესებულებაში, მაგალითად, პრობლემაა სატელეფონო კავშირი, რომელიც წლების განმავლობაში ვერ მოგვარდა:

”ბოლო ხუთი წელია, ციხის ადმინისტრაცია ამბობს, რომ მოპარულია სატელეფონო კაბელი, ხან კაბელი სველდება და ზიანდება. ფაქტია, რომ პატიმრები ტელეფონით ვერ სარგებლობენ დ ამ მხრივ განსაკუთრებით მძიმეა უცხო ქვეყნების მოქალაქეების მდგომარეობა, რომლებსაც ოჯახებთან მხოლოდ სატელეფონო კონტაქტი აქვთ.”

სახალხო დამცველის აპარატის გეგმური მონიტორინგის წინასწარ შედეგებს 2 სექტემბერს გამოეხმაურა ეკა ბესელია, ლიდერი მოძრაობისა ” სოლიდარობა უკანონო პატიმრებს”, და თქვა, რომ ვითარება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში უკვე დიდი ხანია ყველანაირ დასაშვებ ზღვარს გასცდა და დღეს ეს ვითარება კრიტიკულს უთანაბრდება:

”ამის დასტურია თავად სახალხო დამცველის მონაცემები, რომლის მიხედვითაც უკვე 2011 წლის პირველ ნახევარში გარდაცვლილ პატიმართა რიცხვი (67) გაცილებით მეტია, ვიდრე ამავე პერიოდში, 2010 წელს. რაც ასევე ძალიან ყურადსაღებია - ესაა ცემისა და წამების ფაქტები. რამდენიმე თვეა მიმდინარეობს გამოძიება, მაგრამ არც ერთ საქმეზე არ არის შედეგი. მაგალითად, ერთ-ერთი ბოლო ფაქტი გლდანის საპყრობილეში პატიმარ არქანიას წამების ფაქტია...”

ეკა ბესელია საერთაშორისო ორგანიზაციებს კიდევ ერთხელ გაუგზავნის იმ მთავარ მოთხოვნებს, რომლებსაც უკვე ორი თვეა მოძრაობა აყენებს. ესენია მინისტრის, ხათუნა კალმახელიძისა და გლდანის მე-8 და რუსთავის მე-6 საპყრობილეების უფროსების პასუხისმგებლობის დაყენების საკითხი, მეორე მოთხოვნა უკავშირდება საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭოს შექმნას და მესამეა პატიმართა წამებისა და გარდაცვალების ყველა ფაქტის სრულყოფილად გამოძიება.

რადიო თავისუფლება უკვე მერამდენე თვეა ამაოდ ცდილობს მიიღოს პასუხები სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსგან ყველა იმ პრობლემის შესახებ, რომელზეც უფლებადამცველები ლაპარაკობენ. ჩვენ დავინტერესდით, როგორია კომუნიკაცია სახალხო დამცველსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტს ან ეკა ბესელიას მოძრაობასა და აღნიშნულ სახელმწიფო სტრუქტურას შორის. ირკვევა, რომ კომუნიკაციის პრობლემა არამხოლოდ მედიას აქვს:

გიორგი ტუღუში: ”გვაქვს ოფიციალური მიმოწერა, მოგვდის ხოლმე პასუხებიც. აქედან ნაწილი სრულყოფილი პასუხია, ხანდახან - არასრული და ხანდახან - აბსურდული.”

ეკა ბესელია: ” 250 წერილი გავუგზავნეთ სამინისტროს და აქედან ნახევარზე გვიპასუხა, მაგრამ პასუხების უმრავლესობა ბუნდოვანია...”

ჩვენ კი სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თეა სუხიშვილმა ჩვენს მორიგ მცდელობაზეც მიგვეღო პასუხი მხოლოდ დაპირებით გვიპასუხა, რომელიც ამჯერადაც დაპირებად დარჩა.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG