Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეცვლილი ჩვენება სასამართლომ არ აღიარა


სააპელაციო სასამართლო
სააპელაციო სასამართლო
საქართველოს ტერიტორიაზე 2010 წელს განხორციელებულ ტერაქტებში დადანაშაულებული 7 პირის სააპელაციო სასამართლო პროცესი 3 მაისისთვის გადაიდო. დღევანდელ სასამართლო პროცესზე მსჯავრდებული მერაბ ყოლბაია და მისი ადვოკატები ითხოვდნენ სასამართლოს ის ხელახლა დაეკითხა, რადგან სასამართლოს პირველ ინსტანციას ჩვენება ყოლბაიამ ზეწოლის შედეგად მისცა. 24 აპრილს მერაბ ყოლბაიამ თავდაპირველი ჩვენება და ტერაქტებში მონაწილეობაც უარყო, თუმცა მოსამართლემ ჩვენების მოსმენის შემდეგ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და პროცესი გადადო.

2010 წელს საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტერაქტებისთვის მსჯავრდებულთა სააპელაციო სასამართლოს სხდომამდე მსჯავრდებულებს არსებული ჩვენების შენარჩუნების სანაცვლოდ საპროცესო შეთანხმებას სთავაზობდა პროკურორი, განაცხდა ერთ-ერთი მსჯავრდებულის, დავით კეკუტიას ადვოკატმა, გელა ნიკოლაიშვილმა:

მაწამებდნენ, ტყვიებით დამცხრილეს, შემდეგ ამ ნატყვიარებში რაღაც საგნებს მიყრიდნენ, ჩამოკიდებული ვიყავი და თავის მოკვლას ვაპირებდიო, ეს ყველაფერი დაადასტურა. ამის საფუძველზე ჩვენ მოვითხოვეთ მისი ხელახალი დაკითხვა ...
გელა ნიკოლაიშვილი
” პროკურორი დავით ხიზანაიძე სხვადასხვა პატიმარს სხვადასხვა ვადით სთავაზობდა საპროცესო შეთანხმების გაფორმებას, თუ ისინი აღიარებდნენ დანაშაულს, ხოლო ვინც არ ეთანხმებოდა ამას, მათზე იყო ზეწოლა და მუქარა.”

თუმცა, ამის მიუხედავად, ტერაქტის ორგანიზებისთვის მსჯავრდებულმა მერაბ ყოლბაიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენება, სადაც ის აღიარებდა, რომ ტერაქტების ორგანიზებას ახდენდა კიდევ ერთ მსჯავრდებულ, დავით კეკუტიასთან ერთად, ზეწოლის და წამების შედეგად მისცა. დღევანდელ პროცესზე ყოლბაიამ განაცხადა, რომ კეკუტიას საერთოდ არ იცნობს და სასამართლომდე არც კი უნახავს.

”მაწამებდნენ, ტყვიებით დამცხრილეს, შემდეგ ამ ნატყვიარებში რაღაც საგნებს მიყრიდნენ, ჩამოკიდებული ვიყავი და თავის მოკვლას ვაპირებდიო, ეს ყველაფერი დაადასტურა. ამის საფუძველზე ჩვენ მოვითხოვეთ მისი ხელახალი დაკითხვა, რასაც ითვალისწინებს კანონის 297-ე მუხლის გ და დ პუნქტები. მოსამართლემ სრულიად დაუსაბუთებლად უარი თქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე”,-
თქვა სასამართლო პროცესის შემდეგ ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა. მისი აზრით, მოსამართლემ კანონდარღვევით შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი იმ მიზეზით თქვა, რომ სხვა შემთხვევაში მთლიანად საქმე დადგებოდა კითხვის ნიშნის ქვეშ:
3-ში უკვე დასკვნითი სიტყვები იქნება და, სავარაუდოდ, ეს სასამართლოც, ალბათ, ძალაში დატოვებს გამამტყუნებელ განაჩენს ...
გელა ნიკოლაიშვილი

” მოსამართლემ იმიტომ არ დააკმაყოფილა, რომ საერთოდ არ დანგრეულიყო ეს საქმე და გადადო. 3-ში უკვე დასკვნითი სიტყვები იქნება და, სავარაუდოდ, ეს სასამართლოც, ალბათ, ძალაში დატოვებს გამამტყუნებელ განაჩენს.”

სააპელაციო სასამართლოს დღევანდელ პროცესს ტერაქტების განხორციელებისთვის 7 მსჯავრდებული ესწრებოდა. სულ ტერაქტების საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლომ 12 პირს შეუფარდა სხვადასხვა ვადით პატიმრობა.ამასთან, მერაბ ყოლბაიამ და განსასჯელმა გოგიტა არქანიამ ჩვენებები შეცვალეს.მერაბ ყოლბაიამ ტერაქტების ჩადენაში მონაწილეობა უარყო და განაცხადა, რომ აღიარებითი ჩვენება წამების შედეგად მისცა. რაც შეეხება გოგიტა არქანიას, მან მხოლოდ თბილისში ტერაქტების ჩადენა აღიარა და განაცხადა, რომ საქართველოს სხვა ტერიტორიაზე ტერაქტების ჩადენაში აღიარებითი ჩვენება ზეწოლის შედეგად მისცა.

დღესვე ადვოკატებმა ჟურნალისტებს აცნობეს, რომ ღუდუშაურის კლინიკაში ტერაქტების საქმეზე ერთ-ერთი მსჯავრდებული, ჯენერი მატკავა, გარდაიცვალა. ადვოკატების განცხადებით, ის ასაკოვანი იყო და გარდაცვალების მიზეზად სწორედ ეს გარემოება შეიძლება დასახელდეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2010 წლის სექტემბერ-ნოემბერში საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ აფეთქებათა სერიის ორგანიზებაში, შესრულებასა და ხელშეწყობაში ბრალდებულ პირთა ვინაობა დაადგინა და 2010 წლის დეკემბერში საქმე გახსნილად გამოაცხადა. სამინისტროს ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფი რუსი მაიორის ევგენი (იგივე ჟენია) ბორისოვის მითითებებით მოქმედებდა. საბოლოო ანგარიშით კი, გასული წლის ივნისში თბილისის საქალაქო სასამართლომ სულ 15 ადამიანი ცნო დამნაშავედ. აქედან 4-ს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, ხოლო ერთი გარდაიცვალა.
მორიგი სასამართლო პროცესი კი 3 მაისს ჩაინიშნა.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG