Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Malcolm McLaren - Jazz is Paris


რამე სიმღერა მინდოდა შემერჩია, ნოტრ-დამის დაწვას რომ შეხმიანებოდა.

ოღონდ რამე ისეთი, ტექსტში რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი არ ყოფილიყო ნახსენები (ეგ იოლი გამოსავალია და ეგრე რად გვინდა). ცხადია, არც ხანძარზე დაწერილი სიმღერა გვინდა და არც „ვაი, დედა რა გვეშველება“ და არც კომპოზიცია, რომელიც შეეხება დებატებს, უნდა დაეხმარონ თუ არა მდიდრები ტაძრის რესტავრაციას.

რამე ისეთი, პარიზზე რომ იყოს. ქალაქის სული რომ ჩანდეს.

მერე, ძებნის არეალი კიდევ უფრო დავავიწროვე - ვიფიქრე, სჯობს უცხოელის მიერ ნაგრძნობი ქალაქი რომ ჩანდეს-მეთქი.

მერე გამახსენდა, ყმაწვილკაცობაში მოსმენილი ალბომი - მალკოლმ მაკლარენის Paris. ვუსმენდი და თვალწინ ქალაქი წარმომიდგებოდა.

მაშინ მგონი, არც ვიცოდი, ვინ იყო მალკოლმ მაკლარენი - „სექს პისტოლზის“ მენეჯერი, ვივიან ვესტვუდის ბოიფრენდი და თანამოაზრე... ამ ორმა ლამის მარტოებმა შექმნეს მთელი პანკის ესთეტიკა.

ამ ალბომში არც პანკია და არც არაფერი მსგავსი - ადვილად მოსასმენი ჯაზია. თავიდან ბოლომდე რომ მოუსმენ, ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩება, რომ უკიდურესად ქულ ტიპმა ქალაქი გაჩვენა და თან ამ ქალაქის ყველაზე მაგარ ხალხთან ერთად - ერიკ სატისთან, სონია რიკელთან, კატრინ დენევთან გატუსავა... (ამიერიდან გუგლი „გატუსავას“ ძიებისას ქართულ გვერდსაც გაჩვენებს.)

რადგან ერთი სიმღერის არჩევა გადავწყვიტე, ბოლოს Jazz is Paris-ზე შევჩერდი. ძირითადად საყვირის ხათრით - ერიკ სატის თემას რომ უკრავს.

ჰო, ასე - თითქოს არც ცეცხლზეა, არც კვაზიმოდოზე და არც რამე ეგეთზე, მაგრამ თემაში მაინც ჯდება.

  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG