Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას მოვუსმინოთ?

პარასკევი, 22 ნოემბერი 2024

კალენდარი
ნოემბერი, 2024
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
28 29 30 31 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

Rémmée-ს „Sister“ ქალის მიერ ქალებისთვის დაწერილი სიმღერაა. დებს უმღერიან დებს. უნდა, ახლა, ამას მამაკაცის რეფლექსია?

შეიძლება არც უნდა, მაგრამ, მგონია, რომ რაც მეტი დაიწერება, მით უკეთესია. თან, რაც მე ვნახე, ძირითადად ამ სიმღერას ან ხელაღებით აქებდნენ სწორი მესიჯის გამო, ან კი პირიქით, ერთიანად განაქიქებდნენ. მე, კი, რავი ზოგი რამე მომეწონა, ზოგიც - არა. შეიძლება ზოგი „რეფლექსია“ უშუალოდ ამ სიმღერას არ შეეხებოდეს. ან, შეიძლება, სულაც მთლად მართალი არ იყოს, მაგრამ, ვინძლო კამათად ღირდეს.

ჯერ, მოდი, თავშივე დავწერ მოკლე შინაარსს. მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა - გულწრფელი და ემოციით გადმოცემული ტექსტია, რომელსაც ძირს უთხრის შეუსაბამო მუსიკა. ამის ბრალი კი შეიძლება ის იყოს, რომ მესიჯის გადმოსაცემად დაწერილი სიმღერა უფროა, ვიდრე სიმღერა, რომელიც თან მესიჯს გადმოსცემს.

ჯერ, აი, თუ არ მოგისმენიათ, ეს სიმღერაა:

„დაო“ იუტუბის აღწერაში feminist anthem-ადაა მოხსენიებული, თუმცა, რავი, მომკალი და სიმღერა ჰიმნის განწყობას არ ტოვებს. აი, ტექსტი რომ არ გესმოდეს, ზომიერად საცეკვაო ტრეკი იქნებოდა - დენსფლორზე არ გაგათრევს, მაგრამ რიტმზე აქა-იქ ფეხი მაინც აგითამაშდება. სხვა სიმღერისთვის შეიძლება შესაფერისი აკომპანემენტი იყოს, აქ კი ტექსტს და მომღერლის ხმაში ჩადებულ ემოციებს გუდავს და ძალას ართმევს.

„უძლეველია მრისხანე ქალი/დების ბრაზის მძვინვარებს ალი“ - მღერის რემე და, იცით რა, დამაჯერებლად მღერის. ემოციაც მოდის და რისხვაც იგრძნობა. აი, მუსიკა კი ამ დროს ოდნავადაც არ მძვინვარებს. თან არც ისეა, რომ უკანა პლანზე იყოს გადაწეული და მომღერალს ფრთების გაშლის საშუალებას აძლევდეს - პარალელურად მიყვება და, ჩემი აზრით, სულ სხვა ამბავს ყვება.

„ვერ დაგვაოკებენ, ვერ დაგვატოლებენ, ვერ დაგვაჩოქებენ, ვერ გაგვაჩუმებენ“ - მღერის რემე და ფონად თავშეკავებული დიმპიტაური დაჰყვება, რომელიც აი, სულ სხვა განწყობას ქმნის.

თუმცა, მარტო მუსიკაში რომ იყოს საქმე, ალბათ, დასაწერიც ბევრი არაფერი იქნებოდა. სიმღერის ქვეშ მიწერილ კომენტარებს თუ გადავხედავთ, უმეტესობა სწორედ გზავნილის, თუ სათქმელის - თუ, როგორც გინდა თარგმნეთ მესიჯი - ავ-კარგზე მსჯელობს. ზოგი ავტორს აკრიტიკებს - ფემინიზმის არსი არ გესმისო. სხვები წერენ: „სიმღერა კარგია, იმიტომ რომ გზავნილია კარგი და სწორიო“.

ჰოდა, რავი, აბა, რანაირად? ეგ რომ საკმარისი იყოს, ყველა აქტივისტი ავტომატურად კარგი მუსიკოსი იქნებოდა.

ხშირად ნებისმიერ ქართულ ხელოვნების ნაწარმოებს (კინო იქნება, სიმღერა, თუ წიგნი), რომელიც სოციალურ საკითხებს, გენდერს ან რამე ეგეთს ეხება - აგდებით „ენჯეო ხელოვნებას“ უწოდებენ ხოლმე. ეს დახასიათება ზოგჯერ უსამართლოა, ხშირად - არცთუ მცდარი, რადგან „ხელოვნების ენჯეო ენა“, ჩემი აზრით, ანაცვლებს ხოლმე ხელოვნების ნამდვილ ენას და მას მუხანათურად აცლის ძალას. „ენჯეო ხელოვნების“ ოფიციალური დეფინიცია, ცხადია, არ არსებობს, მაგრამ, ალბათ არ იქნება არასწორი, დაახლოებით ასეთი რამ რომ ვთქვათ: ესაა, როგორც წესი, სოციალურ თემატიკაზე შექმნილი ნაწარმოები, რომელიც უფრო „სწორ მესიჯებს“, „თოქინგ ფოინთებს“ და „იშუებს“ ეფუძნება, ვიდრე რეალურად ნაგრძნობს. მსგავს ნაწარმოებებში გამოყენებული ენა და სიუჟეტები უსიცოცხლოა - რომელიმე ბროშურიდან ან კვლევიდან აღებული გეგონება.

ამ ჩემს განსაზღვრებაში „დაო“არ ჯდება. ტექსტიც გასაგებია, არც სპეციფიკური ტერმინია რამე გამოყენებული და მომღერლის ხმაშიც რეალური ემოცია - რისხვა თუ სიყვარული იგრძნობა.

მაგრამ, აი, სიმღერის გარშემო არსებული ტექსტზე კი მაგას მაინცდამაინც ვერ იტყვი. ახლა, ბოლომდე არ ვარ დარწმუნებული რომ სამართლიანია ხელოვნების ნაწარმოების შეფასება მის გარეთ და მის ირგვლივ არსებული ტექსტით, მაგრამ მაინც მგონია, რომ მთლად არასწორიც არ უნდა იყოს - სიმღერას ვაკუუმში არ ვისმენთ და კონტექსტს ყოველთვის აქვს მნიშვნელობა.

სიმღერა, როგორც ჩანს, თავიდანვე „ფემინისტურ ჰიმნად“ იყო ჩაფიქრებული, თუმცა არ ვიცი, რამდენადაა შესაძლებელი, რომ ეგ, აი, ასე, წინასწარგანზრახულად დაწერო. უფრო მგონია, რომ სიმღერა მერე, თავისით უნდა იქცეს ფემინისტურ ჰიმნად. დაიმსახუროს უნდა. გულით სიმღერა საკმარისი არაა, საჭიროა, რომ თან გულში მოხვდეს.

ჰოდა, აი, მომკალი და მგონია, რომ მაგას სწორედ ის სიმღერის გარშემო არსებული ტექსტი უშლის ხელს. თუნდაც ის, რომ სიმღერის სათაურად იუტუბზე შერჩეულია „Sister“ და არა „დაო“ (ან, ვთქვათ, „დაო/sister“, როგორც ვიდეოს აწერია); რომ სიმღერის აღწერაც მხოლოდ ინგლისურად ახლავს; რომ ვიდეოს თან ახლავს ჰეშთეგები, სადაც ჯერ #femalegaze და #femaleartist წერია და მერე #artist. თითქოს მცირე დეტალია, მაგრამ მგონია, რომ მნიშვნელოვანია.

ან თუნდაც ამ ინგლისურ აღწერაში ნახსენები ფრაზა, რომ ავტორს უყვარს ქართული პოპ და ფოლკ კულტურის რეაპროპრიაცია (reclaim ვთარგმნე ეგრე, მგონი სწორად) და მისი გადაქცევა ფემინისტურად, ქვიარად და ინკლუზიურად. წესით სხვამ უნდა აღწეროს ასე სიმღერა და არა თავად შემსრულებელმა.

მსგავსი დახასიათება, თავად შემოქმედის მიერ, ალბათ, უფრო კონცეპტუალური არტის აღწერისთვის იქნებოდა შესაფერისი (ან, როგორც წამიკითხავს, არც მაგას უხდება. თუმცა, მაგაზე მაგდენიც არ ვიცი, რომ ჩემი აზრი მქონდეს). კი, ვინ ოხერი, მუსიკაც შეიძლება იყოს კონცეპტუალურიც და ტვინისმიერიც, მაგრამ მგონია, რომ ჰიმნი მუცელში უფრო უნდა იგრძნო, ვიდრე თავში.

ამიტომაც, მგონია, რომ აღწერაში ნახსენები feminist anthem ფემინისტურ ჰიმნად კი არა, ფემინისტების ჰიმნად უფრო ითარგმნება. ანუ, წარმომიდგენია, რომ სიმღერას დაჩაგრული ქალი კი არ ჩართავს თავის გასამხნევებლად, არამედ აქტივისტი, რომელსაც „შენთან ვართ ნებისმიერი / დაო, დითა ხარ ძლიერი“ ბრძოლის ჟინით დამუხტავს.

ეს, თავისთავად, პატარა საქმე არ არის. თუმცა მგონია, რომ სიმღერასაც და მის ავტორსაც მეტი ამბიცია აქვს - მაგალითად, ყველა ქალმა, ვინც მოძალადე ქმარს ითმენს დაიჯეროს, რომ დები მის გვერდით დგანან.

ჰოდა, რავი, გამოსდის სიმღერას ეგ?

დასაწყისს რომ მოვუბრუნდე, ეს ჩემი ნაწერი მაინც მამაკაცის რეფლექსიაა, რომელიც შეიძლება დის მიერ დებისთვის დაწერილს ბოლომდე კარგად ვერ აღიქვამდეს (ამას ირონიის და სარკაზმის გარეშე ვწერ). ერთმა და იმავე სიმღერამ შესაძლოა ორ ადამიანში სრულიად განსხვავებული ემოცია გამოიწვიოს.

ამიტომ, აბა, თქვენიც დაწერეთ. რა შთაბეჭდილებები დაგრჩათ? მოგეწონათ თუ ნაკლებად? რაც მთავარია - რატომ?

Future-ის Mask Off ბოლო კარგა ხნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჰიპ-ჰოპ ტრეკია. მის პოპულარობაში კი უდიდესი წვლილი კარგად შერჩეულმა სემპლს ეკუთვნის - ფლეიტის ლუპი ადამიანს პირველივე მოსმენისას გამახსოვრდება და თავიდან ვეღარ იშორებ.

Future-ის სიმღერა დიდწილად ნარკოტიკებზეა. ორიგინალი კი, ტომი ბატლერის Prison Song, საიდანაც აღებულია ეგ ფლეიტა, ლამის რელიგიური სიმღერაა, რომელიც ამერიკის სამოქალაქო მოძრაობის წმინდანს, მარტინ ლუთერ კინგს ადიდებს.

აი, ძალიან, ძალიან კარგი რამეა. დინჯი, სევდიანი, მაგრამ, ამავე დროს იმედიანი კომპოზიციაა, რომელსაც იმ დროის განწყობა და სულისკვეთება დღემდე მოაქვს.

„იუტუბის“ კომენტარებში ბევრი წერს - რა უპატივცემულობაა, რომ ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენაზე, სელმას მსვლელობაზე დაწერილი სიმღერის ნაწილი „ექსტაზისა“ და ოპიატების ეფექტის შესახებ რეპის ფონად გადაიქცაო.

თუმცა, სხვები პასუხობენ, რომ სწორედ ამ სემპლით შეიტყო უამრავმა ადამიანმა ორიგინალის შესახებ და პირიქით, მადლობა Future-ს რომ ეს ბრილიანტი გაგვახსენაო.

აბა, ორივეს მოუსმინეთ და თქვენი აზრიც გაგვიზიარეთ - კარგი ქნა რეპერმა, ამ სიმღერის ფლეიტა რომ გამოიყენა თუ მკრეხელობა გამოუვიდა?

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG