სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და პიკეტირებული აუდიტორიები, საპროტესტო აქცია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, მთავრობის ახალი გუნდის წარდგენა და მოსმენები პარლამენტში - ასეთი იყო გასული კვირის მთავარი მოვლენები.
კვირის დასაწყისში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა საზოგადოებას მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა წარუდგინა. ძირითადი ცვლილებები შეეხო მთავრობის ეკონომიკურ გუნდს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობაზე პრემიერმა გიორგი გახარია წარადგინა, რომელიც დიმიტრი ქუმსიშვილს შეცვლის. დიმიტრი ქუმსიშვილი დაიკავებს ფინანსთა მინისტრის თანამდებობას, რომელზეც 2012 წლიდან ნოდარ ხადური მუშაობდა. გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, შეიცვლება, ასევე, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - ნოდარ ჯავახიშვილის შემცვლელად დასახელდა ზურაბ ალავიძე. ყოფილი თავისუფალი დემოკრატი ვიქტორ დოლიძე წარდგენილია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე. ენერგეტიკის სამინისტროში ბრუნდება კახა კალაძე, რომელმაც თანამდებობა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის გამო დატოვა.
პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის განახლებული შემადგენლობის წარდგენისას განაცხადა, რომ მინისტრების შერჩევისას იხელმძღვანელა საარჩევნო პროგრამაში ჩამოყალიბებული რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმითა და მათი ეფექტიანად განხორციელების პერსპექტივით:
„ჩემი, როგორც მთავრობის მომავალი მეთაურის, უმთავრესი ამოცანაა შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ საქართველოში არსებული დემოკრატიული გარემო, უსაფრთხოების ხარისხი და, ამავდროულად, უზრუნველვყოთ ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარება. მომავალ მინისტრთა კაბინეტში ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს შეცვლის პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი. დიმიტრი არის ძალიან გამოცდილი ფინანსისტი, ეფექტური მენეჯერი და აქვს მაღალ თანამდებობებზე მუშაობის დიდი გამოცდილება. მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორებიცაა: ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა, სახელმწიფო ქონების ინვენტარიზაცია, ტექნოპარკების შექმნა და ა.შ.“.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ მხარს არ დაუჭერდნენ წარმოდგენილ შემადგენლობას. „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, ირმა ინაშვილის, თქმით, მთავრობის ზოგიერთ წევრს ჩადენილი აქვს დანაშაული, რისთვისაც მათ პასუხი უნდა აგონ:
„მხარს არ დავუჭერთ არავითარ შემთხვევაში კულტურის მინისტრს, რომელმაც ააფეთქა საყდრისი და ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გამოსაძიებელია. არ დავუჭერთ მხარს გარემოს დაცვის მინისტრს, რადგანაც უმოწყალოდ იჩეხებაა ტყეები, ძალიან დიდი კორუფიცაა ამ სფეროში და პასუხი უნდა აგოს გარემოს დაცვის მინისტრმა. ასევე პასუხი უნდა აგოს მან საგარეჯოს არჩევნების გაყალბების გამო“.
პოლიტიკის ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მთავრობის შემადგენლობის განახლებით პასუხი ვერ გაეცა მთავარ შეკითხვას - შეიცვალა თუ არა გადაწყვეტილების მიღების ადგილი. გია ხუხაშვილის კომენტარი:
„მთავარი და ფუნდამენტური კითხვა, რაზეც უნდა გაეცა ახალ შემადგენლობას პასუხი, ეს არის, გადავდივართ ინსტიტუციურ მმართველობაზე თუ არა, ან არის თუ არა ეს გუნდი, რომელსაც აქვს სერიოზული და არა კოსმეტიკური რეფორმისტული პოტენციალი და, მეორე, არის კი ის გუნდი, რომელიც მართავს ქვეყანას და, შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას და პასუხისმგებელია ამ გადაწყვეტილებებზე, თუ ძალის ცენტრი კვლავ უნდა ვეძებოთ სადღაც სხვაგან. ვფიქრობ, რომ არც ზედმეტი ოპტიმიზმი და არც ზედმეტი პესიმიზმი ამ ეტაპზე არ იქნებოდა სწორი და ჩვენ უნდა ვაცადოთ 100 დღე და შემდეგ ვიმსჯელოთ დაზუსტებით, საით მიდის ეს ქვეყანა“.
24 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომებზე მხარი დაუჭირეს საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი კვირიკაშვილის მიერ წარდგენილ მთავრობის შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას - „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“, რომელიც 2016-2020 წლებზეა გათვლილი. საკომიტეტო მოსმენებზე მწავე კამათი გაიმართა როგორც მინისტრობის ცალკეულ კანდიდატებსა და უმცირესობის წარმომადგენლებს, ასევე უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებს შორის. მაგალითად, შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილის გამოსვლას „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას, ასეთი რეპლიკა მოჰყვა:
„გისმენდით და თქვენ ერთი სიტყვით არ გიხსენებიათ კრიმინალის ზრდა, ტერორიზმი, პოლიტიკურად მოტივირებული ან სიძულვილით გამოწვეული დანაშაული. არ გიხსენებიათ არც საოკუპაციო ხაზის გადმოწევა, არც ჩვენი მოქალაქეების მოტაცება და არც ოთხოზორიას საზარელი მკვლელობა, რომელიც გადაღებულია ფირზე. მე დავინტერესდი ერთი ასპექტით: არის თუ არა მის მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯიოღლი ინტერპოლის ძებნილთა სიაში. აღმოჩნდა, რომ არ არის! რატომ არ სცადეთ? არ გაღელვებთ თუ არ იცით, როგორ უნდა იმოქმედოთ, თუ მაინცდამაინც ივანიშვილის პირადი ოპონენტი უნდა იყოს ადამიანი, რომ ინტერპოლით ძებნა გამოაცხადოთ?“
გიგა ბოკერიას ამ კითხვის პასუხად გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, რომ სამინისტრო მუშაობს ამ მიმართულებით და ინტერპოლი მალე გამოაცხადებს ძებნას მკვლელობაში ეჭვმიტანილზე.
მოსმენები პარლამენტში მთელი კვირის განმავლობაში გრძელებოდა, კვირის ბოლოს კი, პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე, მთავრობისათვის ნდობის გამოცხადებაზე იმსჯელეს.
22 ნოემბერს თბილისი მასპინძლობდა კონფერენციას, სახელწოდებით „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ამოცანები", რომლის ყოველწლიურ გამართვასაც ითვალისწინებს საქართველოს მთავრობასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულ პლატფორმას შორის გაფორმებული მემორანდუმი. კონფერენციაზე, რომელშიც ხელისუფლების წევრები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, აქცენტი ძირითადად კეთდებოდა არასამთავრობო სექტორის საგანგებო როლზე ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების პროცესში.
ისინი თვლიან, რომ ახლა უფრო ღარიბები არიან. გაზრდილი ფასები, მძიმე ავადმყოფობა, ოჯახების შემოსავალი გავლენას ახდენს მათ მდგომარეობაზე. მნიშვნელოვანი მიგნება იყო ისიც, რომ, მიუხედავად იმისა, რომ არ გაზრდილა ოჯახების შემოსავალი, ოჯახები ხარჯავენ უფრო მეტს, ანუ ხარჯავენ მეტს, მეტი ფულის ქონის გარეშე...მაია ქურციკიძე
პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ „საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი შეუქცევადია“ და რომ ევროპული ოჯახისკენ საქართველოს სწრაფვის გზაზე დიდია მესამე სექტორის როლი.
გაეროს ბავშვთა ფონდმა გამოაქვეყნა მოსახლეობის კეთილდღეობის გამოკვლევა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ, მიუხედავად სიღარიბის მაჩვენებლის შემცირებისა, მოსახლეობაში გაზრდილია აღქმა, რომ ისინი ღარიბები არიან. გარდა ამისა, გამოკვლევის მიხედვით, გაზრდილია ჯანდაცვისთვის გაწეული ხარჯები, ბავშვიან ოჯახებს შორის სიღარიბის მაჩვენებელი კი გაცილებით მაღალია, ვიდრე ოჯახებისა, სადაც ბავშვები არ ჰყავთ; ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს; ყოველი მეექვსე ბავშვი საარსებო მინიმუმზე ნაკლებს მოიხმარს; ოჯახების შემოსავალი არ გაზრდილა, თუმცა გაიზარდა მათი ხარჯი.
2015 წელს ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ, 2013 წელთან შედარებით, უკიდურესი სიღარიბის დონე შემცირებულია, ასევე შემცირებულია ზოგადი სიღარიბის დონეც, მოსახლეობის 18 %-ზე მეტი, პენსიონერების 15 % და ბავშვების 21,7 % მაინც ზოგადი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს, ზოგადი სიღარიბის ზღვარი კი თვეში 155 ლარს შეადგენს, ერთ ეკვივალენტურ ზრდასრულ პირზე გაანგარიშებით. მაია ქურციკიძე, იუნისეფის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას გამოყოფს რამდენიმე მთავარ მიგნებას, რომლებიც გამოკვლევისას გამოჩნდა. პირველი: მიუხედავად იმისა, რომ რეალურად ქვეყანაში შემცირებულია სიღარიბის მაჩვენებელი, მოსახლეობაში გაზრდილია განცდა იმისა, რომ ისინი ღარიბები არიან. მეორე: გაზრდილია ხარჯი, მაშინ როცა ოჯახების შემოსავალი არ გაზრდილა:
„ისინი თვლიან, რომ ახლა უფრო ღარიბები არიან. გაზრდილი ფასები, მძიმე ავადმყოფობა, ოჯახების შემოსავალი გავლენას ახდენს მათ მდგომარეობაზე. მნიშვნელოვანი მიგნება იყო ისიც, რომ, მიუხედავად იმისა, რომ არ გაზრდილა ოჯახების შემოსავალი, ოჯახები ხარჯავენ უფრო მეტს, ანუ ხარჯავენ მეტს, მეტი ფულის ქონის გარეშე. ეს მეტად მნიშვნელოვანი და საინტერესო მიგნებაა. ასევე, გამოვლინდა ის, თუ როგორია მოსახლეობის მიერ ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯები. აღმოჩნდა, რომ, მიუხედავად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისა, მოსახლეობის დანახარჯები ჯანდაცვაზე გაიზარდა“.
გასულ კვირას ხმაური იყო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც უნივერსიტეტის სტუდენტების ერთმა ნაწილმა უნივერსიტეტის თვითმმართველობაში პირდაპირი წესით 140 წევრი აირჩია. არჩევნების პროცესს პროტესტის რადიკალური ფორმებით გაემიჯნენ „აუდიტორია 115“-ის წევრები. 24 ნოემბრის ღამით მათ უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსი დაიკავეს, 25 ნოემბერს კი არჩევნების ჩაშლა სცადეს და ამ მიზნით უნივერსიტეტის პირველ და მეორე კორპუსში მოქმედი საარჩევნო უბნებიდან რამდენიმეს პიკეტირება მოახერხეს.
როგორც „აუდიტორია 115“-ის წევრი გიორგი სოფრომაძე აღნიშნავს, არაერთი დაპირების მიუხედავად, ჩინოვნიკებმა არ გამოავლინეს ცვლილებების პოლიტიკური ნება, რაც სტუდენტებს აფიქრებინებს, რომ სახელმწიფოს სურს შეინარჩუნოს თავისი გავლენის ქვეშ მყოფი სტუდენტური ორგანო:
“ჩვენ ვფიქრობთ, რომ თითოეულ სტუდენტს უნდა შეეძლოს და შეუძლია შექმნას გარკვეული ტიპის ჯგუფი, რომელიც შემდგომში განახორციელებს მოთხოვნას კონკრეტულ კომისიასთან, კომისია განსაზღვრავს სტუდენტების ჯგუფის მხრიდან შეთავაზებულ პროექტებს თუ სხვადასხვა სახის განცხადებას. ამის შემდეგ მოხდება დაფინანსება, ფინანსების, ხარჯების განკარგვა ამ საკითხებთან მიმართებით და კიდევ მთავარი, რასაც ვითხოვთ და რასაც გულისხმობს 45-ე მუხლი და რატომ გვინდა ამის გაუქმება: დღესდღეობით სტუდენტური თვითმმართველობის გავლით რეალურად ხდება მმართველობით ორგანოში, საფაკულტეტო საბჭოში, სტუდენტების არჩევა და ჩვენ ვითხოვთ, რომ პირდაპირი წესით, ისევე როგორც, მაგალითისთვის ავიღოთ, სენატში, ამავე წესით მოხდეს საფაკულტეტო საბჭოში სტუდენტების არჩევა“.
უნივერსიტეტის რექტორის მიმართ არსებულ მოთხოვნებს შორისაა ასევე ის,რომ მან საჯაროდ დაუჭიროს მხარი „აუდიტორია 115“-ის მიერ გაჟღერებულ მოთხოვნებს, დააჩქაროს პროცესები და ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების ჯგუფის მუშაობას. გიორგი შარვაშიძისთვის მიუღებელია პროტესტის ის ფორმა, რომელსაც „აუდიტორია 115“-მა მიმართა, სხვა მხრივ კი, იგი ამბობს, რომ უნივერსიტეტის ავტონომიის გაზრდის აუცილებლობის საკითხზე საკანონმდებლო ორგანო და მთავრობა თანხმდებიან:
“არის საშუალება, რა თქმა უნდა, იმისა, რომ გაუმჯობესდეს კანონმდებლობა. რა კუთხით გაუმჯობესდება? მე ვვარაუდობ, რომ ეს უნდა იყოს ავტონომიის პრინციპის გაზრდით, დელეგირება უნდა მოხდეს და, უმაღლესი განათლების კანონიდან გამომდინარე, ეს 45-ე მუხლის ცვლილება იქნება თუ სხვა, რაზეც მიდის ახლა აპელირება, აუცილებლად უნდა გადაეცეს უნივერსიტეტს ის უფლებები, რომლებიც მას მისცემს საშუალებას, რომ თავად უნივერსიტეტმა, თავად სტუდენტებმა განსაზღვრონ, როგორი მოწყობა ურჩევნიათ“.
25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღეს, თბილისში რამდენიმე ათეულმა ქალმა პუშკინის სახელობის სკვერიდან თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციამდე საპროტესტო მსვლელობა გამართა. მათ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ქალთა მკვლელობის საქმეების გამოძიება და ისეთი სპეციალური დანაყოფის შექმნა მოითხოვეს, რომელიც მხოლოდ გენდერულად მოტივირებულ დანაშაულებს შეისწავლის და რომელსაც შესაფერისი ცოდნა ექნება. აქციის სიმბოლო იატაკის საწმენდ ჯოხებზე დროშებივით აღმართული კაბები იყო.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი „ქალთა მოძრაობიდან“, ბაია პატარაია, ამბობს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მზარდი დანაშაულია:
„მხოლოდ 2015 წელს „112“-ის ცხელ ხაზზე ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით 15 910 გამოძახება დაფიქსირდა. პოლიციამ გამოძიება მხოლოდ 949 საქმეზე დაიწყო, შემაკავებელი ორდერი კი მხოლოდ 2 727 შემთხვევაზე გამოსცა. ამიტომ ჩვენ აუცილებლად მიგვაჩნია, რომ შსს-მ სტრუქტურული რეფორმები გაატაროს, ასევე ჩამოაყალიბოს სპეციალური დანაყოფი, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობისა და გენდერული ძალადობის საკითხებზე იმუშავებს“.
25 ნოემბერს ქალთა მიმართ ძალადობის საერთაშორისო დღეს საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა სახალხო დამცველიც. უჩა ნანუაშვილმა შესაბამის ორგანოებს მეტი ძალისხმევისაკენ მოუწოდა, ხოლო იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს პარლამენტს სისხლის სამართლის კანონმდებლობაში ფემიციდის, როგორც გენდერული ნიშნით მოტივირებული მკვლელობის, განსაზღვრა მოსთხოვა.
გასულ კვირაში ტრანსგენდერი ქალი, ზიზი, საავადმყოფოში გარდაიცვალა. იგი 14 ოქტომბერს მოათავსეს სტაციონარში თავის ქალასა და ყელის არეში მიყენებული მრავლობითი დაზიანებებით. სამართალდამცავებმა თავდამსხმელი დანაშაულის ჩადენიდან 2 დღეში, 16 ოქტომბერს, დააკავეს. იგი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. საქმე მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით, წინასწარი განზრახვით მკვლელობის მცდელობის კვალიფიკაციით აღიძრა. უფლებადამცველები არ გამორიცხავენ, რომ ექსპერტიზის დასრულების შემდეგ დანაშაულის კვალიფიკაციის შეცვლის საკითხიც დადგეს.
„ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ წარმომადგენელი, ნათია გვიანიშვილი, თავის მხრივ დასძენს, რომ, იმის მიუხედავად, დამტკიცდება თუ არა ზიზი შეყილაძის მიმართ ჩადენილი დანაშაულის სიძულვილით მოტივირების ფაქტი, ზიზი მაინც უნდა ჩაითვალოს საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ არსებული ძალადობრივი, შეუწყნარებელი გარემოს მსხვერპლად:
“უტყუარი მტკიცებულებები, სამწუხაროდ, არ არსებობს. თვითმხილველი არ ჰყავდა ამ ფაქტს, თვითონ მსხვერპლი არ მოსულა გონს და ამიტომ რთული სათქმელია, მაგრამ რა არის სიძულვილით მოტივირებული დანაშაული? ეს არ არის მხოლოდ ის ფაქტი, როდესაც ადამიანი კლავს ან სცემს მეორე ადამიანს მარტო იმიტომ, რომ იცის, რომ კონკრეტული უმცირესობების ჯგუფის წევრია. სიძულვილი ვლინდება ასევე მაშინ, როდესაც კონფლიქტი ადამიანებს შორის იწყება სხვა რაღაცა საკითხთან დაკავშირებით და თავდამსხმელიც საკუთარ თავს აძლევს იმის უფლებას, რომ გადამეტებული სისასტიკე გამოიჩინოს მეორე ადამიანის მიმართ ზუსტად იმიტომ, რომ ის არის რაღაცა მოწყვლადი ჯგუფის წევრი“.