Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ახალი მთავრობა ჰყავს


110 ხმა 19-ის წინააღმდეგ. თითქმის ათსაათიანი დისკუსიისა და დებატების შემდეგ, საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტმა მთავრობას ნდობა გამოუცხადა - მთავრობას, რომელიც 16 მინისტრის, ორი სახელმწიფო მინისტრისა და პრემიერ-მინისტრისგან შედგება. პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 26 ნოემბერს დღის 12 საათზე დაიწყო. საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის წევრებს მომდევნო ოთხწლიანი სამთავრობო პროგრამა წარუდგინა.”ქართული ოცნების“ მთავრობაში ცვლილებები ძირითადად ეკონომიკური მიმართულებით განხორციელდა: ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ნოდარ ხადურს დიმიტრი ქუმსიშვილი ცვლის, ეკონომიკის მინისტრის პოსტს გიორგი გახარია დაიკავებს. ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე პარლამენტს, ნოდარ ჯავახიშვილის ნაცვლად, ზურაბ ალავიძის კანდიდატურა წარედგინა. მთავრობაში, ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე, ბრუნდება კახა კალაძე. მთავრობის ახალი წევრია ”თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წარმომადგენელი, ვიქტორ დოლიძე, რომელიც ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას ჩაიბარებს. მთავრობის შემადგენლობაში აღარ იარსებებს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

“ამბიციური გეგმები” - ასე უწოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა იმ პროგრამას, რომლის განხორციელებასაც მთავრობა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში გეგმავს:

„ასეთი ამბიციური გეგმების განხორციელებას, რა თქმა უნდა, სჭირდება საერთო ეროვნული კონსენსუსი. ყველა წინადადება, ყველა განცხადება, რომელსაც მე ვაკეთებდი წინასაარჩევნო პროცესში, რა თქმა უნდა, გაგრძელდება მომავალშიც. მე, ჩვენი მხრიდან, და ჩვენი მთავრობა ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად კონსტრუქციული გახდეს პოლიტიკური პროცესი“.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი კვირიკაშვილს, ზუსტად ნახევარი საათი დასჭირდა იმისათვის, რომ პარლამენტის წევრებისათვის ამჯერად უკვე ერთობლივად, კიდევ ერთხელ და საბოლოოდ გაეცნო 50- გვერდიანი 4-წლიანი სამთავრობო პროგრამა, სახელწოდებით „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ - გეგმა, რომლის უპირველეს პრიორიტეტად განათლება და განათლების სისტემაში ძირეული ცვლილებები დასახელდა:

„განათლების რეფორმის ფარგლებში იგეგმება განათლების ყველა ქვემიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა. იქნება ეს უმაღლესი განათლება, რომელიც კიდევ უფრო მეტად უნდა მოერგოს დღევანდელი განვითარებიდან გამომდინარე საჭიროებებს და ლოგიკას. რეფორმა შეეხება დაწყებით განათლებას, საშუალო განათლებას და, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, პროფესიული განათლება, რომელზეც განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება და დაემყარება საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის მოდელს, დუალური განათლების პრინციპს, როდესაც სამუშაო ადგილზე პარალელურად მიმდინარეობს სწავლება“.

მართალია, გიორგი კვირიკაშვილმა მომდევნო ოთხწლიან ციკლში მთავრობის უპირველეს პრიორიტეტად განათლება დაასახელა, მაგრამ მანვე ისაუბრა ამბიციური გეგმის სხვა გამოწვევებზე და ესენია: ადამიანის უფლებათა დაცვა, საჯარო მმართველობის რეფორმა, სასამართლო რეფორმა, საპენსიო რეფორმა, ეკონომიკური განვითარება, სივრცითი მოწყობა, ჯანმრთელობის დაცვა და სხვა. რაც შეეხება საერთაშორისო ურთიერთობებსა და საგარეო პოლიტიკას, გიორგი კვირიკაშვილის სიტყვებით, არსებული გლობალური და რეგიონალური გამოწვევების გათვალისწინებით, ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების განმტკიცებისათვის საქართველოს ნატოში ინტეგრაციას და აშშ-თან, როგორც მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას, ალტერნატივა არა აქვს. რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, მისივე სიტყვებით, ქვეყანაში სტაბილური და პროგნოზირებადი გარემოს ფორმირებისთვის აუცილებელია რუსეთიდან მომავალი საფრთხეების მინიმიზაცია და რუსეთთან რაციონალური პოლიტიკის გატარება, ქვეყნის დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, სტრატეგიული ინტერესების დათმობის გარეშე.

სიტყვის დასაწყისში გიორგი კვირიკაშვილმა საკონსტიტუციო უმრავლესობის მისიაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა:

„ჩვენი პოლიტიკური ძალა საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვიდა უმრავლესობაში, თუმცა ჩვენ ამ უმრავლესობას არ განვიხილავთ როგორც პრივილეგიას. ჩვენთვის ეს არის უდიდესი შესაძლებლობა, ქვეყნისთვის საჭირო, სწრაფი და შეუფერხებელი გადაწყვეტილებები მივიღოთ და, ამავე დროს, ეს არის უდიდესი ანგარიშვალდებულება ჩვენი მოსახლეობის წინაშე და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას სრულად ვაცნობიერებთ“.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დასმული კითხვები, რომლებიც პლენარული სხდომის რეგლამენტის მიხედვით იყო გაწერილი, შეეხებოდა კიდევ უფრო მეტ დაზუსტებებს მომავალი მთავრობის გეგმებში, იქნება ეს ქვეყნის უსაფრთხოება, საერთაშორისო მიმართულება, განათლება, ენერგეტიკული პროექტები, ეროვნული უმცირესობების წინაშე არსებული გამოწვევები თუ სხვა, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე კითხვების დასმა აღარ ისურვა საპარლამენტო უმცირესობამ, „ნაციონალურმა მორაობამ“. ნიკა მელიას სიტყვებით, 25 ნოემბერს მომავალი მთავრობის წევრებთან გამართულმა შეხვედრამ ცხადყო, რომ უმცირესობის კითხვებზე მომავალ მთავრობას პასუხები არ აქვს. ნიკა მელიამ, მისთვის განკუთვნილი ორწუთიანი დრო სხვა მიზნისთვის გამოიყენა. მან პრემიერ-მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია უზენაეს სასამართლოზე ზეწოლის შესახებ. მისი თქმით, საქმე ეხება 30 ნოემბერს დანიშნულ სასამართლო სხდომას და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე მისაღებ გადაწყვეტილებას. ნიკა მელიას მტკიცებით, უზენაეს სასამართლოს წევრებზე ზეწოლის პროცესში ჩართულია იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე:

„მიმდინარეობს ძალიან ძლიერი ზეწოლა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე, რომ კონკრეტულად 30 ნოემბერს იქნეს მიღებული უპრეცედენტო გადაწყვეტილება გამოტანილი თქვენი ხელისუფლების სასარგებლოდ და ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ - იმდაგვარი გადაწყვეტილება, რომლის პრეცედენტი უზენაეს სასამართლოს ისტორიაში არ არსებობს“.

ამ ბრალდებას პლენარულ სხდომაზე გამოეხმაურა უმრავლესობის წარმომადგენელი, გია ვოლსკი, რომელმაც მოუწოდა პრემიერ-მინისტრს ჩატარდეს გამოძიება:

„აუცილებელი და რეალურია და მნიშვნელოვანია, რომ ჩატარდეს საგანგებო გამოძიება. და საინტერესოა, აპირებს თუ არა მთავრობა ამ საკითხთან დაკავშირებით დასვას ძალიან კონკრეტული შეკითხვა. რა ფორმით, როგორ ხორციელდება ან როგორ შეიძლება უმაღლესი სტატუსის მქონე ადამიანებზე განხორციელდეს ზეწოლა და რაღაც გადაწყვეტილების მიღება“.

„აბსოლუტური სიცრუე“ უწოდა გიორგი კვირიკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებას უზენაესი სასამართლოს წევრებზე ზეწოლასთან დაკავშირებით. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს მათი მმართველობის წლები და, მისი სიტყვებით, გამოცდილება შეახსენა:

„სპეცდანიშნულების რაზმებისთვის დავალებების მიცემა, მოსამართლეებთან დარეკვა, როგორც მართავდა იუსტიციის მინისტრი მთლიანად სასამართლო პროცესებს და ა.შ. მინდა, რომ გაგაწბილოთ. არ იქნება ეს საქართველოში. აღარასოდეს აღარ იქნება. ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური სპეკულაცია“.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, გედევან ფოფხაძე, დაინტერესდა ყოფილი ხელისუფლების იმ მაღალჩინოსნების საკითხით, რომლებიც მართლმსაჯულების წინაშე არ წარმდგარან. მის ამ კითხვაზე საპასუხოდ, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მაღალჩინოსნებთან დაკავშირებულ პროცესებში მთავრობა ვერ და არ ჩაერევა - ეს მთლიანად პროკურატურისა და სასამართლოს პრეროგატივაა.

დეპუტატებისა და მთავრობის მომავალი წევრების კითხვა-პასუხის შემდეგ ტრიბუნა დაიკავეს საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებმა. მათმა უმრავლესობამ „ქართული ოცნების“ განვლილი ოთხწლიანი ციკლი დადებითად შეაფასა და, ამასთან, გააკრიტიკა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები იმ ბრალდებების გამო, რომლებიც პლენარულ სხდომაზე გაისმა. ირაკლი სესიაშვილი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ასე გამოეხმაურა ოპონენტების მხრიდან წამოსულ ბრალდებებს:

„აბსოლუტურად უსაფუძვლოდ, გაუაზრებლად გადამეტებული ყურადღება დავუთმეთ „ნაციონალური მოძრაობიდან“ წამოსულ, უმეტეს შემთხვევაში, უსაფუძვლო, სიცრუეზე აგებულ ბრალდებებს და ქილიკს. ყველაზე კარგი შედარება ჩვენმა ხალხმა გააკეთა არჩევნებზე და აგერ ვართ შედარებისთვის წარმოდგენილი რაოდენობის თვალსაზრისით“.

თუკი ორიოდ სიტყვით შევეხებით 26 ნოემბერს პარლამენტში დასამტკიცებლად წარმოდგენილი სამთავრობო გუნდისადმი საპარლამენტო უმცირესობის დამოკიდებულებას, მაშინ უნდა ითქვას, რომ, „ნაციონალური მოძრაობის“ შეფასებით, „წარმოდგენილ გუნდს არ ესმის და არ აქვს გააზრებული, რამდენად ღრმა და მძიმე პრობლემის წინაშე დგას ქვეყანა“. ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტებმა” კი პროტესტის ნიშნად დატოვა პარლამენტის პლენარული სხდომა. სხდომათა დარბაზის დატოვება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა ფრაქციის წევრებს მას შემდეგ სთხოვა, რაც ფრაქციის სახელით სიტყვით გამოვიდა. ირმა ინაშვილმა აღნიშნა, რომ ის და მისი ფრაქცია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატსა და მის მიერ წარდგენილ სამთავრობო გუნდს ნდობას არ უცხადებს.

XS
SM
MD
LG