გასული კვირა საქართველოსთვის პოლიტიკურად და ეკონომიკურად აქტიური აღმოჩნდა ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ქვეყანას მოლდავეთთან და უკრაინასთან ერთად კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა და რუსეთს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა. ასევე გააქტიურდა საუბარი ევროატლანტიკურ ალიანსთან „არსებითი პაკეტის“ ამოქმედებაზე. პარალელურად კი დღითი დღე უფასურდებოდა ეროვნული ვალუტა - ლარი.
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ რუსეთს მოუწოდა, გაიყვანოს სამხედრო ძალები უკრაინის, საქართველოსა და მოლდავეთის ტერიტორიებიდან. 4 დეკემბერს ხმათა უმრავლესობით მიღებული რეზოლუცია აღიარებს ამ ქვეყნების უფლებას, უზრუნველყონ სუვერენიტეტი მათსავე საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და გმობს რუსეთის აგრესიას მათ წინააღმდეგ.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი აღნიშნავს, რომ ეს შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს, მოლდავეთისა და უკრაინის სუვერენიტეტის მხარდაჭერაა:
“რუსეთთან ძალიან მკაცრი პოზიციითაა გამოხატული, რომელიც მოუწოდებს რუსეთს გაიყვანოს ჯარები მოლდოვიდან, უკრაინიდან და საქართველოდან და დაუბრუნდეს საერთაშორისო სამართლის იმ ძირითად პრინციპებს, რაც მან ამ ქვეყნებთან მიმართებაში დაარღვია. ამ ქვეყნებს საკუთარი სუვერენიტეტის დაცვა უწევთ არა მხოლოდ საერთაშორისო ნორმებით, არამედ იძულებული არიან, რომ საკუთარი უსაფრთხოება უზრუნველყონ ძლიერი თავდაცვითი სისტემებით. ამ ქვეყნებს ძლიერი მხარდაჭერა სჭირდებათ“.
ამერიკის შეერთებული შტატები ასევე მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს სეპარატისტული ძალების მხარდაჭერა უკრაინაში, ხოლო ნატოსა და მის მოკავშირეებს მიმართავს, შეწყვიტონ რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, მიხეილ მაჭავარიანი ამბობს, რომ დასავლეთის ქვეყნების მხრიდან რუსეთის მიმართ მსგავსი რეაქცია ადეკვატურაია - მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ პროცესში ჩართვას თითქოს ერიდება:
“სამწუხაროა, რომ ამ ფონზე, როდესაც ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი - როდესაც რუსეთმა აბსოლუტურად ნიღაბი ჩამოიხსნა და ღია აგრესიაზე გადავიდა უკრაინაში და რეაქცია აბსოლუტურად ადეკვატურია ევროკავშირისგან, სანქციები მაქვს მხედველობაში, ასევე სანქციები ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისგან და სხვა ზომები, ასევე კონგრესის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, - რომ ამ პროცესში ვიყოთ ჩართულნი, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება თითქოს ამ პროცესს ერიდება“.
მართალია, მსგავს რეზოლუციებს იურიდიული ძალა არა აქვს, მაგრამ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, თედო ჯაფარიძის აზრით, მათი პოლიტიკური წონა და მნიშვნელობა მაინც აღსანიშნავია.
4 დეკემბერსვე, თბილისს კავკასიასა და აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაი ეწვია. მთავარი განსახილველი თმა „არსებითი პაკეტი“, საწვრთნელი ცენტრის შექმნის პერსპექტივებია.
როგორც ჯეიმს აპატურაი ამბობს, საქართველოს ნატოში გაწევრიანება მოკლე ვადაში გადასაწყვეტი საკითხი არაა, თუმცა ყველაფერი იქამდე მიდის, რომ ქვეყანა ალიანსის წევრი ერთხელაც აუცილებლად გახდება:
„ძალაშია ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილება და ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ამასთან, „არსებითი პაკეტი“ ერთმნიშვნელოვნად, ასევე პოლიტიკურ ჭრილშიც, შექმნილია იმისთვის, რომ დაეხმაროს საქართველოს მოემზადოს ნატოში გაწევრიანებისთვის“.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძესთან შეხვედრის შემდეგ ჯეიმს აპატურაიმ ისაუბრა ნატოში გაწევრიანებისათვის ხელის შემშლელ ფაქტორებზეც:
ჯეიმს აპატურაიმ შეხვედრები გამართა თვდაცვის მინისტრ მინდია ჯანელიძესა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთანაც.
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ კავკასიასა და აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი თბილისში გამართული შეხვედრების შემდეგ დარწმუნდა ევროპული და ევროატლანტიკური კურსის მიმართ საქართველოს ერთგულებაში.
ამის დასტურად საქართველო ნატოსთან ახლებური ურთიერთობის დეტალებს ათანხმებს და ქვეყანაში ნატოს საწვრთნელი ცენტრის მასპინძლობისთვის ემზადება. 3 დეკემბერს ალიანსის შტაბ-ბინას საქართველოს დელეგაცია ესტუმრა საგარეო საქმეთა მინისტრ თამარ ბერუჩაშვილის ხელმძღვანელობით. მინისტრი ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გაფორმებული ე.წ. შეთანხმებაც „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“. რაც, თამარ ბერუჩაშვილის თქმით, „შეფასდა როგორც ანექსიისკენ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯი, რაც არის გამოწვევა ევროპული და ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის“.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, უკვე დაწყებულია უელსის სამიტზე მიღებული „არსებითი პაკეტის“ შესრულებაც, რომლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ნატოს საწვრთნელი ცენტრის ამოქმედებაა.
იენს სტოლტენბერგის განმარტებით, ამ ცენტრის ამოქმედება ალიანის მხრიდან საქართველოსთვის ერთგვარი ხელშეწყობაც იქნება:
„საქართველო ნატოს პარტნიორია. ჩვენ გადავწყვიტეთ ერთად ვიმუშაოთ და გადავწყვიტეთ დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ საქართველოს ამ საწვრთნელი ცენტრის საშუალებით. ეს არის სუვერენული ქვეყნის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ალიანსთან, ნატოსთან თანამშრომლობის პროცესში, რომელსაც ვერც ერთი სხვა ქვეყანა, ვერც ერთი მესამე ქვეყანა ვერ დაადებს ვეტოს და ვერ შეაჩერებს პარტნიორობას ნატოსა და სუვერენულ ქვეყანას, საქართველოს, შორის“.
როგორც ნატოს გენერალური მდივანი ამბობს, ის კატეგორიულად არ იზიარებს რუსეთის ხელისუფლების მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საქართველოში ამოქმედებული საწვრთნელი ცენტრი რუსეთისთვის საფრთხის შემცველი იქნება.
ამ აზრს იზიარებს ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი, ირაკლი ალადაშვილიც. მისი თქმით, საწვრთნელი ცენტრის ქვეყანაში არსებობა ნიშნავს ნატოს წარმომადგენლების მუდმივად ყოფნას საქართველოში, ეს კი უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, რუსეთის სავარაუდო აგრესიის ერთგვარი შემაკავებელი ფაქტორი იქნება.
მეზობელი სომხეთი კი, 2 დეკემბერს ოფიციალურად გახდა ევრაზიული კავშირის წევრი. არადა, პარლამენტის მიერ შესაბამისი დოკუმენტის რატიფიცირებამდე სომხეთი, ისევე როგორც საქართველო, ოთხი წლის განმავლობაში ემზადებოდა ევროკავშირთან ასოცირებისათვის.
თუ რამდენად შეიძლება ამან შეცვალოს საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობა, სომხეთის კავკასიური ინსტიტუსტის დირექტორი, ალექსანდრ ისკანდარიანი აფასებს:
„საქართველოსთან ურთიერთობის გაფუჭება მარაზმი იქნება. ჩვენი ტვირთის სამოცდაათი პროცენტი საქართველოზე გადის. ეს რუსეთთან ომის დროსაც კი ვერ მოახერხეს. ყოველთვის, როდესაც მოგთხოვენ საქართველოს რამე დაუპირო, რუსებს უნდა უთხრა: ბიჭებო, რუკას დახედეთ, თუ შეიძლება!“
რაც შეეხება, საქართველოს, ხელისუფლების არაერთგზის განმარტებით, ქვეყანა ინარჩუნებს დასავლურ კურსს, მაგრამ ასევე გრძელდება მოლაპარაკებები რუსეთთანაც.
კონკრეტულად კი, პრაღის ფორმატი - რომლის ფარგლებშიც ერთმანეთს საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლები, ზურაბ აბაშიძე და გრიგორი კარასინი ხვდებიან - არსებობას განაგრძობს.
რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გრიგორი კარასინი ორი ქვეყნის ურთიერთობაში დაფიქრებისა და სამომავლო გეგმების დასახვის ეტაპს ხედავს:
„ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში არ არსებობს პაუზა, არსებობს პერიოდები, როცა უნდა დაფიქრდე, თუ როგორ გააგრძელო სვლა. სიტყვა „პაუზა“ მე არ მომწონს. ურთიერთობათა ნორმალიზება გაგრძელდება იმ სფეროებში, სადაც ეს შესაძლებელია. საქართველოს წარმომადგენლებთან ერთად ჩვენ ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორ უნდა ავაწყოთ მუშაობა სამომავლოდ. ახალ წლამდე, სავარაუდოდ, შეხვედრები არ გაიმართება. ვფიქრობ, მომავალი წლის დასაწყისში ჩვენ ვიფიქრებთ ხელახალი შეხვედრის თარიღზე“.
ფორმატის გაგრძელების შესახებ ინფორმაცია ზურაბ აბაშიძემ 2 დეკემბერს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ დაადასტურა:
„ფორმატს ვინარჩუნებთ... კომუნიკაციის არხი შენარჩუნებულია. ჩვენ გვაქვს საშუალება იმისა, რომ დავუკავშირდეთ ერთმანეთს, მაგრამ შემდეგ შეხვედრაზე ჯერ არ შევთანხმებულვართ“.
ოპოზიცია კი პრაღის ფორმატის გაუქმებას ითხოვს. ეს საკითხი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილი რეზოლუციის პროექტშიც იყო შესული „ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის რუსეთის ფედერაციის მიერ ანექსირების მცდელობის შესახებ“, რომელიც პარლამენტმა 28 ნოემბერს ჩააგდო.
სამაგიეროდ პირველ დეკემბერს იმავე პარლამენტმა ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, აამოქმედა. ამ პაკეტის მიხედვით, ე.წ. „გასაღები“ ანუ ფარული მიყურადების ტექნიკურ საშუალებასთან წვდომის მექანიზმი შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში დარჩა.
ეს კანონპროექტი დამტკიცებამდე საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე დღის განმავლობაში იყო დავის საგანი. შემდეგ პრეზიდენტმა მას ვეტო დაადო, მაგრამ საბოლოოდ მაინც მოაწერა ხელი, რამაც არასამთავრობო სექტორის უკმაყოფილება გამოიწვია.
სამოქალაქო განვითარების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი, ზვიად დევდარიანი ამბობს, რომ დამტკიცებული კანონის წინააღმდეგ ყველა ლეგალური მექანიზმი უნდა ამოქმედდეს:
„ჩვენ შევეცდებით ამ თვალსაზრისით ხელისუფლებასაც დავანახვოთ, რომ ეს არის არა მხოლოდ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის კრიტიკული განწყობა ამ დამტკიცებულ კანონთან მიმართებაში, არამედ არის ადამიანების დიდი ჯგუფის მოსაზრება, რომ, აი, ამ მოდელით, ამ მიდგომით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში იყოს გასაღები, კვლავ გაგრძელდება ბოლო ათწლეულების განმავლობაში არსებული პრაქტიკა უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით“.
პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ფიქრობს, რომ კანონპროექტთან მიმართებაში მეტის გაკეთება შეიძლებოდა:
„ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ მეტი შეიძლებოდა და ამის რეალური შესაძლებლობაც იყო მოდელის თვალსაზრისით... გავაგრძელოთ მუშაობა და გავაგრძელოთ მცდელობა ყველა კანონიერი საშუალებით, რომ კიდევ უფრო გაუმჯობესდეს“.
ახლად დამტკიცებული კანონის მოწინააღმდეგე არასამთავრობო ორგანიზაციები და იურისტები სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავენ, რაც, მათი თქმით, სავარაუდოდ, ახალ წლამდე მოხდება.
ამ ყველაფრის ფონზე კი დღითი დღე უფასურდება ეროვნული ვალუტა. ეროვნული ბანკის ექვსი დეკემბრის მონაცემებით დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსი არის 1.95. კომერციულ ბანკებსა და ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში კი უფრო დიდ ციფრებსაც შეხვდებით.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ნოდარ ებანოიძე განმარტავს, რომ ლარი ძველ ნიშნულს, სავარაუდოდ, ვერ დაუბრუნდება, მაგრამ დოლართან მიმართებით მისი კურსის გამყარებას უნდა ველოდოთ.
„ვფიქრობთ, რომ ლარი 1.80 ნიშნულს ისევ დაუბრუნდება. ინფლაციაც დღეს იმ პარამეტრებშია, რაც დაგეგმილი იყო და ამიტომ ვფიქრობ, რომ უფრო მეტად კურსმა არ უნდა აიწიოს“.
ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური ეროვნული ვალუტის გაუფასურების საკითხს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გამოეხმაურა. მისი თქმით, ლარის ვარდნის პროცესში საგანგაშო არაფერია:
„ექსპერტების მოსაზრებებს მე არ ვეთანხმები. მე შემიძლია ამ ექსპერტებს, რომელთაც ბიუჯეტთან დაკავშირებით ასეთი შიშები აქვთ, შევხვდე, მივაწოდო სტატისტიკური ინფორმაცია და დავარწმუნო ისინი, რომ მათ მიერ გაკეთებული განცხადებები, სულ ცოტა, არ ემსახურება ლარის სიმყარეს. ისინი მოსახლეობაში თესავენ პანიკას, რაც, სამწუხაროდ, ასევე ხელს უწყობს ლარის გაუფასურებას“.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, ზურაბ კალანდაძე ლარის კურსის ვარდნის რამდენიმე მიზეზზე საუბრობს:
„ლარის კურსის გაუფასურება, ერთი მხრივ, გამოიწვია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებამ, რამაც, თავის მხრივ, ასევე მოიტანა დოლარის მასის შემცირება საქართველოში. კიდევ ის, რომ ექსპორტი იზრდება, მაგრამ არა იმპორტი და ქვეყანაში უფრო ნაკლები დოლარი შემოდის, ვიდრე გადის; ის, რომ ხარჯვითი პოლიტიკა არაგეგმაზომიერად მიმდინარეობს და მიმოქცევაში ჭარბი რაოდენობის ლარი გამოდის - ყველა ეს მიზეზი, ცხადია, მოქმედებს იმაზე, რაც დღეს ლართან დაკავშირებით ხდება“.
საპარლამენტო ოპოზიცია კი მთავრობის ეკონომიკური გუნდის გადადგომას მოითხოვს. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზურაბ ჯაფარიძემ 4 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მთავრობამ წლის ბოლომდე მაქსიმალურად უნდა შეზღუდოს ხარჯები, და უარი თქვას ავანსების გაცემაზე.