Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯეიმს აპატურაი თბილისში – იმედებითა და გაფრთხილებით!


მინდია ჯანელიძე და ჯეიმს აპატურაი
მინდია ჯანელიძე და ჯეიმს აპატურაი

თბილისში შეხვედრებს მართავს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი. განხილვის მთავარ თემად სახელდება „არსებითი პაკეტის“ განხორციელება და, მათ შორის, საწვრთნელი ცენტრის შექმნის პერსპექტივები. უელსის სამიტზე გადაცემულ პაკეტს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი განიხილავს კონკრეტულ მექანიზმად წევრობისთვის საქართველოს მოსამზადებლად. თუმცა ამ გზაზე, ნატოს გენმდივნის სპეციალური წარმომადგენლის თქმით, შესაძლოა ბარიერი შექმნას პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულმა ეჭვებმა.

„ახლა არ არის იმის დრო, რომ განვიხილოთ აღმოსავლეთ მეზობლების – უკრაინის, მოლდავეთისა და საქართველოს – ნატოში გაწევრიანების საკითხი“, – განაცხადა გერმანელმა ევროპარლამენტარმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენელმა ელმარ ბროკმა, რომლის აზრითაც, ალიანსი ამ ეტაპზე კონცენტრირებული უნდა იყოს მხოლოდ კოლექტიური თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაზე.

როდესაც ელმარ ბროკის ამ სიტყვების შეფასება სთხოვეს 4 დეკემბერს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე, ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ განმარტა, რომ საქართველოს შემთხვევა განსხვავებულია მოლდავეთისა და უკრაინის შემთხვევებისგან, რადგანაც გაწევრიანების მოთხოვნით ამ ქვეყნებს ჯერ არ მიუმართავთ ალიანსისთვის. მართალია, არც საქართველოს გაწევრიანებაა დღეს ან ხვალ გადასაწყვეტი საკითხი, მაგრამ ჯეიმს აპატურაი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ყველაფერი სწორედ გაწევრიანებისკენ მიდის და რომ საქართველო, 2008 წლის აპრილის სამიტის გადაწყვეტილების შესაბამისად, ერთ დღეს აუცილებლად გახდება ნატოს წევრი:

„ძალაშია ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილება და ეს პოლიტიკური გადაწყვტილებაა. ამასთან, „არსებითი პაკეტი“ ერთმნიშვნელოვნად, ასევე პოლიტიკურ ჭრილშიც, შექმნილია იმისთვის, რომ დაეხმაროს საქართველოსმოემზადოს ნატოში გაწევრიანებისთვის“.

ეს განცხადება ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძესთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა და იქვე ყველას შეახსენა მარტივი ჭეშმარიტება, რომ წევრობამდე საქართველომ ალიანსის სტანდარტები უნდა დააკმაყოფილოს, მათ შორის – დემოკრატიული განვითარების მიმართულებით. ამ პროცესში ვითარება შეიძლება გაართულოს არა მხოლოდ ფაქტმა, არამედ ეჭვებმაც:

ჯეიმს აპატურაი
ჯეიმს აპატურაი

„შეშფოთებული ვართ იმ აღქმის გამო, რომ არსებობს პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება. უმთავრესია, რომ პოლიტიკური ანგარიშსწორება თავიდან იქნეს აცილებული როგორც რეალურ ცხოვრებაში, ასევე აღქმის დონეზე, რადგანაც, თუკი ასეთი აღქმა ფართოდ გავრცელდა და მან ღრმად მოიკიდა ფეხი ნატოს წევრ სახელმწიფოთა დედაქალაქებში, ეს შესაძლოა იქცეს წინაღობად საქართველოსთვის ნატოში გაწევრიანების გზაზე“.

ნატო საქართველოსგან „მეტ სტაბილურობასა და მეტ დაფიქრებას“ რომ მოელის, ამის შესახებ საუბარი ჯეიმს აპატურაის პარლამენტის თავმჯდომარესთანაც ჰქონდა. როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ, სტუმარმა მისგან მადლობა დაიმსახურა იმისათვის, რომ დროული და ადეკვატური იყო ნატოს გენერალური მდივნის განცხადებები ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულების შესახებ, რასაც თბილისი ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად განიხილავს. ამასთან, ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ერთი დასკვნაც გამოიტანა:

„არათუ რაიმე ცვლილებაა პოლიტიკურ კურსში, არამედ ძალიან ტექნიკურ დონეზე ყველა საკითხი და ყველა თემა წინ მიდის და ვითარდება, როგორც ეს დაგეგმილი იყო და როგორც მოლოდინი იყო“.

როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, ასეთი დასკვნა ჯეიმს აპატურაიმ თავდაცვის სამინისტროში სტუმრობისა და მინისტრ მინდია ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ გამოიტანა, თავად მინისტრმა კი ამ შეხვედრას „სასარგებლო უწოდა“ და განხილვის მთავარ თემად უელსის სამიტზე მიღებული „არსებითი პაკეტის“ განხორციელების პერსპექტივები დაასახელა. პროცესი დაწყებულია, მაგრამ ძირითადი საკითხები რამდენიმე თვეში გადაწყდება:

მინდია ჯანელიძე
მინდია ჯანელიძე

„ნატოს შტაბბინა და, ზოგადად, ბატონი აპატურაი, როგორც გენერალური მდივნის წარმომადგენელი, აქტიურად იქნება ჩართული იმპლიმენტაციის გეგმის შემუშავებაში. მომავალი წლის თებერვალში თავდაცვის მინისტერიალზე ჩვენ გვექნება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, სადაც, იმედი მაქვს, რომ იმპლიმენტაციის გეგმა საბოლოო სახით შეთანხმდება, დამტკიცდება. ჩვენ, ჩვენი მხრივ, ძალისხმევას არ დავიშურებთ იმისთვის, რომ ის გეგმა, რომელიც საქართველოს გადმოეცა და რომელიც რეალურად მიმართულია ჩვენი თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების გასაძლიერებლად, ჩვენ ამ გეგმას აუცილებლად განვახორციელებთ ჩვენს ნატოელ პარტნიორებთან ერთად“.

უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტის ერთ-ერთ ძირითად სეგმენტს ნატოს საწვრთნელი ცენტრის ჩამოყალიბება წარმოადგენს და, როგორც თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ, ამ საკითხთან მიმართებით განიხილება ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის ადგილმდებარეობის საკითხი. ლოკაციას ქართული მხარე შეარჩევს, თუმცა ამ თემაზე ერთობლივი მსჯელობა გაიმართება. „არსებითი პაკეტის ელემენტების იმპლემენტაციის მიზნით, მომავალში საქართველოში კიდევ უფრო მაღალი დონის ვიზიტები იგეგმება“, – აღნიშნა ჯეიმს აპატურაიმ.

იგივე თემები იქნა განხილული 4 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროსაც. ჯეიმს აპატურაი ირაკლი ღარიბაშვილმა სამუშაო სადილზე მიიწვია. ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტის ეფექტური იმპლემენტაციის მნიშვნელობას და გამოითქვა იმედი, რომ პროცესის მენეჯმენტის ჯგუფი უახლოეს მომავალში შეიქმნება. „პრემიერმა 2015 წლისთვის ჩრდილოატლანტიკური საბჭო საქართველოში მოიწვია და აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის კიდევ ერთი დემონსტრირება იქნება“, – იტყობინება საქართველოს მთავრობის ოფიციალური ვებსაიტი.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG