Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი პრეზიდენტისა და ახალი პრემიერის დასახელების კვირა


ბიძინა ივანიშვილი და გიორგი მარგველაშვილი
ბიძინა ივანიშვილი და გიორგი მარგველაშვილი
გასული კვირა ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შეფასებით დაიწყო. არჩევნების მეორე დღესვე სამომავლო გეგმების შესახებ სპეციალური პრესკონფერენცია მოიწვიეს პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა და არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა. ამავე კვირაში ცნობილი გახდა უშიშროების საბჭოს ახალი მდივნისა და პრემიერის პოსტზე ბიძინა ივანიშვილის შემცვლელის ვინაობაც.

გასულ კვირაში პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა თავისი შემცვლელის ვინაობა დაასახელა - საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი ახლანდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იქნება.

თავის მხრივ, გამოცხადებული ნდობისათვის ივანიშვილს მომავალმა პრემიერმა მადლობა გადაუხადა.

არჩევნების მეორე დღეს, 28 ოქტომბერს, პრემიერ ბიძინა ივანიშვილისა და არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა. მათ საპრეზიდენტო არჩევნები შეაფასეს.
„ჩვენ ჩავატარეთ არა ევროპასთან მიახლოებული, არამედ ნამდვილად ევროპული არჩევნები“, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა და იქვე კონკურენტი პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“, საპრეზიდენტო კანდიდატის დავით ბაქრაძის მიერ ნაჩვენები შედეგების შესახებაც ისაუბრა:

„ის 21 პროცენტზე ცოტა მეტი რაც მიიღო „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ჩემთვისაც იყო ძალიან დიდი სიურპრიზი. მეც კი არ ველოდი ამას უარეს შემთხვევაშიც კი, რომ რამე მსგავსი მოხდებოდა და, აი, ესეც კარგად გამოჩნდა, რასაც მუდმივად ვამბობდი, რომ ჩვენ გვაკლია პოლიტიკური კულტურა. ეს - ჩემი გადმოსახედიდან. მე არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ“.

ბიძინა ივანიშვილმა და გიორგი მარგველაშვილმა რუსეთთან ურთიერთობის შესახებაც ისაუბრეს, კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ამ ქვეყანასთან ურთიერთობის სირთულეს და მიღწეულ წარმატებად დაასახელეს ზურაბ აბაშიძე-გრიგორი კარასინის თანამშრომლობის ფორმატში მიღწეული გარკვეული შედეგები ეკონომიკის სფეროში, თუმცა, დიცსა და დვანში მავთულხლართების გავლების დაწყებისა და მისი შეჩერების ფონზე, პრემიერმა და კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა განაცხადეს, რომ ურთიერთობა იქნება რთული, თუმცა მასთან მიმართებით დასახულია სწორი და მტკიცე ვექტორი, მოხდება ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატის ინტენსიფიკაცია და ასევე შესრულდება საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენელთა რჩევები რუსეთთან მიმართებით: საქართველო არ იქნება აგრესიული, მაგრამ იქნება პრინციპული.

პოზიტიური და გამჭვირვალე არჩევნებით ქართველმა ხალხმა განამტკიცა 2012 წელს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა. ეს გამჭვირვალე არჩევნები, რომელიც მოჰყვა პოლიტიკურ კოჰაბიტაციას, მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში დემოკრატია მწიფდება...
ჟოაო სუარეში
27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებმა მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე, თანაბარ და თავისუფალ გარემოში ჩაიარა - ასეთია დასკვნა, რომელსაც, ადგილობრივთან ერთად, საერთაშორისო ორგანიზაციებიც იზიარებენ.

2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობას 65 საერთაშორისო და 60 ადგილობრივი ორგანიზაცია აკვირდებოდა. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია 50-მდე დეპუტატით იყო წარმოდგენილი. ჟოაო სოარესმა, ეუთოს სპეციალურმა კოორდინატორმა, რომელიც მოკლევადიან დამკვირვებელთა ჯგუფს უძღვებოდა, 28 ოქტომბერს საზოგადოებას საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ გამოქვეყნებული შუალედური ანგარიში გააცნო.

„პოზიტიური და გამჭვირვალე არჩევნებით ქართველმა ხალხმა განამტკიცა 2012 წელს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა. ეს გამჭვირვალე არჩევნები, რომელიც მოჰყვა პოლიტიკურ კოჰაბიტაციას, მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში დემოკრატია მწიფდება“, განაცხადა ჟოაო სუარეშმა.

27 ოქტომბრის არჩევნების გამორჩეულობაზე ამახვილებდნენ ყურადღებას ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც. „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელის ნინო ლომჯარიას თქმით, ძირითადად იყო მხოლოდ უმნიშვნელო, საორგანიზაციო ხასიათის დარღვევები:

„პროცესს - როგორც კენჭისყრას, ასევე შედეგების დათვლას - ვაფასებთ დადებითად. ყველა კომპონენტში ხარისხი არის გაუმჯობესებული. გვხვდება ნაკლები დარღვევა, როგორც რაოდენობრივი, ასევე თვისებრივი თვალსაზრისით. რეალურად ჩვენ იდენტიფიცირება გავუკეთეთ 12 საარჩევნო უბანს, სადაც დარღვევები ხდებოდა მრავალჯერადად“.

ამ კვირაში ცნობილი გახდა, რომ უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი იქნება. ეს ინფორმაცია თავად საბჭოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ამჟამად პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირინე იმერლიშვილმაც დაადასტურა, თუმცა დანიშვნამდე ცვლილება შევა უშიშროების საბჭოს მდივნის უფლებამოსილების განმსაზღვრელ კანონში, რომლის მიხედვითაც, საბჭოს მდივანს პრეზიდენტთან მხოლოდ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ფუნქცია დარჩება.

ირინე იმერლიშვილი
ირინე იმერლიშვილი
ირინე იმერლიშვილი, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, პროფესიით ბიოლოგი და იურისტი, მიხეილ სააკაშვილის იუსტიციის მინისტრობის პერიოდში მისი მოადგილე იყო, პრეზიდენტისგან მიღებული აქვს იუსტიციის სახელმწიფო მრჩევლის წოდება, რაც გენერლის წოდების ეკვივალენტია, და არის ერთადერთი ქალი გენერალი საქართველოში.

როგორც თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი ამბობს, მსგავსი დილეტანტური მიდგომა ამ თანამდებობის მიმართ მიუღებელია. მისთვის არც ირინე იმერლიშვილის გამოცდილების მქონე ადამიანის დანიშვნაა ამ თანამდებობაზე მისაღები. დავით დარჩიაშვილის სიტყვებით, თუ, კანონპროექტის მიხედვით, უშიშროების საბჭოს მდივანს, რომელიც პრეზიდენტის მრჩეველი უწყების ხელმძღვანელია, ჩამოერთმევა უშიშროების საკითხების კოორდინაციის ფუნქცია და დარჩება მხოლოდ თავდაცვის სფეროში მრჩევლის ფუნქცია, ეს ორგანო იქნება „მეხუთე ბორბალი, გაუგებარი ფუნქციით“:

„საფრთხეები სხვადასხვა ბუნების არის, სამხედროც შედის იქ და ეკოლოგიურიც და სხვა და სხვა და ამის განხილვა არ უნდათ და სურთ ამოგლიჯონ უშიშროების ფუნქციებიდან ყველა სხვა და დატოვონ მარტო თავდაცვა. თავდაცვისთვის აგერ თავდაცვის სამინისტრო არსებობს და მაშინ რა საჭიროა ცალკე რაღაც საბჭოს შექმნა? უნდათ, რომ ახლა ეს ყველაფერი მიანდონ ქალბატონ იმერლიშვილს, რომელმაც იუსტიციის გენერლობა რაში და როგორ მიიღო, არ ვიცი და ამის განსჯაში არ შევალ, მაგრამ შეხება თავდაცვა-უსაფრთხოების პოლიტიკასთან არასოდეს არ ჰქონია“.

გუბერნატორები, მათ შორის მეც, ვართ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ დანიშნულები, და, ბუნებრივია, მე და ჩემი კოლეგებიც უფლებამოსილებას მოვიხსნით პრეზიდენტ სააკაშვილის წინაშე. ეს მოხდება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე...
ზურაბ ჭიაბერაშვილი
ეროვნული უშიშროების საბჭო არის საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანო, რომელიც შექმნილია, ეროვნული ინტერესებისათვის საფრთხის შემცველი ყველა ტიპის კრიზისული სიტუაციების მართვის მიზნით, უმაღლესი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერიაა. საბჭოს პრესსამსახურში განმარტავენ, რომ მას ჯერ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება არ დაუწერია. მათივე თქმით, გიგა ბოკერია თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებას პრეზიდენტის ინაუგურაციამდე დაწერს.

საქართველოს რეგიონებში რამდენიმე გუბერნატორმა მთავრობას დაასწრო და გადადგომის შესახებ განცხადება თავად დაწერა. ამის მიზეზად მათ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები დაასახელეს. ამ დროისათვის გადადგომის შესახებ განცხადებები დაწერეს ასევე იმერეთის გუბერნატორმა ვახტანგ ბალავაძემ, სამეგრელო- ზემო სვანეთის გუბერნატორმა თენგიზ გუნავამ, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა ივანე წიკლაურმა, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა ვალერი ჩიტაიშვილმა. მომდევნო სამ კვირაში, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე, გადადგომის შესახებ თხოვნა მიუვა მოქმედ პრეზიდენტ სააკაშვილს კახეთის სამხარეო რწმუნებულის, ზურაბ ჭიაბერაშვილისგანაც.

„გუბერნატორები, მათ შორის მეც, ვართ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ დანიშნულები, და, ბუნებრივია, მე და ჩემი კოლეგებიც უფლებამოსილებას მოვიხსნით პრეზიდენტ სააკაშვილის წინაშე. ეს მოხდება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე, ვიდრე სააკაშვილს აქვს უფლებამოსილება. მომდევნო სამი კვირის განმავლობაში მე გავგზავნი ამ წერილს სააკაშვილთან, რომელიც, ბუნებრივია, ჩემს თხოვნას დააკმაყოფილებს“.

რაც შეეხება გუბერნატორების დანიშვნის ახალ წესს, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე განმარტავს:

ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ბაჩანა ახალაიას, მამუკა აბაშიძის, დავით ჩუბინიძის, ალექსი დავითაშვილის, ვლადიმერ ზანგიევას, დავით გიორგაშვილის, რობერტ სუთიძისა და დავით ვეკუას დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის...
გიორგი არევაძე
„პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების შემდეგ ძალაში შედის კონსტიტუციის ის ნორმა, რომლის შესაბამისადაც, გუბერნატორს ნიშნავს მთავრობა და არა პრეზიდენტი. შესაბამისად, მთავრობას ექნება უფლება თავად დანიშნოს და გაათავისუფლოს გუბერნატორი“.

ამ კვირაში თბილისის საქალაქო სასამართლომ 7 სპეცრაზმელის წამების, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიასა და მასთან ერთად გასამართლებულ სხვა პირთა მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. განაჩენით პროკურატურა უკმაყოფილოა, დაცვის მხარე კი მიიჩნევს, რომ მოსამართლემ დასაბუთებული და ობიექტური გადაწყვეტილება მიიღო.

“ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ბაჩანა ახალაიას, მამუკა აბაშიძის, დავით ჩუბინიძის, ალექსი დავითაშვილის, ვლადიმერ ზანგიევას, დავით გიორგაშვილის, რობერტ სუთიძისა და დავით ვეკუას დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმეზე შეკრებილი მასალების განხილვის შედეგად, ბრალდებულები უდანაშაულოდ მიიჩნია და მათ მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა“, განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე სპიკერ-მოსამართლემ გიორგი არევაძემ.

სასამართლოს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა ბაჩო ახალაიას ადვოკატებისთვის, რომლებიც, იმავდროულად, არ გამორიცხავენ, რომ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს მიმართოს. ადვოკატმა გიორგი ონიანმა, მაგალითად, საინფორმაციო სააგენტო „პირველს“ განუცხადა, რომ, „სავარაუდოდ, ბაჩო ახალაიას მორალურად საწინააღმდეგო არაფერი ექნება, თუ პრეზიდენტი მას ქურდების მიერ გამოტანილ განაჩენზე შეიწყალებს“.

პრეზიდენტის სახელზე შეწყალების თხოვნის შესახებ კომენტარი ადვოკატ მალხაზ ველიჯანაშვილს ვთხოვეთ. კითხვაზე, ნიშნავს თუ არა შეწყალების თხოვნა დანაშაულის აღიარებას, ადვოკატმა გვიპასუხა:

“რა თქმა უნდა, ეს დანაშაულის აღიარებას არ ნიშნავს. ბაჩო ახალაიას დანაშაული არ ჩაუდენია და არ აღიარებს დანაშაულს. თავისებური ფორმა არსებობს. პრეზიდენტს იმის მიუხედავად შეუძლია შეიწყალოს, აღიარებს თუ არ აღიარებს. ყველაფრის მიუხედავად შეუძლია შეიწყალოს. ალბათ, ბაჩო ახალაია თუ მიმართავს, ამ კუთხით მიმართავს“.

საქართველოს მთავრობამ 30 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე დაამტკიცა თვითმმართველობის კოდექსის პროექტი, რომლის მიხედვითაც, თვითმმართველის სტატუსი მიენიჭება იმ ქალაქებს, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 15 ათასზე მეტია. მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოში მხოლოდ ხუთი თვითმმართველი ქალაქია: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი და ბათუმი. ახალი კოდექსის მიხედვით, ასევე განსაზღვრულია სოფლებში საზოგადოებრივი საბჭოების შექმნა და, გუბერნატორის ინსტიტუტის პარალელურად, კოლეგიალური ორგანოს ამოქმედება.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG