Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თვითმმართველობა შესაძლებელია


საქართველოს მთავრობამ 30 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე დაამტკიცა თვითმმართველობის კოდექსის პროექტი, რომლის მიხედვითაც, თვითმმართველის სტატუსი მიენიჭება იმ ქალაქებს, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 15 ათასზე მეტია. მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოში მხოლოდ ხუთი თვითმმართველი ქალაქია: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი და ბათუმი. ახალი კოდექსის მიხედვით, ასევე განსაზღვრულია სოფლებში საზოგადოებრივი საბჭოების შექმნა და, გუბერნატორის ინსტიტუტის პარალელურად, კოლეგიალური ორგანოს ამოქმედება. როგორ იცვლება თვითმმართველობის სტრუქტურა საქართველოში?

თვითმმართველობის ახალი კოდექსის პროექტის მიხედვით, თვითმმართველი ერთეულების რაოდენობა 110-მდე გაიზრდება. შესაბამისად, გაიზრდება პირდაპირი წესით არჩეული მერების რაოდენობაც. რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით ნარმანიას თქმით, ცვლილების მიზანი მოქალაქეებისა და თვითმმართველობების დაახლოებაა, რისთვისაც ქალაქები და მათ გარშემო არსებული სასოფლო ტიპის თემები ცალ-ცალკე თვითმმართველობებად ჩამოყალიბდება. გარდა ამისა, დავით ნარმანიას თქმით, მნიშვნელოვნად შეიცვლება თვითმმართველობის სტრუქტურა მხარეების დონეზე:

„მხარეებში იქნება წარმომადგენლობითი საბჭოები, რომლებიც დაკომპლექტდებიან ქვედა დონეზე ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებით და ისინი განსაზღვრავენ მხარის პრიორიტეტებს, ამტკიცებენ სოციალურ-ეკონომიკური
დავით ნარმანია
დავით ნარმანია
განვითარების გეგმებს, ხარჯთაღრიცხვას, ხოლო გუბერნატორები იქნებიან აღმასრულებლები, ანუ საბჭოს მიერ განსაზღვრული პოლიტიკის გამტარებლები“.

დავით ნარმანიას თქმით, გუბერნატორს, ახალი კონსტიტუციის შესაბამისად, მთავრობა დანიშნავს, თუმცა გუბერნატორთან არსებულ წარმომადგენლობით ორგანოს, ბიუჯეტის ნაცვლად, ექნება ხარჯთაღრიცხვა: თუ სად, რომელი და რა ღირებულების პროექტი უნდა განხორციელდეს. მთავრობის მიერ დამტკიცებულ თვითმმართველობის კოდექსზე აქტიურად მუშაობდა თვითმმართველობის რეფორმის მრჩეველთა საბჭოს წევრი დავით ლოსაბერიძე, რომლის თქმითაც, საქართველოში, ბოლოს და ბოლოს, იცვლება პოსტტოტალიტარული ქვეყნებისათვის დამახასიათებელი თვითმმართველობის მოდელი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ შექმნილია ისეთი დემოკრატიული ცენტრალიზმის ვერტიკალი, როცა ყველაფერი წყდება ზემოთ, სხვა ყველა დანარჩენი კი ადგილებზე ჭანჭიკია, ანუ არ ხდება ადგილობრივი ინტერესების გათვალისწინება.

დავით ლოსაბერიძის თქმით, რეალური თვითმმართველობის რეფორმის განხორციელების მოწინააღმდეგენი იშველიებდნენ ძირითადად ორ არგუმენტს - რომ ხალხი არ იყო მზად და რომ არ არსებობდა შესაბამისი ფინანსური სახსრები, თუმცა, სინამდვილეში, გადაულახავი პრობლემა იყო ხელისუფლების პოლიტიკური ნება.

„ყველა ქვეყანა ცდილობს იპოვოს ოქროს შუალედი, ერთი მხრივ, მოსახლეობის სიახლოვესა და, მეორე მხრივ, რესურსების ადეკვატურობასა და სიძლიერეს შორის. ცენტრმა არასოდეს არ იცის, რა კონკრეტული საკითხი დგას ამა თუ იმ სოფლის ამა თუ იმ კუნჭულში. ეს ადგილებზე ყოველთვის უკეთესად იციან. და სწორედ აქ არის ის პრობლემა, რომლის გადაჭრასაც დღევანდელი სისტემა ვერ უზრუნველყოფს. შევარდნაძის დროს რეგიონებზე 200 მილიონი გაიცემოდა. სააკაშვილის დროს ეს თანხა 10-ჯერ გაიზარდა და 2 მილიარდი შეადგინა, მაგრამ ამ თანხის განკარგვა ძირითადად ხდებოდა ცენტრიდან და ამის გამო ხშირად ადგილი ჰქონდა კურიოზულ შემთხვევებს, როცა სოფლებში მცხოვრებ მოხუც ქალებს საქანელები დაუდგეს“, – უთხრა დავით ლოსაბერიძემ რადიო თავისუფლებას.

დავით ლოსაბერიძე ამბობს, რომ, ცენტრალიზებულ დაფინანსებაზე უარის თქმით, ადგილობრივი თითმმართველობები თავიანთი საჭიროების შესაბამისად დახარჯავენ ფულს. თვითმმართველობის ახალი კოდექსი ასევე რადიკალურად შეცვლის თბილისის თვითმმართველობის სტრუქტურას, რაც, ქალაქის მასშტაბისა და მის რაიონებს შორის არსებული განსხვავებების
საქართველოს, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, კიდევ ერთხელ ეძლევა რეალური შანსი, გადადგას ქმედითი ნაბიჯი თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული ადგილობრივი ხელისუფლების ჩამოსაყალიბებლად, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს ევროპასთან დაახლოებას...
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება
გათვალისწინებით, ლოგიკური და გამართლებული იქნება. თითმმართველობის კოდექსის პროექტი ასევე ითვალისწინებს საზოგადოებრივი საბჭოების შექმნას, რაც, პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გია ჟორჟოლიანის თქმით, კიდევ უფრო მეტად შეამცირებს მანძილს მოქალაქეებსა და ხელისუფლებას შორის.

„ეს იქნება უფრო მცირე ერთეულებში არჩეული საბჭოები, ვიდრე მუნიციპალიტეტებში. ეს არ იქნება თვითმმართველი ერთეულები, ისინი არ მიიღებენ გადაწყვეტილებებს, მაგრამ ისინი დააყენებენ ყველა იმ საკითხს, რომელიც აწუხებს მოქალაქეთა ამ მცირე სიმრავლეს. ისინი მიიღებენ მონაწილეობას მათთვის მნიშვნელოვან საკითხებში, მიიტანენ თვითმმართველ ორგანოებამდე მოქალაქეების ინტერესებს, განწყობებს და, ამავე დროს, რეაგირებასაც მოახდენენ და სხვადასხვა ფორმებით ჩაერთვებიან საკითხის გადაწყვეტაში“, – უთხრა გია ჟორჟოლიანმა რადიო თავისუფლებას.

მთავრობის მიერ დამტკიცებული თვითმმართველობის კოდექსის პროექტი საბოლოო სახეს პარლამენტში განხილვის შემდეგ მიიღებს. თავდაპირველი პროექტი ითვალისწინებდა თვითმმართველობებისათვის მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-ის შესაბამისი თანხის გამოყოფას ყოველწლიურად, მაგრამ ამგვარ ხისტ რეგულირებაზე უარი ფინანსთა სამინისტროს დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ ითქვა, თუმცა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის პროექტის შემუშავებაში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციები იმედოვნებენ, რომ კანონპროექტს პარლამენტი თვისებრივი ცვლილების გარეშე დაამტკიცებს.

„საქართველოს, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, კიდევ ერთხელ ეძლევა რეალური შანსი, გადადგას ქმედითი ნაბიჯი თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული ადგილობრივი ხელისუფლების ჩამოსაყალიბებლად, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს ევროპასთან დაახლოებას”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს 25 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG