Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკონსტიტუციო ვნებები და ამერიკული მხარდაჭერა


კონსტიტუციის განხილვა ქუთაისში
კონსტიტუციის განხილვა ქუთაისში

ვნებათაღელვა, დისკუსია და კამათი საქართველოს კონსტიტუციის ახალ პროექტთან დაკავშირებით, შეიძლება ითქვას, აქტიურ ფაზაში შევიდა. თუკი მოვლენებს მხოლოდ უკანასკნელი კვირის ჩარჩოში მოვაქცევთ, მაშინ ამბის თხრობა პირველი მაისით უნდა დავიწყოთ, როცა ოთხთვიანი სჯა-ბაასის შემდეგ კონსტიტუციის პროექტი პარლამენტში იქნა ინიცირებული.

გადმოწერა

განსაკუთრებული დავა მოჰყვა ისეთ თემებს, როგორიცაა, მაგალითად, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის გაუქმება, საპრეზიდენტო უფლებამოსილებათა შეზღუდვა, არჩევნების შედეგად გაუნაწილებელი მანდატების გამარჯვებული პოლიტიკური პარტიისთვის მიკუთვნება თუ საარჩევნო ბლოკების აკრძალვა. პარტია „ევროპულმა საქართველომ“ 2 მაისიდან კარდაკარ სიარული და პლებისციტის გამართვის მოთხოვნით ხალხის ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. ისინი აცხადებენ, რომ ახალი კონსტიტუციის პროექტი მხოლოდ „ქართული ოცნების“ ინტერესებს მოერგო, არ იქნა მიღწეული აუცილებელი კონსენსუსი და ახალი კონსტიტუციის პროექტით ხალხს დაუკითხავად წაართვეს პრეზიდენტის პირდაპირ არჩევის უფლება. დამოუკიდებელი ფრონტი გახსნა საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების ძირითადმა ნაწილმა, ხოლო სამოქალაქო მოძრაობამ „დაიცავი კონსტიტუცია“ საზოგადოებას დეკლარაცია წარუდგინა. კამპანიას პოლიტიკოსებთან ერთდ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. მისი მიზნები პირველ მაისს საზოგადოებას ნიკოლოზ მაჭუტაძემ გააცნო, ლიდერმა პოლიტიკური ორგანიზაციისა „სახელმწიფო ხალხისთვის“:

„დაუშვებელია საქართველოს პრეზიდენტის პირდაპირი და საყოველთაო არჩევის წესის ცვლილება, მოქალაქეებისთვის სახელმწიფოს მეთაურის არჩევის უფლების წართმევა, პრეზიდენტის ინსტიტუტის უფლებამოსილების შემცირება და ამით ბალანსისა და შეკავების ისედაც დასუსტებული კონსტიტუციური პრინციპის საბოლოოდ მოსპობა; დაუშვებელია საარჩევნო ბლოკების შექმნის უფლების გაუქმება; დაუშვებელია ასეთ პირობებში 5 %-იანი საარჩევნო ბარიერის დატოვება, მისი არშემცირება; დაუშვებელია საქართველოს პარლამენტის არჩევნებში ე. წ. გადაუნაწილებელი მანდატების მხოლოდ ერთი, მმართველი პოლიტიკური ძალისთვის გადაცემა, ისევე როგორც მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნება; დაუშვებელია ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმება; დაუშვებელია პრეზიდენტის, როგორც უმაღლესი მთავარსარდლის, უფლებამოსილებების ანულირება; დაუშვებელია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის წესის ცვლილება; დაუშვებელია ქუთაისისთვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის გაუქმება“.

ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჩამოთვლილ პრეტენზიებს პირველ მაისსვე არ დაეთანხა და განაცხადა, რომ საკონსტიტუციო კომისია პირნათელია საზოგადოების წინაშე. გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარემ ისიც თქვა, რომ ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის დასტურის გარეშე კონსტიტუციის ახალი პროექტიდან არც ერთი ნორმა არ დამტკიცდება, მაგრამ იქვე გამოითქვა მტკიცე იმედი, რომ პროექტი აუცილებლად მოიპოვებს ვენეციის კომისიის მხარდაჭერას.

ორშაბათს პარლამენტში ინიცირებულ კონსტიტუციის პროექტს პარასკევს, 5 მაისს, ქუთაისის თეატრში საყოველთაო-სახალხო განხილვა მოჰყვა. განხილვის დროს გაუნაწილებელი მანდატების, ბლოკების შეზღუდვის საკითხი და პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის გაუქმება საკონსტიტუციო კომისიის წევრების ნაწილმა გააპროტესტა. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა „ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებული მანდატების გაყოფის წესი ბენიტო მუსოლინის სისტემას შეადარა, მათ შორის იყო სერგი კაპანაძე, „ევროპული საქართველოს“ დეპუტატი:

„ეს არის მუსოლინის მსგავსი საარჩევნო სისტემა. მე მესმის, რომ შეიძლება არ მოგეწონოთ ამ ხმის გაგონება და მესმის, რომ არ მოგეწონოთ, რომ თქვენ მიერ არჩეულმა პოლიტიკურმა ძალამ ასეთი სისტემა შემოგთავაზათ, მესმის, მეც არ მომეწონებოდა“...

ამგვარი შედარება, ცხადია, რეპლიკის გარეშე არ დარჩა. მას „ქართული ოცნების“ წარმომდგენელმა, არჩილ თალაკვაძემ, უპასუხა:

„მუსოლინი - ეს არის სიტყვა, რომელთანაც ასოცირდება, პირველ რიგში, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა, ღირსების ფეხქვეშ გათელვა, სიკვდილი, უსამართლობა, დიქტატურა, მონოპოლია მედიისა და სასამართლოსი... ვინ აკეთებდა ამას?“

პარლამენტის შენობა ქუთაისში
პარლამენტის შენობა ქუთაისში

5 მაისს გამართულ სახალხო განხილვაზე მწვავე დისკუსია მოჰყვა პარლამენტის ადგილმდებარეობის საკითხს. მმართველი გუნდის მტკიცებით, საკონსტიტუციო ცვლილებების მიუხედავად, ქუთაისი საპარლამენტო ქალაქის სტატუსს არ დაკარგავს. სახალხო განხილვას ქუთაიში არ დასწრებია საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განმარტა, 5 მაისს პრეზიდენტი განხილვაში მონაწილეობას მნიშვნელოვანი შეხვედრის გამო ვერ მოახერხებდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი 8 მაისს მონაწილეობას მიიღებს ბათუმში დაგეგმილ განხილვაში, რომელიც ბათუმის უნივერსიტეტში გაიმართება.

კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის პროცესს გაემიჯნა „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის თავმჯდომარე, რომან გოცირიძე, მიიჩნევს, რომ პროცესი ფორმალური იქნება, მასში მონაწილეობა კი - უშედეგო:

“მათ უნდათ, რომ ჩვენ გამოგვიყენონ ფასადად და შექმნან ილუზია, თითქოსდა მთელი ქვეყანა საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად იხილავს კონსტიტუციას. ეს არის რაიონებში სიარული, შეხვედრა, ერთ სცენაზე უნდა ვიდგეთ უმრავლესობასთან ერთად და უნდა ვესაუბროთ გამგეობიდან შეკრებილ აქტივს და შევუქმნათ საზოგადოებას ილუზია, თითქოსდა ჰარმონიულად ვთანამშრომლობთ და ეს კონსტიტუცია არის თითქოსდა მისაღები“.

არსებული ინფორმაციით, კონსტიტუციის ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის პროცესი რამდენიმე ეტაპად გაიწერება და ერთ თვეს გასტანს. სახალხო განხილვის შემდეგ კი, წინასწარი ინფორმაციით, ივნისში დაიწყება ახალი კონსტიტუციის პროექტის განხილვა პარლამენტში და გაიმართება ორი მოსმენა პლენარულ სესიაზე, მესამე მოსმენის შემდეგ კი ის, საბოლოოდ, ოქტომბერში ან ნოემბერში დამტკიცდება. პრეზიდენტს უფლება აქვს ვეტო დაადოს დამტკიცებულ ახალ კონსტიტუციას.

დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი

გასული კვირა განსაკუთრებით ნაყოფიერი აღმოჩნდა საქართველო-ამერიკის ურთიერთობის თვალსაზრისით. თუკი მოვლენებს თანმიმდევრობით მივყვებით, მაშინ თავდაპირველად 2 მაისზე უნდა შევჩერდეთ, როდესაც საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეების, ტედ პოსა (რესპუბლიკელი) და ჯერალდ კონოლის (დემოკრატი), ინიციატივით, 30-მა ამერიკელმა კონგრესმენმა საქართველოს მხარდამჭერი სპეციალური წერილით მიმართა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს. კონგრესმენებმა ორპარტიული მხარდაჭერის გამომხატველ წერილში პრეზიდენტ ტრამპს საქართველოს მეტი დახმარებისკენ მოუწოდეს. წერილში საქართველო მოხსენიებულია აშშ-ის ერთ-ერთ ყველაზე სანდო და მტკიცე პარტნიორად, რომელმაც დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, სახელმწიფო რეგულაციების შემცირების, კორუფციასთან ბრძოლისა და საგადასახადო კოდექსის გამარტივების გზით, „არსებით პროგრესს“ მიაღწია როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური განვითარების კუთხით და, თანაც, იმ რეგიონში, რომელიც წარმოადგენს მოსკოვის განგრძობადი საფრთხეების სამიზნეს:

„საქართველოს მიღწევები კიდევ უფრო შთამბეჭდავია რუსეთის მხრიდან განგრძობადი სამხედრო აგრესიის ფონზე. რუსეთმა უკანონოდ მოახდინა საქართველოს 20 %-ის ოკუპაცია მას შემდეგ, რაც ის 2008 წელს შეიჭრა საქართველოში. რუსეთის ჯარი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიის მცოცავ ანექსიას, ხშირად არღვევს ადამიანის უფლებებს და იტაცებს ადამიანებს ოკუპირებულ რეგიონებში და მიმდებარე ტერიტორიებზე“.

რესპუბლიკელი და დემოკრატი კონგრესმენები მოუწოდებენ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას, რომ გაძლიერდეს სტრატეგიული ურთიერთობები საქართველოსთან და რომ ამერიკამ გაახმაუროს საქართველოს გვერდში დგომის უფრო ძლიერი სიგნალი.

ამ კონსოლიდირებულ ბიუჯეტში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდამჭერი ტექსტის ასახვა და საქართველოსთვის დამატებით დაფინანსების გამოყოფა კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი და ასევე ჩვენს ძალიან მჭიდრო ორმხრივ თანამშრომლობას...
მიხეილ ჯანელიძე

ალბათ, ერთ-ერთ ასეთ სიგნალად უნდა ჩაითვალოს 2017 წლის აშშ-ის ბიუჯეტის კანონში (2017 წლის აშშ-ის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტი - Consolidated Appropriations Act, 2017) საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ ჩანაწერის გაკეთება, რომელიც ფინანსურ დოკუმენტში პირველად დაფიქსირდა. კანონში საქართველოს მხარდამჭერი ტექსტი, სათაურით „საქართველოს ტერიტორიების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია“, რუსეთის აგრესიის ქვეთავის ქვეშ ექცევა. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ტექსტის თანახმად, ხსენებული კანონით გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერც ერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, თუ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის თაობაზე, რომ აღნიშნულმა ქვეყანამ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ან მათთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობა. ბიუჯეტის კანონი მოუწოდებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, დროულად გამოაქვეყნოს ამგვარი ქვეყნების სია სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე. დოკუმენტის თანახმად, ხსენებული კანონით გამოყოფილი რაიმე დაფინანსება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის მხარდასაჭერად. ამ ფაქტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ, 6 მაისს სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა:

„ამ კონსოლიდირებულ ბიუჯეტში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდამჭერი ტექსტის ასახვა და საქართველოსთვის დამატებით დაფინანსების გამოყოფა კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი და ასევე ჩვენს ძალიან მჭიდრო ორმხრივ თანამშრომლობას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ჩვენი ტერიტორიების არაღიარების პროცესში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში“.

გასულ კვირაში საქართველოს სტუმრობდა ევროკომისარი იოჰანეს ჰანი. მისი ვიზიტის ფარგლებში, 5 მაისს დაიდო საფინანსო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირი საქართველოს ასოცირების შეთანხმების განსახორციელებლად 32 მილიონ ევროს გამოუყოფს. ევროკავშირის დახმარების მიზანია საქართველოს სახელმწიფო უწყებების ინსტიტუციური გაძლიერება და ქვეყნის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების ხელშეწყობა, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანის თბილისში გამართული შეხვედრების მთავარი საკითხები კი იყო ევროკავშირ-საქართველოს თანამშრომლობის პრიორიტეტები, ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმები და სამომავლო გეგმები. ცნობილი გახდა ისიც, რომ 2018 წლის სექტემბრიდან თბილისში „აღმოსავლეთის პარტნიორობის ევროპული სკოლა“ ამოქმედდება.

იოჰანეს ჰანი და გიორგი კვირიკაშვილი
იოჰანეს ჰანი და გიორგი კვირიკაშვილი

იოჰანეს ჰანმა გაამახვილა ყურადღება საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული 32 მილიონი ევროს ოდენობის საფინანსო შეთანხმების კონკრეტულ მიზნებზე:

“ეს ხელს შეუწყობს რეგულაციების ევროპულ კანონებთან შესაბამისობაში მოყვანას ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ენერგეტიკა, სავაჭრო სისტემა, სახელმწიფო შესყიდვები და საბანკო სერვისები. ეს ასევე დაეხმარება საქართველოს, მონაწილეობა მიიღოს ევროკავშირის ორ უმნიშვნელოვანეს პროექტში - „კრეატიული ევროპა“, რომელიც კულტურული და კრეატიული სფეროების განვითარებას უწყობს ხელს, და „ჰორიზონტი 2020“, რომელიც კვლევასა და ინოვაციებს შეეხება. ესაა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან აახლოებს“.

კიდევ ერთი თემა, რომელიც გასულ კვირაში მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა, ეს ე.წ. „ციანიდის საქმეა“. 5 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა გაიმართა. სხდომა პროკურატურის მოთხოვნით დაიხურა, სხდომის დახურვის აუცილებლობა კი დასაბუთდა იმით, რომ ამ შემთხვევაში პროცესის მონაწილე პირები ჩვენებებს უფრო თამამად მისცემდნენ. მოხმობილი იყო მეორე არგუმენტიც: საქმეში არის ინფორმაცია დეკანოზ გიორგი მამალაძის შესახებ და ის მის მორალურ სახეს შეეხება. მოსამართლე ბადრი შონიამ განმარტა:

„წარმოდგენილი მტკიცებულებები - მათ შორის, აუდიო-ვიდეოჩანაწერები - შეიცავს სხვადასხვა პირთა და პროცესის მონაწილეთა პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციას. აღნიშნულ პირებს შორის არიან საზოგადოებისთვის ცნობილი პირები, რომელთა პირადი ცხოვრების დეტალები საინტერესოა საზოგადოებისთვის, მათი გამჟღავნება კი საქართველოს კონსტიტუცით გათვალისწინებული პირადი ცხოვრების უფლებისა და თავისუფლების ხელყოფა იქნება“.

ისიც უნდა ითქვას, რომ სხდომის დახურვას თავად დეკანოზი არ დაეთანხმა. 5 მაისს დახურულ სასამართლო სხდომაზე მხარეებმა შუამდგომლობები და მტკიცებულებები წარმოადგინეს. საქართველოს პროკურატურა დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალს სდებს ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადებაში. ის 2017 წლის თებერვალში დააკავეს. ბრალდებულის შუამდგომლობები მოსამართლე ბადრი შონიამ არ გაითვალისწინა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს და საქმის არსებითი განხილვა 19 მაისს დაინიშნა.

XS
SM
MD
LG