ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ხელი მოაწერა 2017 წლის ბიუჯეტის კანონს, რომელშიც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ ჩანაწერიც გაკეთდა. ამ ჩანაწერის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების საბიუჯეტო დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერც ერთი ქვეყნის მთავრობა, რომელმაც აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ან მათთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა. ამერიკის შეერთებული შტატების 2017 წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში საქართველოს ტერიტორიული მთალიანობის მკაფიო და უპრეცედენტო მხარდაჭერას კონფლიქტების მშვიდობიანად მოწესრიგების ინსტრუმენტად განიხილავენ საქართველოში. ხელისუფლება, პოლიტიკური და საექსპერტო წრეები მიიჩნევენ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის კანონის ძალით დადასტურებით ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ საქართველო რეგიონში მტკიცე და სანდო პარტნიორად აღიარა.
ამერიკის შეერთებული შტატების 2017 წლის ბიუჯეტის კანონი, იგივე კონსოლიდირებული ასიგნებების აქტი, რომელიც კონგრესმა 5 მაისს დაამტკიცა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელმოწერის შემდეგ, 6 მაისს შევიდა ძალაში. კანონში საქართველოს მხარდამჭერი ტექსტი რუსეთის აგრესიის ქვეთავის ქვეშ მოექცა, სათაურით “საქართველოს ტერიტორიების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია“. ამ ტექსტის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების 2017 წლის ბიუჯეტის კანონით გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერც ერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, თუ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის თაობაზე, რომ აღნიშნულმა ქვეყანამ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა, ან მათთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა. დოკუმენტი ასევე მიუთითებს, რომ ბიუჯეტით გამოყოფილი თანხები არ უნდა გახდეს ხელმისაწვდომი სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის ოკუპაციის მხარდასაჭერად. დოკუმენტში ნათქვამია ისიც, რომ აშშ-ის ხაზინის მდივანმა უნდა დაავალოს შეერთებული შტატების საფინანსო ინსტიტუტებს, რომ მხარი არ დაუჭირონ დახმარების - მათ შორის სესხების, გრანტების, კრედიტების - გამოყოფას იმ პროგრამებისთვის, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას არღვევენ. ამერიკის შეერთებული შტატების 2017 წლის კონსოლიდირებულ ბიუჯეტში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდამჭერი ტექსტის ასახვა ამერიკა-საქართველოს მტკიცე პარტნიორული ურთიერთობის გამოხატულებად მიაჩნია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძეს. მან საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს მხარდამჭერი რეგულაციები გააცნო საზოგადოებას:
„კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 90 დღისა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კონგრესის შესაბამის კომიტეტს წარუდგენს რუსეთის ფედერაციის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასთან დაკავშირებული ქმედებების ანგარიშს, ოკუპაციასთან დაკავშირებით სავალუტო დანახარჯებს. ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებისთვის გამოყოფილია არანაკლებ 100 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსება რუსეთის ზეგავლენისა და აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად და ასევე კანონი გამოყოფს დამატებით დაფინანსებას „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებისთვის, როგორც ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირებისა და სავაჭრო შეთანხმების იმპლიმენტაციის მიზნით, ასევე საგარეო-ეკონომიკური ფაქტორების ზეგავლენისა და რუსეთის ფედერაციის მხრიდან პოლიტიკური ზეწოლის შემცირების მიმართულებით“.
ამერიკის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა უპრეცედენტო დოკუმენტს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის უპრეცედენტო მხარდაჭერას, ჩვენი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის უპრეცედენტო მხარდაჭერას და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი არაღიარების პოლიტიკის განხორციელებას....ირაკლი კობახიძე
საქართევლოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე, ამბობს, რომ აქტი, საქართველოსთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფასთან ერთად, არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი საქართველოს ტერიტორიების არაღიარების პროცესში. ამ აზრს იზიარებს საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე, რომელიც, თავის მხრივ, არაღიარების პრევენციაზეც ამახვილებს ყურადღებას:
“ამერიკის შეერთებული შტატები ამ აქტით ძალიან მკაფიო მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა, ახდენს იმ შესაძლო განვითარების პრევენციას, რომელიც უკავშირდება სხვა სახელმწიფოების მიერ ოკუპაციის მხარდაჭერას და ამ თვალსაზრისით კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მკაფიო მხარდაჭერას“.
ამერიკის შეერთებული შტატების 2017 წლის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტში საკანონმდებლო დონეზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი ჩანაწერის გაჩენას მიესალმებიან საქართველოს პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე. პრეზიდენტის შეფასებით, კონგრესის ორივე პალატამ, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ და უშუალოდ პრეზიდენტმა ტრამპმა ამ გადაწყვეტილებით კიდევ უფრო გააძლიერეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული თანამშრომლობა, პარლამენტის თავმჯდომარე კი ამბობს, რომ ჩანაწერი თავისი არსითა და მნიშვნელობით უპრეცედენტოა:
“ამერიკის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა უპრეცედენტო დოკუმენტს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის უპრეცედენტო მხარდაჭერას, ჩვენი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის უპრეცედენტო მხარდაჭერას და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი არაღიარების პოლიტიკის განხორციელებას. ეს არის პირველი დოკუმენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, პრაქტიკულად კანონის დონეზე არის საუბარი უკვე ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაზე, ოკუპაციაზე, ჩვენი რეგიონების ოკუპაციაზე რუსეთის მხრიდან“.
რუსეთი არის მთავარი საფრთხე საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტი ჩვენი სახელმწიფოებრიობის და რაც უფრო მკაფიოდ და პოლიტიკის რანგში იქნება ეს აყვანილი, მით უფრო დიდია შანსი იმისა, რომ ამან შეაკავოს რუსეთის შემდგომი აგრესია...ბათუ ქუთელია
ექსპერტულ წრეებში კი მომხდარს ამერიკასთან ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის მიმართულებით წინგადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად აფასებენ.
“კარგია, რომ უკვე, ვთქვათ, უკრაინასთან ერთად, ამერიკის პოლიტიკური ელიტა უფრო მეტად აქტიურად განიხილავს საქართველოს პრობლემებს, საქართველოს საკითხს და უფრო მეტ დაინტერესებას ავლენს საქართველოს და ქართული სახელმწიფოებრიობის მიმართ“, გვითხრა ნიკა ჩიტაძემ.
ბათუ ქუთელია კი ფიქრობს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ამჯერადაც დაამტკიცა, რომ ის არის შეუცვლელი პარტნიორი იმ პრობლემების მოგვარებაში, რომელიც ეხება უსაფრთხოებასა და, მათ შორის, ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას რუსეთის მხრიდან. პრობლემის საკანონმდებლო დონეზე აყვანა, მისი აზრით, არა მარტო გაართულებს სხვა ქვეყნების მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებს თავად აქცევს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის გარანტად. ანუ ეკონომიკური ზეწოლის ის ფორმა, რომელსაც აღიარების კუთხით რუსეთის პოტენციური შანტაჟის მსხვერპლი ქვეყნების მიმართ კანონის ძალით გამოიყენებს ამერიკა, ბათუ ქუთელიას აზრით, ეფექტური იქნება:
“რუსეთი არის მთავარი საფრთხე საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტი ჩვენი სახელმწიფოებრიობის და რაც უფრო მკაფიოდ და პოლიტიკის რანგში იქნება ეს აყვანილი, მით უფრო დიდია შანსი იმისა, რომ ამან შეაკავოს რუსეთის შემდგომი აგრესია, შეაკავოს რუსეთის შემდგომი მცდელობები, რომ ლეგიტიმაცია მოახდინოს იმისი, რაც ძალისმიერი მეთოდებით ტერიტორიებზე საკუთარი გავლენის გაფართოებით აისახება. ეს არა მარტო საქართველოს შეეხება, უკრაინასაც და, ზოგადად, გლობალურ პოლიტიკაში ეს გამოძახილია ასევე იმ ფართო კონსენსუსისა დემოკრატიულ საზოგადოებაში, რომ დღეს დემოკრატიული სამყაროს მთავარი საფრთხე არის რუსეთის ფედერაცია“.
მანამ კი, სანამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საკანონმდებლო დონეზე დაადასტურებდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, საქართველო-აშშს-ს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 25-ე წლისთავისა და ორ ქვეყანას შორის მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის აღსანიშნავად 2 მაისს საქართველოს მხარდამჭერი წერილით დონალდ ტრამპს შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის 30-მა კონგრესმენმა მიმართა. 8-10 მაისს კი, ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის მიწვევით, ამერიკის შეერთებულ შტატებს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი.