საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში საარჩევნო სისტემასთან ერთად ფართო კრიტიკის საგანია ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის მოწყობის პრინციპები. კოალიციაში „ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის“ შემავალი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ კონსტიტუციის პროექტი, რომელსაც პარლამენტი განიხილავს, ვერ ქმნის უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავების, აღსრულების, კოორდინაციის, ზედამხედველობისა და კრიზისული ვითარების მართვის ეფექტურ ინსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს. კონსტიტუციის ახალ პროექტში ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხების მარეგულირებელ ნორმებზე ისაუბრეს საქართველოს უშიშროების საბჭოშიც. 23 ივნისს დარგის ექსპერტებთან გამართული მორიგი შეხვედრის მიზანი კონსტიტუციის პროექტში ასახული ნორმების ფართო ეროვნული კონსენსუსით ჩამოყალიბებისა და კანონმდებლებზე ზეგავლენის მოხდენის კიდევ ერთი მცდელობა იყო. რა ნაკლოვანებებს ხედავენ ექსპერტები კონსტიტუციის პროექტში და როგორ აპირებენ პროცესში მონაწილეობას?
ეროვნული უსაფრთხოების სისტემის ეფექტური საკონსტიტუციო ჩარჩოს შესაქმნელად კოალიციაში „ევრო-ატლანტიკური საქართველოსათვის“ შემავალი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ საჭიროა შეჩერდეს კონსტიტუციის დაჩქარებული წესით მიღების პროცესი, ჩაერთონ საკონსტიტუციო კომისიაში უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებზე მომუშავე კვალიფიციური ექსპერტები და კონსულტაციები გაიმართოს ასევე სტრატეგიულ პარტნიორებსა და საერთაშორისო ექსპერტებთან. საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელების პროცესში საერთაშორისო პარტნიორების ჩართვის აუცილებლობაზე შეთანხმდნენ პრეზიდენტის სასახლეში უშიშროების საბჭოში შეკრებილი სპეციალისტებიც. როგორც უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა განმარტა, დაუშვებელია ეროვნული უსაფრთხოების ეროზია და საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესის ისე დასრულება, რომ მხედველობაში არ იქნეს მიღებული ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები:
ამ მიმართულებით ვისუსტებთ თავს. ანუ ჩვენ გვაქვს სისტემა, როდესაც მშვიდობიანობის დროს გვაქვს ძალიან სუსტი მექანიზმი და მერე, ომიანობის დროს, გადავდივართ ძლიერ ორგანოებზე და ომი არ გამოცხადებულა ევროპაში 1945 წლის მერე. ანუ ომის გამოცხადება თუ არ მოხდა, ჩვენ ამ საფრთხეებს ვერ დავუპირისპირდებით...ნოდარ ხარშილაძე
“გამოწვევები არ შეცვლილა, რეალობა არ შეცვლილა. მიუხედავად რაღაც შიდა პოლიტიკური პროცესებისა, საქართველო ისევ ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგას.შესაბამისად, ჩვენ ვაგრძელებთ ექსპერტებთან კონსულტაციას, თუ როგორი უნდა იყოს ის ნაბიჯები, რომლებიც გააძლიერებს ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას და სისტემას მთლიანად“.
უშიშროების საბჭოს მდივანი აცხადებს, რომ მისთვის მიუღებელია კონსტიტუციის პროექტის ის ჩანაწერი, რომელიც ეხება უშიშროების საბჭოს გაუქმებას და პრეზიდენტის, როგორც უმაღლესი მთავარსარდლის, ფუნქციების შესუსტებას მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილებების გაზრდის ხარჯზე.
კონსტიტუციის ახალი რედაქციის პროექტი, სტრატეგიული ანალიზის ცენტრის ხელმძღვანელ ნოდარ ხარშილაძის თანახმად, ვერ ქმნის სამართლებრივ ჩარჩოებს ქვეყნის მყარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. იგი ამბობს, რომ ცვლილებების მიხედვით, ქვეყნის უსაფრთხოების სისტემა, მოქმედთან შედარებით, სუსტდება. რისკებთან გამკლავების მიმართულებით, მაგალითად, იგი ასახელებს ჰიბრიდულ საფრთხეს:
“ამ მიმართულებით ვისუსტებთ თავს. ანუ ჩვენ გვაქვს სისტემა, როდესაც მშვიდობიანობის დროს გვაქვს ძალიან სუსტი მექანიზმი და მერე, ომიანობის დროს, გადავდივართ ძლიერ ორგანოებზე და ომი არ გამოცხადებულა ევროპაში 1945 წლის მერე. ანუ ომის გამოცხადება თუ არ მოხდა, ჩვენ ამ საფრთხეებს ვერ დავუპირისპირდებით. არც 2008 წელს ყოფილა ომი გამოცხადებული და არც უკრაინაში დღეს“, თქვა ნოდარ ხარშილაძემ.
თავის მხრივ, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი, ყურადღებას ამახვილებს კონსტიტუციის ცვლილებების პროექტში შეიარაღებულ ძალებთან ერთად სხვა შეიარაღებული ძალების ტერმინის შემოტანასა და მისგან მოსალოდნელ საფრთხეებზე - კერძოდ, შეიარაღებული ფორმირებების გაჩენის საფრთხეზე:
“ეს რაღაცა სხვა შეიარაღებული ძალები ჯერჯერობით, ამ წუთის მდგომარეობით, ისევ წერია ტექსტში. მე დიდი ხანი ვიფიქრე, ვის შეიძლებოდა ეს აზრი მოსვლოდა და ერთადერთი გამახსენდა - კობა ნარჩემაშვილი. თუ მხედრიონს არ ვიფიქრებთ, მაშინ შინაგანი ძალების აღდგენა უნდა იქნეს. არ ვიცი, ძალიან რთული შემთხვევაა. თავისთავად ასეთი აზრი რომ გაუჩნდა ხელისუფლებას, რომ რაღაცა ტიპის თოფიანი კაცები შეიძლება ქვეყანაში გააჩინოს, ეს უკვე ძალიან სახიფათოა“.
თინა ხიდაშელის შიში გადაჭარბებული ეჩვენება საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი სესიაშვილს:
“ვცდილობ ხოლმე, რომ ყველა მუხლთან მიმართებაში ის გარკვეული რისკები გავითვალისწინო, რაც ზოგადად არსებობს. ასეთი საფრთხე, რაზეც ქალბატონი თინა მიანიშნებდა, რომ რაღაცა მხედრიონის შექმნა, ეს, რა თქმა უნდა, არასერიოზულია. ასეთი რამ - თეორიული რისკები - რეალურ მოცემულობასთან კავშირში ვერ არის“.
საქართველოს ახალი უსაფრთხოების სისტემის შესაქმნელად კი, პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვის პარალელურად, მუშაობას განაგრძობენ უსაფრთხოების სექტორის ექსპერტები, სამოქალაქო სექტორი და პრეზიდენტის უშიშროების საბჭო. 23 ივნისს გამართულ შეხვედრაზე, კერძოდ, გადაწყდა, რომ გაგრძელდება მუშაობა კონსტიტუციის პროექტში ქვეყნის უსაფრთხოების სექტორში არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად, მათ შორის - პროცესში საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობის გზით.