მესამე დღეა სოფელ ჯარიაშენის ხეხილის ბაღებში რუსეთისა და დე ფაქტო რესპუბლიკის შეიარაღებული დაჯგუფებების წევრები ხეებს ჩეხენ და გზის სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებენ. ადგილობრივმა მოსახლეობამ ამ ნაკვეთებზე წვდომა შარშან დაკარგა, როცა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ეგრეთ წოდებული ახალი სასაზღვრო ზოლი დაადგინეს.
ჯარიაშნელები მიწას ვეღარ ამუშავებდნენ, მაგრამ ფართობებს საძოვრებად იყენებდნენ. სოფლის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ გზის სამუშაოების დაწყებისას საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მათ 70 მეტრით მიახლოება აუკრძალეს და ამით სოფელმა კიდევ რამდენიმე ჰექტარი მიწა დაკარგა, დავით გოგიაშვილის მიწის ნაკვეთი საოკუპაციო ხაზს მიღმა აღმოჩნდა. მისი თქმით, სოფლის მცხოვრებლებმა დაახლოებით 40 ჰექტარამდე მიწა დაკარგეს.
ჯარიაშნელებმა მესაზღვრეებთან მოლაპარაკებაც გამართეს და მხოლოდ იმას მიაღწიეს, რომ ბაღებიდან ამოყრილი ხეები გამოეტანათ.
ამ დღეებში ჯარიაშენში იმყოფებოდა გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი, რომელმაც მომხდართან დაკავშირებით ყველა უწყება საქმის კურსში ჩააყენა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სოფელ ჯარიაშენის განაპირას სამუშაოები არა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად, არამედ ოკუპირეპულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს. უწყებაში აცხადებენ, რომ საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე სამუშაოებს აკვირდებიან. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა სოფელ ჯარიაშენთან განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ მყისიერად აამოქმედა თავის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი,.
როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, პროცესებთან დაკავშირებით სრულადაა ინფორმირებული საერთაშორისო თანამეგობრობა.
სოფელ ჯარიაშენთან პატრულირებდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები. როგორც მისიის ხელმძღვანელმა კიასტუტის იანკაუსკასმა განაცხადა, აღნიშნული ინციდენტი სამშაბათს ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განიხილება.