Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამეთვალყურეო მისია საქართველოში არსებულ ვითარებაზე


7 თებერვალს ბრიუსელში გაიმართა ევროპის პარლამენტის უშიშროებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის სხდომა, რომელზეც, აზრთა გაცვლა-გამოცვლის ფორმატში, საქართველოზე იმსჯელეს საქართველოში ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის ხელმძღვანელმა კესტუტის იანკაუსკასმა, ევროკავშირის სამოქალაქო დაგეგმარებისა და ქმედითუნარიანობის უწყების ხელმძღვანელმა კენეთ დინმა და ევროკავშირში საქართველოს ელჩმა ნატალია საბანაძემ.

განხილვას ევროპარლამენტარებმა ასეთი სახელწოდება შეურჩიეს: „ევროკავშირის სამეთვალყურეო მისია საქართველოში: დღევანდელი ვითარება და სამომავლო პერსპექტივები“. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ შეხვედრის მონაწილეთა გულისყური მიმართული იყო მისიის ხელმძღვანელის, კესტუტის იანკაუსკასის გამოსვლისკენ. მან კი, როგორც ამას თამაშის წესები მოითხოვს, შორიდან დაიწყო და დამსწრეთ სამეთვალყურეო მისიის საქმიანობაზე უამბო, თანაც საქართველოში ყოფნის აუცილებლობაც დაასაბუთა.

„ჩვენ 2008 წლიდან, საომარი მოქმედებების დამთავრების შემდეგ ვმუშაობთ და ამჟამად 200-ზე მეტი საერთაშორისო მეთვალყურე გვყავს. 2009 წლიდან მოყოლებული ჩვენი მისია იქ ერთადერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო წარმომადგენლობაა. დღემდე განხორციელებული გვაქვს 50 ათასზე მეტი საპატრულო გასვლა, ვაგროვებთ ინფორმაციას და ვამზადებთ ანგარიშებს. ჩვენი თანამშრომლების უდიდესი ნაწილი განთავსებულია ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის მახლობლად, რომელიც სეპარატისტულ რეგიონებს თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიისგან ჰყოფს. საქმიანობას განვაგრძობთ, რადგან რუსეთის ფედერაცია კვლავინდებურად არღვევს ექვსპუნქტიანი შეთანხმების მეხუთე პუნქტს, ეს შეთანხმება კი ჩვენი მისიის მანდატის ერთ-ერთი ქვაკუთხედია.“

​კესტუტის იანკაუსკასმა შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ რეგიონში იზრდება სამხედრო წვრთნების რაოდენობა: „განვლილი წლების განმავლობაში, განსაკუთრებით კი შარშან ზაფხულში მისიამ შენიშნა, რომ გაიზარდა სამხედრო წვრთნების ინტენსიურობა. თანაც, არა მხოლოდ რაოდენობის თვალსაზრისით, არამედ გამოყენებული თანამედროვე ტექნოლოგიებისა და შეიარაღების მხრივ. ზოგიერთი სამხედრო ბაზა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის უშუალო სიახლოვეს მდებარეობს და ადგილობრივ მოსახლეობას გამუდმებით ესმის ხმაური, მე ვიტყოდი, ცხოვრება უხდება გამუდმებულ შიშში, აფეთქებებისა და სროლის ხმის თანხლებით. ჩვენ ყურადღებას არ ვადუნებთ, რადგან წელს სამხედრო წვრთნების ახალ სერიას ველით.“

როგორც თავიდან აღვნიშნეთ, ბრიუსელში გამართული შეხვედრის სახელწოდება იყო „დღევანდელი ვითარება და სამომავლო პერსპექტივები“. ამიტომ ცხადია, გამომსვლელები ვერ შემოიფარგლებოდნენ მხოლოდ წარსულსა და ამჟამინდელ ვითარებაზე საუბრით. სამომავლო პერსპექტივებზე მსჯელობისას კი გამომსვლელებმა არაერთი შემაშფოთებელი ვარაუდი გამოთქვეს: ისაუბრეს ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის საქართველოს სიღრმეში გადმოწევაზე, უცხოეთის მოქალაქეების შესახებ სოხუმის ხელისუფლების მიერ მიღებულ ახალ კანონზე და სხვა საკითხებზე. აი, რა თქვა, მაგალითად, იმავე კესტუტის იანკაუსკასმა:

„შესაძლოა, ძალიან მალე მოწმენი გავხდეთ ახალი ცხელი წერტილების გაჩენისა, რადგან საამისოდ საკმარისია, სადმე დაიდგას საზღვრის აღმნიშვნელი ახალი ბოძი, ან ვინმე დააკავონ. პრობლემას ქმნის ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გადასაკვეთად საჭირო დოკუმენტებთან დაკავშირებული გაურკვევლობაც. ასევე გამოვყოფდი აფხაზეთში მიღებულ დე ფაქტო კანონს უცხოეთის მოქალაქეების შესახებ, რომელიც 1 აპრილიდან შევა ძალაში და რომელიც იქაური მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილზე მოახდენს გავლენას.“

XS
SM
MD
LG