მეხუთე დღეა, ვერ ხერხდება ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა. ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ქარი ხელს უწყობს ცეცხლის ხელახლა გაღვივებას, თუმცა, როგორც მთავრობის საგანგებო შტაბში აცხადებენ, ხანძრის ძირითადი მონაკვეთები სპეციალური თხრილების რკალშია მოქცეული, რაც ცეცხლის გავრცელების საშუალებას გამორიცხავს. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 24 აგვისტოს ასევე გაჩნდა ხანძარი სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც რუსეთის საოკუპაციო ძალების წვრთნები მიმდინარეობს. უფრო მეტს იმაზე, თუ რა ვითარებაა სტიქიური უბედურების ზონაში, ჯიმშერ რეხვიაშვილის მიერ მომზადებული მასალიდან შეიტყობთ.
ბორჯომის ტყეში გაჩენილ ხანძარს 1500-მდე ადამიანი და ექვსი ვერტმფრენი ებრძვის. ცეცხლს აქრობენენ მაშველი-მეხანძრეები, მეტყევეები და პოლიციელები.
როგორც საგანგებო შტაბის ხელმძღვანელი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, ხანძრის კერებთან მისასვლელად გაიჭრა 12 კილომეტრი სიგრძის გზა, რომლის მეშვეობითაც ცეცხლის კერებთან მიახლოება შეძლო მძიმე ტექნიკამ:
„შესული არიან ცეცხლის აქტიურ ზონაში, დღის განმავლობაში გაგრძელდება ცეცხლოვანი კერების დამუშავება, როგორც ავიაციით, ასევე ცოცხალი ძალით დამუშავება. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. მინდა, განსაკუთრებულად გამოვხატო მადლიერება იმ დახმარების გამო, რაც მივიღეთ და რასაც ვიღებთ“.
საქართველოს დახმარება ასევე შესთავაზა რუსეთმა, რაზეც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყნებს შორის რთული ურთიერთობის ფონზე ასეთი ინიციატივა მისასალმებელია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ზურაბ ალავიძის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში მობილიზებული ტექნიკა და ცოცხალი ძალა საკმარისია ცეცხლის ჩასაქრობად:
„გვაქვს რამდენიმე კერა ქვემოთ, რომელსაც ვერტმფრენები ამუშავებენ ინტენსიურად. ახლა ვიყავით სპეციალისტებთან ერთად დაზვერვაზე და ზუსტი წერტილები გვაქვს აღებული, რომლებსაც კერა-კერა ამუშავებენ ვერტმფრენები დაღამებამდე. კიდევ ერთხელ ვამბობ, დღეს თუ ქარმა არ შეგვიშალა ხელი, ხვალისთვის გაცილებით უკეთესი მდგომარეობა უნდა გვქონდეს. ვვარაუდობთ, რომ შევძლებთ ლოკალიზებას“.
ზურაბ ალავიძის თქმით, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული უახლოესი დღეების ამინდზე. როგორც რადიო „თავისუფლებას“ ჰიდრომეტეოროლოგიური პროგონოზების სამმართველოს უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, ბორჯომის ხეობაში გაწვიმების ალბათობა კვლავინდებურად დაბალია.
წამოწვიმა და მორჩა. დღეს საღამოს და ხვალ ისევ რჩება შესაძლებლობა ხანმოკლე წვიმის, ოღონდ არა ძლიერი წვიმის. თუ იწვიმა – ანუ სათუოდ გვაქვს საქმე – შეიძლება წაეხმაროს ხანძრის ჩაქრობას...სვეტლანა ნიორაძე
„გუშინაც დასავლეთში ძლიერი წვიმები მოვიდა, მაგრამ ვერ მოაღწია ბორჯომის ხეობამდე, პროგნოზითაც გვქონდა მიცემული ხანმოკლე წვიმა, თუმცა ძალიან მცირე წვიმა იყო. წამოწვიმა და მორჩა. დღეს საღამოს და ხვალ ისევ რჩება შესაძლებლობა ხანმოკლე წვიმის, ოღონდ არა ძლიერი წვიმის. თუ იწვიმა – ანუ სათუოდ გვაქვს საქმე – შეიძლება წაეხმაროს ხანძრის ჩაქრობას“, – უთხრა სვეტლანა ნიორაძემ რადიო თავისუფლეაბას.
წინასწარი მონაცემებით, ხანძარის შედეგად განადგურებული ტყის ფართობმა თითქმის ას ჰექტარს მიაღწია. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ხანძრების კერების გაჩენის თვალსაზრისით, ასევე მძიმე ყოფილა 2014 წელი, როცა 69 ხანძარმა 705 ჰექტარი ტყე შეიწირა და 2015 წელი – 62 ხანძრითა და 169 ჰექტარი განადგურებული ტყით. უნდა ითქვას, რომ წელსაც ხანძრის კერები არ შემოიფარგლა მხოლოდ ბორჯომის ხეობით. 24 აგვისტოს ხანძარს აქრობდნენ სოფელ ორჭოსანთან, ისევე, როგორც დუშეთის რაიონის სოფელ ზემო თვალივში, სადაც მცხეთა-მთიანეთის მხარის გუბერნატორის, ლევან ზაუტაშვილის თქმით, ხანძრის ჩაქრობაში ავიაცია იღებდა მონაწილეობას.
საგანგებო შტაბის მიერ გავრცელებული განცხადებით, ზემო თვალივის გარდა, ხანძარი ლოკალიზებულია ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, სადაც ჯერ კიდევ შეინიშნება დაკვამლიანების რამდენიმე კერა. ასევე მოხერხდა ხანძრის ჩაქრობა ანდაქის ხეობაში, სადაც ცეცხლმა 22 აგვისტოს სოფელ ბახაოში იფეთქა. შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის თქმით, 24 აგვისტოს ბორჯომის ხეობაში ხანძრის ახალი კერები არ გაჩენილა, თუმცა, მიუხედავად ამისა, შტაბის გადაწვეტილებით, სტიქიური უბედურების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული ცოცხალი ძალა 300 მეხანძრე-მაშველით გაიზარდა.