Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორჯომის ხეობა: ხანძარი უკან არ იხევს


ხანძარი ბორჯომის ხეობაში
ხანძარი ბორჯომის ხეობაში

22 აგვისტოს, ძლიერი ქარის გამო, ბორჯომის ხეობაში გაძლიერდა ხანძარი, რომელმაც ტყის ფერდობის 12 ჰექტარზე მეტი გადაწვა. ხანძარმა გაანადგურა პატარა ხეები, რომლებიც რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გადამწვარ ფართობებზე იყო დარგული. ცეცხლს უკვე მესამე დღეა უშედეგოდ ებრძვის რამდენიმე ასეული ადამიანი: მეხანძრე-მაშველები, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები და მოხალისეები. პროცესში ჩართულია რამდენიმე ვერტმფრენი. საქართველოს დახმარების ხელი პარტნიორმა ქვეყნებმა გამოუწოდეს. წაღვერში პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით 21 აგვისტოს ამოქმედდა საგანგებო შტაბი. ვითარება რთულია, მაგრამ – მთავრობა მას საგანგაშოდ არ მიიჩნევს.

ბორჯომის ხეობა: ხანძარი უკან არ იხევს
please wait

No media source currently available

0:00 0:06:46 0:00
გადმოწერა

მიუხედავად იმისა, რომ 21 აგვისტოს დამაიმედებელი პროგნოზები კეთდებოდა, 22 აგვისტოს ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბასთან ახლოს მდებარე ტყის ფერდობზე ცეცხლის ახალი კერები გაჩნდა და ცეცხლი საღამოს სოფელსაც მიუახლოვდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ დამსვენებელთა ერთმა ნაწილმა დატოვა ხანძრის მიმდებარე ტერიტორიები. ხანძრის გაძლიერების მთავარ მიზეზად ძლიერი ქარი სახელდება. ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განსაკუთრებული რეკომენდაციები მათთვის, ვინც ახლოს იმყოფება ხანძრის კერასთან – მათ შორის, საჭიროა პირბადის ტარება და სახლში ყოფნა, დახურული კარ-ფანჯრის პირობებში.

​მიუხედავად იმისა, რომ დღის განმავლობაში ვითარება სულ უფრო რთულდებოდა, მთავრობის წარმომადგენლები მუდმივად იმეორებდნენ, რომ ვითარება პანიკის საფუძველს არ იძლევა და რომ ადგილობრივი მოსახლეობა საფრთხის წინაშე არ დგას. შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი მთელი დღის განმავლობაში ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ვითარება კონტროლს ექვემდებარება:

„საგანგაშო სიტუაცია არ გვაქვს. რაც მთავარია, დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე არ არსებობს. მინდა გითხრათ, რომ დღეს დილიდან მობილიზებული გვყავს შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 500 თანამშრომელი, რომლებიც ჩაერთვნენ ხანძრის სალიკვიდაციო ოპერაციაში. ასევე მუშაობს სპეცტექნიკა, რომელმაც 3-კილომეტრიანი გზა გაჭრა ტყეში იმისთვის, რომ სახანძრო მანქანები მიდგომოდნენ ხანძრის კერებს“.

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების გარდა, ოფიციალური ინფორმაციით, 22 აგვისტოს ხანძრის ჩაქრობას მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა 400-მდე მეხანძრე-მაშველი, 100-ზე მეტი მეტყევე და ასევე ძალიან ბევრი მოხალისე. პროცესში ჩართული იყო რამდენიმე ათეული მძიმე ტექნიკა, რომელიც მობილიზებულია საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის კუთვნილ ორ ვერტმფრენთან ერთად, 22 აგვისტოს დილიდან ხანძარს ებრძოდა აზერბაიჯანიდან გამოგზავნილი ერთი ვერტმფრენი. ბორჯომის ხეობაში მოქმედ საგანგებო შტაბში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, 22 აგვისტოს დილიდან ლაპარაკობდნენ თურქეთიდან გამოგზავნილ ორ ვერტმფრენზე, რომლებსაც ამინდმა შეუშალა ხელი და ბორჯომის ხეობაში ჩაფრენა მხოლოდ საღამოს 7 საათისთვის მოახერხეს. ლაპარაკი იყო ასევე ერთ სახანძრო თვითმფრინავზე, რომელსაც თურქეთიდან დღის ბოლოსთვის ელოდნენ. დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ვერტმფრენითა და მაშველებით ეხმარება ბელორუსიაც. თუმცა, წინასწარვე ითქვა, რომ ავიაცია ღამის საათებში ხანძართან ბრძოლის პროცესს გამოეთიშება და მუშაობას 23 აგვისტოს დილიდან განაახლებს. ღამით იმუშავებენ მხოლოდ ადამიანები და სახმელეთო სახანძრო ტექნიკა.

დახმარებას ცდილობს ამერიკის შეერთებული შტატებიც. ელჩმა იან კელიმ 22 აგვისტოს საღამოს გააკეთა განცხადება – შეერთებული შტატების მხარში დგომის თაობაზე – ამჟამად მიმდინარეობს კონკრეტული დახმარების გზების ძიების პროცესი. საქართველო დახმარებას ელოდება ევროკავშირის ქვეყნებიდანაც. ოფიციალური ინფორმაციით, დახმარების ხელი საქართველოს გამოუწოდა სომხეთმა, სახანძრო ტექნიკისა და ცოცხალი ძალის სახით. საქართველოს დახმარება შესთავაზა რუსეთმაც, თუმცა, როგორც პრემიერ-მინისტრის სიტყვებიდან ირკვევა, ამ დახმარებაზე რბილი უარია ნათქვამი:

მე ვფიქრობ, 12 ჰექტარზე მეტია (დამწვარი) ჯერჯერობით და ქარის მიხედვით, შეიძლება გაიზარდოს... სამწუხაროდ, ახალი ნარგავების ნაწილიც მოყვა (ცეცხლში)... მთელი სატყეო სამსახური მობილიზებულია და ვცდილობთ, რომ რაღაცნაირად გადავარჩინოთ, რაც დარჩა...
თორნიკე გვაზავა

„ჩვენ უდიდესი პასუხისმგებლობა გვაკისრია, რომ მოსახლეობა დავიცვათ ამ სტიქიისგან. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა განვიხილოთ აბსოლუტურად ყველა ვერსია და ყველა ვარიანტი... რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი - რუსულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, უბრალოდ, ამ დახმარების პირობებში არ გახდა საჭირო ეს დახმარება... ჩვენ ამ ძალებით ამას ყველაფერს ავუვალთ და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არავითარი აჟიოტაჟის საფუძველი არ არის“.

ოფიციალური ინფორმაციით, საგანგებოდ გაიჭრა გზები, რამაც შესაძლებელი გახადა ხანძრის მთავარ კერამდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეუფერხებელი გადაადგილება. მიმდინარეობს თხრილების გავლებაც. თუმცა ჯერჯერობით ხანძარი უკან არ იხევს. ზოგიერთ ადგილას მაშველებს მუშაობა უჭირთ, გაძლიერებული ქარისა და ძლიერი დაკვამლიანების გამო. 22 აგვისტოს აშკარა იყო, რომ ცეცხლი უფრო დიდ ფართობზე გავრცელდა. დაზუსტება ყველა უწყებას უჭირს, მაგრამ ვითარების შესახებ გარკვეულ წარმოდგენას ქმნის ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის, თორნიკე გვაზავას მიერ სამშაბათს, დღის პირველ ნახევარში, გაკეთებული კომენტარი:

„მე ვფიქრობ, 12 ჰექტარზე მეტია (დამწვარი) ჯერჯერობით და ქარის მიხედვით, შეიძლება გაიზარდოს... სამწუხაროდ, ახალი ნარგავების ნაწილიც მოყვა (ცეცხლში)... მთელი სატყეო სამსახური მობილიზებულია და ვცდილობთ, რომ რაღაცნაირად გადავარჩინოთ, რაც დარჩა“.

ბორჯობის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს 22 აგვისტოს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტიც. გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა მეგობარ ქვეყნებს, ასევე ხანძართან ბრძოლის პროცესში ჩართულ ყველა ადამიანს, მოხალისეებს მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდა და მთავრობას მუშაობა მოუწონა:

„ძალიან მაღალი ხარისხის კოორდინაციაა. ბატონი პრემიერ-მინისტრი და მინისტრები ადგილზე იმყოფებიან და ამ უბედურებასთან გამკლავების პროცესში არიან აქტიურად ჩართულები... მინდა მადლობა გადავუხადო საზოგადოებას, რომელიც აქტიურად არის ჩართული და მინდა ვთხოვო მოხალისეებს – არაფრის დიდებით არ განახორციელონ დამოუკიდებელი ღონისძიებები და თავიანთი დახმარება შესთავაზონ იმ შტაბს, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს“.

„მწვანეთა მოძრაობის“ ხელმძღვანელი ნინო ჩხობაძე ფიქრობს, რომ ბორჯომის ხეობაში ხანძართან ბრძოლის პროცესი ხანმოკლე არ იქნება, რადგანაც ტყის ხანძრებთან ბრძოლა ძალიან რთულ გამოწვევას წარმოადგენს. როგორც მან უთხრა „რადიო თავისუფლებას“, ჩვეულებრივისგან განსხვავებით, ტყის ხანძარს სპეციფიკური თავისებურება ახასიათებს და მისი ჩაქრობა ძალიან რთული საქმეა:

„ასე მარტივი ჩასაქრობი არ არის, როგორც ჰგონიათ... თუკი ჩვეულებრივ ხანძარს ჩააქრობ წყლით, ქაფით ან რაღაცით, ის მერე აღარ ვრცელდება; ხოლო ტყის ხანძარს ახასიათებს მიწისქვეშა ხანძარი და სრულიად შესაძლებელია, რომ ნახევარ კილომეტრში სადღაც უცებ ბოლი ამოვიდეს და ისევ გაღვივდეს ხანძარი. ასე შეიძლება გავრცელდეს. განსაკუთრებით ბორჯომის ხეობაში ასეთი პრაქტიკა არსებობს... ხანძრის ლოკალიზებას სჭირდება თხრილები და უნდა გაიკაფოს გარშემო ტერიტორია, რათა არ გავრცელდეს ხანძარი“.

ნინო ჩხობაძე ამბობს, რომ, ტყის ხანძრებთან ბრძოლის კუთხით, საგანგებო ყურადღება უნდა დაეთმოს პრევენციას და სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ზუსტად გაწერილი სამოქმედო გეგმა, რაც ამ ეტაპზე არ არსებობს. გარემოსდამცველის თქმით, აუცილებელია, რომ ხანძარსაშიშ ტერიტორიებზე და განსაკუთრებით ტყის ზონებში მოქმედებდეს საგუშაგოები, უნდა იყოს გაყვანილი სპეციალური ბილიკები და მომზადებული უნდა იყოს წყლის აუზები.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG