Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში ისევ ირწმუნებიან, რომ დასავლეთი საქართველოში "ფერადი რევოლუციის" მოწყობას ცდილობს


სერგეი ლავროვი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
სერგეი ლავროვი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

მოსკოვში მორიგ ჯერზე ირწმუნებიან, რომ დასავლეთი ცდილობს საქართველოში "ფერადი რევოლუციის" მოწყობას.

„კოლექტიური დასავლეთი შიდა კონფლიქტების, დაძაბულობის კერების პროვოცირებას ახდენს, არ ეთაკილება სხვადასხვა ბინძური გეოპოლიტიკური ტექნოლოგიის გამოყენება - მასშტაბური საინფორმაციო ომის ორგანიზებიდან ფერადი რევოლუციების პირდაპირ გაღვივებამდე, როგორც ამის გაკეთებას ცდილობს ახლა საქართველოში“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დსთ-ს უშიშროებისა და სადაზვერვო სამსახურების 20-ე სხდომაზე.

რუსეთი იმედოვნებს, რომ დასავლეთის მცდელობები, მოაწყოს საქართველოში "ფერადი რევოლუცია", ჩაფლავდება. ამის შესახებ ამავე სხდომაზე განაცხადა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსმა სერგეი ნარიშკინმა.

„დღეს თბილისი მორიგი ფერადი რევოლუციის მცდელობას აწყდება, უფრო სწორედ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას. იმედს ვიქონიებთ, რომ ის ჩაფლავდება, როგორც მანამდე იშლებოდა დასავლეთის თავხედური მცდელობები, შეერყია ბელარუსი და ყაზახეთი“, - განაცხადა ნარიშკინმა.

მანვე დაამატა, რომ საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ „დაშორდა ულტრალიბერალურ დღის წესრიგს და შეუდგა ეროვნული ინტერესების, ტრადიციებისა და საქართველოს საზოგადოების ფასეულობების დაცვას“.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე ნარიშკინი ამბობდა, რომ დასავლეთის მცდელობის მიუხედავად, ჩარეულიყო ქვეყნის შიდა საქმეები, დარწმუნებული იყო, რომ ქართველი ხალხი გააკეთებდა „სწორ და ზუსტ არჩევანს“.

25 ნოემბერს, 26 ოქტომბრის არჩევნებიდან ერთ თვეში, მე-11 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა ვერ შეაჩერა ვერც არჩევნების გასაჩივრებულმა შედეგებმა და ვერც საპროტესტო აქციებმა. „ქართული ოცნების“ წევრები პოლიციის მრავალშრიანი კორდონის გაძლიერებული დაცვით შევიდნენ პარლამენტის შენობაში.

მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას არ დასწრებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები - ისინი „ოცნებას“ არ მიუწვევია.

შეზღუდული იყო მედიის დაშვებაც.

საქართველოს პრეზიდენტი, სამოქალაქო საზოგადოება და ბარიერგადალახული ოპოზიციური ჯგუფები არ აღიარებენ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს. ევროკავშირი საქართველოში „ფაქტების შემსწავლელი“ მისიის გამოგზავნას აპირებს, საერთაშორისო პარტნიორები კი, გაყალბების „სერიოზული ეჭვების“ გამო, სადავო შედეგების შესწავლას ითხოვენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG