ამ შინაარსის პოსტებით რუსული ქსელი ტელეგრამი 27 ნოემბერს გაივსო.
რუსეთის ჩემპიონი საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატია, - წერენ პროკრემლისტური ტელეგრამარხები მას შემდეგ, რაც “ქართულმა ოცნებამ” მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა.
“რადიო თავისუფლებამ”, სულ ცოტა, 13 მსგავსი სათაური დაითვალა. ტელეგრამის პოსტებმა ათიათასობით ნახვა მოაგროვა.
ყოფილი ფეხბურთელი ყაველაშვილი მხოლოდ რუსეთის ჩემპიონი როდია. 1998 წელს, მან შვეიცარიის ჩემპიონატი მოიგო კლუბ გრასჰოპერსის შემადგენლობაში.
მაგრამ შვეიცარია პროპაგანდას არ აინტერესებს, რუსეთში მისი სპორტული წარმატება კი კარგად საღდება.
ზოგი პროპაგანდისტი ხალისობს კიდეც.
“ახლა უპოვიან კაგებეს აგენტის პირად საქმეს, რომელიც ზრდიდა ფეხბურთელს და წინასწარ აყალიბებდა რუსული გავლენის აგენტად”, - სარკასტულად წერს არხი “მთელი რუსეთის ფედერაცია”.
“[ყაველაშვილი] უეჭველად კრემლის აგენტია”, - ასევე სარკასტულია კიდევ ერთი პროპაგანდისტი, სერგეი მარდანი.
რუსეთის ჩემპიონობას თუ სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, ყაველაშვილის ბიოგრაფიის სხვა დეტალებში პროპაგანდა უკვე კონკრეტულ სარგებელს ხედავს.
მან დააფუძნა ანტიდასავლური განწყობებით ცნობილი პარტია და არაერთხელ დაადანაშაულა აშშ-ის საელჩო იმაში, რომ ის საქართველოში “მეორე ფრონტის” გახსნას ცდილობს, - წერს კრემლის პროპაგანდის ბოსი, ვლადიმირ სოლოვიოვი.
ანტიდასავლური კანდიდატი
კოლექტიური დასავლეთი რუსეთს საომრად იწვევს და მის სამეზობლოში სახელმწიფო გადატრიალებებს აწყობს, - ეს კრემლის პროპაგანდის ნარატივია, და ბოლო თვეებში უკვე “ქართული ოცნებისაც”.
მაგრამ 2022 წელს “ქართული ოცნება” ამის თქმას ერიდებოდა. ყაველაშვილი და მისი პარტია “ხალხის ძალა” კი - არა.
სოზარ სუბართან, დიმიტრი ხუნდაძესა და გურამ მაჭარაშვილთან ერთად, იგი წამოვიდა “ქართული ოცნებიდან”, რათა ეთქვა ის, რასაც ხელისუფლება მაშინ ვერ იტყოდა.
ყაველაშვილი ამტკიცებდა, რომ “აშშ-ის სააგენტო იყენებს თავის საელჩოს საქართველოში პოლარიზაციისა და ხელისუფლების ცვლილებისთვის”, - იხსენებს კრემლის საერთაშორისო მედიაჰოლდინგი “რაშა თუდეი”.
სწორედ იგი ალაპარაკდა პირველი იმაზე, რომ “დასავლეთი უსამართლოდ ესხმის თავს საქართველოს ხელისუფლებას”, - წერს არხი “კრემლის კოშკები”.
2023 წელს, ყაველაშვილი იყო ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის ინიციატორი. პირდაპირ აცხადებდა, რომ აშშ საქართველოში აფინანსებს ცალკეულ ენჯეოებს, ოპოზიციურ პარტიებსა და მედიას, - წერს კრემლის მედიასაშუალება “სპუტნიკი”.
იგი დაეხმარება საქართველოს, “ძლიერი და სუვერენული სახელმწიფოს აშენებაში", - ამტკიცებს პროკრემლისტური ორგანიზაციის, “რუსეთის საჯარო პალატის” ხელმძღვანელი, ვლადიმირ როგოვი.
პრეზიდენტობა ყაველაშვილის ჯილდო იქნება იმისთვის, რომ “ხალხის ძალას ბოლო ოთხი წელიწადი” ტარანად იყენებდნენ, - წერს გამოცემა “ვზგლიადი” (თვალთახედვა).
“უცხოეთის აგენტი” მიდის
ზოგი პროპაგანდისტი კი მიესალმება არა მხოლოდ ყაველაშვილის შესაძლო მოსვლას, არამედ მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მოახლოებულ წასვლასაც.
ზურაბიშვილი კრემლის პროპაგანდას გულზე მას შემდეგ არ ეხატება, რაც მან “ქართული ოცნების” კრიტიკა დაიწყო.
“ყაველაშვილი თანამდებობას დაიკავებს“ ამერიკელთა ემისრის, სალომეს ნაცვლად”, - წერს ერთი არხი.
“საქართველოში “ყოფილი ფეხბურთელი უცხოეთის აგენტს ჩაანაცვლებს”, - მსჯელობს გამოცემა “პოლიტნავიგატორი”.
“ივანიშვილმა პროდასავლურ ოპოზიციას ქიში და შამათი დაუსვა - მან არჩევნებში ანტიდასავლური ლოზუნგებით გაიმარჯვა და პოლიტიკური ჭადრაკის დაფიდან პროდასავლურ პრეზიდენტსაც მოიშორებს”, - წერია სტატიაში.
ყაველაშვილის მთავარი ღირსება სწორედ ისაა, რომ იგი “ქართულ ოცნებას” იქნება დაქვემდებარებული, - უთხრა “სპუტნიკს” კრემლის მხარდამჭერმა პოლიტოლოგმა, ნიკოლაი სილაევმა.
ფორუმი