ანატოლი გიგაურმა სასამართლო სხდომაზე პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე ილაპარაკა. მას შუბლის არეზე, წარბთან, სისხლის კვალი ეტყობოდა.
"სანაპიროთი წამოვედით „ვეფხი და მოყმეს“ მხარეს. პოლიციამ უკნიდან გვანიშნა, რომ გაგვეჩერებინა მანქანა... კარი გავაღე, დავდექი და ხელი დავალაგე საპატრულო მანქანის საბარგულზე, წინააღმდეგობას არ გიწევთ-მეთქი.
ამ დროს მომვარდა ორი პოლიციელი და ზურგს უკან ხელბორკილები დამადეს. მერე მესმის ხმები, აქეთ გამოიყვანეო. მანქანის უკან გამიყვანეს, ამბობდნენ, ვის დაარტყი ხელიო და თან თავში უამრავი რაღაც მომხვდა. დაბლა ვიხედებოდი, მაღლა ვერ ვწევდი თავს. დამახეთქეს ძირს და რაღაც დროის განმავლობაში მცემდნენ. შემდეგ ამაყენეს ფეხზე, უკვე სისხლი მომდიოდა, სურათები გადამიღეს“, - უთხრა ბრალდებულმა მოსამართლეს.
მისი თქმით, პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის დროს მას ავტომობილში გვერდით პოლიციელები დაუსხდნენ და ცდილობდნენ მისთვის სისხლდენა შეეჩერებინათ.
„მანქანა გააჩერეს, აფთიაქში შევიდნენ, რაღაც საშუალებები იყიდეს და ვაშლიჯვრის ასახვევში სისხლი მომწმინდეს. გზაში ურეკავდნენ ჩემ გვერდზე მჯდომს, ეკითხებოდნენ, სისხლი თუ შეუწყვიტეთო...
შემდეგ საპატრულოს შენობაში მიმიყვანეს. ერთ-ერთ ოთახში შემიყვანეს, მკითხეს, კაცურად გვითხარი, რა მოხდაო. სისხლზე ვანიშნე, ეს მოხდა-მეთქი. მაძალებდნენ, რომ ეს ტანსაცმელი გამეხადა და მათი მოტანილი ტანსაცმელი ჩამეცვა, რაზეც უარს ვაცხადებდი“, - თქვა დაკავებულმა სასამართლო პროცესზე.
არჩევნების შედეგების საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი მონაწილე, 44 წლის ანატოლი გიგაური პოლიციამ 24 ნოემბერს, გვიან ღამით დააკავა თბილისში. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ტელეკომპანია „იმედმა“ იმავე ღამით გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ჩანდა, როგორ ურტყამდა სახეში ხელს ანატოლი გიგაური პოლიციელს.
მოქალაქეებსა და პოლიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირება 24 ნოემბრის ღამეს მოხდა თბილისში, მას შემდეგ, რაც რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ, რათა პარლამენტის შენობისკენ მსვლელობა მოეწყოთ.
პოლიციამ რესპუბლიკის მოედანზე ავტომობილებით გადაადგილება შეზღუდა, მათ შორის აქციის მონაწილეებისთვისაც, და მათ უთხრა, რომ შეეძლოთ ფეხით გაეგრძელებინათ გზა.
ცესკოს მონაცემების თანახმად, მე-11 მოწვევის პარლამენტში “ქართულ ოცნებას” 150-დან 89 მანდატი აქვს, ხოლო ოთხ ოპოზიციურ პლატფორმას - ჯამში 61 მანდატი. ოპოზიციური პარტიები და პრეზიდენტი არჩევნებს გაყალბებულს უწოდებენ და შედეგებს არ აღიარებენ.
ფორუმი