ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბასთან ახლოს, სადაც ხანძარს უკვე მეოთხე დღეა ებრძვიან, 23 აგვისტოს დღის პირველ ნახევარში შედარებით უკეთესი მდგომარეობა იყო, თუმცა საღამოს, ძლიერი ქარის გამო, ცეცხლის ახალი კერა გაჩნდა და ხანძარი კვლავ მიუახლოვდა დასახლებულ ტერიტორიას. მიუხედავად ამისა, როგორც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ბორჯომის ხეობაში მოქმედ საგანგებო შტაბში აცხადებენ, საერთო სურათი გაუმჯობესებულია და ხელშესახები შედეგების მიღწევა დიდწილად შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც ხანძართან ბრძოლის პროცესში საქართველოს პარტნიორი ქვეყნები ჩაერთვნენ - ცოცხალი ძალის, საფრენი აპარატებისა თუ სახმელეთო სახანძრო ტექნიკის მოწოდებით. ჯერჯერობით არ განიხილება ბორჯომის ხეობაში ხანძართან ბრძოლის პროცესში საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ჩართვის საკითხი, როგორც ეს 22 აგვისტოს ატენის ხეობაში, სოფელ ბოშურში გაჩენილი ხანძრის შემთხვევაში მოხდა. პროცესში ჯარისკაცების ჩართვის თაობაზე პრეზიდენტის შესაბამის ბრძანებას პარლამენტმა 23 აგვისტოს, რიგგარეშე სხდომაზე დაუჭირა მხარი. ბოლო პერიოდში მოხშირებული ხანძრების ფონზე შეკითხვები ჩნდება დივერსიის ალბათობასთან დაკავშირებით.თემას ლელა კუნჭულია განავრცობს.
ძალიან მძიმე გასული დღის შემდეგ, 23 აგვისტოს დღის პირველ ნახევარში ბორჯომის ხეობაში არსებული მდგომარეობა ბევრისთვის გაცილებით დამაიმედებლად გამოიყურებოდა. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედ საგანგებო შტაბში ვარაუდობდნენ, რომ ხანძრის ლოკალიზაცია სულ გვიან ხვალისთვის იქნებოდა შესაძლებელი და შემდეგ უკვე დაიწყებოდა ხანძრის ლიკვიდაციის პროცესი. მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლის რამდენიმე კერა კვლავაც დიდ ძალისხმევას საჭიროებდა, პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი მაინც ოპტიმისტურად იყო განწყობილი:
ჩვენ დავინახეთ, რამდენი გულწრფელი მეგობარი ჰყავს საქართველოს, რამდენი გულწრფელი მეგობარი გვყავს ქართველებს - სომხები, აზერბაიჯანელები, თურქები, ბელორუსები, პოზიცია დაფიქსირდა ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისგან...გიორგი მარგველაშვილი
„ცეცხლის გავრცელების არეალი გაცილებით არის შემცირებული. რჩება რამდენიმე კერა, განსაკუთრებულად კი წაღვერისა და ტიმოთესუბნის ქედზე გავრცელებული ცეცხლი. ამ წუთას მთელი ავიაციის რესურსის მობილიზება ხდება ზუსტად ამ კერაზე, რათა საღამოსთვის ცეცხლი შევამციროთ მაქსიმალურად... ერთობლივი ძალებით აუცილებლად დავამარცხებთ ამ სტიქიას და აუცილებლად მეორე დღიდანვე დავიწყებთ მუშაობას იმისთვის, რომ ეს ჩვენი უნიკალური ბორჯომის ტყე-პარკი აღვადგინოთ. დანაკარგი მძიმეა, მაგრამ გული არ გავიტეხოთ.“
ოპტიმისტური განწყობა მთავრობის წარმომადგენლებს არც დღის მეორე ნახევარში დაუკარგავთ, მაგრამ საგანგებო შტაბის ცნობით, საღამოს, ქარის გაძლიერების კვალდაკვალ, ცეცხლი კვლავ გაძლიერდა და ერთი ახალი კერაც გაჩნდა. თუმცა ამავე წყაროს ინფორმაციით, ახალ კერამდე გზა უკვე გაყვანილია, მიმდინარეობს მუშაობა და ამ ეტაპზე არ არსებობს ხანძრის სოფელის ტერიტორიაზე გადასვლის რისკი.
მეხანძრე-მაშველებთან, შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებთან, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებთან, მოხალისეებთან და სახანძრო მანქანებთან ერთად, 23 აგვისტოს, მთელი დღის განმავლობაში ბორჯომის ხეობაში ხანძარს 6 ვერტმფრენი და ერთი სახანძრო თვითმფრინავი ებრძოდა - თუმცა ღამის საათებში მათი მუშაობა შეზღუდულია. საფრენი აპარატები, სახმელეთო სახანძრო ტექნიკა და ცოცხალი ძალა საქართველოს მიაშველა: თურქეთმა, აზერბაიჯანმა, სომხეთმა და ბელორუსიამ. მეგობრებს დახმარებისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ბევრმა და მათ შორის ხელისუფლების უმაღლესმა პირებმა. საგანგებო მადლიერება გამოხატა პრეზიდენტმა მარგველაშვილმაც, რომელიც 23 აგვისტოს ბორჯომის ხეობაში ჩავიდა და იქ მოქმედ საგანგებო შტაბში მთავრობის წარმომადგენლებსაც შეხვდა:
„ჩვენ დავინახეთ, რამდენი გულწრფელი მეგობარი ჰყავს საქართველოს, რამდენი გულწრფელი მეგობარი გვყავს ქართველებს - სომხები, აზერბაიჯანელები, თურქები, ბელორუსები, პოზიცია დაფიქსირდა ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისგან... ამ რთულ მომენტში, როდესაც იბრძვი იმისთვის, რომ არ იყოს ადამიანური, არ იყოს მატერიალური ზარალი, რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნო და მნიშვნელოვანია.“
ჯერჯერობით არ არსებობს გადაწყვეტილება ბორჯომის ხეობაში ხანძართან ბრძოლის პროცესში საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ჩართვის თაობაზე, ისევე როგორც ეს 22 აგვისტოს, ატენის ხეობაში სოფელ ბოშურში გახდა საჭირო. სამშაბათს ღამით, ხანძარს იქ დიდი შემართებით ებრძოდა პირველი ქვეითი ბრიგადის 250 სამხედრო მოსამსახურე. ადგილზე სამხედროებთან ერთად მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი. ხანძართან ბრძოლის პროცესში ასევე მონაწილეობდნენ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები. ხანძარი ატენის ხეობაში უკვე დამარცხებულია, თუმცა ტერიტორიის მონიტორინგი კიდევ ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
ხანძართან ბრძოლის პროცესში ჯარისკაცები მას შემდეგ ჩაერთვნენ, რაც, პრემიერის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტმა 22 აგვისტოს #5 ბრძანება გამოსცა. ეს ბრძანება 23 აგვისტოს პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე ხმის უმრავლესობით, დებატების გარეშე დამტკიცდა. სხდომას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უძღვებოდა:
„კენჭი ეყრება საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს „საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის - 2017 წლის 22 აგვისტოს #5 ბრძანების დამტკიცების“ თაობაზე... 116 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი - გადაწყვეტილება მიღებულია.“
იმ ფაქტს, რომ საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის მე-100 მუხლის თანახმად, სტიქიური უბედურებების დროს ჯარის გამოყვანას პარლამენტის თანხმობა ესაჭიროება, ხარვეზად მიიჩნევს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, ხარვეზი მალე გამოსწორდება:
„ასეთ რთულ ვითარებაში, მაშინ, როდესაც სტიქიურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე და საფრთხეები ყოველწუთიერია, პრეზიდენტის მიერ აქტის გამოცემის შემდეგ არ უნდა იყოს საჭირო პარლამენტის მიერ ამის დამტკიცება... ეს გათვალისწინებულია კონსტიტუციის პროექტის ახალ რედაქციაში და ახალი რედაქციით, უკვე პრემიერს ექნება იმის უფლებამოსილება, რომ სტიქიური შემთხვევების დროს გამოიყენოს სამხედრო ძალა.“
ის, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში ხანძრები გახშირდა, დივერსიასთან დაკავშირებული ლოგიკურ შეკითხვებს უჩენს ბევრს და მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებსაც. ამის შესახებ 23 აგვისტოს კომენტარები გაკეთდა პარლამენტშიც და მთავრობაშიც. მინიშნება გააკეთა შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმაც:
„ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე ჯერ ვერ გესაუბრებით, ისევე, როგორც ვერ გეტყვით - რა ფართობზეა გავრცელებული ხანძარი... ლიკვიდაცია როდესაც მოხდება ხანძრის, შემდეგ შევძლებთ ამ დეტალებზე საუბარს... მე, როგორც პოლიციელი, არაფერს არ გამოვრიცხავ და ყველა ვერსიაზე ვმუშაობთ.“
ხანძრის გაჩენის ერთ-ერთი მთავარია მიზეზია ასევე განათლებისა და ცნობიერების პრობლემა, რაც ჩვენ სამწუხაროდ გვახასიათებს... პრობლემაა ასევე ტყეების არასწორი მართვა და ტყეში მკვდარი ბიომასის არსებობა...რეზო გეთიაშვილი
ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროში დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მიხედვით - რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას შეეხება. რუსეთის მტრული განწყობების გათვალისწინებით, დივერსიის ალბათობას არც გარემოსდამცველები გამორიცხავენ და ამის შესახებ რადიო თავისუფლებასთან რეზო გეთიაშვილმაც ილაპარაკა. თუმცა მისი თქმით, არსებობს კიდევ სხვა არაერთი ფაქტორი, რასაც ასევე შეიძლება გამოეწვია ხანძრების გახშირება:
„ვიცით, რომ სტატისტიკურად, ძირითადად ხანძარი ჩნდება ივლისის მეორე ნახევრიდან აგვისტოს განმავლობაში და ჩნდება ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოში - სადაც ძირითადად წიწვოვანი ხეებია... ხანძრის გაჩენის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ასევე განათლებისა და ცნობიერების პრობლემა, რაც ჩვენ სამწუხაროდ გვახასიათებს... პრობლემაა ასევე ტყეების არასწორი მართვა და ტყეში მკვდარი ბიომასის არსებობა... ასევე ტყის მენეჯმენტში ხანძარსაწინააღმდეგო ზომების წლების განმავლობაში არჩატარება... არსებობს პრობლემები რეაგირების პროცესშიც - ჩვენ ვერ ვახდენთ ხანძრის ჩაქრობას საწყის ფაზაში, როდესაც ეს უმტკივნეულოდ შეიძლება გაკეთდეს და შედეგად ჩვენ ვიღებთ მასშტაბურ ბუნებრივ კატასტროფებს.“
რეზო გეთიაშვილის თქმით, აუცილებელია, რომ ხანძრის დამარცხების შემდეგ ზუსტად გაანალიზდეს პრაქტიკაში დაშვებული შეცდომები და საკანონმდებლო ხარვეზები, რათა სამომავლოდ უფრო დიდი უბედურებები ავიშოროთ თავიდან.