ორწლიანი ინტენსიური მუშაობის შემდეგ, გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებითა და რეკომენდაციებით, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა შეიმუშავა კანონპროექტი "ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ", რომელიც პარლამენტში დეკემბრის ბოლოს დარეგისტრირდა და რომელიც ამ სფეროს საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგებასა და ამ მიმართულებით ცენტრალური ხელისუფლების როლისა და კომპეტენციების განსაზღვრას ითვალისწინებს.
დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში არ არსებობს ერთიანი სამართლებრივი აქტი, რომელიც სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროს დაარეგულირებდა. ამ სფეროს, რომელიც 6 წლამდე ასაკის ბავშვების აღზრდასა და განათლებაზეა პასუხისმგებელი, დღემდე არეგულირებს სხვადასხვა ჩანაწერები, მაგალითად, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“, სააღმზრდელო დაწესებულებების შინაგანაწესებში, კვების, ჯანდაცვისა და ჰიგიენის შესახებ არსებულ ზოგად კანონმდებლობებში, პრემიერ-მინისტრის დადგენილებებში და სხვა.
ორწლიანი მუშაობის შემდეგ, გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებითა და რეკომენდაციებით, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა შეიმუშვა კანონპროექტი "ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ", რომელიც პარლამენტში დეკემბრის ბოლოს დარეგისტრირდა და რომელიც ამ სფეროს საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგებასა და ამ მიმართულებით ცენტრალური ხელისუფლების როლისა და კომპეტენციების განსაზღვრას ითვალისწინებს.
მაია ყუფარაძე, გაეროს ბავშვთა ფონდის განათლების პროგრამების ხელმძღვანელი, არის ერთ-ერთი, ვინც კანონპროექტზე მუშაობისას მთელი რიგი რეკომენდაციები შეიმუშავა. სწორედ ამ რეკომენდაციების გათვალისწინებით დაიწერა კანონპროექტი, რომელშიც ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროს დამარეგულირებელი ყველა ძირითადი სტანდარტია თავმოყრილი. ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, რომელიც კანონპროექტზე მუშაობისას იმთავითვე გამოიკვეთა, მაია ყუფარაძის თქმით, არის მიდგომა, რომლის მიხედვითაც, სკოლამდელ დაწესებულებებში უნდა განვითარდეს განათლების კომპონენტი:
„ეს კომპონენტი საქართველოში დღეს არ არსებობს. არ არსებობს ეროვნული სტანდარტი და რეგულაციები არც სააღმზრდელო და არც საგანმანათლებლო მიმართულებით. ანუ, აღმზრდელი ისე შედის ჯგუფში, რომ ის არ არის აღჭურვილი შესაბამისი ცოდნითა და უნარებით, თუ როგორ წარმართოს სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესი მცირეწლოვან ბავშვთან“.
გარდა საგანმანათლებლო კომპონენტის განვითარებისა, მაია ყუფარაძის თქმით, პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი გულისხმობს ძალადობისაგან დაცვის მექანიზმის შემუშავებასაც. ეს მოიცავს როგორც პრევენციის, ისე ინტერვენციის მიმართულებებს. მაია ყუფარაძე გამოთქვამს წუხილს იმის გამო, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში აღმზრდელთა ნაწილი ჯერ კიდევ ვერ მიჯნავს ერთმანეთისგან ძალადობასა და დისციპლინას. მას მაგალითად მოჰყავს გასულ წელს სახალხო დამცველის ბავშვთა უფლებების ცენტრის მიერ ჩატარებული სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მონიტორინგის შედეგები. ამ შედეგების თანახმად, იმ 61 დაწესებულებიდან, სადაც მონიტორინგი განხორციელდა, 70 %-ში დაფიქსირდა ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევები, ხოლო 40 %-ში - ფიზიკური ძალადობისა და სხეულებრივი სასჯელის გამოყენების პრაქტიკა. მაია ყუფარაძე ლაპარაკობს იმ პერსპექტივაზე, რომელიც უნდა გამოჩნდეს კანონის ამოქმედების შემთხვევაში:
„აღმზრდელს განემარტება, თუ რა არის ძალადობა და როგორ უნდა მოხდეს მისი უგულებელყოფა, რადგან დღეს მათ ძალადობა დისციპლინისგან ვერ განუსხვავებიათ. რაც შეეხება თავად ინტერვენციის საკითხს, არსებობს ჯანდაცვის სამინისტროს რეგიონული სამსახურები, რომლებიც დაკომპლექტებულია სოციალური მუშაკებით და თუკი გამოვლინდება ძალადობის შემთხვევები, აუცილებლად უნდა მოხდეს დაკავშირება სოციალურ მუშაკებთან, რომლებმაც უკვე იციან, როგორი რეაგირება უნდა მოახდინონ ამ საკითხზე“.
ნინო ბურძენიძე, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ ძალადობის ფაქტების გამოვლენასთან დაკავშირებით უკანასკნელი ორი წლის მანძილზე სამი აღმზრდელი გათავისუფლდა სამსახურიდან. რაც შეეხება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში ერთიანი სამართლებრივი აქტის შემუშავებას, ის ამ ფაქტს მიესალმება და ამბობს, რომ ეს აქტი გაცილებით ნაყოფიერს გახდის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მუშაობას:
„ამ კანონპროექტით პრიორიტეტული საკითხებია წინ წამოწეული. რეგულირდება ბავშვის ასაკი, მათი უფლებები, განათლების უფლება, საკადრო-ადამიანური რესურსი, რეგულირდება კვების, ჰიგიენის, აღზრდისა და განვითარების, ინკლუზიური განათლების პრინციპები და ა.შ., ანუ კანონპროექტი მოიცავს ამომწურავად ყველა იმ საკითხს, რომელიც ადრეული და სკოლამდელი აღზრდის საკითხებში არის პრიორიტეტული ბავშვისთვის და დაწესებულებებისათვის მნიშვნელოვანი, როგორც სამოქმედო დოკუმენტი“.
სკოლამდელი განათლების ის მოდელი, რომელიც დღეს ფუნქციონირებს, არ არის რეალური გზა იმისათვის, რომ ბავშვი დაწყებითი განათლების საფეხურს სათანადოდ მომზადებული შეხვდეს, ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში ექსპერტი განათლების საკითხებში ნათია გორგაძე. სწორედ ამიტომ, ის აუცილებლად მიიჩნევს იმ კანონპროექტის დროულად მიღებასა და ამოქმედებას, რომელიც პარლამენტშია ინიცირებული, თუმცა, ამასთანავე, მას უჭირს საუბარი იმაზე, თუ რამდენად ეფექტურად მოახერხებს სახელმწიფო ამ კანონპროექტით გათვალისწინებული პრიორიტეტების განხორციელებას:
„ის, რაც უნდა განხორციელდეს და ის, რაც უნდა მივიღოთ, არის ეფექტური კოორდინაციისა და კარგად შეთანხმებული როლების ამუშავების საკითხი, რომელიც ჯერჯერობით უცნობია, რამდენად განხორციელდება და ან არ განხორციელდება. მემკვიდრეობა საკმაოდ მძიმეა და ამ ეტაპზე ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი“.
კანონპროექტის მიხედვით, სკოლამდელი ასაკის დაწესებულებებში გათვალისწინებულია ორსაფეხურიანი სწავლების სისტემა - ადრეული განათლება და ზრუნვა დაბადებიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის და სკოლამდელი განათლება 2 წლის ასაკიდან ბავშვის სკოლაში შესვლამდე. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს საყოველთაო სასკოლო მზაობის პროგრამას ყველა ხუთი წლის ასაკის ბავშვისთვის. კანონპროექტი ასევე განსაზღვრავს ჯგუფებში ბავშვთა რაოდენობასაც, რომელიც 15-დან 22-მდე შეიძლება იყოს.
როგორც კანონპროექტის აღწერაში ვკითხულობთ, საკანონმდებლო აქტი უზრუნველყოფს ყველა ბავშვის ხარისხიან განათლებას დაწესებულებებში, მათი ინდივიდუალური საჭიროების გათვალისწინებით, მიუხედავად მათი ფიზიკური, შემეცნებითი, სენსორული, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური, გენდერული თუ სხვა მახასიათებლებისა.
აღსანიშნავია ისიც, რომ კანონპროექტის ერთ-ერთი პრინციპია განათლების მომსახურებაში მშობელთა ჩართვა. ამ მიზნით, ადრეული და სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში საკონსულტაციო საბჭოები შეიქმნება, რომლის 7 წევრიდან 5მშობელი, ორი კი დაწესებულების აღმზრდელ-პედაგოგი იქნება.
კანონპროექტით, შემოღებული იქნება ასევე ადრეული და სკოლამდელი დაწესებულებების ავტორიზაციის სავალდებულო წესი. ავტორიზაციას განახორციელებს მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელიც აწარმოებს დაწესებულებების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულების მონიტორინგს. ავტორიზაციის წესს კი, რომელიც ყველა მუნიციპალიტეტისთვის საერთო იქნება, მთავრობა განსაზღვრავს.
საკანონმდებლო პაკეტის განხილვას პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე დაიწყებს.