საქართველოს სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც აღწერილია ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მუსლიმური კონფესიის დაქვემდებარებაში არსებულ ბავშვთა პანსიონებში. 2015 წლის 23 თებერვლიდან 15 მარტის ჩათვლით, ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა შემოწდა შვიდ დაწესებულებაში - ოთხ მარლდმადიდებელ და სამ მუსლიმურ პანსიონში. სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, პანსიონების ნაწილში ბავშვებს არასათანადო ჰიგიენურ და საყოფაცხოვრებო პირობებში უწევთ ცხოვრება; გარდა ამისა, პანსიონებში არსებული აღზრდის ინსტიტუციური სტილი რიგ შემთხვევებში მნიშნელოვნად განსხვავდება ოჯახური გარემოსგან, რის გამოც პანსიონის მოსწავლეები არც ძალადობისგან არიან დაცულნი.
საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულმა სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა, სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრთან ერთად, მონიტორინგი განახორციელა საქართველოს საპატრიარქოს სტეფანწმინდის გიმნაზია-პანსიონში, ნინოწმინდის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში, ფერიის პანსიონში, ბედიანის ბავშვთა და მოზარდთა სარეაბილიტაციო ცენტრში, ქართველ მუსლიმთა კავშირის ქობულეთის ვაჟთა პანსიონში და სოფელ ფერიის გოგონათა და ვაჟთა პანსიონებში. სახალხო დამცველის ბავშვთა უფლებების ცენტრის ხელმძღვანელის მაია გედევანიშვილის თქმით, მონიტორინგის მსვლელობისას ყურადღება განსაკუთრებით გამახვილდა იმაზე, თუ რამდენად არიან დაცული პანსიონებში მცხოვრები ბავშვები ძალადობისგან, რომლის წყარო შეიძლება იყვნენ თანატოლები ანდა უფროსები. მაია გედევანიშვილის თქმით, სერვისის პანსიონების ადმინისტრაციები არ იცნობენ ძალადობის პრევენციისა და ძალადობის შემთხვევების მართვის სტანდარტებს და სამართლებრივ რეგულაციებს, რის გამოც ბენეფიციართა ნაწილი აღმზრდელის მხრიდან არაა იდენტიფიცირებული როგორც ძალადობის მსხვერპლი:
„ვერ ახდენს ბავშვის რთული ქცევის იდენტიფიცირებას და ეს ხდება ნაყოფიერი ნიადაგი იმისათვის, რომ მის მიმართ განახორციელოს ძალადობრივი მოპყრობა -როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიკური. რაც შეეხება დასჯის ფორმებს, არის, მაგალითად, მენიუდან ერთ-ერთი კერძის გამოტოვება, ოთახიდან გასვლის აკრძალვა, თანატოლების თვალწინ თავზეხელებდაწყობილი დერეფანში მუხლებზე სიარული, მეტანიები (50-100 მეტანია უნდა გააკეთოს), დაჩოქება და ა.შ. ასევე სახეზე გვაქვს ბულინგი ბავშვებს შორის - ვერც ამას გავექეცით“.
მართლმადიდებელ და მუსლიმურ პანსიონებში ადმინისტრაციის წარმომადგენლები, აღმზრდელები და, ზოგ შემთხვევაში, მედპერსონალი არ არიან ინფორმირებული შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვების უფლებების შესახებ. ბავშვისთვის სტატუსის მინიჭების საჭირო შესაბამისი პროცედურების განხორციელება უსისტემოა...მაია გედევანიშვილი
მაია გედევანიშვილის თქმით, მონიტორინგმა ასევე მოიცვა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა, დაწესებულებაში მოთავსებისა და გაყვანის აღრიცხვა, ბენეფიციართა პირადი საქმეები და კონფიდენციალობის დაცვა, უკუკავშირის და გაპროტესტების მექანიზმი, თანამშრომელთა კვალიფიკაცია, ჯანდაცვა, კვება, ფსიქიკური ჯანმრთელობა და შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვები:
„მართლმადიდებელ და მუსლიმურ პანსიონებში ადმინისტრაციის წარმომადგენლები, აღმზრდელები და, ზოგ შემთხვევაში, მედპერსონალი არ არიან ინფორმირებული შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვების უფლებების შესახებ. ბავშვისთვის სტატუსის მინიჭების საჭირო შესაბამისი პროცედურების განხორციელება უსისტემოა. სოციალური მომსახურების სააგენტო იშვიათად არის ჩართული აღნიშნულ სახლებში მცხოვრებ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებზე ზრუნვაში, ასევე სტატუსის მინიჭებაში. სამედიცინო და საგანმანათლებლო საჭიროებების იდენტიფიცირებაში და შესაბამისი სერვისების მიწოდებაში. მუსლიმურ პანსიონებში და ბედიანის ცენტრში შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვებს არ იღებენ და ამის მიზეზად დაასახელეს ის, რომ შესაბამისი პროფესიული რესურსი არ არსებობს“.
სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის ნიკა კვარაცხელიას თქმით, სახალხო დამცველის გრძელვადიანი რეკომენდაციაა დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაცია, რისთვისაც საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან თანმიმდევრული პოლიტიკის წარმოება, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია სასწრაფო ზომების მიღებაც:
„და სწორედ ასეთს განეკუთვნება აღმზრელებისა და პერსონალის სწავლება იმ საკითხებში, რომლებიცაა რთული ქცევის მართვა. ქცევის პოზიტიური მართვის მეთოდების უნარ-ჩვევები ან გამოყენების უნარ-ჩვევები უნდა გააჩნდეთ, რაც შეამცირებს ძალადობის რისკს. როგორც ჩვენ დავინახეთ, ძალადობის რისკი დამახასიათებელია ზოგადად ინსტიტუციური კონტექსტისთვის და როდესაც დამატებითი ფაქტორებია, რომლებმაც შეიძლება განაპირობოს ძალადობა, ეს საკითხი, რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ უნდა იქნეს მოგვარებული და ამ მხრივ ძალიან ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას სახელმწიფომ“.
ერთ-ერთ დაწესებულებაში იყო გარკვეული რაოდენობა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების, საკმაოდ დიდი რაოდენობა... 15 ბავშვი არაა ცოტა, თუმცა კონკრეტული ღონისძიებები, რომლებიც ამ ბავშვების რეაბილიტაციას შეუწყობდა ხელს...ნანა ქორიძე
ძალადობის რისკების განეიტრალებისა და აღმოფხვრის გადაუდებელ აუცილებლობაზე ლაპარაკობს სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი, ფსიქოლოგი მაია ცირამუა, რომლის თქმითაც, მთავარი პრობლემა ისაა, რომ საქართველოში კვლავ არის ბავშვთა სახლები და რომ არ დასრულებულა დეინსტიტუციონალიზაციის ეტაპი, რომელიც ექვის წლის წინ დაიწყო:
„პირველ რიგში, ასეთი ტიპის დაწესებულებები ბავშვის განვითარებისთვის შემაფერხებელი გარემოა, რადგანაც ბავშვს არ აქვს ე. წ. უსაფრთხო მიჯაჭვულობა, მას არ აქვს მიჯაჭვულობის ერთი კონკრეტული ობიექტი. მეორე ის, რომ, ალბათ, ილუზიაა ვიფიქროთ, რომ სადაც 120 ბავშვია, ჩვენ შეიძლება მოვახერხოთ ინდივიდუალური მიდგომის განხორციელება. ეს იქნებოდა მხოლოდ და მხოლოდ თავის მოტყუება. ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ კარგად გაწვრთნილი პროფესიონალები ამ სისტემაში, არამედ ჩვენ გვჭირდება მცირე საოჯახო ტიპის სახლის მოდელს მიახლოებული სახლები“.
მაია ცირამუას თქმით, სამაგალითოდ გამოდგება ბედიანის ბავშვთა და მოზარდთა სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელსაც უნდა მიბაძოს ნებისმიერმა მცირე საოჯახო ტიპის სახლმა. ნანა ქორიძე, სოციალური მუშაკი და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი, ამბობს, რომ დაწესებულებებში წლების განმავლობაში ცხოვრობენ შეზღუდული შესაძლებლობის ბევშვები, რომელთა სტატუსი დადგენილი არაა. და კიდევ:
„ერთ-ერთ დაწესებულებაში იყო გარკვეული რაოდენობა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების, საკმაოდ დიდი რაოდენობა... 15 ბავშვი არაა ცოტა, თუმცა კონკრეტული ღონისძიებები, რომლებიც ამ ბავშვების რეაბილიტაციას შეუწყობდა ხელს, არ ჩანდა, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ პერსონალის კვალიფიკაცია იყო დაბალი. არ იცოდნენ როგორ ემართათ ეს საკითხები და იყო შემთხვევები, როცა რთული ქცევის გამო ბავშვი იყო გაშვებული დაწესებულებიდან, რაზეც ღირს დაფიქრება“.
მონოტორინგის შედეგებზე დაყრდნობით, სახალხო დამცველი ასკვნის, რომ რელიგიური კონფესიების დაქვემდებარებაში არსებული პანსიონების ბენეფიციარებისათვის მიწოდებული სერვისი საჭიროებს ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო სტანდარტებთან ჰარმონიზაციას და პანსიონების ბენეფიციართა აღზრდას ოჯახურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში. ამ მიზნით სახელმწიფოს მიერ მიღებული ზომები სახალხო დამცველს არადამაკმაყოფილებლად მიაჩნია.