Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევნილები მინისტრობის კანდიდატის წინააღმდეგ


23 ოქტომბერს კოალიცია “ქართული ოცნების“ ოფისის წინ რამდენიმე ათეულმა დევნილმა საპროტესტო აქცია გამართა და კოალიციის ლიდერისგან დევნილთა ინტერესების დაცვა მოითხოვა. აქციის მონაწილეებმა უკმაყოფილება გამოთქვეს იმითაც, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრობის კანდიდატად დავით დარახველიძე დასახელდა. ქსენოფობიური შინაარსის განცხადებების გამო დავით დარახველიძეს სამოქალაქო სექტორიც დაუპირისპირდა, თუმცა 22 ოქტომბერს გამართულმა შეხვედრამ არასამთავრობო ორგანიზაციების კატეგორიული ტონი შეარბილა. რას ითხოვენ დევნილები ახალი მთავრობისგან და რას უწუნებენ ისინი მინისტრობის კანდიდატს?

კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისის წინ გამართულ აქციაში ძირითადად ის დევნილები მონაწილეობდნენ, რომლებმაც ვერ მოახერხეს საცხოვრებელი ფართების დაკანონება და, შედეგად, უსახლკაროდ დარჩნენ. სოხუმელმა ივეტა ფიფიამ მუხიანში მდებარე დაუმთავრებელ კორპუსში, ეგრეთ წოდებულ „არაშენდაში“, ცხრა წელი იცხოვრა:

„შინ რომ არ ვიყავი ისე, ჩამოხსნეს კარი და გამოგვყარეს ქუჩაში პატარა ბავშვებით. ეს მოხდა რვა თვის წინ, 5 მარტს. მას შემდეგ დავდივართ, მაგრამ კაციშვილი არ არის ჩვენი პატრონი. გვაქვს ამ „ოცნების“ იმედი, რომ იქნებ სამართლიანობამ გაიმარჯვოს და თავშესაფარი დაგვიკანონონ“.

ბიძინა ივანიშვილმა შეარჩიოს ჩვენთვის, დევნილებისთვის, ნორმალური მინისტრი. მოსული არაა და უკვე მოდის ჩხუბით, ლანძღვით
Write your quote footer here...

ივეტა ფიფია და მისი ოჯახი რამდენიმე დღის წინ თვითნებურად შეიჭრა ბაქოს ქუჩაზე მდებარე ყოფილი პოლიკლინიკის შენობაში. სულ, 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, დევნილებმა თბილისში 18-მდე ობიექტი დაიკავეს. ია შონია, საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ამბობს, რომ უსახლკარო, სასოწარკვეთილ დევნილებს სხვა გამოსავალი არ აქვთ და რომ აუცილებელია დევნილებთან დაკავშირებით მთავრობის პოლიტიკის შეცვლა, რის იმედსაც, აქციის მონაწილეთა თქმით, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრობის კანდიდატი არ იძლევა:

„ბიძინა ივანიშვილმა შეარჩიოს ჩვენთვის, დევნილებისთვის, ნორმალური მინისტრი. მოსული არაა და უკვე მოდის ჩხუბით, ლანძღვით. ამისი იმედი უნდა გვქონდეს? ჩვენ გვჭირდება მოფერება, განადგურებული ხალხი ვართ!“

დევნილების მსგავსად, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრობის კანდიდატად დავით დარახველიძის დასახელება სამოქალაქო სექტორის აქტიურმა ნაწილმაც გააპროტესტა, რის მიზეზადაც წინასაარჩევნო პერიოდში მინისტრობის კანდიდატის მიერ გაკეთებული შემდეგი ქსენოფობიური განცხადებები დასახელდა:

„თბილისში ნებისმიერი ზანგი მოქალაქეა, ჩინელიც და ინდოელიც! ... ჩემს შვილს აუცილებლად ქართველი ცოლი უნდა ჰყავდეს!“
ფაქტობრივად, ერთი კვირის მანძილზე სამჯერ მოიბოდიშა ამ ადამიანმა. ფაქტობრივად, პირველად ბოლო წლების განმავლობაში ასეთი რანგის ჩინოვნიკი გამოეხმაურა სამოქალაქო სექტორის კრიტიკას ...
არნო სტეპანიანი

ამ განცხადებების გამო დავით დარახველიძემ არაერთხელ მოიხადა ბოდიში, თუმცა მის მიმართ არასამთავრობო ორგანიზაციების აგრესია მხოლოდ 22 ოქტომბერს გამართული შეხვედრის შემდეგ განელდა. საინტერესოა, როგორ იმართლა თავი მინისტრობის კანდიდატმა?

„არ ყოფილა ჩემი მხრიდან ეს განცხადებები... მე დავუშვი შეცდომა, რომელსაც ასეთი ინტერპრეტაცია მოჰყვა და ძალიან კარგია, რომ ყველაფერი გავარკვიეთ“.

მაინც რა გაარკვიეს, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებმა დავით დარახველიძესთან შეხვედრის დროს? „მრავალეროვანი საქართველოს“ თავმჯდომარის არნო სტეპანიანის თქმით, მინისტრობის კანდიდატმა გულწრფელად მოინანია დაშვებული შეცდომები:

„ფაქტობრივად, ერთი კვირის მანძილზე სამჯერ მოიბოდიშა ამ ადამიანმა. ფაქტობრივად, პირველად ბოლო წლების განმავლობაში ასეთი რანგის ჩინოვნიკი გამოეხმაურა სამოქალაქო სექტორის კრიტიკას და მაქსიმალურად შეეცადა ჩვენს დარწმუნებას... თანაც, დარწმუნდა, რომ ორმაგ ყურადღებას მივაქცევთ მის გამონათქვამებს. მგონია, რომ მისთვის საკმარისი უნდა იყოს ის გაკვეთილი, რომელიც ჩაუტარდა. არ გამოვრიცხავ, რომ სხვა მინისტრებზე უფრო ტოლერანტულიც იყოს“.

თუმცა, სამოქალაქო საზოგადოების ცნობილი აქტივისტებისაგან განსხვავებით, იმ დევნილებს, რომლებმაც 23 ოქტომბერს აქცია „ქართული ოცნების“ ოფისის წინ გამართეს, არ სჯერათ მინისტრობის კანდიდატის მყისიერი ტრანსფორმაციისა. დევნილები კოალიციის ლიდერს მინისტრის ან მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე სთავაზობენ უფლებადამცველ ლელა გულედანის კანდიდატურას. დევნილთა ნაწილი იმედოვნებს, რომ მისი ძალისხმევითა და დახმარებით შეძლებს თბილისის ტერიტორიაზე საცხოვრებელი ფართების დაკანონებას.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG