Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევნილები ახალი მინისტრისა და პრობლემათა მოგვარების მოლოდინში


დევნილთა დასახლება
დევნილთა დასახლება
დღეს დევნილთა და განსახლების მინისტრობის კანდიდატის ვინაობა გახდა ცნობილი. დავით დარახველიძე თავადაც გულრიფშიდან დევნილია, ის საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია ”ქართული ოცნების” ამბროლაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გახლდათ. მიუხედავად იმისა, რომ დევნილთა პრობლემებს კარგად იცნობს, დავით დარახველიძე ჯერჯერობით თავს იკავებს იმაზე საუბრისგან, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს პირველ ეტაპზე დევნილთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. თუმცა იმ პრობლემებზე, რომელთა მოგვარებაც აუცილებლად მიაჩნიათ, თავად დევნილები და ამ სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საუბრობენ.

თბილისში, საყვირის ქუჩაზე მდებარე ნახევრად დანგრეულ შენობაში 2 წლის წინ ის 38 დევნილი ოჯახი შეასახლეს, რომლებიც იძულებით გადმოიყვანეს ამიერკავკასიის ჯარების სააფთიაქო სამმართველოს შენობიდან. საყვირის ქუჩაზე მცხოვრები დევნილების მდგომარეობა 2 წლის შემდეგაც ზუსტად ისეთივეა, როგორიც შესახლებისას იყო. ერთადერთი სხვაობა ის არისო, ამბობენ დევნილები, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე შენობაში გაზი შეიყვანეს და საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემას დაჰპირდნენ. ნონა გურჩიანი ერთ-ერთია მათ შორის, ვისაც ძველი საცხოვრებელი ფართი 5 დღეში დაატოვებინეს. ნონა ამბობს, რომ საცხოვრებელთან ერთად ის პატარა მაღაზიაც დააკარგვინეს, რომელიც ვალად აღებული თანხით გახსნა და რომელიც მისი ოჯახისთვის ერთადერთი შემოსავლის წყარო იყო. ნონა გურჩიანი მინისტრობის ახალი კანდიდატისგან ელის, რომ დევნილებისადმი მოპყრობა შეიცვლება:

”ჩვენც ვიგრძნოთ, რომ ადამიანები ვართ. გვაინტერესებს, გადმოგვეცემა თუ არა ფართები კერძო საკუთრებაში. ელემენტარული, ცოტა მაინც დახმარება გვქონდეს, რომ ჩვენც ვიგრძნოთ, რომ ადამიანები ვართ. უპირველეს ყოვლისა, როგორც მოგვექცა წინა მთავრობა და წინა მინისტრი, ისე ნუ მოგვექცევიან. მე, მაგალითად, აბსოლუტურად ყველაფერი დამაკარგვინეს.”
არ გვაქვს საშუალება, რომ გავტიხროთ და გამოვყოთ ოთახები. ევრორემონტებს კი არ ვითხოვთ, ელემენტარულს ...

ნონა გურჩიანს მეზობლებისგან თაბაშირ-მუყაოთი გატიხრული კედელი ყოფს. პირობითი კედლის მიღმა მცხოვრები დევნილები ამბობენ, რომ მათთვის მთავარი სამუშაო ადგილებით უზრუნველყოფა, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე დევნილების დახმარება და მინიმალური საცხოვრებელი პირობების შექმნაა. 54 წლის სვეტა გვეუბნება, რომ მისი ხუთსულიანი ოჯახი 45 კვადრატულ მეტრ ფართში ცხოვრობს:

”ერთი დარბაზივით ოთახია. აქ არის სასადილო, აქ არის საძინებელიც, აქ არის სველი წერტილებიც - ყველაფერი ერთ ოთახშია განლაგებული. არ გვაქვს საშუალება, რომ გავტიხროთ და გამოვყოთ ოთახები. ევრორემონტებს კი არ ვითხოვთ, ელემენტარულს.”

დევნილთა და განსახლების მინისტრობის კანდიდატი დავით დარახველიძე, რომელიც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილმა 16 ოქტომბერს გააცნო საზოგადოებას, ამბობს, რომ დევნილთა პრობლემებს იცნობს, თუმცა ამ ეტაპზე ამჯობინებს არ დააკონკრეტოს ის, თუ რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს მინისტრის რანგში:

დევნილებისგან უკანონოდ დაკავებული შენობის დაცლას მოითხოვენ
დევნილებისგან უკანონოდ დაკავებული შენობის დაცლას მოითხოვენ
”ძირითადი პრობლემა არის განსახლების პრობლემა. ძალიან ბევრია დევნილი, რომლებიც ცხოვრობენ კერძო სექტორში, რომელთაც სახელმწიფოსგან აქამდე არანაირი დახმარება, არც კომპენსაცია არ მიუღიათ და არც ფართის შეთავაზების კუთხით არ მიუღიათ. არის დასაქმების ძალიან სერიოზული პრობლემა. პრობლემად მიმაჩნია მე იგივე შემწეობა, რომელიც 28 ლარზეა ისევ გაჩერებული და რომელიც არაფერს არ წარმოადგენს, სიმბოლურია. ცალკეული დევნილებისთვის ინდივიდუალურად განიხილება ეს საკითხი, ინდივიდუალურია პრობლემებიც, ანუ სამუშაო ძალიან დიდია.”

დევნილებისადმი ინდივიდუალურ მიდგომაზე ამახვილებს ყურადღებას ზურაბ ბენდიანიშვილიც, აღმასრულებელი დირექტორი კოალიციისა ”დევნილთა უფლებებისათვის”.

”ინდივიდუალურად არის მუშაობა საჭირო ყველა დევნილთან, რაც ძალიან შრომატევადი პროცესია, მაგრამ აუცილებლად ასე უნდა გაკეთდეს, რომ იყოს სამართლიანობა თითოეულის მიმართ გამოვლენილი. ეს არის, ალბათ, ის უპირველესი, რაც უნდა გამოსწორდეს, ანუ უნდა გამოსწორდეს დევნილთა მიმართ სახელმწიფოს მიდგომა ”, - ამბობს ზურაბ ბენდიანიშვილი.
თუკი კერძოდ შესახლებულ დევნილებს მეტ ყურადღებას მიაპყრობს და მათთვის საცხოვრებელი სახლები უნდა აშენდეს, სამწუხაროდ, ის, რაც შენდება ახლა და რემონტდება რეგიონებში, მათთვის არ არის გათვალისწინებული ...
ლელა გულედანი

მინისტრობის კანდიდატი დავით დარახველიძე რადიო თავისუფლებასთნ საუბარში აღნიშნავს, რომ მისთვის სამოქმედოდ გარკვეული ჩარჩო იქნება ის სახელმწიფო სტრატეგია, რომელიც დევნილებთან მიმართებით 2007 წელს შეიმუშავა სახელმწიფომ. ლელა გულედანი კი, ხელმძღვანელი „დევნილი სამოქალაქო საზოგადოების კოალიციისა“, მიჩნევს, რომ შესაცვლელია არა მხოლოდ ეს სტრატეგია, არამედ ამ სტრატეგიით გათვალისწინებული სამოქმედო გეგმაც, ვინაიდან, მისი სიტყვებით, ეს სტრატეგია პრიორიტეტულად არ განიხილავდა კერძო სექტორში მცხოვრებ დევნილებს. არადა, ლელა გულედანისვე თქმით, ამ კატეგორიის დევნილები, რომლებიც ქირით ცხოვრობენ, დევნილთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 1/3 შეადგენენ:

”თუკი კერძოდ შესახლებულ დევნილებს მეტ ყურადღებას მიაპყრობს და მათთვის საცხოვრებელი სახლები უნდა აშენდეს, სამწუხაროდ, ის, რაც შენდება ახლა და რემონტდება რეგიონებში, მათთვის არ არის გათვალისწინებული. თუკი ამ პრიორიტეტებს შეცვლიან და ამ კერძოდ შესახლებულ დევნილებს იქ გაუშვებენ, მაშინ დევნილთა უკმაყოფილო ფენა შემცირდება.”

ლელა გულედანი იმედოვნებს, რომ ახალი მინისტრი იმ კატეგორიის დევნილებს, რომელთაც წინა მინისტრები პრიორიტეტულად არ განიხილავდნენ, მეტ ყურადღებას დაუთმობს და ბიუჯეტს მათი პრობლემების გათვალისწინებით დაგეგმავს.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG