უკრაინელ ჰაკერთა ჯგუფმა „კიბერალიანსმა“ 3 ნოემბერს გამოაქვეყნა დიდი რაოდენობით წერილები, რომლებიც ჰაკერებმა რუსეთის „რუხ კარდინალად“ მონათლულ ვლადისლავ სურკოვის თანაშემწე მარია ვინოგრადოვის ელექტრონულ ფოსტაში შეღწევით მოიპოვეს. მიმოწერა მოიცავს 2015-2016 წლებს. მანამდე ჰაკერებმა ინტერნეტში განათავსეს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის მისაღებიდან მოპარული, 2014-2015 წლებით დათარიღებული წერილები, რომლებშიც უკრაინაში სეპარატისტული ძალების მხარდაჭერასა და გაძლიერებაზეა საუბარი.
როგორც ჰაკერული გზით მოპოვებული მიმოწერიდან ირკვევა, რუსეთის მთავრობის აპარატის ყოფილი უფროსი და მოგვიანებით პრეზიდენტ პუტინის უფროსი თანაშემწე, თვითგამოცხადებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქმეების გარდა, უკრაინის მიმართულებასაც კურირებდა და უშუალოდ იყო ჩაბმული იმ სახელმწიფო გეგმაში, რაც სეპარატისტების მხარდაჭერასა და უკრაინის დესტაბილიზაციას გულისხმობდა.
თავდაპირველად, ოქტომბრის ბოლოს, ჰაკერებმა, უკრაინული ჯგუფიდან „კიბერხუნტა“, გამოაქვეყნეს ორი ათასამდე წერილი, რომელიც მათ რუსეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის, ვლადისლავ სურკოვის მისაღების ელექტრონული ფოსტის გატეხვით მოიპოვეს. მიმოწერა ნათელს ფენს იმას, თუ რა მიზანს ისახავს და როგორ ერევა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი და მისი კანცელარია აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შიდა საქმეებში. ჩემს შეკითხვებს პასუხობს ჩემი კოლეგა, რადიო „ეხო კავკაზას“ რედაქტორი დემის პოლანდოვი, რომელიც დეტალურად გაეცნო უკრაინელი ჰაკერების მიერ ინტერნეტით გავრცელებული წერილების შინაარსსა და ეჭვი არ ეპარება მათ ავთენტურობაში.
„ამ დოკუმენტებს თუ ნახავთ, მათში აშკარად გასაგებია, თუ რა სურს რუსეთს. და მას არა მხოლოდ სურს, არამედ რუსეთი ამ ყველაფერს აფხაზეთში პუნქტობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ ახორციელებს. მეტიც, სურკოვის კანცელარიის მიმოწერიდან ირკვევა, რომ აფხაზეთის საპრეზიდენტო კანდიდატები 2014 წელს წარმოდგენილ პუნქტებს დაეთანხმნენ, არა მხოლოდ რაულ ხაჯიმბა, არამედ ასლან ბჟანიაც. ისინი, კერძოდ, დაეთანხმნენ იმას, რომ გადაწყდეს საზღვრის საკითხი. ერთ-ერთი შეთანხმება ითვალისწინებს საზღვრის დახურვას მდინარე ენგურზე და მის გახსნას მდინარე ფსოუზე. და ამ ვითარებაში ვლადისლავ სურკოვი სრულიად მკაფიოდ საუბრობს რუსეთის პოზიციაზე, ის ამას გულწრფელად აცხადებს და ეს იწვევს სკანდალს აფხაზეთში, რადგან ეს ძალიან სადავო მომენტია. თუმცა, არსებობს სხვა საკითხები, რომლებიც ასევე იწვევს დიდ კამათს. სახელდობრ, რუსეთს სურს, რომ მისი სპეცსამსახურების, მისი საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ არა მხოლოდ მდინარე ენგურზე, არამედ ასევე საზღვაო პორტებში და აეროდრომებზე. ანუ: მოსკოვს სურს, რომ რუსეთი მთლიანად აკონტროლებდეს აფხაზეთის საზღვრებს“, – აცხადებს პოლანდოვი.
თუმცა, როგორც ზემოთ ითქვა, ვლადისლავ სურკოვის აპარატის მუშაობის უმთავრეს მიმართულებას 2014 წლიდან სწორედ უკრაინა წარმოადგენს. უკრაინული ჰაკერული ჯგუფის „კიბერალიანსის“ მიერ 3 ნოემბერს გამოქვეყნებულ „სურკოვის ახალ წერილებში“ არის დოკუმენტი, გაგზავნილი რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრ მიხაილ მარგელოვისადმი. რუსეთის მმართველი პარტიის წევრს, სურკოვის თანაშემწე ანა მახარინსკაია აცნობს დეტალურ გეგმას უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკოვის დესტაბილიზაციის შესახებ. თუმცა, არც მახარინსაკაიას და არც მარგელოვს ამ წერილის თაობაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ჰაკერული გზით მოპოვებულ მიმოწერაში ჩამოთვლილია ხარკოვში მცხოვრები პრორუსულად განწყობილი აქტივისტები და პოლიტიკოსები, დოკუმენტებში საუბარია ოდესაში მყოფი სეპარატისტების მხარდაჭერასა და იმ კანდიდატებზე, რომელთა დანიშვნასაც მოსკოვი მხარს უჭერს დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ხელმძღვანელ პოსტებზე.
ამ მიმოწერაში არის კორესპონდენციები, რომლებშიც ევროპის ზოგიერთი ოფიციალური პირის სახელიც ფიგურირებს.
კერძოდ, რუსეთის მთავრობის კანცელარიიდან 2015 წლის აპრილ-მაისში გაგზავნილი ელექტრონული წერილების ერთ-ერთი ადრესატია შტეფენ ტომასი. ამ სახელისა და გვარის ადამიანი, გერმანიის ბუნდესტაგის ვებსაიტის თანახმად, ფედერალური ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანია, რომელიც რუსეთის ფედერაციის ფინანსთა მინისტრის მოადგილესთან, ალექსეი მოისეევთან განიხილავს საბანკო საქმიანობის შესაძლო განახლებას სეპარატისტების მიერ კონტროლირებად დონეცკსა და ლუგანსკში.