ოქტომბრის ბოლოს, ჰაკერებმა, უკრაინული ჯგუფიდან „კიბერხუნტა“, გამოაქვეყნეს ორი ათასამდე წერილი, რომელიც მათ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის, ვლადისლავ სურკოვის მისაღების ელექტრონული ფოსტის გატეხვით მოიპოვეს. წერილები ცხადყოფს, თუ როგორ ცდილობდა რუსეთი ყირიმის უკრაინისაგან მოწყვეტას ბევრად უფრო ადრე, ვიდრე მაიდანის მოვლენები დაიწყებოდა. მიმოწერა ნათელს ფენს იმას, თუ რა მიზანს ისახავს და როგორ ერევა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი და მისი კანცელარია აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შიდა საქმეებში. ჩემს შეკითხვებს პასუხობს ჩემი კოლეგა, რადიო „ეხო კავკაზას“ რედაქტორი დემის პოლანდოვი, რომელიც დეტალურად გაეცნო უკრაინელი ჰაკერების მიერ ინტერნეტით გამოქვეყნებული წერილების შინაარსს და ეჭვი არ ეპარება მათ ავთენტურობაში.
კობა ლიკლიკაძე: დემის, შენ ვარაუდობ, რომ ჰაკერულ ჯგუფ „კიბერხუნტის“ მიერ გამოქვეყნებულ მასალებს, რომლებშიც რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, ვლადისლავ სურკოვის კანცელარიის მიერ აფხაზეთში შექმნილი ვითარების შეფასებაზეც არის მიმოწერა, „აფეთქებული ბომბის“ ეფექტი ექნება აფხაზეთის საზოგადოებაში? რატომ, რა არის ამ ელექტრონულ წერილებში ასეთი მოულოდნელი?
დემის პოლანდოვი: საერთოდ, ყველაზე მოულოდნელი ამ ისტორიაში ისაა, რომ ასეთი მიმოწერა საზოგადოების კუთვნილებად იქცა. ესაა, დაახლოებით, 2400 წერილი, რომლებიც თვალნათლივ აჩვენებენ, თუ როგორ მუშაობს რუსეთი აფხაზ პოლიტიკოსებთან, და თუ ზემოქმედების რა მეთოდები მოეპოვებათ მათზე რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწეს ვლადისლავ სურკოვსა და მის თანაშემწეებს. ეს ის თემაა, რასაც ასე საჯაროდ, რა თქმა უნდა, აფხაზეთში არავინ განიხილავს. უფრო სწორად, არ არსებობს პოლიტიკოსების არანაირი განცხადებები, არანაირი კომენტარი არ გაკეთებულა პრეზიდენტის ან რომელიმე პოლიტიკური პარტიის ლიდერის მხრიდან. თუმცა, ყველანი შოკირებული არიან, რადგან პოლიტიკაში ყოველთვის არსებობს გარკვეული საკითხები, რაც საჯაროდ არასოდეს გამოდის.
კობა ლიკლიკაძე: მაგრამ სურკოვს საჯაროდაც შეეძლო ეთქვა ისეთი რამ, ან შეეთავაზებინა აფხაზებისათვის, რაც ყოველთვის იწვევდა შიდა მღელვარებას. აგერ, თუნდაც, 2016 წლის თებერვლის „აფსნიპრესის“ ცნობა ავიღოთ: „რუსეთთან საზღვარი მომავალში უნდა გაუქმდეს. ეს გასათვალისწინებელია ჩვენს ქვეყნებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით“. ეს სურკოვმა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასთან შეხვედრის დროს განაცხადა და მახსოვს, ამასაც მოჰყვა გაუგებრობები.
ეს ძალიან რთული შეთანხმებაა. თუ ჩვენ ვსაუბრობთ სამოკავშირეო და სტრატეგიულ შეთანხმებაზე, რომელიც რუსეთსა და აფხაზეთს შორის დაიდო. ეს შეთანხმება ითვალისწინებს რუსეთ-აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროების ერთობლივი საკოორდინაციო-საინფორმაციო ცენტრის შექმნას...დემის პოლანდოვი
დემის პოლანდოვი: ამ დოკუმენტებს თუ ნახავთ, მათში აშკარად გასაგებია, თუ რა სურს რუსეთს. და მას არა მხოლოდ სურს, არამედ რუსეთი ამ ყველაფერს აფხაზეთში პუნქტობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ ახორციელებს. მეტიც, სურკოვის კანცელარიის მიმოწერიდან ირკვევა, რომ აფხაზეთის საპრეზიდენტო კანდიდატები 2014 წელს წარმოდგენილ პუნქტებს დაეთანხმნენ, არა მხოლოდ რაულ ხაჯიმბა, არამედ ასლან ბჟანიაც. ისინი, კერძოდ, დაეთანხმნენ იმას, რომ გადაწყდეს საზღვრის საკითხი. ერთ-ერთი შეთანხმება ითვალისწინებს საზღვრის დახურვას მდინარე ენგურზე და მის გახსნას მდინარე ფსოუზე. და ამ ვითარებაში ვლადისლავ სურკოვი სრულიად მკაფიოდ საუბრობს რუსეთის პოზიციაზე, ის ამას გულწრფელად აცხადებს და ეს იწვევს სკანდალს აფხაზეთში, რადგან ეს ძალიან სადავო მომენტია. თუმცა, არსებობს სხვა საკითხები, რომლებიც ასევე იწვევს დიდ კამათს. სახელდობრ, რუსეთს სურს, რომ მისი სპეცსამსახურების, მისი საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ არა მხოლოდ მდინარე ენგურზე, არამედ ასევე საზღვაო პორტებში და აეროდრომებზე. ანუ მოსკოვს სურს, რომ რუსეთი მთლიანად აკონტროლებდეს აფხაზეთის საზღვრებს.
კობა ლიკლიკაძე: მაგრამ ორმხრივი შეთანხმება რუსეთსა და თვითგამოცხადებულ აფხაზეთს შორის განა ამაზე უფრო მეტი უფლებების მოსკოვისთვის დელეგირებას არ ითვალისწინებდა?
დემის პოლანდოვი: ეს ძალიან რთული შეთანხმებაა. თუ ჩვენ ვსაუბრობთ სამოკავშირეო და სტრატეგიულ შეთანხმებაზე, რომელიც რუსეთსა და აფხაზეთს შორის დაიდო. ეს შეთანხმება ითვალისწინებს რუსეთ-აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროების ერთობლივი საკოორდინაციო-საინფორმაციო ცენტრის შექმნას. მაგრამ, თუ რას ნიშნავს ეს და როგორ არის გამიჯნული ფუნქციები, – ეს ყველაფერი ცალკეულ დოკუმენტებშია მიმობნეული. ვთქვათ, ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი შეეცადა ისეთი ცენტრის შექმნას, რომელშიც თავდაპირველად 700 კაცი იმუშავებდა. ფაქტობრივად, იქმნებოდა ზენაციონალური ძალისმიერი სტრუქტურა, რომლის თანამშრომლების დიდი ნაწილი აფხაზეთში დიპლომატიური ხელშეუხებლობით ისარგებლებდა. საუბარია რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებზე.
კობა ლიკლიკაძე: დემის, სიტყვამ მოიტანა და გკითხავ, რაკი საზღვარს და უსაფრთხოებას შეეხე, მიმოწერაში, რომელმაც ჰაკერული გზით გაჟონა ინტერნეტში, აფხაზეთის ერთობლივ თავდაცვაზე თუა საუბარი და, საერთოდ, რას ნიშნავს თვითგამოცხადებული აფხაზეთისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების ერთობლივი ხელმძღვანელობა, ვინ იქნება მისი მეთაური, აფხაზი გენერალი, თუ – რუსი?
დემის პოლანდოვი: აქ ლაპარაკია გაერთიანებულ სამხედრო დაჯგუფებაზე. ესაა ძალიან რთული დოკუმენტი, რომელიც, საომარი მოქმედების შემთხვევაში, სამხედრო ოპერაციების მართვის ერთობლივი ცენტრის შექმნას ითვალისწინებს. ეს ლოგიკურიც არის, რადგან ომის დროს არ შეიძლება იყოს რამდენიმე სარდლობა. მშვიდობიან დროს, ცხადია, ცალკე არსებობს თავდაცვის სამინისტრო, მის დაქვემდებარებაში მყოფი სამსახურებით. მაგრამ, საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში, იქმნება ერთობლივი ცენტრი რუსეთის ხელმძღვანელობით.
კობა ლიკლიკაძე: მოდი, დავუბრუნდეთ ჰაკერულ ჯგუფ „კიბერხუნტის“ მიერ მოპოვებულ და ინტერნეტში განთავსებულ მიმოწერას რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის კანცელარიიდან. ამ მიმოწერიდან ირკვევა, რომ სურკოვისა და მისი თანამშრომლების მეთოდურ ზეწოლას აფხაზეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე ჰქონია წარმატება და შენ ამბობ, რომ მათ ნაწილს თანხმობაც გამოუთქვამს ზოგიერთ მიუღებელ პირობაზე. თუ ეს წერილები სიყალბეა?
დემის პოლანდოვი: არა, ეს აბსოლუტურად არ არის სიყალბე. ასეთი რამის გაყალბება შეუძლებელია, რადგან ეს, დაახლოებით, 2 ათასამდე წერილი, რამდენიმე ადამიანის ყოველდღიურ მუშაობას ასახავს. ეს ადამიანები ამზადებდნენ პრესის მიმოხილვას, ისინი ხელმძღვანელობას უგზავნიდნენ ყველაზე მნიშვნელოვან ყოველდღიურ კორესპონდენციებსა და წერილების, მათ შორის, ჩვენი სტატიების შინაარსსაც.
კობა ლიკლიკაძე: მაგრამ რაულ ხაჯიმბა იძულებული გახდა, რომ დათანხმებოდა ამ ყველაფერს?
თითქმის არანაირი. პრაქტიკულად, არ ყოფილა არავითარი განცხადება. ერთადერთი, პარტია „აინარის“ ლიდერმა თენგიზ ჯოპუამ დაწერა ფეისბუკის პოსტი, რომელშიც იგი ამბობს, რომ ხედავს, თუ როგორ ყიდის ყველა პოლიტიკური ძალა აფხაზეთის ინტერესებს და ჰპირდებიან იმას, რისი შესრულებაც არ შეუძლიათ...დემის პოლანდოვი
დემის პოლანდოვი: დაეთანხმა ყველა! სხვა საკითხია, რომ ამ მიმოწერის თანახმად, რუსეთის მხარეს ჰქონდა ეჭვები, შეასრულებდა თუ არა რაულ ხაჯიმბა იმას, რაც სურკოვს დაჰპირდა. იყო ასეთი მომენტი, როდესაც აფხაზეთის პრეზიდენტის არჩევნების დროს ახალგაზრდულმა მოძრაობა „აინარმა“ მოითხოვა კანდიდატებისაგან, რომ მათ ხელი მოეწერათ საზოგადოებრივ შეთანხმებაზე, რომელშიც პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ კანდიდატი, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, კისრულობდა ვალდებულებას, არ მიეღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შეამცირებდა აფხაზეთის სუვერენიტეტს. და იყო მეორე შეთანხმება, რომელიც შეეხებოდა უძრავი ქონების გაყიდვაზე მორატორიუმს. და რაულ ხაჯიმბამ ამ შეთანხმებას ხელი მოაწერა. მოაწერა ხელი კიდევ ორმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, ხოლო ვინც ხელი არ მოაწერა ამ საზოგადოებრივ შეთანხმებას, ეს იყო ოპოზიციონერი კანდიდატი რაულ ბჟანია. რაულ ხაჯიმბამ რუსეთს პირობა მისცა, რომ ამ საზოგადოებრივ ხელშეკრულებას ხელს არ მოაწერდა, მაგრამ შემდეგ მოაწერა ხელი. და აი, სურკოვის ერთ-ერთი თანამშრომელი, ვინმე მამონოვი ასეთ რამეს წერს წერილში, რომელიც ჰაკერული გზით გავრცელდა: ეს არის ცუდი ნიშანი ხაჯიმბასაგან, რომელიც დამოუკიდებლად მოქმედებას არჩევს და გარემოცვასთან შეუთანხმებლად შეუძლია მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება. და აქ მინდა ამ გარემოცვაზე ვთქვა ორი სიტყვა.
კობა ლიკლიკაძე: დემის, ამ მიმოწერაში ძალიან ნეგატიურ კონტექსტში იკითხება ერთი აფხაზი პოლიტიკოსის, ალექსანდრ ანქვაბის სახელი. მასზე ნათქვამი, რომ ანქვაბისტი მესამე სექტორი ესწრაფვის აფხაზეთის მრავალპოლუსიან საგარეო კურსს და ამ კონტექსტში ნახსენები იყო ჰუმანიტარული ურთიერთობების განვითარება საქართველოსთანაც.
დემის პოლანდოვი: იქ არის ერთ საინტერესო ნიუანსი და ეს სწორედ გარემოცვას შეეხება. საქმე ისაა, რომ როდესაც ამ პოლიტიკოსების სია დგებოდა, მასში ალექსანდრ ანქვაბის წინადადებით ერთი პოლიტიკოსის გვარიც მოხვდა. აქ ის მომენტია, რომ, როდესაც ანქვაბი გადააყენეს თანამდებობიდან, ეს პოლიტიკოსი აშკარად თანამშრომლობდა ვლადისლავ სურკოვის წარმომადგენლებთან. და ამის შემდეგ, ზემოხსენებული მამონოვი წერს, რომ ისინი იწყებენ მუშაობას აფხაზეთის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და მათ უწოდებს „ანქვაბიტებს“. და წერს, რომ ისინი მუშაობენ იმაზე, რომ აფხაზეთმა მიიღოს ფართო საერთაშორისო აღიარება და რომ აფხაზეთი ატარებდეს არა მხოლოდ პრორუსულ საგარეო ვექტორს, არამედ შეეცადოს, ჩაერთოს რომელიმე საერთაშორისო სისტემაშიც. და კიდევ, ეს არც არის დიდი საიდუმლო, რომ, სინამდვილეში, აფხაზეთის არასამთავრობო ორგანიზაციების ბევრი წარმომადგენელი საუბრობს იმის თაობაზე, რომ კონფლიქტი საქართველოსთან მოგვარებული არ არის და მისი მოგვარება მხოლოდ საქართველოსთან გარკვეული დიალოგით შეიძლება. უამისოდ კონფლიქტი არ მოგვარდება.
კობა ლიკლიკაძე: საქართველოსა და საერთაშორისო საზოგადოებასთან ჰუმანიტარული ურთიერთობების დალაგებას ცდილობენ, ასე წერია სურკოვის ერთ-ერთი წარმომადგენლის წერილში.
დემის პოლანდოვი: დიახ, ისინი ემხრობიან ჟენევის დისკუსიის გაგრძელებას და იმას, რომ საზოგადოების წარმომადგენლებს შორის იყოს დიალოგი. დიახ, არის ასეთი პოზიცია და ეს ორგანიზაციები [ზემოხსენებულ მიმოწერაში] წარმოდგენილი არიან, როგორც მტრები რუსეთის იმ პოლიტიკისა, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, ვლადისლავ სურკოვის ხალხი აწარმოებს.
კობა ლიკლიკაძე: და როგორი იყო აფხაზეთის მედიის, საზოგადოების, იმავე „აინარის“ რეაგირება ამ წერილებზე?
დემის პოლანდოვი: თითქმის არანაირი. პრაქტიკულად, არ ყოფილა არავითარი განცხადება. ერთადერთი, პარტია „აინარის“ ლიდერმა თენგიზ ჯოპუამ დაწერა ფეისბუკის პოსტი, რომელშიც იგი ამბობს, რომ ხედავს, თუ როგორ ყიდის ყველა პოლიტიკური ძალა აფხაზეთის ინტერესებს და ჰპირდებიან იმას, რისი შესრულებაც არ შეუძლიათ. საქმე ისაა, რომ ამ მიმოწერაში არის დოკუმენტი სახელწოდებით: ფიგურები, რომლებთანაც საჭიროა კავშირის დამყარება. ეს არ არის დოკუმენტი, ეს არის პუტინის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვის კანცელარიის ერთ-ერთი წარმომადგენლის წერილი, რომელიც უკრაინულმა ჰაკერულმა ჯგუფმა „კიბერხუნტამ“ მოიპოვა. მასში, როგორც ჩანს, სურკოვს რეკომენდაციას აძლევენ, თუ ვისთან დაამყაროს კონტაქტი აფხაზეთში. და ყველა ამ აფხაზი პოლიტიკოსის გვერდით მითითებულია სქოლიო იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება მისი მოტივირება. ამას მომავალ მთავრობაში ადგილი სჭირდება, მეორეს კი, უფრო ასაკოვანს, სურს ისტორიაში ადგილის დამკვიდრება და ა. შ.
კობა ლიკლიკაძე: კონკრეტული გვარებიც არის თუ ინიციალებია?
ცხადია, როდესაც ადამიანი ცხრილში წერს, რომ შესაძლებელია ამა თუ იმ ადამიანის მოტივირება მომავალი ხელისუფლების კონფიგურაციაში, ეს ნიშნავს, რომ სურკოვს ჰქონდა შესაძლებლობა, დაენიშნა ეს ადამიანი რომელიმე თანამდებობაზე....დემის პოლანდოვი
დემის პოლანდოვი: არა, კონკრეტული პოლიტიკოსების, კონკრეტული სახელებია. მაგალითად, ტარას მირონის ძე შამბა, შემდეგ წერია „ზასტრელშჩიკ“, რაც „მოთავეს“, „ინიციატორს“ ნიშნავს, ანუ ადამიანს, რომელსაც შეუძლია წამოსწიოს ესა თუ ის საკითხი. რუსეთსა და აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება სწორედ იმით დაიწყო, რომ ტარას შამბა გამოვიდა და სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ საჭიროა განხილულ იქნას რუსეთთან ასოცირების თაობაზე შეთანხმების ხელმოწერის შესაძლებლობა. მაგალითად, ისეთი, როგორიც არის საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმება. და აი, ამ წერილში, ტარას შამბა სახელდებულია, როგორც „მოთავე“.
კობა ლიკლიკაძე: ეს „კიბერხუნტა“ და მის მიერ ჰაკერული გზით მოპოვებული მიმოწერა იქით იყოს, მაგრამ საინტერესოა, იმ პერიოდში, რაც სურკოვი კურატორობს ამ ორ მიმართულებას – ურთიერთობას თვითგამოცხადებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ერეოდა თუ არა აფხაზეთის შიდა საქმეებში?
დემის პოლანდოვი: როგორც ჩანს, კი. ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად აუცილებელი არცაა ამ წერილების წაკითხვა. ცხადია, როდესაც ადამიანი ცხრილში წერს, რომ შესაძლებელია ამა თუ იმ ადამიანის მოტივირება მომავალი ხელისუფლების კონფიგურაციაში, ეს ნიშნავს, რომ სურკოვს ჰქონდა შესაძლებლობა, დაენიშნა ეს ადამიანი რომელიმე თანამდებობაზე.
კობა ლიკლიკაძე: რაც შეეხება ხაჯიმბა-ანქვაბის დაპირისპირებას, მის გადაწყვეტაში თუ ღებულობდა მონაწილეობას სურკოვი?
დემის პოლანდოვი: ყოველ შემთხვევაში, ამ მიმოწერიდან ეს არ ჩანს.
კობა ლიკლიკაძე: მაგრამ ის, რომ ამ მწვავე დაპირისპირების დროს სურკოვი ჩავიდა სოხუმში და დახურულ კარს მიღმა აწარმოებდა მოლაპარაკებებს იმდროინდელ პრეზიდენტსა და მის მეტოქესთან?
დემის პოლანდოვი: ყოველ შემთხვევაში ეს ამ მიმოწერაში არ იკითხება. სხვათა შორის, ეს არის კიდეც მიზეზი, რაც მე მაფიქრებინებს, რომ წერილების რაღაც ნაწილი, ალბათ, განადგურდა. შესაძლოა, ჩვენ არასრულ არქივთან გვქონდეს საქმე.
კობა ლიკლიკაძე: სხვათა შორის, მე ცოტა უცნაურად მომეჩვენა ზემოხსენებული ჰაკერული ჯგუფის „კიბერხუნტის“ განმარტება, რომ ცალკეული წერილები სურკოვის კანცელარიის ელექტრონული ფოსტიდან არ გამოქვეყნდა ოპერატიული მოსაზრებებით. ასეთი პოლიტკორექტულობა რითი აიხსნება?
დემის პოლანდოვი: არა ეს პოლიტკორექტულობა არ არის. „კიბერხუნტა“ ეს არის უკრაინული ჰაკერების ჯგუფი და მათ მხედველობაში ჰქონდათ ის, რომ უკრაინას შეუძლია ეს ინფორმაცია გამოიყენოს თავის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისათვის. ამიტომ, მათ ამოიღეს გარკვეული დოკუმენტები. ეს, პრინციპში, არის მიღებული პრაქტიკა. და ეს იმაზე მიუთითებს, რომ უკრაინის უშიშროების სამსახურსა და ამ ჰაკერებს ან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ, ან ისინი ამ უშიშროების სამსახურების სტრუქტურას წარმოადგენენ.
კობა ლიკლიკაძე: ამ „კიბერხუნტის“ მიერ მოპოვებული მიმოწერიდან ირკვევა, რომ ვლადისლავ სურკოვის აპარატის თანამშრომლები ყურადღებით ეცნობოდნენ და გულდასმით აანალიზებდნენ მედიაში აფხაზეთის შიდა პოლიტიკაზე გამოქვეყნებულ ინფორმაციებს და განსაკუთრებით აქტიურად რადიო „ეხო კავკაზას“ ეცნობოდნენ. თანაც, „ეხო კავკაზა“ კრემლისათვის გაიგივებულია „ვაშინგტონთან“ .
პრინციპში, ეს ყველაფერი უშედეგოდ არ ჩაივლის. ანუ გამოქვეყნებული დოკუმენტები რეალურ გავლენას მოახდენს აფხაზეთის შიდაპოლიტიკურ პროცესებზე. მით უფრო, რომ წინ არის საპარლამენტო არჩევნები, რის გამოც, ჩემი აზრით, ეს თემა, ნებისმიერ შემთხვევაში, ერთ-ერთი წამყვანი იქნება....დემის პოლანდოვი
დემის პოლანდოვი: კი, იქ ძალიან სასაცილო ფორმულირებაა „ეხო კავკაზა“ – „ვაშინგტონი“. დიახ, ისინი კითხულობენ, თვალს ადევნებენ ყველა ინფორმაციას. გულწრფელად უნდა ითქვას, რომ მე გაკვირვებულიც კი ვარ, თუ რა მოცულობის მუშაობას ატარებენ სურკოვის აპარატის თანამშრომლები. ვერც კი წარმომიდგენია, რომ ვინმე ყოველდღიურ რეჟიმში აანალიზებდეს ამ ყველაფერს, ამა თუ იმ თემაზე დაწერილ თითოეულ სტატიას. მაგრამ ასეთი მუშაობა მიმდინარეობს, და იგი არა მხოლოდ 2013-2014 წლებში ტარდებოდა, არამედ ეს დღესაც გრძელდება. და, სხვათა შორის, „კიბერხუნტა“ დაგვპირდა, რომ ინტერნეტში განათავსებს 2015-2016 წლების მიმოწერასაც. და ეს კიდევ ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ არიან აფხაზი პოლიტიკოსები სრულ შოკში. ისინი კულუარებში პირდაპირ საუბრობენ, რომ აქამდე გამოქვეყნებული წერილები, ამასთან შედარებით, შეიძლება ბავშვის ტიტინად გამოჩნდეს. იმდენად შეშინებულები არიან.
კობა ლიკლიკაძე: როგორც იტყვიან, ეს ჟურნალია და კინო ამის შემდეგ დაიწყება. ანუ გაგრძელება იქნება?
დემის პოლანდოვი: მოსალოდნელია გაგრძელება და ამ ყველაფერმა, შეიძლება, მართლა ააფეთქოს ვითარება. რადგან ძალიან სერიოზული იყო ზეწოლა, რომელსაც რუსეთი აფხაზეთზე ახორციელებდა 2014 წლიდან, საკუთარი ინტერესების გასატარებლად. და არის კიდევ ერთი მომენტი. ნახევარი წლის წინ, ან შეიძლება ცოტა ადრე, კრემლში თანამდებობიდან გაათავისუფლეს ორი პირი, რომლებიც ვლადისლავ სურკოვის აპარატში აფხაზეთის საკითხებზე მუშაობდა. და ამ წერილების დასტაში, რომელსაც „კიბერხუნტა“ ამზადებს, მოჰყვება ამ ორი პირის მიმოწერაც, რომლების მუშაობაც შეფასდა, როგორც ჩავარდნა, ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება.
კობა ლიკლიკაძე: და ამ ორ პირს რა პირდაპირი შეხება ჰქონდათ აფხაზეთთან?
დემის პოლანდოვი: ისინი სურკოვის სტრუქტურაში სწორედ აფხაზეთის საკითხებით, აფხაზეთის მიმართულებით იყვნენ დაკავებული და ისინი გაათავისუფლეს. ცხადია, სურკოვს არ განუმარტავს, თუ რატომ გათავისუფლდნენ ისინი, მაგრამ საქმეც ისაა, რომ ჩვენ შეიძლება ეს გავიგოთ შემდგომში, თუ „კიბერხუნტა“ მომდევნო წლების მიმოწერასაც გაასაჯაროებს.
კობა ლიკლიკაძე: იცი, მე აფხაზეთის საკითხების ცოდნას ვერ დავიტრაბახებ, მაგრამ თუ აფხაზების თავისუფლებისმოყვარეობას გავიხსენებთ, ვვარაუდობ, რომ ფარული პროტესტი უნდა დუღდეს ამ წერილების შინაარსის წაკითხვის შემდეგ, რომლითაც ცხადი ხდება, თუ როგორი ზეწოლის ქვეშაა თვითგამოცხადებული აფხაზეთის ხელისუფლება მოსკოვის მხრიდან – ზოგს აშინებენ, ზოგს კი სასყიდელს სთავაზობენ
დემის პოლანდოვი: პრინციპში, ეს ყველაფერი უშედეგოდ არ ჩაივლის. ანუ გამოქვეყნებული დოკუმენტები რეალურ გავლენას მოახდენს აფხაზეთის შიდაპოლიტიკურ პროცესებზე. მით უფრო, რომ წინ არის საპარლამენტო არჩევნები, რის გამოც, ჩემი აზრით, ეს თემა, ნებისმიერ შემთხვევაში, ერთ-ერთი წამყვანი იქნება. რაულ ხაჯიმბას მიერ მოსკოვისათვის მიცემული მრავალი დაპირების მიუხედავად, ბევრი რამის რეალიზება არ მომხდარა. არ ვიცი, სურდა მას ეს თუ არა. მოლაპარაკებების დროს დაპირებით, ბევრ რამეს შეიძლება დაჰპირდე, ეს პოლიტიკაა. მაგრამ ფაქტია, რომ უძრავი ქონების ბაზარი დაკეტილია. არ არის გადაწყვეტილი საზღვრების საკითხი. ანუ, აფხაზეთისათვის მტკივნეული საკითხები კვლავ აქტუალურია და სურკოვმა ვერ შეძლო მათი გადაჭრა. ხაჯიმბამ არ შეასრულა ბევრი დაპირება, თუ, რა თქმა უნდა, მან საერთოდ გასცა ასეთი დაპირება. ხოლო მომავალში, თუ ინტერნეტში გავრცელდება, როგორც ზემოთ ვახსენე, ახალი მიმოწერა სურკოვის კანცელარიის წვერებს შორის, – ამ დაპირების შესრულებას ხაჯიმბა ვეღარც შეძლებს. თუ სავარაუდო წერილებით გამოჩნდება, რომ რაულ ხაჯიმბა აფხაზეთის ეროვნულ ინტერესებს იცავს, მაშინ ამან, შესაძლოა, გაამყაროს მისი პოზიციები აფხაზეთის შიგნით. მაგრამ თუ იგი წარმოჩნდება ისეთ ადამიანად, რომელსაც სურს, რომ დათმოს ეს ინტერესები, მაგრამ არ შეუძლია ეს – მაშინ ოპოზიცია ამას სათავისოდ გამოიყენებს და საპარლამენტო არჩევნებში ჩვენ, შესაძლოა, ძალთა სულ სხვაგვარი განაწილების მოწმენი გავხდეთ.