Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რკინიგზელთა შიმშილობა გრძელდება


რკინიგზელთა შიმშილობის აქცია
რკინიგზელთა შიმშილობის აქცია

24 აგვისტოს რკინიგზის დეპარტამენტთან გამართული აქციის დროს დაკავებული აქტივისტები და მოშიმშილეები, ათივე პირი, მათ შორის, სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115-ის“ წევრები, 25 აგვისტოს, საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს. თავად სასამართლო პროცესი კი დაკავებულების ადვოკატების მოთხოვნის საფუძველზე გადაიდო. დაცვის მხარემ საქმის მასალებისა და მტკიცებულებების გაცნობისთვის დრო ითხოვა. პროცესი 8 სექტემბრისთვის დაინიშნა. რკინიგზის დეპარტამენტთან შიმშილობას აგრძელებენ რკინიგზის თანამშრომლები და პროფკავშირის წარმომადგენლები. ისინი აცხადებენ, რომ პროტესტი მათი მოთხოვნების შესრულებამდე არ დასრულდება. დღის ბოლოს ერთ-ერთი მოშიმშილე შეუძლოდ გახდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რკინიგზელთა შიმშილობა გრძელდება
please wait

No media source currently available

0:00 0:06:29 0:00
გადმოწერა

24 აგვისტოს რკინიგზის დეპარტამენტთან შეკრებილი მოშიმშილეები და აქციის წევრები მას შემდეგ დააკავეს სამართალდამცავებმა, რაც მათ, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, უარი მიიღეს დეპარტამენტთან კარვის დადგმაზე და შიმშილობის გაგრძელება დეპარტამენტის ფოიეში გადაწყვიტეს. პროტესტის მონაწილეების ეს მცდელობა სამართალდამცავებმა აღკვეთეს, რომლებმაც ადვოკატებისა და დაკავებულების თქმით, თავიანთ ძალაუფლებას გადაამეტეს. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი მიიჩნევს, რომ შსს-ს წარმომადგენლები საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას განგრძობითად და უხეშად არღვევდნენ აქციის მონაწილეების შეკრების თავისუფლებას, რაც კარვების განთავსების შეზღუდვაში გამოიხატებოდა. 24 აგვისტოს კი პოლიციამ უხეში და არაპროპორციული ძალის გამოყენებით დააკავა აქციის მონაწილენი, რაც შეკრების მონაწილეთა უფლებების არათანაზომიერ შეზღუდვაზე მიუთითებს. დაჩი ცაგურია, რკინიგზის დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აცხადებს, რომ აქციის მონაწილეთა შენობაში შეღწევა დაუშვებელი იყო: „ათასობით ადამიანის უსაფრთხო გადაყვანაზე ვართ პასუხისმგებლები და შენობაში შემოჭრა, საფრთხის ქვეშ აყენებს ამ პროცესს. ძალიან განვიცდი, რომ გუშინ საჭირო გახდა ასეთი ჩარევა, მაგრამ საგულისხმოა, რომ ამ ქვეყანაში, ვისაც ძალის გამოყენების ლეგიტიმური უფლება აქვს, ეს არის პოლიცია და მე ვერსად ვნახე, სადაც ფიზიკურად ურტყამენ აქციის მონაწილეებს. არის მხოლოდ ძიძგილაობა და ჭიდაობა იმ ადამიანებთან, რომლებიც არ ემორჩილებიან პოლიციას“.

შიმშილობის მეთერთმეტე დღე, 14 მოშიმშილე და უცვლელი მოთხოვნები: დააბრუნონ ძველ სამუშაო ადგილზე რკინიგზელი უჩა ღვთისიაშვილი, გადადგეს რკინიგზის დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დაჩი ცაგურია და რკინიგზის დეპარტამენტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ვასილ ხორავა. მოშიმშილე რკინიგზელები და პროფკავშირელები ამბობენ, რომ დაჩი ცაგურია მოშიმშილეების მიმართ პროვოკაციულ განცხადებებს ავრცელებს, პროცესს მართულს უწოდებს, რის გამოც მას აღარ აქვს უფლება დარჩეს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში. რაც შეეხება ვასილ ხორავასა და მისი გადადგომის მოთხოვნას, რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ხელმძღვანელი ვიტალი გიორგაძე ამბობს, რომ რკინიგზის დეპარტამენტის ინფრასტრუქტურის სამსახურში არსებობს სქემა, რომელიც დასაქმებულთა ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადაყვანას და ამით კადრების შემცირებას უწყობს ხელს: „რკინიგზის დეპარტამენტი ბოლო პერიოდში აქტიურად იყენებს ამ მანკიერ პრაქტიკას ადამიანების შემცირებისათვის. მაგალითად, ის სთავაზობს დასაქმებულებს კაბალურ პირობებს, როგორც უჩას შემთხვევაში, გადასულიყო სამუშაოდ გურჯაანიდან მარნეულის მიმართულებით. 25-მა ადამიანმა დაწერა საკუთარი ნებით განცხადება ბოლო ერთი თვის განმავლობაში სამსახურიდან წასვლის თაობაზე. ეს გახლავთ ადამიანების შემცირების ერთ-ერთი მეთოდი, რომელსაც იყენებს ინფრასტრუქტურის დეპარტამენტი“.

უჩა ღვთისიაშვილი, საქართველოს რკინიგზის აღმოსავლეთ სალიანდაგოს დეფექტოსკოპიის ოპერატორის თანაშემწე, 13 წელია რკინიგზაში მუშაობს. მისი სამუშაო და საცხოვრებელი ადგილი გურჯაანში იყო. თუმცა, პირველ აგვისტოს მას შეატყობინეს, რომ გურჯაანიდან მარნეულში უნდა გადასულიყო სამუშაოდ, რაც მისთვის მიუღებელი წინადადება აღმოჩნდა და შიმშილობა დაიწყო, კიდევ ერთ კოლეგასთან ერთად: „ადმინისტრაციამ მითხრა, თუ არ იმუშავებ, გაგიშვებთ სახლშიო. მოლაპარაკებებს ვითხოვდით 10 დღის განმავლობაში უშედეგოდ, შემდეგ დავიწყეთ შიმშილობა. პროტესტის უკიდურეს ზომებს მივმართეთ ორმა ადამიანმა. ჩემი კოლეგა ცუდად გახდა და გადაიყვანეს სახლში სამკურნალოდ. მასზე განხორციელდა ზეწოლა და ხელი მოაწერინეს შეთანხმებაზე, რომ გადასულიყო მარნეულში სამუშაოდ“.

შევუნარჩუნეთ მათ ხელფასი და ასევე დამატებით უზრუნველყოფა გავუკეთეთ მათ საცხოვრებლით და ტრანსპორტით. ისინი არიან უზრუნველყოფილნი. სხვა ყველა თანამშრომელმა ეს ირწმუნა და დადიან იქ და უჩა ღვთისიაშვილის თქმით, რატომ არ იქნება ეს პირობები, ჩემთვის გაუგებარია...
დაჩი ცაგურია

უჩა ღვთისიაშვილს რკინიგზის დეპარტამენტმა პირველი სექტემბერი დაუწესა საბოლოო გადაწყვეტილების მიღების თარიღად. ამას ადასტურებს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას როგორც თავად რკინიგზელი, ისე დაჩი ცაგურია. უჩა ღვთისიაშვილი ამბობს, რომ ის პირობები, რომლებსაც რკინიგზის დეპარტამენტი მარნეულში გადასვლის სანაცვლოდ სთავაზობს, მისთვის არ არის მისაღები. რაც შეეხება დაჩი ცაგურიას, იგი მიიჩნევს, რომ უჩა ღვთისიაშვილის პროტესტს რეალური საფუძველი არ აქვს. მისივე მტკიცებით, პროტესტი, რომელიც მეთერთმეტე დღეა გრძელდება, საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირის ხელმძღვანელის, ირაკლი პეტრიაშვილის მიერაა მართული. დაჩი ცაგურიას თქმითვე, მისთვის ასევე გაუგებარია მოშიმშილეების მხრიდან კადრების შემცირების თაობაზე საუბარი: „ჩვენ რომ მათი შემცირების სურვილი გვქონოდა, ჩვენ მათ აღარ შევთავაზებდით მეორე სამსახურს, ვინაიდან კახეთში, იქ, სადაც ეს ადამიანები მუშაობენ, აღარ დადის ისეთი ინტენსივობით მატარებლები, რომ საჭირო იყოს ყოველდღიური შემოწმება, ამიტომ ჩვენ ისინი სახლში კი არ გავუშვით, პირიქით, რომ გვჭირდება ეს ადამიანები, მათ შევთავაზეთ გეოგრაფიულად ყველაზე ახლოს სამსახური. შევუნარჩუნეთ მათ ხელფასი და ასევე დამატებით უზრუნველყოფა გავუკეთეთ მათ საცხოვრებლით და ტრანსპორტით. ისინი არიან უზრუნველყოფილნი. სხვა ყველა თანამშრომელმა ეს ირწმუნა და დადიან იქ და უჩა ღვთისიაშვილის თქმით, რატომ არ იქნება ეს პირობები, ჩემთვის გაუგებარია“.

მოშიმშილეები მეთერთმეტე დღეა უშედეგოდ ითხოვენ გამოხმაურებას ხელისუფლების მხრიდან. 25 აგვისტოს სპეციალური განცხადება გავრცელა გაერთიანებული პროფკავშირის თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მიმართავს. წერილის თანახმად, „ნაცვლად რეალური ქმედებებისა, ხელისუფლების მხრიდან, ჩვენ ვიღებდით სახელმწიფო კომპანიისაგან ცეცხლზე ნავთის დასხმას და აბსოლუტურად არაადეკვატურ, შეურაცხმყოფელ და დისკრედიტაციულ განცხადებებს – თითქოს მოშიმშილეები არიან მართული, მატერიალური ინტერესების სანაცვლოდ, საქართველოს პროფკავშირებისგან... სამმხრივი კომისიის უმოქმედობა, ასევე თქვენი, როგორც სამმხრივი კომისიის თავმჯდომარის და საქართველოს პრემიერ-მინისტრის დუმილი (მიუხედავად იმისა, რომ ხანძრის სახით მთელი საქართველო და პროფკავშირები ვართ უდიდესი გამოწვევის წინაშე), სახელმწიფო კომპანიის მხრიდან განხორციელებულ უმსგავსო ქმედებებზე, ჩვენის მხრიდან აღქმულია, როგორც ხელისუფლების პოზიციის გამოხატულება. ვტოვებთ სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიას იმ დრომდე, სანამ არ დავინახავთ გულწრფელი დიალოგის სურვილს ხელისუფლების მხრიდან“.

XS
SM
MD
LG