Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ შიმშილობენ რკინიგზელები?


საპროტესტო აქცია
საპროტესტო აქცია

მეშვიდე დღეა გრძელდება შიმშილობის აქცია საქართველოს რკინიგზის შენობასთან, სადაც რკინიგზის თანამშრომლები და რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წევრები გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენასა და საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურების უფროსების გადადგომას მოითხოვენ. საქართველოს რკინიგზაში კი აცხადებენ, რომ შიმშილობის აქციის საფუძველი არ არსებობს და რომ პროტესტს მართავს პროფკავშირის პოლიტიკურად დაინტერესებული ხელმძღვანელობა.

რატომ შიმშილობენ რკინიგზელები?
please wait

No media source currently available

0:00 0:05:42 0:00
გადმოწერა

„რკინიგზა რკინიგზელებს“, „მენეჯმენტს რკინიგზელების არ ესმის“, „რკინიგზა ცაგურიების გარეშე“ – ამ შინაარსის ტრანსპარანტები აქვთ გამოფენილი შიმშილობის აქციის მონაწილეებს, რომლებიც სოლიდარობას უცხადებენ სამსახურიდან გათავისუფლებულ უჩა ღვთისიაშვილს, საქართველოს რკინიგზის აღმოსავლეთ სალიანდაგოს დეფექტოსკოპიის ოპერატორის თანაშემწეს:

„გადმომიყვანეს გურჯაანიდან მარნეულის მიმართულებით და ვითხოვდით უკან დაბრუნებას, რაზეც კატეგორიული უარი მივიღეთ. მარნეულის ხაზზე გვჭირდება სპეციალისტებიო. ამაზე მე ვუპასუხე, რომ მაშინ მოეცათ შესაბამისი ანაზღაურება და პირობები, რაზეც უარი მივიღე და სამსახურიდან დამითხოვა სამმართველოს უფროსმა. ამის შემდეგ დეპარტამენტს მივმართე წერილობით, მაგრამ აქაც არც გამოხმაურება და არც არაფერი. ერთი კვირის ვადა მივეცით, თუ არა და გავაფრთხილეთ შიმშილობის დაწყებით. რომ არ გამოგვეხმაურნენ, დავიწყეთ შიმშილობა, მეშვიდე დღეა, ვშიმშილობთ“.

უჩა ღვთისიაშვილთან ერთად, სოლიდარობის ნიშნად, შიმშილობს ბათუმელი გელა გოგელია, რკინიგზელი 36-წლიანი სტაჟით:

„მოთხოვნა სამართლიანია იმიტომ, რომ გურჯაანიდან ადამიანს აგზავნიან 170 კილომეტრით სხვაგან სამუშაოდ და არ არის პირობები. ახლა, რაღაც კი აჩვენებენ, თითქოს რაღაც არის, მაგრამ, სინამდვილეში, არ არის. ეს ადამიანი, ჩვენი გურჯაანელი კოლეგა, მეშვიდე დღეა შიმშილობს, რაც ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია. პროფკავშირი შექმნილი გვაქვს სოლიდარობისა და ძმობისთვის, სხვა ჩვენი მოვალეობა არაფერია, თუ არა ერთმანეთის დაცვა და გვერდში დგომა“.

შიმშილობის აქციაში მონაწილეობენ რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წარმომადგენლები. ვიტალი გიორგაძე, კავშირის ხელმძვანელი, ამბობს, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეები თავიდან სოლიდარობას უცხადებდნენ იმ რკინიგზელებს, რომლებსაც სამუშაო ადგილების შეცვლით გაუუარესდათ ცხოვრების პირობები, თუმცა მოთხოვნები მას შემდეგ გაიზარდა, რაც რკინიგზის დეპარტამენტმა მოლაპარაკებისა და კომპრომისის გამოყენების ნაცვლად, კონფრონტაციის გზა აირჩია.

„შიმშილობის დაწყებამდე ჩვენ გვქონდა ერთი მარტივი მოთხოვნა, რომ საერთო ენა გვეპოვა და ამ ადამიანებს შეძლებოდათ მუშაობის გაგრძელება. სამწუხაროდ, რკინიგზის ადმინისტრაციამ ამ ყველაფრის იგნორირება გააკეთა, ხისტად გვიპასუხა, რომ შემოთავაზებულია ერთადერთი პირობა და თუ სურთ, დაეთანხმონ, თუ არა და, წავიდნენ სახლში – ეს იყო მათი პასუხი. შემდგომში ერთ-ერთ მოშიმშილეზე განხორციელდა ზეწოლა, უფრო სწორად, მისი ძმის ოჯახზე განხორციელდა ზეწოლა და მოხდა მისი გასვლა შიმშილობიდან. გარდა ამისა, ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ უარი განაცხადა სოციალურ დიალოგზე. ანუ, რკინიგზა უარს აცხადებს პრობლემის დიალოგის გზით გადაჭრაზე“,– უთხრა „რადიო თავისუფლებას“ ვიტალი გიორგაძემ, რომლის თქმით, ამ კატეგორიული უარის უკან დგანან საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ვასილ ხორავა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დაჩი ცაგურია, რომელთა გადადგომასაც მოითხოვენ აქციის მონაწილენი, თუმცა დაჩი ცაგურიას მტკიცებით, რეალურად პროტესტის საფუძველი არ არსებობს და ვითარებას ხელოვნურად ძაბავს პროფკავშირის ხელმძღვანელობა. ცაგურიას განმარტებით, დეფექტოსკოპიის ოპერატორების გურჯაანიდან მარნეულში გადაყვანას შემდეგი ახსნა აქვს:

„მოგეხსენებათ, რომ კახეთის რეგიონი არის ჩიხი, მატარებლების მოძრაობა არის ძალიან დაბალი ინტენსივობით, სიჩქარეებიც ძალიან დაბალია და თუ ლიანდაგზე მატარებელმა ხშირად არ იარა, დეფექტოსკოპის შემოწმების ინტენსივობა რომ ყოველდღე იქნას გამოყენებული, ამის აუცილებლობა აღარ არის. ამიტომ, ჩვენთვის ძვირფასია ეს ადამიანები, მათი პროფესიული უნარ-ჩვევები, რომლებიც მათ გააჩნიათ. სწორედ ამიტომ ჩვენ მათ შევთავაზეთ სამსახური ყველაზე ახლოს, მარნეულში. კი არ გავუშვით სახლში, არამედ შევთავაზეთ ახალი ადგილი. ეს ადამიანები თავიდან შეთავაზებას დათანხმდნენ, ხელიც კი მოაწერეს, მაგრამ შემდეგ პროცესში ჩაერთო პროფკავშირების ხელმძღვანელი, მისი მეცადინეობითა და ძალისხმევით, დაიწყეს ამ ადამიანებმა შიმშილობა“.

თუმცა, პროფკავშირი იქით ადანაშაულებს საქართველოს რკინიგზას სოციალური პარტნიორობის საბოტაჟში. რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წარმომადგენლის, ილო ლეჟავას თქმით, რკინიგზა ასევე იყენებს თავის გავლენას სახელმწიფო სტრუქტურებში და ზეწოლას ახორციელებს აქციის მონაწილეებზე.

„ვხედავთ, რომ პატრული არღვევს კანონს, არ მოგვცა კარვის გაშლის უფლება, მეტიც გაშლილი კარავი აგვაღებინა, სადამფუძნებლო დოკუმენტებში აღმოჩენილი ვითომ ხარვეზების გამო, სასამართლომაც იგივე გაიმეორა. ვხედავთ, რომ სუს-ი ახორციელებს ზეწოლას რკინიგზელებსა და მათი ოჯახის წევრებზე, რომ არ ჩამოვიდნენ თბილისში და არ შეუერთდნენ აქციას. ზეწოლა განხორციელდა ერთ-ერთ მოშიმშილეზე, რომელსაც ძალით მოაწერინა ადმინისტრაციამ ხელი. და როგორც ჩანს, სასამართლოზეც მიუწვდება ხელი რკინიგზის ადმინისტრაციას გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის სახელმწიფო კომპანია. ეს ყველაფერი კი კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, რომ ეს არის არა დაჩი ცაგურიას, არამედ სახელმწიფოს პოზიცია ჩვენს წინააღმდეგ. ეს გამოიწვევს ჩვენი პროტესტის კიდევ უფრო გაღრმავებას და მოთხოვნების გაზრდასაც“,– უთხრა ილო ლეჟავამ „რადიო თავისუფლებას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG