Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„საზოგადოებრივ მაუწყებელს“ დირექტორი აღარ ჰყავს


გიორგი ჭანტურია
გიორგი ჭანტურია
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჭანტურიამ 14 დეკემბერს თანამდებობიდან წასვლის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, პოსტის დატოვების მიზეზი ორგანიზაციის სტრატეგიული განვითარების გეგმის შეუსრულებლობა გახდა. ის კატეგორიულად უარყოფს ვერსიებს ორგანიზაციაში შექმნილი ფინანსური პრობლემებისა თუ ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის მიზეზით პოსტის დატოვების თაობაზე. გიორგი ჭანტურია „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურ დირექტორად 2008 წლიდან მუშაობს. „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ღია კონკურსი უკვე გამოცხადდა. ამ დროისათვის დირექტორის მოვალეობას გიორგი ბარათაშვილი, მაუწყებლის ტექნიკური დირექტორი, ასრულებს.

მას შემდეგ, რაც „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჭანტურიამ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა, ისიც დააყოლა, რომ მას „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დირექტორობა სამი წლის განმავლობაში მძიმე ტვირთად აწვა და ამიტომ ცოტა ხნით დასვენება გადაწყვიტა:

”მე აქ ყოფნის გამო ძალიან ბევრი რამ დავთმე. დავთმე ძალიან ბევრი იდეა, გეგმა, სცენარი, მოსაზრებები, რომლის განხორციელებაზე უარი ვთქვი იმის გამო, რომ აქ ვყოფილიყავი. ვფიქრობ, რომ ჩემი აქ ყოფნა იყო გამართლებული და იყო სწორი. ახლა, ალბათ, ცოტა ხნით დავისვენებ. ჯერ კონკრეტული გეგმები არ მაქვს, თუმცა ძალიან მალე ისევ აქტიურად დავუბრუნდები სამუშაოს. ახლა სახლში მინდა”...

სახლში წასვლამდე გიორგი ჭანტურიამ თანამდებობიდან გადადგომის მიზეზები განმარტა. ეს მიზეზი კი, მისი თქმით, მხოლოდ და მხოლოდ იმ გეგმის შეუსრულებლობა გახდა, რომელიც მან ტელევიზიაში მისვლისას დაისახა და რომლის მიზანიც „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ განვითარება იყო. ხოლო თუ რატომ ვერ მოახერხა გიორგი ჭანტურიამ დასახული გეგმის შესრულება, ამის შესახებ მას კონკრეტული არაფერი უთქვამს.
მაუწყებლის რეფორმირებისა და დამოუკიდებლობის განმტკიცების პროცესი კვლავაც გაგრძელდება ...
ლევან გახელაძე

14 დეკემბერს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭომ გიორგი ჭანტურიას განცხადება გენერალური დირექტორის პოსტიდან გადადგომის შესახებ უმრავლესობის თანხმობით დააკმაყოფილა. ევროპის მაუწყებელთა კავშირის და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს მიერ ერთობლივად დამტკიცებული სტრატეგიული გეგმის შეუსრულებლობის გამო „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ წარმოქმნილი მართვის კრიზისი - ეს არის ოფიციალური მიზეზი, რის გამოც მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ გიორგი ჭანტურიას განცხადება გადადგომის თაობაზე დააკმაყოფილა. სამეურვეო საბჭოს ოფიციალური განცხადების შინაარსი ჟურნალისტებს საბჭოს თავმჯდომარემ ლევან გახელაძემ გააცნო.

”საბჭო მადლობას უხდის ბატონ ჭანტურიას გაწეული სამუშაოსთვის, იმ რთული პირობების გათვალისწინებით, რომელშიც მას უხდებოდა მუშაობა, და მიიჩნევს, რომ მისი ხელმძღვანელობით დაწყებული მაუწყებლის რეფორმირებისა და დამოუკიდებლობის განმტკიცების პროცესი კვლავაც გაგრძელდება", - განაცხადა ლევან გახელაძემ.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის მიერ პოსტის დატოვების ოფიციალურად გაცხადებული მიზეზის მიუხედავად, გაჩნდა არაერთი ვერსია მისი გადადგომის შესაძლო მიზეზების შესახებ. ხომ არ უკავშირდება გიორგი ჭანტურიას თანამდებობიდან წასვლა „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ არსებულ ფინანსურ პრობლემებს? – 14 დეკემბერს გიორგი ჭანტურიას ჟურნალისტებმა ასეთი კითხვა დაუსვეს. შეგახსენებთ, რომ ერთი თვის წინ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ორგანიზაციის შემოწმება დაიწყო. ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის სიტყვებით, ეს გადაწყვეტილება ბიუჯეტის მიმართ 3 მილიონ 800 ათასი ლარის ოდენობით დაგროვილმა საგადასახადო დავალიანებამ გამოიწვია. გიორგი ჭანტურია ვერსიას ფინანსური პრობლემების გამო თანამდებობიდან წასვლის თაობაზე კატეგორიულად უარყოფს.
3 ოქტომბერს ”მოამბის” მთავარ შეკრებაზე, დილის თათბირზე, ჟურნალისტებს უთხრეს, რომ ახლა „მოამბე“ გადადის ოპოზიციაში. გესმით თქვენ, ეს რას ნიშნავს? ...
ზვიად ქორიძე

ასევე კატეგორიულად უარყოფს ის მოსაზრებას, რომლის თანახმადაც, მისი თანამდებობიდან წასვლა შეიძლება უკავშირდებოდეს ხელისუფლების მხრიდან რაიმე სახის ზეწოლას. აქვე გავიხსენოთ, რომ „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ ფინანსური შემოწმების დაწყებას საპარლამენტო უმცირესობამ თავისუფალ ტელევიზიაზე პირდაპირი ზეწოლა უწოდა. უმცირესობის ეს განცხადება კი, თავის მხრივ, 22 ნოემბერს კატეგორიულად უარყო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა და განაცხადა, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეა შეცდომაში შეიყვანეს, რის გამოც ასამბლეის რეზოლუციაში ჩაიდო პუნქტი, რომელიც „საზოგადოებრივი მაუწყებელზე“ განხორციელებულ ზეწოლას მიეძღვნა. შეგახსენებთ, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ 12 ნოემბერს პრაღაში მიიღო რეზოლუცია, რომელშიც გამოხატულია წუხილი „საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში“ მიმდინარე მოვლენების გამო.
”ვერ დაგეხმარებათ ის ფაქტი, რომ ასამბლეამ გააკეთა მსგავსი განცხადება, რომ ზეწოლა ხორციელდება პირველ არხზე. არც ერთი ჟურნალისტის მუშაობა არ შეზღუდულა „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ და არც შეიზღუდება მომავალში”, - განაცხადა 22 ნოემბრის პრესკონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილმა.

ჟურნალისტი ზვიად ქორიძე „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ უკვე ყოფილი გენერალური დირექტორისა და სამეურვეო საბჭოსგან ელოდება უფრო საფუძვლიან განმარტებას, თუ რატომ დატოვა პოსტი გიორგი ჭანტურიამ საფინანსო წლის დასრულებამდე რამდენიმე დღით ადრე. მისივე თქმით, აუცილებელია საზოგადოებამ შეიტყოს რეალური მიზეზი იმისა, თუ რატომ შეიქმნა დღეს „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ კრიზისი:

” ‘საზოგადოებრივი მაუწყებლის’ მთელი პრობლემა იყო ის, რომ როდესაც ყოფილმა მმართველმა გუნდმა და, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტმა 2 ოქტომბერს გააკეთა განცხადება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გადადის ოპოზიციაში, 3 ოქტომბერს ”მოამბის” მთავარ შეკრებაზე, დილის თათბირზე, ჟურნალისტებს უთხრეს, რომ ახლა „მოამბე“ გადადის ოპოზიციაში. გესმით თქვენ, ეს რას ნიშნავს? ეს არ არის „საზოგადოებრივი მაუწყებელი“. ეს იყო მაუწყებელი, რომელიც იყო მიბმული ხელისუფლების მმართველ ჯგუფზე და, შესაბამისად, როგორც კი შეიცვალა მმართველობის სისტემა ქვეყანაში, ეს ჯგუფი აღმოჩნდა უუნარო, რომ მართოს ეს ტელევიზია”, - მიაჩნია ზვიად ქორიძეს.

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის ვაკანსიაზე ღია კონკურსი უკვე გამოცხადებულია. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ლევან გახელაძის თქმით, მსურველების განცხადება 20 დეკემბრის 18:00 საათამდე მიიღება. "მაუწყებლობის შესახებ" კანონით, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურ დირექტორს თანამდებობაზე სამეურვეო საბჭო, ღია კონკურსის წესით, 6 წლის ვადით ნიშნავს, გენერალური დირექტორი კი უნდა დაინიშნოს ვაკანსიის წარმოშობიდან 1 თვის ვადაში.

„საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, 2012 წელს 49.6 მლნ ლარის დაფინანსება მიიღო, ახალი მთავრობის მიერ წარდგენილი ბიუჯეტის პროექტის თანახმად კი, „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ 2013 წელს 31.8 მლნ ლარის დაფინანსებაა გათვალისწინებული.
XS
SM
MD
LG