Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გვჭირდება თუ არა რუსულენოვანი ტელევიზია ”პიკი”?


ეკატერინე კოტრიკაძე
ეკატერინე კოტრიკაძე
სჭირდება თუ არა საქართველოს რუსულენოვანი ტელევიზია? - ეს იყო ”რია ნოვოსტის” საერთაშორისო პრესცენტრში 23 ოქტომბერს გამართული მრგვალი მაგიდის მთავარი შეკითხვა, რომელიც ტელეკომპანია ПИК-ის დახურვამ გააჩინა. ტელეკომპანიის 400 თანამშრომელი საკუთარი უფლებების დაცვას მოითხოვს, თუმცა ამ დრომდე ცნობილი არ არის, აღდგება თუ არა არხის მაუწყებლობა, რომელიც, საქართველოს ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, სატელიტიდან გაურკვეველი ვადით გაითიშა.

”რია ნოვოსტის” საერთაშორისო პრესცენტრში შეკრებილი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, კონფლიქტოლოგები, ბლოგერები, ჟურნალისტები, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები თანხმდებიან იმ აზრზე, რომ ტელეკომპანია ПИК-ი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე შეიქმნა და ამ დრომდე სწორედ ამ ფულით ფინანსდებოდა, არ უნდა დაიხუროს. მან შესაძლოა შეცვალოს საინფორმაციო პოლიტიკა, მაგრამ არხის გაქრობა როგორც საქართველოსა და კავკასიაში, ისე უცხოეთში მცხოვრები რუსულენოვანი მაყურებლისათვის დიდი დანაკლისი იქნება.

”რუსულენოვანი ტელეკომპანია, მე მგონი, ჯერჯერობით აუცილებელია არსებობდეს საქართველოს სატელევიზოო სივრცეში. მას ორი მნიშვნელოვანი ფუნქცია ჰქონდა - ერთი ის, რომ მთელი რეგიონის მასშტაბით მაუწყებლობდა და, ამ თვალსაზრისით, საქართველო კავკასიაში წამყვანი ქვეყანა იყო და, მეორეც, ეს ტელეკომპანია ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეთნიკური უმცირესობებისათვის, რომლებისთვისაც ჯერჯერობით საკომუნიკაციო ენა რუსულია. მოკლედ, მე ვფიქრობ, რომ ფორმატში გარკვეული კორექტივები უნდა შევიდეს, მაგრამ ტელეკომპანია უნდა არსებობდეს”, - გვითხრა ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ, რომელიც 23 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე სწორედ ამ სტატუსით მივიდა და ხაზგასმით თქვა, რომ ის ამჯერად არ წარმოადგენდა ”ქართულ ოცნებას”, რომლის პოზიციაც ტელეკომპანიის დახურვასთან დაკავშირებით ჯერჯერობით უცნობია.

არხის დახურვას არც კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი გოგი ხუციშვილი ამართლებს. ამბობს, რომ ПИК-მა საინტერესოდ იმუშავა, თუმცა მას რეორგანიზაცია აუცილებლად სჭირდება:

”ეს, იცით, რაში უნდა გამოიხატებოდეს, რომ იმ საზოგადოებაში, რომელსაც ემსახურება, არ უნდა გაჩნდეს შეგრძნება, რომ ის პროპაგანდას ემსახურება ან ისეთ მესიჯებს გზავნის, რომლებიც კონკრეტული პოლიტიკური ძალისთვის არის ხელსაყრელი. მთავარია, ახლა ახალ ხელისუფლებას მივაწოდოთ ეს აზრი, რომ ასეთი არხის მუშაობა აუცილებელია”.

გოგი ხუციშვილის შთაბეჭდილებით, ПИК-ის გათიშვა ”საზოგადოებრივ მაუწყებელსა“ და ПИК-ს შორის არსებულ ფინანსურ დავას უკავშირდება, რომლის დეტალები საზოგადოებისათვის ჯერჯერობით ბოლომდე ნათელი არ არის და რომელმაც ტელევიზიის 400 თანამშრომელი უხელფასოდ დატოვა. ”საზოგადოებრივი მაუწყებლისგან” ამ დრომდე ცნობილი გახდა მხოლოდ რამდენიმეპუნქტიანი ოფიციალური განცხადება, რომელშიც წერია, რომ „პიკის“ თანამშრომელთა ერთმა ნაწილმა თვითნებურად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობასთან შეუთანხმებლად, საზოგადოებრივი მაუწყებლის მესამე არხის ეთერში გამოხატა პროტესტი, ვითომცდა ხელფასების დაგვიანების მიზეზით. ამ გაუგებარ დემარშს დაემატა ისიც, რომ განხორციელდა მაუწყებლის მესამე არხის ტელესიგნალის არასანქცირებული აწევა იმ სატელიტზე, რომელთანაც „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ შეწყვეტილი ჰქონდა ურთიერთობა (იხ. გზავნილები ,,გლობქასტიდან“). შედეგად, „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ შესაძლოა წარმოექმნას გაუთვალისწინებელი ხარჯები.

თუმცა ПИК-ის საინფორმაციო სამსახურის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი ეკატერინე კოტრიკაძე აცხადებს, რომ არხი სატელიტიდან გათიშეს მანამ, სანამ „პიკის“ ჟურნალისტები კითხვებს დასვამდნენ და პროტესტს ამ კითხვებზე დუმილით გამოხატავდნენ.

ეკატერინე კოტრიკაძე არხის გათიშვაზე სრულ პასუხისმგებლობას „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ აკისრებს, რომელიც ПИК-ის დონორი გახლდათ და სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ფინანსებს მაუწყებლის გავლით ურიცხავდა ტელეკომპანია „პიკს“:

” ‘საზოგადოებრივი მაუწყებელი’ ჩვენი დონორია, სწორედ მას ერიცხებოდა საქართველოს ბიუჯეტიდან ჩვენთვის განკუთვნლი ფული. ფაქტია, რომ ჩვენ არაფერი დაგვირღვევია. მე ვიცი, რომ, უბრალოდ, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ”პიკი“ აღარ სჭირდებათ. ჩვენ გვინდა ყველა დონეზე განვიხილოთ ყველა საკითხი, თუნდაც ის, რომ მდუმარე აქცია მიიჩნევა არხის დახურვის მიზეზად. ეს არის „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დისკრედიტაცია? მე ვფიქრობ, რომ არა. ჩვენ მხოლოდ კითხვები დავსვით, რაც არის კიდეც ყველა ჟურნალისტის მოვალეობა. თუ ამისთვის შენ ტელეკომპანიას თიშავ, ეს უკვე ცენზურას ნიშნავს”.

ეკატერინე კოტრიკაძე ასევე აცხადებს, რომ მისთვის გასაგები იქნება, თუ პარლამენტი იმსჯელებს ტელეკომპანიის არსებობა-არარსებობის მიზანშეწონილობაზე და გადაწყვეტილებაც ამ გზით მიიღწევა. ან თუ დისკუსია შეეხება არხის საინფორმაციო პოლიტიკას, მაგრამ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” მიერ ერთპიროვნულად მიღებულ გადაწყვეტილებას, მისი თქმით, ტელეარხის 400 თანამშრომელი ასე ადვილად ვერ შეურიგდება.
23 ოქტომბრის შეხვედრას სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა სომხური თეატრის რეჟისორი ლევან უზუნიანიც, რომელიც მოგვითხრობს, თუ როგორ დაურეკა მას არხის გათიშვის დღეს ამერიკაში მცხოვრებმა დამ, რომლისთვისაც ПИК-ი ერთ-ერთი მთავარი საინფორმაციო წყარო იყო საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ. თავად ლევან უზუნიანიც მიიჩნევს, რომ არხის პოლიტიკის მიმართულების შეცვლა ყოველთვის შეიძლება, მაგრამ მისი დახურვა გაუმართლებელია:

” როგორი უნდა იყოს ”პიკი” - ეს სხვა ამბავია, ჩემი გადასაწყვეტი არ არის, მაგრამ რომ უნდა იყოს, ეს ფაქტია, რადგან რუსულენოვანი მაყურებელი მას მხოლოდ საქართველოსა და კავკასიაში კი არა, მთელ მსოფლიოში ჰყავს”.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "პიკის“ ჟურნალისტებმა, მხარდაჭერის მოთხოვნით, სპეციალური მიმართვები გაავრცელეს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის, დეპუტატებისა და საქართველოში აშშ-ის ელჩის რიჩარდ ნორლანდის სახელზე. მათ პასუხები ჯერჯერობით არ მიუღიათ. 23 ოქტმბერს კიდევ ერთი მიმართვის მომზადება დაიგეგმა, ამჯერად ეთნიკური უმცირესობების სახელით. ხუთშაბათს კი, 25 ოქტომბერს, ”პიკის“ ჟურნალისტები და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები მორიგ საპროტესტო აქციას უკვე ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის შენობასთან, გამართავენ.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG