Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”პირველი კავკასიური” მაუწყებლობას იწყებს


ტელეკომპანია პიკის პრეზენტაცია
ტელეკომპანია პიკის პრეზენტაცია
25 იანვრიდან ტელეკომპანია პიკი - ”პირველი საინფორმაციო კავკასიური” - თავის 6-საათიან მაუწყებლობას იწყებს. რუსულენოვანი არხი, რომელსაც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი აფინანსებს, მოსკოვის დროით 18:00 საათზე გავა ეთერში და 00:00 საათამდე იმუშავებს. როგორც არხის ხელმძღვანელობა აცხადებს, ეს იქნება დამოუკიდებელი და ობიექტური მაუწყებლობის მაგალითი, მაუწყებლობისა, რომლის სიგნალიც დაფარავს სამხრეთ და ჩრდილო კავკასიას, უკრაინას, ბელორუსიას, აღმოსავლეთ ევროპას, რუსეთს, თურქეთსა და ირანის ტერიტორიას. 25 იანვარს არხის პირველი სტუმარი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იქნება.
თუ თქვენ მეკითხებით, იქნება თუ არა ეს არხი პროპაგანდისტული, გეტყვით - არავითარ შემთხვევაში...

”პირველი კავკასიური” 25 იანვრიდან ეთერშია. ეს იქნება რუსულენოვანი კავკასიური არხი, მაგრამ არა ადგილობრივი ხასიათის, - აცხადებს პიკის ხელმძღვანელობა. ის გააცნობს მსოფლიოს კავკასიას, ხოლო კავკასიას - მთელ მსოფლიოს. ახალ არხს საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს - მას სურს დაიკავოს მიუკერძოებელი, მაღალ ჟურნალისტურ სტანდარტებზე დაფუძნებული ტელევიზიის ნიშა ქართულ - და არამხოლოდ ქართულ - მედიასივრცეში. ცნობილია ისიც, თუ რას არ აპირებს პირველი კავკასიური: კერძოდ, ებრძოლოს პროპაგანდას პროპაგანდის მეშვეობით, შევიდეს პოლემიკაში სხვა მედიასაშუალებებთან და მთავრობებთან; არ აპირებს დასკვნების გაკეთებას და არ აპირებს გაექცეს კამათს. ობიექტური მაუწყებლობის გარანტად არხის გენერალური დირექტორი რობერტ პარსონსი საკუთარ პიროვნებას, თავის გუნდსა და საქართველოს ხელისუფლების მიერ მიცემულ დაპირებასაც ასახელებს:

”თუ თქვენ მეკითხებით, იქნება თუ არა ეს არხი პროპაგანდისტული, გეტყვით - არავითარ შემთხვევაში. მე არასოდეს ჩემს ცხოვრებაში არ მიმუშავია პროპაგანდისტული არხებისთვის და არც ვიმუშავებ. მე მესმის, რომ არხისათვის ეს სიკვდილის ტოლფასია, რადგან არავის არ უნდა პროპაგანდა, ხალხს ეს ყელში აქვს ამოსული... და მე მაქვს გარანტია მთავრობისა და მაუწყებლისგან, რომ დამოუკიდებელი ვიქნები. თუ ეს ასე არ იქნება და სიტუაცია შეიცვლება, მე შემიძლია წავიდე ისევ საფრანგეთში, სადაც აქამდე ვმუშაობდი. ჩვენ გვაქვს გარანტია, რომ არანაირი პოლიტიკური ჩარევა ჩვენს საქმეში არ იქნება”.
პიკის გენერალური დირექტორი რობერტ პარსონსი

რობერტ პარსონსი, რომელიც გახლდათ ჯერ BBC-ის რუსული სამსახურის პროდიუსერი, შემდეგ მოღვაწეობდა World Service TV-ში, იყო რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის დირექტორი, აცხადებს, რომ მას სურს ”პირველი კავკასიური” გახდეს ისეთი არხი, რომელსაც უყურებენ იმისთვის, რომ გაიგონ, რა ხდება კავკასიაში. მათთვის, ვისაც ამ მხრივ ჩვენში ეჭვი ეპარება, მარტივი პასუხი მაქვს: ჯერ უყურეთ და დასკვნები შემდეგ გააკეთეთო.

ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ახალი არხის პოლიტიკაზე, პროგრამებსა და ჟურნალისტების პროფესიონალიზმის ამაღლებაზე ზრუნავდა არხის გენერალური დირექტორის მოადგილე დევიდ ჩეტერიც, რომელიც ასევე ცნობილია თავისი რეპორტაჟებით ჩეჩნეთისა და ავღანეთის ომებიდან. დევიდ ჩეტერი, რომელიც ბოლო დროს ინგლისურენოვანი კომპანია „ალჯაზირასათვის“ მუშაობდა, აცხადებს, რომ „პირველი კავკასიური“ არ შემოისაზღვრება იმ თემებით, რომელთაც მედიასაშუალებათა უმრავლესობა აშუქებს:
დასავლური მედია ისრაელ-პალესტინის კონფლიქტს ინტენსიურად აშუქებს,რასაც ვერ ვიტყვით კავკასიაში მიმდინარე პროცესების გაშუქებაზე, და ჩვენ შევცვლით ამას ...

”მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ჯარებს ოკუპირებული აქვთ საქართველოს ტერიტორია, რუსეთი არ იქნება ჩვენი საინფორმაციო პოლიტიკის ერთადერთი სამიზნე. დავინტერესდებით თურქეთში მიმდინარე მოვლენებით, ასევე ირანით, თუმცა ჩვენ შევეცდებით თავიდან ავირიდოთ დასავლური ჟურნალისტური მოდელი - მხოლოდ ერთ, მაგალითად, ბირთვული იარაღის საკითხზე მოვამზადოთ რეპორტაჟები. არა, ჩვენ გვაინტერესებს სხვა პროცესებიც, რაც ამ ქვეყანაში ხდება... დასავლური მედია ისრაელ-პალესტინის კონფლიქტს ინტენსიურად აშუქებს,რასაც ვერ ვიტყვით კავკასიაში მიმდინარე პროცესების გაშუქებაზე, და ჩვენ შევცვლით ამას”.

პიკი საინფორმაციო, საგანმანათლებლო და გასართობი არხი იქნება. მის ეთერში, როგორც არხის ერთ-ერთი დამფუძნებელი და საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ეკატერინე კოტრიკაძე გვეუბნება, პოლიტიკური და სოციალური შინაარსის ტოქშოუებიც მრავლად იქნება.

ამ ყველაფრის ნახვის შესაძლებლობა ექნებათ ინტერნეტმომხმარებლებსაც მისამართზე www.pik.tv.
შეგახსენებთ, რომ ”პირველი კავკასიური”, რომელიც 2009 წლის ბოლოს შეიქმნა, ხოლო 2010 წლის 15 იანვრიდან თანამგზავრულ მაუწყებლობაზე გადავიდა, ორ კვირაში გამორთეს ფრანგული თანამგზავრიდან, რომელიც ფირმა “ეუტელსეტს” ეკუთვნოდა. სასამართლო დავა ამ საქმის თაობაზე კი ფრანგული ფირმის სასარგებლოდ გადაწყდა. ამჯერად ტელეკომპანიის მართვას ახორციელებს რობერტ პარსონსისა და ეკატერინე კოტრიკაძის მიერ დაარსებული კერძო კომპანია “ქეი 1”( K 1). არხს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი აფინანსებს და ის ეთერში გავა სხვა - Hot Bird-ის - თანამგზავრიდან.

არხის პირველი სტუმარი კი, როგორც დასაწყისში გითხარით, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იქნება, რომელიც პიკის მიერ მომზადებულ პროექტში - ტელეხიდში - მიიღებს მონაწილეობას და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მოსახლეობის შეკითხვებს უპასუხებს.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG