Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„საზოგადოებრივი მაუწყებელი“ წინასაარჩევნო დებატებს გამართავს


გიორგი ჭანტურია
გიორგი ჭანტურია
„საზოგადოებრივი მაუწყებელი“ წინასაარჩევნო დებატებს იწყებს. ამის შესახებ მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა გია ჭანტურიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. დებატებში მონაწილეობას მიიღებს 4 პოლიტიკური სუბიექტი. ესენი გახლავთ: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, კოალიცია ”ქართული ოცნება”, ”ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა” და ლეიბორისტული პარტია. 9 სექტემბერს დაგეგმილ დებატებში დასახელებული პარტიების პრემიერ-მინისტრობის კანდიდატების მიწვევაა დაგეგმილი, 18 სექტემბერს კი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 1 არხი ამავე პარტიების საარჩევნო სიის პირველ ნომრებს უმასპინძლებს. პარტიათა ნაწილი დებატებში მონაწილეობისთვის მზადაა.

„საზოგადოებრივი მაუწყებელი“ წერილობით უარს ან დასტურს პარტიებისგან წინასაარჩევნო დებატებში მონაწილეობის თაობაზე 4 სექტემბრამდე დაელოდება. დებატებში მონაწილეობას „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, საარჩევნო კოდექსის თანახმად, ოთხ პოლიტიკურ სუბიექტს სთავაზობს. ესენია: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, კოალიცია ”ქართული ოცნება”, ”ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა” და ლეიბორისტული პარტია.

„მაუწყებლის“ დებატების ფორმატის მიხედვით, დასახელებული პარტიების ჯერ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებს, შემდეგ კი პარტიული სიის პირველ ნომრებს სამ კითხვას დაუსვამენ. დებატებში მონაწილე პოლიტიკოსებს ზუსტად თანაბარი დრო ექნებათ დებატების მიმდინარეობისას დასმულ 3 მთავარ კითხვაზე პასუხის გასაცემად, თანაბარი დრო ექნებათ მისასალმებელი და საბოლოო, შემაჯამებელი სიტყვისთვისაც. დებატებს „მაუწყებლის“ ეთერში ჟურნალისტი ეკა მიშველაძე გაუძღვება. წინასწარ შერჩეულ კითხვებს დებატებში მონაწილე პირებს 1 საათით ადრე გააცნობენ. დებატებში მონაწილე პირებისთვის კითხვის დასმის თანმიმდევრობა განისაზღვრება წინასწარი წილისყრით.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან დებატებში მონაწილეობას მიიღებენ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბატონი ვანო მერაბიშვილი და საპარლამენტო სიის პირველი ნომერი ბატონი დავით ბაქრაძე...
ჩიორა თაქთაქიშვილი

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორი გია ჭანტურია იმედოვნებს, რომ პოლიტიკოსები მათ მიერ შეთავაზებული ფორმატით დებატებზე უარს არ იტყვიან:

”თუ რომელიმე ერთი პარტია იტყვის უარს, რა თქმა უნდა, დებატები არ ჩაიშლება და იმ ადგილას, სადაც წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო, ისევ ისე იქნება პოდიუმი და ყველაფერი ჩვეულებრივად იქნება, რიგითობაშიც კი, და ჩვენ მონაწილეობას მივაღებინებთ, ასე ვთქვათ, იმ ცარიელ ადგილს იმ პარტიისაც, რომელიც უარს იტყვის ამ დებატებზე.”

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შეთავაზებას გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სპიკერი ჩიორა თაქთაქიშვილი. მან განაცხადა, რომ ვინაიდან ”ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია გაიმარჯვოს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში, დებატები კი ამომრჩეველს ეხმარება ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს, ამიტომ ისინი დებატებში მონაწილეობისთვის მზად არიან. ჩიორა თაქთაქიშვილმა დაასახელა ასევე დებატებში მონაწილე პირების ვინაობაც:

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან დებატებში მონაწილეობას მიიღებენ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბატონი ვანო მერაბიშვილი და საპარლამენტო სიის პირველი ნომერი ბატონი დავით ბაქრაძე. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, პასუხისმგებლობით მოეკიდონ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შემოთავაზებას, დიდ, ფართო საზოგადოებრივ ინტერესს და მიიღონ მონაწილეობა ამ სატელევიზიო დებატებში.”
შალვა ნათელაშვილმა დებატებში გამოიწვია როგორც „ოცნების“ ლიდერი, ასევე „ნაცმოძრაობის“ ლიდერი და არ გამოდიან და სხვები არ არიან გადაწყვეტილების მიმღები პირები-მეთქი, გითხარით...
სოსო შატბერაშვილი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით, ჯერჯერობით საკუთარი პოზიცია დებატებში მონაწილეობასთან დაკავშირებით გარკვეული არა აქვთ კოალიცია ”ქართულ ოცნებაში”. როგორც კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, კომენტარი ამ თემაზე მხოლოდ მას შემდეგ გაკეთდება, რაც ის „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურ დირექტორს, გია ჭანტურიას, შეხვდება.

ლეიბორისტული პარტიის გენერალურმა მდივანმა სოსო შატბერაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ეჭვი ეპარება ვინმემ ლეიბორისტული პარტიის სიის პირველ ნომერთან - პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილთან - დებატებში დაჯდომა გაბედოს. ამასთან, შალვა ნათელაშვილი დებატებში იწვევს მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს და ბიძინა ივანიშვილს, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ შეთავაზებული ფორმატით დებატებში მონაწილეობა კი, რამდენადაც სხვა პირები გადაწყვეტილების მიმღებნი არ არიან, უაზრობად მიაჩნია:

”შალვა ნათელაშვილმა დებატებში გამოიწვია როგორც „ოცნების“ ლიდერი, ასევე „ნაცმოძრაობის“ ლიდერი და არ გამოდიან და სხვები არ არიან გადაწყვეტილების მიმღები პირები-მეთქი, გითხარით. დანარჩენებთან დებატებს რა აზრი აქვს, - აი, ბაქრაძე რისი გადამწყვეტია? რა აზრი აქვს ბაქრაძესთან დებატებს, მე არ მესმის. დებატებს აზრი აქვს ლეიბორისტების ლიდერისა სხვა პარტიის ლიდერებთან. არ ჯდებიან, იმალებიან კურდღლებივით და სხვა რა გითხრათ? ”

ლეიბორისტებისგან განსხვავებით, ქრისტიან-დემოკრატებს ერთმნიშვნელოვნად აქვთ გადაწყვეტილი სატელევიზიო დებატებში მონაწილეობის მიღება. ამის შესახებ პარტის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ვეფხვაძე, ამბობს:
ლევან ვეფხვაძე
ლევან ვეფხვაძე

”ჩვენთვისაც ეს არის შესაძლებლობა გავგზავნოთ ჩვენი გზავნილი თითოეულ ამომრჩევლამდე. ამიტომ ჩვენ მზად ვართ მივიღოთ ამაში მონაწილეობა და ამ კუთხით თავად ამომრჩეველსაც გავუადვილოთ საქმე ჩვენი მხარდაჭერის.”

ლევან ვეფხვაძის სიტყვებით, მათი პარტიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი პარტიის ლიდერი და პარტიული სიის პირველი ნომერი გიორგი თარგამაძე იქნება.

თუ გავიხსენებთ 2010 წელს დედაქალაქის მერის არჩევნებს, შეიძლება ითქვას, რომ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ მსგავსი ფორმატით დებატების გამართვის გამოცდილება უკვე აქვს.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG