Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორული „მოგვერდი“ რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშებისთვის


თეთრ მაისურებში გამოწყობილი ახალგაზრდები, ანთებული ჩირაღდნით, გორის ქუჩებში სირბილს შუაღამისას დაიწყებენ. ხმაურით მთელ ქალაქს გააღვიძებენ და რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების დაწყებას ამცნობენ. შემდეგ ყველა თეატრის სკვერში შეიკრიბება და დიდ მონიტორზე ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალს დაელოდება.

გადმოწერა

ეს მონიტორი თეატრის სკვერში 21 აგვისტომდე, ოლიმპიადის დახურვამდე, დარჩება. რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშებისთვის გორი განსაკუთრებულად მოემზადა. არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით შეიქმნა ფანკლუბი, სახელწოდებით „მოგვერდი“. ეს სახელი ახალგაზრდებს შემთხვევით არ შეურჩევიათ. ქართული ჭიდაობის ეს ტრადიციული ილეთი ქართველი სპორტსმენებისთვის წარმატების მომტანი ხდებოდა ხოლმე სხვადასხვა თამაშზე. ახლაც ოლიმპიურ თამაშებზე გორის საჭიდაო სკოლები 5 სპორტსმენით არის წარმოდგენილი. ლაშა შავდათუაშვილი, ბექა ღვიანიაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი, გენო პეტრიაშვილი და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მედლების მოპოვების რეალური კანდიდატები არიან. გორში იმასაც ამბობენ, რომ ეს პატარა ქალაქი ბევრ სახელმწიფოს აჯობებს ოლიმპიადაზე წარდგენილი სპორტსმენების რაოდენობით. აქამდე ჯერ არასდროს ყოფილა, რომ გორს ერთბაშად 5 ოლიმპიური ლიცენზიანტი ჰყოლოდა. გორის ქუჩებში უკვე გამოფენილია ბანერები ამ სპორტსმენების გამოსახულებით. ფანკლუბის წევრები მაისურებს არიგებენ და ყველას თეატრის სკვერში იწვევენ. ახალგაზრდული მოძრაობა „დროას“ წარმომადგენელი კატო ქოთოლაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ოლიმპიელთა გამოსვლებს გორიდან განსაკუთრებულად უგულშემატკივრებენ.

გორელ ფოტოგრაფთა კლუბი ოლიმპიური თამაშების მიმდინარეობისას ფოტოსესიებს მოაწყობს. გარდა ამისა, მათ დაგეგმილი აქვთ, რომ სკაიპით რიო-დე-ჟანეიროდან ქართველი სპორტსმენების ვიდეოჩართვა განახორციელონ. ფოტოგრაფთა კლუბის წარმომადგენელი ლევან ახალკაცი ამბობს, რომ ოლიმპიური თამაშების დაწყებას უკვე ბევრი გულშემატკივარი ელის.

გორელი სპორტსმენები
გორელი სპორტსმენები

ახალგაზრდების ინიციატივას გორის მერიის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური შეუერთდა. სამსახურის უფროს რამაზ შიოშვილის თქმით, ოლიმპიადის დღეებში გორელებს არაერთი სიურპრიზი ელოდებათ.

ლაშა შავდათუაშვილისა და ვაჟა მარგველაშვილის მწვრთნელი ნიკო ბიბილაშვილი ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალს თეატრის სკვერში დაესწრება, მაგრამ მომდევნო დღეებში მოსწავლეების გამოსვლას მარტო უყურებს. ამბობს, რომ ამ დროს ემოციას ვერ აკონტროლებს, თითქოს თვითონაც ჭიდაობს და ამით საკუთარ აღზრდილებს ეხმარება. ლაშას, ვაჟას და ბექას ჭიდაობის ყურება მისთვის უკვე ერთგვარი რიტუალია, რომელსაც მარტო ასრულებს. ნიკო ბიბილაშვილი ბიჭების მომზადებით კმაყოფილია და ამბობს, რომ ისინი აუცილებლად გაგვახარებენ.

გორელი სპორტსმენები
გორელი სპორტსმენები

ამაღამ თეატრის სკვერში მარტო გორელები არ შეიკრიბებიან. ქალაქში 70-მდე უცხოელი სპორტსმენია ჩამოსული. უკრაინის, ლიტვის, ლატვიის, რუსეთის, პოლონეთის და კვიპროსის ახალგაზრდა ძიუ-დოისტთა კლუბების წარმომადგენლები გორელ სპორტსმენებთან ერთად გურამ პაპიტაშვილის სახელობის ძიუ-დოს სკოლაში ერთობლივ ვარჯიშებს ატარებენ. ლიტვის ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვასილიუს რებინასი ამბობს, რომ ქართველ კოლეგებთან ერთად ოლიმპიადის გახსნას გორის ცენტრში შეხვდება, უგულშემატკივრებს საკუთარ ნაკრებს და ქართველ სპორტსმენებს.

ქართველ მოჭიდავეებს მოგვერდით არაერთხელ გაუოცებიათ მსოფლიო. გულშემატკივრები რიო-დე-ჟანეიროდან ოლიმპიურ ოქროს მედლებს ახლაც ელიან. ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში 206 ქვეყნის 11 ათასამდე სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. სპორტის 28 სახეობის 42 დისციპლინაში გათამაშდება მედლების 306 კომპლექტი. რიო დე ჟანეიროს თამაშებზესაქართველოს ღირსებას 40 სპორტსმენი სპორტის 13 სახეობაში დაიცავს.

XS
SM
MD
LG