ოლიმპიურ თამაშებში რუსეთის სპორტსმენების მონაწილეობის საკითხზე ღია დავა წარმოიშვა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს, რომელმაც რიოს თამაშებში მონაწილეობა აუკრძალა 100-ზე მეტ რუს სპორტსმენს, და საერთაშორისო ანტისადოპინგო სააგენტოს შორის, რომელიც თვლის, რომ შეჯიბრებაზე აკრძალვა აბსოლუტურად ყველა რუს სპორტსმენზე უნდა გავრცელდეს.
ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელმა თომას ბახმა 1 აგვისტოს გააკრიტიკა ანტისადოპინგო სააგენტო - მისი თქმით, სააგენტომ ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე წამოაყენა რუსეთში დოპინგის პრაქტიკისა და მისი დაფარვის სისტემის საკითხი, რამაც კომიტეტს მცირე დრო დაუტოვა სამოქმედოდ.
ოლიმპიური თამაშები 5 აგვისტოს იწყება. შესაბამისად, კომიტეტმა სპორტის ცალკეული სახეობების ფედერაციებს მიმართა თხოვნით, მათ თავად გადაეწყვიტათ, ვის ექნებოდა თამაშებში მონაწილეობის უფლება, და მათ რეკომენდაციებს ოლიმპიური კომიტეტი ახლა განიხილავს, თამაშების დაწყებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე.
„ეს გადაწყვეტილება სამართალს ეხებაო“, განაცხადა ბახმა რიოში გამართულ ოლიმპიურ ასამბლეაზე 1 აგვისტოს და დასძინა, „სამართალი პოლიტიკისგან დამოუკიდებელი უნდა იყოსო“.
ბახის თქმით, კომიტეტს აუცილებელი გადაწყვეტილებების მიღება მოუხდა. „ბრალდებების სერიოზული ხასიათის გამო, ვერ შევძელით რუსი სპორტსმენების უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვა, თუმცა, მეორე მხრივ, სპორტსმენს ვერ წავართმევთ ადამიანის უფლებას, ჰქონდეს საშუალება დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა“, - განაცხადა ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელმა.
"ადამიანს ვერ წაართმევ [უფლებას], - და, ვფიქრობ, განსაკუთრებით, სპორტსმენს, ვის მიმართაც პასუხისმგებლობა გვაკისრია, - სულ მცირე, შესაძლებლობა მივცეთ საკუთარი უდანაშაულობის დასამტკიცებლად. და სწორედ ეს არის განსხვავება მაკლარენის ანგარიშთან მიმართებით. როგორც მან თავად ახსნა, მისი მანდატი ითვალისწინებდა სისტემის გამოაშკარავებას, რაც მან გააკეთა და კვლავაც უნდა გააგრძელოს. სისტემა მან შოკისმომგვრელი ფორმით გამოააშკარავა“.
ბახის თქმით, ახლა უნდა გადაწყდეს, მთავრობის ქმედებების გამო სასჯელი რამდენად შეიძლება შეეხოს ცალკეულ სპორტსმენებს: "ახლა უნდა გადავწყვიტოთ, რას ნიშნავს ეს სისტემა ყოველი, ცალკეული ინდივიდისთვის და რამდენად მკაცრად შეგიძლია დასაჯო ცალკეული ადამიანი მისი მთავრობის ჩავარდნის ან მანიპულაციის გამო“.
ანტისადოპინგო სააგენტოს ხელმძღვანელმა კრეიგ რიდიმ, რომელიც მომხრეა აკრძალვა რუსეთის ყველა სპორტსმენზე გავრცელდეს, განაცხადა, სააგენტოს სხვა გზა არ ჰქონდა, ოლიმპიური კომიტეტისთვის უნდა წარედგინა ეს ბრალდებები, როცა ისინი დამოუკიდებელმა კომიტეტმა დაამტკიცა 18 ივლისს გავრცელებულ ანგარიშშიო. ამ ანგარიშის გამოქვეყნებამდე დოპინგის შესახებ ცნობები მედიაში ვრცელდებოდა მიმდინარე წელს.
თამაშების წინა პერიოდში ამგვარი ცნობების გავრცელება დესტაბილიზაციას იწვევს, თუმცა, ცხადია, რომ, ანგარიშში მოტანილი გარემოებების სერიოზული შინაარსის გამო, ისინი მყისიერად უნდა გამოქვეყნებულიყო და რეაგირებაც უნდა მოჰყოლოდაო, დასძინა რიდიმ.
რიდის თქმით, მხოლოდ მას შემდეგ, რაც CBS-ის გადაცემაში და გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმსში“ 8 და 12 მაისს გამოითქვა ბრალდებები მოსკოვისა და სოჭის ლაბორატორიების ყოფილი დირექტორის, დოქტორ გრიგორი როდჩენკოვის მხრიდან, დადასტურდა, რომ ანტისადოპინგო სააგენტოს კონკრეტული მტკიცებულება ჰქონდა ამ პროცესებში რუსეთის სახელმწიფოს მონაწილეობის შესახებო.