ხანდახან პოეტები ერთჯერადად წერენ ხოლმე რამე პროზაულს და მერე ამ ჟანრს კვლავ ივიწყებენ. გიორგი კეკელიძის გადანაცვლება პროზაში, რაც „გურული დღიურებით“ დაიწყო და ფსევდოდეტექტიური მოთხრობების ციკლით გაგრძელდა, შემთხვევითი რომ არ ყოფილა, საბოლოოდ დაადასტურა სულ ცოტა ხნის წინ გამოსულმა მისმა რომანმა „ორი თავგადასავალი“. წიგნი დაბეჭდა გამომცემლობამ „წიგნები ბათუმში“. მას გაგა ლომიძის წინათქმა ერთვის. „რათა ორი?“ - ცხადია, თავიდანვე ჩნდება ეს კითხვა. რა ორ თავგადასავალს გვიყვება ავტორი? სიუჟეტის, ნარატივის თვალსაზრისით, არავითარი ორი, ერთმანეთისგან გამიჯნული, თავგადასავალი რომანში არ ვითარდება. საქმე ცოტა სხვანაირადაა. მთავარი პერსონაჟი, ლევან ბარამიძე, არის ერთი გურული ბიჭი, რომელიც 90-იან წლებში თბილისში ფიზიკას ეუფლება, ფიზიკის ინსტიტუტში მუშაობს და აქვე აყალიბებს შეიარაღებულ დაჯგუფებას კრიმინალური განზრახვით. გიორგი კეკელიძე გვიყვება, ერთი მხრივ, ლევან ბარამიძის ამ „ქალაქურ“, დაუნდობელ ცხოვრებას და, მეორე მხრივ, მისი, როგორც სოფლელი ბიჭის, ისტორიებს. ეს ორი სამყარო იმდენად განსხვავებულია ერთმანეთისგან, რომ სწორედ ეს ქმნის ერთ წიგნში ორი „თავგადასავლის“ განცდას. ანუ სიტყვა „თავგადასავალი“ ჟანრული ლიტერატურის ჩარჩოებში არ ჯდება, ავტორი არანაირ სათავგადასავლო რომანს არ გვთავაზობს, მით უმეტეს, ორს. საერთოდ, ამ „ორის“ ინტერპრეტირება, ალბათ, სხვადასხვანაირად შეიძლება და ამიტომ ავტორს პირველი შეკითხვა სწორედ ამის შესახებ დავუსვი.
გიორგი კეკელიძე: ეს არის ერთ ადამიანში მომხდარი ორი ამბავი. ერთი, რომელიც მის წარსულს გულისხმობს და მის, გარკვეულწილად, რეფლექსიას და გააზრებას, და მეორე არის ის ზედაპირული თრილერი, რომელიც ძალიან ნაცნობია 90-იანი წლების მოსახლეობისთვის ან 90-იანი წლების ამბების მცოდნე ხალხისთვის. შესაბამისად, ეს, ამავდროულად, არის ერთგვარი კონფლიქტიც ერთ ადამიანში ორი ადამიანისა, რომელიც, ერთი მხრივ, რაღაც ჰუმანურ ამბებს გვთავაზობს, ყოველ შემთხვევაში, ტრაგიკული ამბების დრამატულ განცდას, რომელიც მის წარსულს ახასიათებდა, და, ამავდროულად, მეორე დღეს ან იმწამსვე მას ძალიან მარტივად შეუძლია ადამიანი მოკლას რაღაც საჭიროებების გამო. ჩემი სურვილი იყო, რომ კრიმინალის ჰუმანურობა ამ შემთხვევაში მაინცდამაინც არსენას გაგებით არ ყოფილიყო. ბუნებრივია, ვგულისხმობ შემდგომ ინერციებსაც არსენას ტიპაჟებისა - ანუ ის არ ართმევს მდიდარს და, ვთქვათ, ღარიბს არ აცმევს, ან რაღაც თავისი კოდექსები არა აქვს, როგორც დათა თუთაშხიას და ა.შ. ანუ არის ჩვეულებრივი, 90-იანი წლების კრიმინალი, რომელსაც, როგორც აღმოჩნდა შემდეგ, აქვს სხვა შინაგანი სამყარო, სხვა სტრესი, რომელიც გარდაუვლად აწვალებს და ბოლომდე რჩება მის დაუძლეველ ამოცანად.
უნდა ითქვას, რომ რომანს კომპოზიციური შეკრულობა არ ახასიათებს. რაღაც ისტორიები იწყება და წყდება, იკვეთება ახალი, მოკლე სიუჟეტური ხაზები, გარკვეული პერსონაჟები ჩნდებიან და ქრებიან. აქედან გამომდინარე, მავანმა შეიძლება აქ ორზე გაცილებით მეტი თავგადასავალიც დაითვალოს, თუმცა მთავარი ამ შემთხვევაში უფრო ისაა, თუ რა იწვევს ტექსტის ასეთ სტრუქტურას. ჩემი აზრით, გადამწყვეტი ის შიდა რიტმია, რაზეცაა ეს ნაწარმოები აწყობილი. გიორგი კეკელიძე სოფლის და ქალაქის ამბებსაც თითქმის ერთ რეჟიმში გვიყვება, თანაბარი სუნთქვით. ცალკე სურათებს ქმნის, რაღაც თვალსაზრისით დამოუკიდებელ მინიატურებს. რომანი თითქმის ერთი და იმავე სიდიდის 16 ამბისგან შედგება. ეს ამბები საერთო ღერძზე კია აცმული, მაგრამ მხოლოდ აცმულია. ავტორი პრიორიტეტს მოწესრიგების ამ ფორმას ანიჭებს, ღრმად ჩასუნთქვა-ამოსუნთვის ამ თანაბარზომიერებას, რაც კითხვის პროცესში მკითხველზე სულ უფრო და უფრო მოქმედებს. იგი ახერხებს განსაზღვრულ რიტმში ჩასვას მკითხველი, რაც, შეიძლება ითქვას, მისი ერთგვარი პოეტური „ინტრიგაა“. ტექსტის სხვა პოეტურ მახასიათებლებზე ქვემოთ, ახლა კი კვლავ გიორგი კეკელიძეს მოვუსმინოთ, რომელიც რომანის პრობლემატიკაზე საუბრობს.
გიორგი კეკელიძე: მეორე მხრივ, არის ერთგვარი კონფლიქტი იმდროინდელ ევროპის განცდასა და პოსტსაბჭოთა ადამიანთან. მე მახსოვს, რომ ჩვენი გააზრება ვესტერნული საზოგადოების ამოიწურებოდა იმით, რასაც ვუყურებდით ე. წ. "პრისტავკაში". ეს იყო "ერთხელ ამერიკაში", ეს იყო ბრიუს ლის ფილმები ან ვან დამის ფილმები, ის ესთეტიკა, რომელიც აქედან მოდიოდა და ჩვენ გვეგონა, რომ დასავლური სამყარო, რა თქმა უნდა, იყო ძალიან თავისუფალი, რა თქმა უნდა, იყო ძალიან მდიდარი, კონკრეტული თვალსაზრისითაც, ანუ ჩანდა კარგი მანქანები და სხვა სიკეთეები, მაგრამ, ამავდროულად, გულისხმობდა რაღაც თვალსაზრისით ამ ყველაფრის კრიმინალის გზით მიღების მეთოდებს, იმიტომ რომ ყველა ის გმირი, რომელსაც ჩვენ ვუყურებდით, გარკვეულწილად, ასეთი იყო და ჩვენ გვეგონა, რომ პოსტსაბჭოთა, საბჭოთა დამყაყებული ინერციის გარღვევა, ალბათ, მხოლოდ ასე შეიძლებოდა. და შეიძლება ბევრი იმ ადამიანის, რომელსაც ჭკუა მოეკითხებოდა მაშინ, ირიბი თუ პირდაპირი სიმპათიები იმ კრიმინალური სამყაროსადმი - ეს ქურდული ინსტიტუტი იყო თუ ა.შ. - ამგვარმა გააზრებებმაც განაპირობა. ამას მე დაჟინებით ვერ ვიტყვი, მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ ეს დაინახეს ერთადერთ გზად თავისუფლების მიღწევის, თუმცა სინამდვილეში, ცხადია, ეს არავითარ თავისუფლებას არ გულისხმობდა.
მე მგონია, რომ ჩვენ ვუშვებთ ძალიან სერიოზულ შეცდომას, როცა გვგონია, რომ პოეტური ნიშნებით ნაკარნახევი ტექსტი არ შეიძლება პროზა იყოს. მე მგონია, რომ დიახაც, სრულიად ადვილად არის შესაძლებელი...გიორგი კეკელიძე
90-იანების სისასტიკე თუ გაჭირვება გიორგი კეკელიძეს ძალიან ადეკვატურად აქვს ასახული და, რაც ყველაზე საინტერესოა, მას ამაში არანაირად ხელს არ უშლის - და შეიძლება ითქვას, რომ ხელსაც კი უწყობს - პოეტური ხედვა: პოეტური სახეებით, მეტაფორებით თხრობა, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, როგორც ჰუმანური სოფლური ამბებისა, ასევე საშინლად არაჰუმანური ქალაქური ისტორიების. ანუ „პოეტურობა“ მის შემთხვევაში არ ნიშნავს რაიმეს რომანტიზირებას. პოეზიის ძალა ხომ სწორედ იმაშია, რომ მას შეუძლია საუკეთესოდ, ყველაზე მძაფრად და, ამავე დროს, ყველაზე ლაკონიურად აღწეროს ყველანაირი სიტუაცია, ადამიანის ყველანაირი სულიერი მდგომარეობა. ყველაზე დიდი პოეტები, რაღაც გაგებით, ყველაზე სასტიკები იყვნენ. კარგი პოეზია შემზარავიცაა, ირონიულიცაა, გროტესკულიცაა, ხოლო ტკბილი პოეზია, როგორც წესი, ზედაპირულია. „ორ თავგადასავალში“ ავტორი ახერხებს სწორი პოეტური ესთეტიკა გაატაროს და ამით მოიგოს. ამას ახერხებდა თავის დროზე ოთარ ჭილაძე, როცა პოეტურ გამოცდილებას ძალიან სწორად იყენებდა თავის რომანებში. რაც უფრო მეტი ასეთი პრეცედენტი იქნება, ვფიქრობ, უფრო მოიგებს ქართული პროზა. ამაზე ისაუბრა გიორგი კეკელიძემაც.
გიორგი კეკელიძე: მე მგონია, რომ ჩვენ ვუშვებთ ძალიან სერიოზულ შეცდომას, როცა გვგონია, რომ პოეტური ნიშნებით ნაკარნახევი ტექსტი არ შეიძლება პროზა იყოს. მე მგონია, რომ დიახაც, სრულიად ადვილად არის შესაძლებელი. უბრალოდ, ეს არის სხვანაირი პროზა და ნებისმიერი სახის ლიტერატურას (მე არ ვამბობ ჩემს წიგნზე, რომ ეს ხარისხიანი წიგნია, ზოგადად ვლაპარაკობ ამ შემთხვევაში), თუ ის ხარისხიანია, აქვს ნამდვილად არა მხოლოდ არსებობის, არამედ მოწონების უფლება, იმიტომ რომ ასეთი კლიშეები, რომ პოეტური ტიპის გაქცევები ან გადახვევები არ შეიძლება არსებობდეს პროზაულ ტექსტში, ძალიან დრომოჭმულია და მგონია, რომ საერთოდ ამოვარდნილია, თუნდაც, თანამედროვე ევროპული ლიტერატურის გააზრებიდან.
ერთი სიტყვით, თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ კარგი პროზა, სწორი პოეტური მინარევებით და ჩამთრევი სიუჟეტით, რომელიც, ცხადია, აქ არ მოგიყევით.