არის წიგნები, განყენებულად რომ მიუდგები, ცივი გონებით შეაფასებ, მაგრამ არის წიგნები, ასეთი დამოკიდებულება რომ არ გამოგდის. ეს რიგ შემთხვევაში წიგნის ბუნების გამო შეიძლება მოხდეს, ხოლო რიგ შემთხვევაში ეს შეიძლება სუბიექტურმა მიზეზებმა გამოიწვიოს. ამჯერად, ვფიქრობ, ორივე ფაქტორმა იმოქმედა. გია ეძგვერაძის წერილების კრებული „პარტიზანობის სტრატეგიები ხრიოკ ლანდშაფტში“, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დაბეჭდა „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“, არის ის წიგნი, რომელიც ვერანაირად გულგრილს ვერ დაგტოვებს, რომელიც ცივ გონებას გაგიცხელებს ან, თუ საჭიროა, პირიქითაც - ცხელს გაგიცივებს, ბევრ რაღაცაზე ახალი თვალით შეგახედებს, თავგანწირულობის განცდას გაგიჩენს... ეს თავისთავად, ჩემთვის კი ამ წიგნის ენერგეტიკა უფრო მაღალ გრადაციაშიც კი გადადის, ვინაიდან ბოლო 2-3 წლის განმავლობაში მე, როგორც „ახალი საუნჯის“ მთავარ რედაქტორს, გია ეძგვერაძესთან აქტიური თანამშრომლობა მიწევდა და კრებულში შესული ტექსტების საკმაო ნაწილმა ჩემს ხელში გაიარა. და ეს იყო ცხოველი შემოქმედებითი პროცესი, დაზუსტებებით, შეკითხვებით, აზრთა გაცვლა-გამოცვლით, რის შედეგადაც ის თემები, რომელთაც გია ეძგვერაძე უტრიალებდა, ჩემეულიც ხდებოდა, უკვე სხვანაირად ნაგრძნობი და გათავისებული. ყოველივე ამის შედეგი იყო ჩემი „წერილი გია ეძგვერაძეს“ და მისი პასუხი, ანუ ჩვენმა პრივატულმა დიალოგებმა რაღაც მომენტში საჯარო სივრცე მოითხოვა - მეტი გახსნილობა, ნაფიქრალის მზის გულზე გამოტანა. ჩემთვის ფრიად ძვირფასია, რომ, საბოლოო ჯამში, გიას ეს პასუხი, სახელწოდებით „წეროს მოტანილი და ქარს გატანებული მანიფესტი“, წიგნის კონცეფციის მაჩვენებელი გახდა და ავტორმა იგი შესავლად დაურთო კრებულს. ზოგადად, უნდა ითქვას, რომ გია ეძგვერაძე არაა ჰერმეტული ადამიანი და არც ასეთი ჰერმეტული ტექსტების წერა ძალუძს და იზიდავს. მას მუდამ ესაჭიროება თანამოსაუბრე, ის, ვისაც გამოიწვევს, ან, პირიქით, ვინც აქეთ გამოიწვევს მას, ფიქრის საღერღელს სხვანაირად აუშლის, გაუმწვავებს. ასეთი ადამიანები ამ წიგნშიც ჩანან: ვისაც ის ეჭიდავება, მიმართავს, მადლობას უხდის... და იმ წერილებშიც კი, რომლებსაც თითქოს კონკრეტული ადრესატი არა ჰყავს, ადრესატი მუდამ იგრძნობა: თანამედროვე ყოფის გარეგნულ თვალისმომჭრელობასა და შინაგან დახავსებულობაში გამომწყვდეული, დაბნეული ადამიანი.
გია ერთადერთი კაცია, ვისთანაც შემიძლია ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე საუბარი ყველაფერზე და არაფერზე. გია თვითონ არის ხელოვნების დისკურსების მატარებელი მთელი თავისი სხეულებრივი პრაქტიკებით და პერფორმანსებით...დავით ანდრიაძე
ის, თუ როგორი შემოქმედებითი გზა განვლო გია ეძგვერაძემ, როგორც მხატვარმა, კონცეპტუალისტმა, მოაზროვნემ, ამაზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ. ამ შემთხევაში მნიშვნელოვანი ისაა, რომ „პარტიზანობის სტრატეგიები ხრიოკ ლანდშაფტში“ არტისტის პირველი წიგნია. ანუ, ფართო მასშტაბის ხელოვანში, რომელიც დღემდე ძირითადად ვიზუალს და პერფორმანსს იყენებდა სათქმელის გამოსახატავად, ვერბალიზაციის აუცილებლობა გაჩნდა. სწორედ ამის შესახებ დავიწყე საუბარი დღევანდელ სტუმართან, არტკრიტიკოს დავით ანდრიაძესთან.
დავით ანდრიაძე: მგონი, ბორხესი ამბობს, არა? ამქვეყნად რაც კი ხდება, ყველაფერი წიგნად უნდა იქცესო, მაგრამ გიას შემთხვევაში ამას უფრო რთული გზა ჰქონდა... გია ერთადერთი კაცია, ვისთანაც შემიძლია ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე საუბარი ყველაფერზე და არაფერზე. გია თვითონ არის ხელოვნების დისკურსების მატარებელი მთელი თავისი სხეულებრივი პრაქტიკებით და პერფორმანსებით. იგივე "პატარძალი" და რა ვიცი, ნებისმიერი, სხვას რომ გაეკეთებინა და აქ რომ გაეკეთებინა, იმას თავს მოაჭრიდნენ. გიას ისედაც ძალიან ბევრი მტერი ჰყავს, მაგრამ მტერი ამ სიტყვის ყველაზე პოზიტიური გაგებით. გია თვითონ იჩენს ამ მტრებს, იმიტომ რომ გია თვითონ არის "მტერზე მონადირე", მოდი, ასე ვთქვათ, და ეს მთავარი მტერი მისთვის არის ღმერთი, პარტოკრატორი. ძალიან კარგი პრეამბულაა შესავალში, რომ არსებობს ორი ტიპის შემოქმედი: პირველი, რომელიც ღმერთს უბამს მხარს და მისი მთავარი ინტენციაა გაამრავლოს სამყაროს "დრამატულ-პათოსური" ფორმები, და მეორე, ვინც ღმერთს კრიჭაში უდგას და ღმერთის მუდმივი ანტაგონისტია და თავისი კითხვებითა და გამოწვევებით თავს აბეზრებს ღმერთს და ღმერთს ის სინამდვილეში არ უნდა უყვარდეს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ სწორედ ღმერთი აჯილდოებს ამ ადამიანებს ყველაზე დიდი ჯილდოთი და "ისრაელი" სწორედ უფალთან ნაბრძოლს ნიშნავს და ეს კეთილშობილი სულისათვის უკვე სრულიად საკმარისი საზღაურიაო. ეს არის სრულიად ჩამოყალიბებული პრეამბულა, რომელიც გიას აქვს ამ წიგნში.
„უკედლებო სახელოსნო არის ჩემი რეალობა“, - ამბობს გია ეძგვერაძე იმავე შესავალ წერილში და მერე აკეთებს გრძელ ჩამონათვალს, თუ რას გრძნობს კანით: მუზეუმებით დაწყებული, საროსკიპოებით თუ ისტერიული და „ბრძენი“ გაზეთებით დამთავრებული. მთელი ეს დიაპაზონი თანდათანობით უნდა გაიშალოს წიგნის 300 გვერდზე. და რაკი ყოველივე ეს „კანითაა ნაგრძნობი“, ტექსტებიც, თუ შეიძლება ასე ითქვას, „დენს გარტყამენ“. ოღონდ კი არ გკლავენ, არამედ ძილ-ბურანიდან შენს გამოყვანას ახერხებენ. ისევე როგორც მუდამ იცვლება თემატიკა, იცვლება ენაც, იცვლება ტექსტებში დაბუდებული განწყობა. სადღაც ჩვენი დღევანდელი ქართული რეალობის ფანტომები დაბორიალებენ და გია ეძგვერაძე მათ ჯერ მხატვრის ზუსტი მონასმებით ხატავს და მერე პერფორმანსული სიშლეგით ან ფილოსოფიური სიცივით ანადგურებს. სადღაც მიჰაელ ჰანეკეს თუ ლარს ფონ ტრიერის პერსონაჟებს და სიუჟეტებს მოიშველიებს ხოლმე, რათა „ნელთბილის“ მოყვარულებს „შოკური თერაპია“ ჩაუტაროს. ზოგჯერ შეუძლია ღრმად ჩაიძიროს სპეკულატიურ აზროვნებაში, ჰეგელის, ჰაიდეგერის და ძმათა მათთა თეორიებს უტრიალოს, მაგრამ მერე ისევ უცებ ზემოთ ამოყვინთოს და მთელი ამ ბაზისით კონკრეტულ, მტკივნეულ საკითხს მიასკდეს. ერთი სიტყვით, როდის რას მოიმოქმედებს, არასდროს იცი და სწორედ ამითიც ზრდის იგი მუხტს საკუთარ ნაწერებში.
მოვუსმინოთ კვლავ დავით ანდრიაძეს.
დავით ანდრიაძე: ეს წიგნი არ არის გიას მხატვრული პრაქტიკების კომენტარები. პირიქით ხდება. ეს არის მისი ერთი პერმანენტული მანიფესტი, რომელიც, ალბათ, არ დამთავრდება და მე მგონია, რომ წინ არის გიას ახალი ტექსტები, მაგრამ მეორე ამბავია, რომ ამ წიგნს სრულებითაც არ დაუჩრდილავს მისი მხატვრული პრაქტიკა. ამით კიდევ უფრო მეტად წარმოჩნდა გია, როგორც დიდი მხატვარი და დიდი მოაზროვნე. გიას არ ჰყოფნის აზროვნების ის ფორმები, ის დისკურსები, რომლებიც მხატვრულ პრაქტიკაში არის ჩადებული და ამიტომ შიგნიდან აფეთქებს ამას. იმიტომ არის ის თითქმის გაუგებარი ჩვენი მხატვრული სივრცისთვის, რომ ჩვენთან, პრინციპში, მხატვრები არ არიან ფილოსოფოსები. და გია როგორი პროვოკატორია, თავისთავად მხატვრობაში და სახელოვნებო პრაქტიკებში, ეს ყველამ იცის, მაგრამ აქაც არაჩვეულებრივი პროვოკატორია და ეს პროვოკატორობა მისი არის იმანენტური, ძალიან შიგნიდან მოცემული. როგორც კი მიდის არტეფაქტის საკეთებლად, პრინციპულად ივიწყებს წიგნს, პრინციპულად ივიწყებს თავის ინტელექტუალურ გამოცდილებას. ეს ინტელექტუალური გამოცდილება სადღაც ზურგის ტვინში აქვს მას გამჯდარი და ის არის მაპროვოცირებელი. ერთი მომენტი კიდევ: ინტელექტი არ არის თავშესაფარი მისთვის. ინტელექტი ეს არის ბრძოლის, ღმერთთან კრიჭაში ჩადგომის რაღაცნაირი ინსტრუმენტი. ეს ძალიან კარგად იგრძნობა, ასე მგონია, ამ წიგნში. მასში არის, ერთი მხრივ, ფრანგული აზროვნების სითამამე, ესეიზმი, პეწი და, მეორე მხრივ, ეს არის გერმანული რაციონალიზმის, კანონმდებელი გონების პრაქტიკები, თუმცა ყველა შემთხვევაში ის ამას აფეთქებს. თან ყველაფერი არის ირონიზირებული. ფრივოლურობა და მკაცრი დისკურსიული მსჯელობა ერთადაა.
მას ძალიან ბევრი ტერიტორია აქვს აზროვნების, ცნობიერების, ეპისტემების, დოქსების და ა.შ. ანექსირებული და ეს ყველაფერი მას არ აწუხებს, ყველაფერი მას სჭირდება იმისათვის, რომ გასცეს და არა, ვთქვათ, იქიდან მიიღოს რაღაცა სარგებელი. ამ მხრივაც მისი უანგარო დამოკიდებულება კარგად იგრძნობა ამ ტექსტებში. არასდროს ის არ ყოფილა პრაგმატული, არასდროს არ ყოფილა სახელის მაძიებელი, თუმცა ეპატაჟის ტექნოლოგიებს ის მუდამ ძალიან ზუსტად იყენებდა, მაგრამ იყენებდა როგორც მისი კულტურული თეზაურუსის ნაწილს და ინსტრუმენტს. ესაა ის წიგნი, რომელსაც სულ დავუბრუნდები. შეიძლება ვიღაც უფრო ფრთხილად მოეკიდოს და თქვას: ეს არის მხატვრის კრიტიკა, მხატვრის ფილოსოფია. გიას მხატვრობა ეს არის ფილოსოფოსის მხატვრობა და მხატვრის ფილოსოფია.
თუკი შევაჯამებთ, შეიძლება ითქვას, რომ გია ეძგვერაძემ სულ ზღვარზე იარა, მარგინალურ სივრცეებში, აპოკალიფსურ-კათარზისულ მუტაციებში და თავის წიგნში „პარტიზანობის სტრატეგიები ხრიოკ ლანდშაფტში“ დადო მოცემულობა, რომელიც, წესით, სოციალური, კულტურული და ბევრი სხვა შრისათვის ერთნაირად მძაფრი და ამაღელვებელი უნდა იყოს.