Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის პარლამენტში იმსჯელებენ სომეხთა „გენოციდზე“


სომეხი ლტოლვილების ბანაკი, ქალაქი პირტ-საიდი, 1915 წელი
სომეხი ლტოლვილების ბანაკი, ქალაქი პირტ-საიდი, 1915 წელი

2 ივნისს გერმანიის პარლამენტი კენჭს უყრის რეზოლუციას, რომელიც ოსმალეთის იმპერიაში 1915 წელს სომეხთა ხოცვა-ჟლეტას ეხება. კანონმდებლების უმრავლესობა, სავარაუდოდ, მიემხრობა ამ, 100 წლის წინანდელი მოვლენების სომეხთა გენოციდად აღიარებას. ეს თემა, ბუნებრივია, ძალიან მტკივნეულია სომხეთში, თუმცა არამარტო იქ. თურქეთში გადაჭრით ეწინააღმდეგებიან სომეხთა ხოცვა-ჟლეტის გენოციდად ცნობას და ამ პოზიციას აქტიურად გამოხატავენ ბოლო დღეებშიც, როცა გერმანელი პარლამენტარები კენჭისყრისათვის ემზადებიან.

სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქსიანი გერმანელ პარლამენტარებს მოუწოდებს უგულებელყონ თურქეთის გაფრთხილება და მიიღონ რეზოლუცია ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა ხოცვა-ჟლეტის გენოციდად აღიარების შესახებ. უსამართლობა იქნებოდა, ვერ შეძლოთ მომხდარისათვის სომეხთა გენოციდის წოდება მარტო იმიტომ, რომ სხვა სახელმწიფოს ლიდერს ეს არ მოსწონსო, უთხრა სარქსიანმა გერმანიის გაზეთ „ბილდს“.

გერმანიის პარლამენტში რეზოლუციის დამტკიცება, თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოანის აზრით, ზიანს მიაყენებდა ორმხრივ ურთიერთობას. არადა, თურქეთთან ურთიერთობას დიდი მნიშვნელობა აქვს ბერლინისათვის... გარდა იმისა, რომ 2,7 მილიონს აღწევს გერმანიაში მცხოვრები თურქეთის მოქალაქეების ან წარმოშობით თურქების რიცხვი, ანკარას გადამწყვეტი როლი ენიჭება ევროკავშირში მასობრივი მიგრაციით გამოწვეული კრიზისის დაძლევაში.

ეს კენჭისყრა სასაცილოა! ეს არის ერთ-ერთი ჩვეულებრივი ინციდენტი, რომელიც მოხდა 1915 წელს, პირველი მსოფლიო ომის დროს, და (რასაც ამბობენ) ეს არ შეესაბამება სიმართლეს...
ბინალი ილდირიმი

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა 1 ივნისს „სასაცილო“ უწოდა გერმანიის პარლამენტში რეზოლუციაზე კენჭისყრას: „ეს კენჭისყრა სასაცილოა! ეს არის ერთ-ერთი ჩვეულებრივი ინციდენტი, რომელიც მოხდა 1915 წელს, პირველი მსოფლიო ომის დროს, და (რასაც ამბობენ) ეს არ შეესაბამება სიმართლეს. იმათ, ვინც ცდილობს თურქეთს აზღვევინოს საფასური ამისათვის, კარგი განზრახვა არ ამოძრავებთ. ჩვენ ეს ვიცით“, - განაცხადა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა. წინა დღეს კი თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა უთხრა ჟურნალისტებს, რომ ოსმალეთის იმპერიაში 100 წლის წინ მომხდარის გენოციდად აღიარება ზიანს მიაყენებდა გერმანიასა და თურქეთს შორის დიპლომატიურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სავაჭრო და სამხედრო ურთიერთობას.

რეჯეპ ტაიპ ერდოანი
რეჯეპ ტაიპ ერდოანი

ურთიერთობის გაუარესების საფრთხე ახსენა თურქეთის პრემიერ-მინისტრმაც: „რასაკვირველია, ზიანი მიადგება გერმანიასთან ჩვენს ურთიერთობას. ამაზე ორი აზრი არ არსებობს! თუმცა არ გვსურს ვიხილოთ, რომ ჩვენს ურთიერთობას ზიანი მიადგეს. ამიტომ თურქეთის პრეზიდენტმა კანცლერ მერკელს დაურეკა და პირდაპირ უთხრა მას ჩვენი უარყოფითი დამოკიდებულების შესახებ“.

ასეა თუ ისე, მოსალოდნელია, რომ გერმანელი კანონმდებლები მხარს დაუჭერენ რეზოლუციას - გააკეთებენ იმას, რაც უკვე მრავალი ქვეყნის - მათ შორის საფრანგეთისა და კანადის - პარლამენტებს აქვთ გაკეთებული. თუმცა გერმანიისათვის რომ საქმე დიპლომატიურად საჩოთირო ნაბიჯს ეხება, ამაზე მიუთითებს ცნობა, რომლის თანახმადაც კენჭისყრას არ დაესწრებიან არც კანცლერი ანგელა მერკელი და არც საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი.

მრავალი ისტორიკოსი გენოციდად მიიჩნევს პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიაში 1,5 მილიონამდე სომხის დახოცვასა და დეპორტაციას. გენოციდი აღიარებული აქვს 20-ზე მეტ ქვეყანას. თურქეთი კი აცხადებს, რომ სომხებს შორის მსხვერპლი გაცილებით ნაკლები იყო და ეს მსხვერპლი მოჰყვა სამოქალაქო არეულობას და არა ოსმალეთის იმპერიის მიზანმიმართულ პოლიტიკას სომხების გასანადგურებლად.

XS
SM
MD
LG