ერევანში გამართულ მსვლელობაზე სომხეთის ათასობით მოქალაქეს გაუძღვა ჰოლივუდის ვარსკვლავი და უფლებადამცველი ჯორჯ კლუნი, რათა აღენიშნათ ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა მასობრივი ხოცვა-ჟლეტის 101-ე წლისთავი.
კლუნი გამოდის მოწოდებით ხოცვა-ჟლეტა საერთაშორისოდ იქნეს აღიარებული გენოციდად. მან სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარქისიანთან ერთად ყვავილებით შეამკო მსხვერპლთა მემორიალი. სომხების განცხადებით, პირველი მსოფლიო ომის დროს, ოსმალეთის იმპერიის დაშლის პერიოდში გაჟლიტეს მილიონ-ნახევრამდე ადამიანი. ამ განცხადებას ბევრი სხვა ქვეყანაც იზიარებს. თურქეთი მწვავედ უარყოფს სიტყვა „გენოციდს“ და აცხადებს, რომ დაიღუპა 300 000-დან 500 000-მდე სომეხი და დაახლოებით ამდენივე თურქი, სამოქალაქო მღელვარების დროს, როცა სომხები თურქი მმართველების წინაღმდეგ აჯანყდნენ და რუსეთის სამხედროების მხარე დაიჭირეს.