24 აპრილს სომეხი ერი პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიაში, სომხეთის განცხადებით, 1,5 მილიონამდე სომხის დახოცვისა და დეპორტაციის 100 წლისთავს აღნიშნავს. სომხეთი და მსოფლიოს არაერთი ქვეყანა გენოციდს უწოდებს 1915-1925 წლებში განვითარებულ მოვლენებს, რომელსაც ასობით ათასი სომეხი, ბერძენი, ასურელი, ქურთი ეროვნების მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა. სომხეთი თურქეთისა და მსოფლიოს დანარჩენი ქვეყნებისაგან ასი წლის შემდეგ კვლავაც მოითხოვს გენოციდის აღიარებას. წელს სომხეთის ეკლესიამ საუკუნის წინ დაღუპული მილიონ-ნახევარი ადამიანი წმინდანებად შერაცხა. სომეხთა მასობრივი მკვლელობიდან ასი წლისთავი აღნიშნეს საქართველოშიც, სადაც საუკუნის წინ განვითარებული მოვლენების დროს დახოცილი და დეპორტირებული ხალხის შთამომავლები დღემდე ცხოვრობენ.
სუსანა ხაჩატურიანი სომეხთა მასობრივი მკვლელობის დროს დაზარალებული ოჯახის შთამომავალია. ოსმალეთის იმპერიაში პირველი მსოფლიო ომის დროს დატრიალებული ტრაგედიისას მისი ბებია და პაპა ქალაქ ყარსიდან გამოდევნეს. ქალაქი ჯერ ბებიამ დატოვა და, მცირეწლოვანი შვილითა და უმცროსი ძმით ხელში, გზის უმეტესი ნაწილის ფეხით გავლა მოუხდა. აუტანელი პირობების გამო შვილი გზაში დაეღუპა. პატარა ძმისთვის ბათუმში ჩამოსვლამდე ხელი არ გაუშვია, თუმცა ბათუმის პორტში არეულობაში დაკარგა. იმ დროს პორტს სხვადასხვა ქვეყნიდან შემოსული არაერთი გემი მოადგა - ვარაუდობენ, რომ დაკარგული ბავშვი ობოლი და უპატრონო ეგონათ და რომელიმე გემმა წაიყვანა. სუსანა ხაჩატურიანი იხსენებს, რომ ბებია თავის პატარა ძმას მთელი ცხოვრება უშედეგოდ ეძებდა:
„მახსოვს, გვიყვებოდა, რომ გრძელი და მტანჯველი გზის შემდეგ ჩემი ბებია და ბაბუა, საბოლოოდ, აქ, ავლაბარში, ჩამოიყვანეს. პატარა ბაზრის ეზოში იდგა ორსართულიანი ხის სახლი, რომლის მეორე სართულზეც ცხოვრობდნენ. მერე დაიბადა დედაჩემი და ასე გაგრძელდა ცხოვრება უკვე საქართველოში. მახსოვს, ბებია იხსენებდა, რომ ქორწილში ძალიან ლამაზი ფეხსაცმელები აჩუქეს. როცა ქალაქის დატოვების ბრძანება გაიცა და გამოიქცნენ, უნდოდა უკან მიბრუნებულიყო და ეს ფეხსაცმელები წამოეღო, ის კი დაამშვიდეს, რომ ორ-სამ დღეში ისევ დაბრუნდებოდნენ სახლში, რაც სინამდვილეში აღარასოდეს მომხდარა“.
სუსანა ხაჩატურიანი დღეს სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის პრესსამსახურს ხელმძღვანელობს.
სომხური კულტურის ცენტრ „ჰაიარტუნის“ დარბაზში გამოფენა „სომხური გოლგოთა“ 1915 წელს მაშინდელ ოსმალეთის იმპერიაში (თურქეთის ტერიტორია) დატრიალებულ ტრაგედიას, სომეხთა მასობრივი მკვლელობის 100 წლისთავს მიეძღვნა. ამ ფაქტს სომხეთი და მსოფლიოს არაერთი ქვეყანა სომეხთა გენოციდს უწოდებს. სომეხმა და ქართველმა მხატვრებმა ასი წლის წინ მომხდარი ამბავი ნახატებით გააცოცხლეს. მიხეილ ავაქიანი, ავტორი წიგნისა „1915 - სომეხთა გენოციდი ოსმალეთის იმპერიაში“, ხელმძღვანელი ასოციაციისა „შენ“, გვეუბნება, რომ გამოფენის სათაურიც - „სომხური გოლგოთა“ - ზედმიწევნით ასახავს სომეხი ერის ტრაგედიას, რომლის სიმძაფრე ასი წლის შემდეგაც არ განელებულა. ეს გამოფენაც იმღონისძიებების ნაწილია, რომელიც სომეხთა მასობრივი მკვლელობის 100 წლისთავის აღსანიშნავად საქართველოში ტარდება.
მიხეილ ავაქიანის თქმით, იმას, რაც ერთი საუკუნის წინ მოხდა, მხოლოდ მიზანდასახული მასობრივი განადგურება შეიძლება ეწოდოს - გენოციდი, რომელსაც, მისი სიტყვებით, ორ მილიონამდე სომეხი, 500 000 ასურელი, 300 000 ბერძენი, 100 000 ქურთი იეზიდი შეეწირა. ამ ტკივილს ეს ხალხი ვერასოდეს დაივიწყებს, გვეუბნება მიხეილ ავაქიანი:
„მარტო ერთ დღეს, 24 აპრილს, სტამბულში რვაასი ადამიანი გაანადგურეს, რვაასი სომეხი. მათ შორის იყო ინტელიგენციის საუკეთესო ნაწილი, მთავრობის სომხური წარმომავლობის სახელმწიფო მოხელეეები, დეპუტატები, მწერლები... ვითომდა გადასახლების მიზნით, აყარეს ხალხი, მშვიდობიანი მოსახლეობა - ბავშვები, ქალები და მოხუცები - და ფეხით მიჰყავდათ სხვადასხვა მიმართულებით. ხალხს ეკლესიებში ყრიდნენ, კარს ლუქავდნენ და წვავდნენ.. და ეს მხოლოდ ნაწილია იმ საშინელებისა, რაც იმ დროს დატრიალდა. იმ წლებში, ჩვენი დათვლით, 1915-დან მოყოლებული, დაახლოებით ორ მილიონამდე ადამიანი დაიღუპა“.
ეს გზა, რომელიც სომეხ ხალხს აქვს არჩეული, წინაპრების წინაშე ვალის მოხდას და სამართლიანობის აღდგენას ისახავს მიზნად...მიხეილ ავაქიანი
რას ნიშნავს სომეხი ერისათვის თურქეთის მხრიდან სომეხთა მასობრივი ხოცვა-ჟლეტის გენოციდად აღიარება? მიხეილ ავაქიანის თქმით, პირველ რიგში, ეს სამართლიანობისაღდგენას ნიშნავს. ეს მოლოდინი აღიარებისა, მისი თქმით, სომეხ ხალხს არასოდეს გაუნელდება, მით უმეტეს, რომ დღეს მსოფლიოს 20-ზე მეტმა ქვეყანამ და ამერიკის შეერთებული შტატების 40-ზე მეტმა შტატმა ეს ფაქტი უკვე შეაფასა გენოციდად:
„ეს ფაქტი აღიარებულია არაერთი ცივილიზებული დემოკრატიული სახელმწიფოს მიერ პრეზიდენტების, პარლამენტების დონეზე. ეს გზა, რომელიც სომეხ ხალხს აქვს არჩეული, წინაპრების წინაშე ვალის მოხდას და სამართლიანობის აღდგენას ისახავს მიზნად“.
მიხეილ ავაქიანი არც თავის გულისტკივილს მალავს იმის გამო, რომ საქართველოს, როგორც სომხეთის მეგობარ და მეზობელ ქვეყანას, სომეხთა მასობრივი მკვლელობის ფაქტი გენოციდად ჯერჯერობით არ უღიარებია:
„არ ვიცი, დადგება ეს დღე? იმედია, ოდესმე იქნება, როცა საქართველო აღიარებს სომეხთა გენოციდს. ეს იქნება უდიდესი პატივისცემის გამოხატვა მისი მოქალაქეების მიმართ და ჩვენც თავს ვიგრძნობთ დაფასებულად და სრულფასოვან მოქალაქეებად“.
ხეები თითქოს ცხოვრებას აგრძელებენ, ანუ ჩვენ გადარგულები ვართ სხვადასხვა ადგილას, მთელ მსოფლიოს მოდებულები, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ისევ იმ მთავარი ფესვიდან ვიკვებებით...ინა სუკიასიანი
სუსანა ხაჩატურიანი მოგვითხრობს, რომ 24 აპრილს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მცხოვრები ყველა სომეხი სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს. არც საქართველოა გამონაკლისი. „ჰაიარტუნში“ ცოტა ხნის წინ დაიხურა 1915-1925 წლებში განვითარებული მოვლენების მსხვერპლთა შთამომავლების ფოტოგამოფენა. ეს ის ხალხია, ვინც საქართველომ ასი წლის წინ შეიფარა. ყველა სომხურ ოჯახში 24 აპრილს ერთი სანთელი დაინთება, ახალგაზრდები ქალაქში ჩირაღდნებით ივლიან. აქცია თურქეთის საელჩოსთან, ლექციები, მსხვერპლთა მოსახსენიებელი პარაკლისიც ღონისძიებების ტრადიციული ნაწილია.
ინა სუკიასიანი ბლოგერია. ისიც იმ სომეხთა შთამომავალია, რომლებმაც საქართველოს საზღვარი ასი წლის წინ გადმოკვეთეს. სომეხ ხალხს ის სხვადასხვა ქვეყანაში გადარგულ ხეებს ადარებს, რომელთაფესვებიც სხვა მიწაში ჩარჩა:
„ხეები თითქოს ცხოვრებას აგრძელებენ, ანუ ჩვენ გადარგულები ვართ სხვადასხვა ადგილას, მთელ მსოფლიოს მოდებულები, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ისევ იმ მთავარი ფესვიდან ვიკვებებით“.
ინა ამბობს, რომ გენოციდის აღიარება სომხებსაც სჭირდებათ და თურქებსაც - სჭირდებათ იმისთვის, რომ, როგორც მეზობლებმა, გვერდიგვერდ მშვიდობიანად გააგრძელონ ცხოვრება; იმისთვის, რომ ნდობა აღდგეს. როგორ უნდა მოიპოვოს თურქეთმა სომხეთის ნდობა, თუ ის არ აღიარა, რაც სინამდვილეში ჩაიდინა? ეს ის კითხვაა, რომელიც, ინას მსგავსად, არაერთ სომეხს აწუხებს. წლების განმავლობაში ამ თემაზე არავინ ლაპარაკობდა. ინა ამბობს, რომ თურქეთში სიტყვა „გენოციდის“ ხსენებაც კი აკრძალული იყო. მხოლოდ ბოლო რამდენიმე წელია ყინული თითქოს დაიძრა და გარკვეულ წრეებში ამ თემაზე ალაპარაკდნენ, თუმცა, ინა სუკიასიანის აზრით, პრობლემა ისაა, რომ არა მხოლოდ სომხების მიმართ, არამედ სხვა ხალხების მიმართ ჩადენილი დანაშაულის გამო დღემდე არავინ დასჯილა:
„კი, ამაზე საუბარი დაიწყეს, თუმცა ძირითადად იმ წრეებში, რომელიც თურქეთში არც ცხოვრობს. სახელმწიფო კი მაინც უარყოფს და გენოციდის აღიარება არ სურს.მე მგონია, უფრო დიდი პრობლემა არის ის, რომ ასი წლის წინ ჩადენილი დანაშაული დღესაც არ დამთავრებულა. დღეს, 21-ე საუკუნეში, ვხედავთ, რომ ადამიანებს ისევ ხოცავენ ეთნიკური თუ რელიგიური ნიშნით. აი, როცა სომხურ გენოციდს ვახსენებთ, ჩვენ ყოველთვის ვლაპარაკობთ ასირიელებზე, ბერძნებზე, იეზიდებზე, იმიტომ რომ მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის აუღიარებლობამ მსოფლიო მიიყვანა იქამდე, რომ ხალხს ჰგონია, რომ ეს დანაშაული არ ისჯება, არავინ აგებს ამისთვის პასუხს, რომ თითქოს შეიძლება ხალხი დახოცო და ამაზე პასუხი არავინ მოგთხოვოს. ეს არის დიდი პრობლემა“.
ასი წლის წინ თურქეთის ტერიტორიაზე, ოსლამეთის იმპერიაში, განვითარებულ მოვლენებს ათობით ათასი ქურთიც შეეწირა. საქართველოს ქურთთა ახალგაზრდობის კავშირის წევრი თეიმურაზ შამოიანი ამბობს, რომ დაღუპულ ქურთთა ზუსტი რიცხვი ცნობილი არ არის, თუმცა ვარაუდობენ, რომ იმ მოვლენებს ასი ათასზე მეტი ქურთი შეეწირა. შემოდგომაზე ქურთთა ახალგაზრდობის კავშირიც გეგმავს ქურთული კულტურის დღეების ჩატარებას, რაც, თეიმურაზ შამოიანის თქმით, თემატურად სწორედ გენოციდს დაუკავშირდება. ჩვენ მასაც ვკითხეთ, გენოციდის აღიარების შემთხვევაში თურქეთის მხრიდან რას ელის ქურთი ხალხი:
„ჩემი აზრით, ერთი საუკუნის შემდეგ რთულია კომპენსაციაზე ან ტერიტორიულ ინტერესებზე ლაპარაკი, თუმცა, თუ თურქეთი აღიარებს გენოციდის ფაქტს, მაინც მგონია, რომ ეს მორალური აქტი იქნება და მეტი არაფერი. შეუძლებელი მგონია სხვა რაიმე ცვლილება, თურქეთის დაყოფა ან მსგავსი რამ, რადგან ეს რეგიონში კიდევ უფრო მეტ სირთულეებს გამოიწვევდა“.
დღეს კი, იქიდან გამომდინარე, რომ მაშინდელი მოვლენებიდან საკმაოდ დიდი დროა გასული, ამგვარი აღიარების შემთხვევაშიც საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, ასეთი ტიპის სასამართლო და ტრიბუნალი უშიშროების საბჭოს მიერ არ შეიქმნება...დავით ჯანდიერი
როგორც საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი დავით ჯანდიერი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნავს, იმისათვის რომ ისტორიული მოვლენების შეფასება სამართლებრივი შედეგების მატარებელი იყოს, თურქეთის კეთილი ნებაა საჭირო. რადგან რამდენიმე სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გენოციდის აღიარება არ წარმოადგენს სასამართლო ვერდიქტს, იურიდიული მნიშვნელობის მატარებელ, შესასრულებლად სავალდებულო დოკუმენტს, ეს უფრო პოლიტიკური დოკუმენტია, შესაბამისად, აღიარება არ გამოიწვევს არც საზღვრების ცვლილებას, არც კომპენსირების საკითხის დასმას, თუკი ეს გადაწყვეტილება საბოლოოდ თურქეთმა არ მიიღო:
„ერთადერთი საფუძველი, რაც დღეს სომხეთის ხელთაა, არის ის, რომ გამოიყენოს ამჟამად არსებული მექანიზმები - საერთაშორისო და დიპლომატიური ზეწოლის, ევროპის საბჭოს, ევროპის პარლამენტის, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების თუ ქვეყნების ზეწოლისა თურქეთზე. სხვა საერთაშორისო მექანიზმი, იმ მოვლენებიდან გამომდინარე, რომელიც განვითარდა 1915 წელს, მანამ, სანამ შესაბამისი კონვენცია შემუშავდებოდა და გენოციდი საერთაშორისოდ აღიარებული გახდებოდა, არ არსებობს. ყოველთვის, როცა ისტორიულ მოვლენებს ამგვარად აფასებდნენ, ეს უკავშირდებოდა სპეციალურად საამისოდ შექმნილ სასამართლოს და ყოველთვის დგებოდა მაღალი თანამდებობის პირების ინდივიდუალური პასუხისმგებლობა. დღეს კი, იქიდან გამომდინარე, რომ მაშინდელი მოვლენებიდან საკმაოდ დიდი დროა გასული, ამგვარი აღიარების შემთხვევაშიც საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, ასეთი ტიპის სასამართლო და ტრიბუნალი უშიშროების საბჭოს მიერ არ შეიქმნება“.
რატომ არ არქმევს თურქეთი 1915 წელს მისივე ტერიტორიაზე სომეხთა მასობრივი ხოცვა-ჟლეტის ფაქტს გენოდიცს? - ეს კითხვა საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს გიორგი გობრონიძესაც დავუსვით, რომლის შეფასებით, თურქეთს ამ ფაქტის გენოციდად აღიარება ძალიან გაუჭირდება, რადგან მან, გარკვეულწილად, თავი გამოაცხადა ოსმალეთის იმპერიის სამართალმემკვიდრედ რეგიონში, როდესაც, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, მუდროსის ზავით ოსმალეთის იმპერიამ არსებობა შეწყვიტა და მომდევნო წელს თურქეთის რესპუბლიკა შეიქმნა. ასე რომ, ამბობს გიორგი გობრონიძე, თუ თურქეთი გენოციდს ცნობს, მან ის პასუხისმგებლობაც უნდა გაიზიაროს,რაც ოსმალეთის იმპერიას უნდა ჰქონოდა, ეს კი ნიშნავს მსხვერპლთა მიმართ არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სხვა სახის საფასურის გადახდასაც:
„შესაძლოა, დღის წესრიგში დაისვას რეპრესირებული ოჯახების მიმართ თურქეთის სახელმწიფოს მხრიდან რეპარაციების გადახდის საკითხი. სომხეთის მხარეს კი ამ საკითხის დასმის სრული უფლება ექნება, თუკი, ცხადია, თურქეთი თავის თავზე აიღებს პასუხისმგებლობას იმ შედეგებზე, რაც 2015 წელს განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა“.
რაც შეეხება საქართველოს მიერ სომეხთა მასობრივი მკვლელობის გენოციდად აღიარებას, რაც ამ დრომდე არ მომხდარა, გიორგი გობრონიძე მიიჩნევს, რომ ამ თავშეკავებას აქვს თავისი რამდენიმე სერიოზული მიზეზი:
„თურქეთთან ურთიერთობის გართულება საქართველოს მნიშვნელოვნად დააზარალებს და, შესაძლოა, ესეც არის ერთ-ერთი ფაქტორი იმისა, რომ საქართველოს სომეხთა გენოციდზე ღიად საუბრის ეშინია, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ადამიანს, ვინც კი იცის ეს ამბავი, გაცნობიერებული აქვს, რომ რაც მოხდა, ეს კონკრეტული ერის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული იყო. ეს არის, ალბათ, ერთ-ერთი ის თემა, რომელსაც საქართველო და სომხეთიც, გარკვეულწილად, გაგებით ეკიდებიან, ისევე როგორც, არსებული საგარეო პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოსაც ესმის ის, რომ სომხეთის რესპუბლიკა საერთაშორისო ფორუმებზე თავს იკავებს რუსეთის ფედერაციის საწინააღმდეგო პოზიციის დაფიქსირებისაგან მაშინ, როცა საქმე სწორედ ქართულ-რუსული პრობლემური ურთიერთობის ასპექტებს შეეხება. ლოგიკურია, ეს ჩვენთანაც იწვევს გარკვეულ გულისწყრომას, მაგალითად, რატომ არ აძლევს სომხეთი ხმას, ვთქვათ, დევნილების დაბრუნებასთან დაკავშირებულ რეზულიციებს გაეროსა თუ სხვა ორგანიზაციებში. ასეთია რეალობა, რომელშიც ამ ორ ქვეყანას უწევს თანაცხოვრება და ამას ვერ გავექცევით, რადგან ორ მეზობელ ქვეყანას გააჩნია თავისი საგარეო პოლიტიკური იმპერატივები და დღის წესრიგი“.
სომეხთა მასობრივი მკვლელობის ასი წლისთავზე ის მილიონ-ნახევარი ადამიანი, რომლებიც 1915 წელს დაიღუპნენ, სომხურმა ეკლესიამ წმინდანებად შერაცხა. რაც შეეხება თურქეთს, ეს ქვეყანა კვლავაც კატეგორიულად უარყოფს გენოციდის აღიარებას. „ბიბისის“ ცნობით,21 აპრილს თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმედ დავითოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთი იზიარებს სომეხი ხალხის ტკივილს მომხდარის გამო, თუმცა კატეგორიულად ეწინააღმდეგება სიტყვა „გენოციდის“ გამოყენებას და აცხადებს, რომ ეს იყო სამოქალაქო ომი, რომელსაც ორივე მხრიდან მოჰყვა მსხვერპლი. თურქეთის ხელისუფლების ურყევ პოზიციაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ცოტა ხნის წინ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის მკაცრი კრიტიკა შეეხო რომის პაპ ფრანცისკესაც სიტყვა „გენოციდის“ გამოყენებისათვის 12 აპრილს, ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა ხოცვა-ჟლეტის მე-100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღვთისმსახურებისას. ამ გამოსვლის მომდევნო დღეს ანკარამ ვატიკანიდან კონსულტაციებისთვის თავისი ელჩიც კიგაიწვია. თურქეთმა ასეთივე გადაწყვეტილება მიიღო ავსტრიაში საკუთარი ელჩის გამოწვევაზე, რადგან ავსტრიის პარლამენტმაც 1915 წელს სომხების მასობრივ მკვლელობას "გენოციდი" უწოდა.